უეცრად მომსკდარი გაკაპასებითა თუ შურისმაძიებლობით შეპყრობილი, იმხანად ათას სისაძაგლეს სჩადიოდა და სიტყვების გარეშეც ახერხებდა ყოფილიყო – ტუჩამრეზილი, ხაზგასმით უკმაყოფილო, მაგრამ ხაზგასმითვე არაფრისმთქმელი, არაფერზე მომჩივანი, არაფერზე მოწუწუნე; ახერხებდა, ყოფილიყო დედასთან ერთად, ერთ ბინაში და სიტყვითაც არ შეხმიანებოდა მას; შემჩნეული ჰქონდა, როგორ განიცდიდა, ჩიავდებოდა ამ დროს დედამისი, როგორი მზერა უხდებოდა – ფრთხილი, ჩაფიქრებული; გეგონება, მძიმე ავადმყოფი ჰყავს შინ და იმისი ბედი აფორიაქებს, იმის სიმშვიდეს უფრთხილდებაო; მას კი შურისმაძიებლობის ტკბილ-მწარე ჟინი იპყრობდა და დედამისზე გამარჯვებას ზეიმობდა უთქმელად, თავისთვის, მაგრამ დედაზე გამარჯვება დროებითი და ხანმოკლე იყო, რადგან ღამით, ლოგინში ჩაწოლილი განიცდიდა თავის სისასტიკეს, დედის უთქმელობასა და დამარცხებებსაც განიცდიდა, ეძებდა სიტყვებს, რომელიც გაამართლებდა კიდეც და დედასაც მოუოხებდა გულს, მაგრამ ვერ პოულობდა საჭირო სიტყვებს და ზუსტი სიტყვების ვერპოვნის, ვერმოხმობის, ვერგადმოცემის მახრჩობელა, მწარე ნაღველით ეწამლებოდა სულიც, სხეულიც და ტიროდა ჩუმად, გამოტანჯულად და განიცდიდა თავის უსამართლობას, თავის სივერაგესა და ჩასაფრებას იმ ქალის მიმართ, ვინც სიცოცხლე აჩუქა, მაგრამ ღირდა კი ასეთი სიცოცხლე? ტრულაილას ნაბიჭრობა დაჰყვა მოცემულობად, გამოცანად, ხვედრად და რა გასაკვირია, შურისმაძიებლობის შხამით რომ დაენესტრა გული? უყვარდა დედა, როგორ არ უყვარდა, მაგრამ დედის სიყვარულიც გამოიტანჯა იმ მოცემულობამ, მათ ოჯახში რომ ჩამოუმკვიდრა დედამ და ოჯახსაც რომ დავანებოთ თავი, რა ნახა იმედგაცრუების მეტი? ჯიუტად არ ამჩნევდნენ თეატრში, დავიწყებისაკენ მიერეკებოდნენ, გულარხეინობდნენ გულისმომკვლელ თავის არსებობაზე და ღირს კი ასეთი არსებობა საერთოდ?

დეა თავს იღიზიანებდა, სრულიად სამყაროს ადანაშაულებდა სიგიჟემდე მისულ თავის ხვედრში, რადგან უკანასკნელ მის როლს სჭირდებოდა ვიღაცის დადანაშაულება, საკუთარი თავის შებრალება.

ტა ტა ტა-ტა! ტა ტა ტა-ტა! – ისევ სცადა.

მეტი სიმჭახით გაუჟღერდა ხმა, ჩხუბობდა თითქოს ვიღაც გულქვასთან, ვიღაც უსამართლობასთან, ვიღაცასთან ზოგადად…

„უნდა დავმშვიდდე, ბიჭუნა არავის ეჩხუბებოდა. რა იქნება, ერთხელაც წაუმღეროს! ბიჭუნა, გთხოვ, მხოლოდ ერთხელ იმღერე, ბიჭუნა!“

თვალები დახუჭა, მიაყურადა: „გაბოროტებული ლაწირაკი და პროფესორი სადღა დამეკარგნენ, იქნებ მათ მოიყოლონ ბიჭუნას ხმა,“ – იფიქრა დეამ.

სიჩუმე.

თვალები გაახილა, ქოთანს გახედა.

თეთრ რაფაზე თიხის ქოთანი, ფანჯრის მიღმა-ვერგასრულებული ზამთრის უღიმღამო, სველი სიმარტოვე.

„დავმშვიდდები და მერე ვცდი“, – იფიქრა ქალმა, იქვე იფიქრა: „ნეტა მიწა თუ ყრია ქოთანში?“ და კი არ გაახსენდა, იქ აღმოაჩინა თითქოს, ცხედარს მიწაში რომ მარხავენ, ჭირისუფალი და გამაპატიოსნებელი რომ სჭირდება მიცვალებულს და ანთისა დაუდგა თვალწინ.

ახლა, ამდენი წლის შემდეგაც არ იცოდა, რა ნათესაობა აკავშირებდა ანთისასთან, რადგან ნათესაობას საყრდენი და ათვლის წერტილი სჭირდება, დეას არ გააჩნდა ეს ათვლის წერტილი, არ ახსოვდა ბებია-ბაბუა, არ ჰყავდა და თუ ჰყავდა, არ იცნობდა ბიძა-ბიცოლებს, თუ მამიდა-ბიძებს, მათ ნაცვლად იყვნენ მსახიობები თეატრიდან-ხმაურიანი, გულარხეინი, მომხიბვლელი ადამიანები და სწორედ მათი დამსახურება იყო, თეატრმა რამდენიმე წელიწადი რომ შეინახა მარტოხელა დედა მცირეწლოვანი შვილით, მაგრამ უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა ასე და სწორედ მაშინ გამოჩნდა ანთისა-შორეული ნათესავი მახლობელი ქუჩიდან; თეთრი, ძალიან თეთრი, დაბუშტულცხვირიანი, ხორცსავსე ქალი უშველებელი მკერდითა და ატორტმანებული საჯდომით, რომელიც სრულიად წარმოუდგენელ სისწრაფეს ამჟღავნებდა ამდენი და ამხელა ხორცის გადაადგილებისას და თანაც ხვნეშოდა, ქლოშინებდა, დათახთახებდა, მაგრამ ვერ თუ არ ანელებდა ნაბიჯს და ჰგავდა მსუყედ მომრგვალებულ ფეხადგმულ გორაკს, რომელიც მისთვის ბოძებული ადგილის მოსაძებნად აიზიდა და რადგან მოხდა სასწაული, რადგან გორაკი წამომართეს დარუმბულმა ფეხებმა, დაიძრა კიდეც ეს გორაკი და კი არ მიდის, მიისწრაფის, მიექანება იმ რომელიღაც ადგილისაკენ, სადაც მიიტანს ნოყიერ მიწას, მდელოებს, ტყეებს, ხვნეშა-ქლოშინს მიიტანს თავისას და როცა მივა, ჩამოჯდება, ძალუმად ჩაისუნთქავს, ამოისუნთქავს, საჩვენებელი და ცერა თითებით ჩამოიწურავს ბაგის კუთხეებს და იფიქრებს: – იქნებ ესაა ჩემი სამშობლო, იქნებ მოვედი? ანთისას გაჩქარებული მიზანსწრაფვაც მნიშვნელოვანი იყო, ანთისას – ჩამოჯდომაც, რადგან ორივე შემთხვევაში ზეჭარბი წონა ქმნიდა ასეთ ანთისას – ამოძრავებულს თუ ნახავდი, გიკვირდა, რა სისწრაფით დაათუხთუხებსო თავის ხორცებს, დამჯდარ ანთისაზე გაგეფიქრებოდა – ეს ქალი რა ძალამ უნდა აზიდოსო ამ ადგილიდან.

ანთისამ დეასთვის უცნობი სამყარო მოიყოლა – უცნობი სიტყვები და ანდაზები, რითიც განსაკუთრებით იწონებდა თავს ეს ქალი: „ჰა პირი და ჰა პურიო“, – ეტყოდა ხოლმე, როცა ლუკმას გაუწვდიდა პატარა დეას; „უნამუსოს საცვალს ხდიდნენ, რაც არ ეცვა, რას გახდიდნენო“, – შეაფასებდა ვიღაცას და იქ დაუსვამდა წერტილს მის არსებობას, „ყველა ფრინველი ფრთითაო, ქალი ლამაზი – ქმრითაო“, – გაიხსენებდა თავის გარდაცვლილ ქმარს, ბესას, ვინც ქვემსუბუქი წონის მოჭიდავე ყოფილა ახალგაზრდობაში და კოცონივით მოსდებია ანთისას გულს, „მატრაკვეცა კუილი ტრაკში არ ეტეოდაო“, – ესეც ანთისას შეფასება იყო, რაც განსაკუთრებით ამხიარულებდა დეას.

 

1 2 3 4