ანთისა ხშირად ხმარობდა სიტყვა „ბეჩა“-ს, ხოლო როცა აბანავებდა დეას, შიშველ სხეულზე ხარბად უტყაპუნებდა ხელს და ხშირ-ხშირი ჩახვნეშა-ამოხვნეშით ამოთქვამდა: სუქი, სუქი! სუქი-სუქი, მამაკოსო შენ! „მამაკოსო“ ანთისას მოგონილი სიტყვა იყო, რაც, სავარაუდოდ, „მამაძაღლოს“ ნიშნავდა, მაგრამ გაცილებით ალერსიანად ჟღერდა და დეა გრძნობდა, როგორ უყვარდა ანთისას, როცა „მამაკოსოთი“ მიმართავდა მას, მაშინაც გრძნობდა ანთისას სიყვარულს, „შე თხა“-ს რომ ეტყოდა ანთისა, მაშინაც – ეზოში ჩაყვანას რომ სთხოვდა, ანთისა კი შეიცხადებდა; „არ შემიძლია, სად შემიძლია“-ო, მაგრამ, როგორც წესი, დაჰყვებოდა ხოლმე ბავშვის სურვილს. თვითონ ეს ფრაზა, – „არ შემიძლია, სად შემიძლია“, – თამაშის ჟინს უღვიძებდა დეას; იცოდა, შეემჩნია უკვე, რომ „არ შემიძლია, სად შემიძლია“, – თანხმობას მოსწავებდა, ოღონდ მეტი მონდომება უნდა გამოეჩინა და აუცილებლად დაიყოლიებდა გამზრდელს, კიბეზე ჩააბაჯბაჯებდა და გულს რომ იჯერებდა თამაშით, მახლობელი საფუნთუშესკენ გაეშურებოდნენ, იქვე შეთანხმდებოდნენ, რითი ჩაეტკბოთ პირი.

ტკბილეულზე სული ელეოდა ანთისას, მაგრამ ანთისამ ისიც იცოდა, ქალმა თავს რომ უნდა მიხედოს და ამიტომაც, პირს რომ ჩაიგემრიელებდა ხოლმე, მერე შეუძახებდა ანთისა ანთისას: „ქალი ვარ ახლა მე?!“ – მწყრალად გამოხედავდა დეას, მას გადააბრალებდა ანთისა ანთისას უნებისყოფობასა და ღორმუცელობას: „სულ შენი ბრალია, შე მამაკოსო, შენ მაცდუნე, აღარ გელაპარაკები!“ ესეც თამაშის ერთი შემადგენელი იყო – ვითომ გაწყრომა, ვითომ გაბუტვა, რის შემდეგაც, გაცილებით ეგემრიელებოდა ანთისასთან შერიგება, მისგან მოყოლილი ზღაპარი თუ ანთისას სოფლის ამბების მოსმენა, სადაც ხშირად გაიჟღერებდა: „თხა გოგოები“, „ბეჩა, ბეჩა“, „თუ მაყოლინებ, მომისმინე, მამაკოსო შენ!“, „არ შემიძლია, სად შემიძლია“, – და სხვა, მსგავსი გამოთქმები, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ანთისას მონათხრობს.

ორი შვილიშვილი ჰყავდა ანთისას, – ვაჟი და გოგონა, იმათ სიყვარულსა და ფერებას იყო ნატრული. თავის ერთადერთ ვაჟს – ანზორს, სამხედრო სასწავლებელი დაემთავრებინა, რუსეთში მსახურობდა, ოჯახიც იქ შეექმნა, იშვიათად თუ მოუხერხდებოდათ თბილისში ჩამოსვლა. მათი ფოტო ფართო ტახტის მოპირდაპირე კედელზე გაეკრა ქალს. ტახტის გვერდით, კედელში შეჭრილ გუმბათოვან თაღში გარდაცვლილი ქმრის, – ბესას, გადიდებული, შავ ჩარჩოში ჩასმული ფოტო და მისი სპორტული მონაგარი – რამდენიმე მედალი შემოეწყო; – ფოტოდან შავგვრემანი, პირხმელი, ულვაშიანი მამაკაცი იცქირებოდა ჯიქურად, მკაცრად, თითქოსდა იმ მოლოდინით შემართული, დადარაჯებული მზერით, ფოტოგრაფისგან შეპირებული ჩიტის დანახვა რომ არ გამოჰპარვოდა როგორმე. შვილსა და შვილიშვილებს პირისპირ ვუცქერ, ქმარს გვერდით ვგრძნობ, ჩემს სიახლოვეს, ჰოდა, ასე უფრო მეტკბობა ძილიო, – იტყოდა ხოლმე ანთისა.

შემაშფოთებელი სულჩაგუბვით, შემდეგ კი ერთბაშად მომსკდარი ხროტინით ხვრინავდა ანთისა და ამ დროს ეს ერთი ბეწო ოთახიც თრთოდა, მიჰყვებოდა ანთისას მოთუხთუხე სხეულს და ივსებოდა ოთახი ანთისას მედგარი ფილტვებიდან შესუნთქულ-ამოსუნთქული ხმების ვიბრაციით, ოთახთან ერთად კრთებოდნენ ნივთებიც და ავეჯიც- მრგვალი მაგიდა, კარადა, ტელევიზორი, სკამები და მაგიდაზე შემოდგმული ბროლის ლარნაკიც კრთებოდა ამ დროს, ბესას შავ ჩარჩოში ჩასმულ ფოტოს კი ისეთი იერი ეძლეოდა, გეგონება, გარდაცვლილმა ბესამ ბოლოს და ბოლოს მართლაც შენიშნაო ფოტოგრაფისგან შეპირებული ჩიტი; ჰო, ჰო, ფოტოაპარატიდან გამოჭრილი, გულისხეთქვით შეფართქალებული ჩიტი შენიშნა ბესამ და ისიც შეკრთაო.

 

 

1 2 3 4