შეეცადა, ემოციის გარეშე გაეაზრებინა თავისი ამჟამინდელი მდგომარეობა, რაც მდგომარეობათა ჯაჭვის ბოლო რგოლი უნდა ყოფილიყო, რასაც თავად სიგიჟე უნდა გაეცუცურაკებინა დეასთვის.

„დავიწყოთ,“ – თავი მოიყოჩაღა პაციენტმა, – „იმ დღეს აივნიდან შევნიშნე ახვარი თავის ძაღლთან ერთად“, – მერე ჩაფიქრდა, – „როცა შევნიშნე, ჩაფიქრებული მქონდა ნევროპათოლოგის ჩაქუჩის მოპარვა?“ – ვერ გაიხსენა და სხვა კითხვა დაუსვა თავს: „ნევროპათოლოგის ჩაქუჩის მოპარვა რამ მაფიქრებინა? გიჟი ვიყავი უკვე?“ – ახლა ამ კითხვას ჩაუღრმავდა, მაგრამ ვერც აქ იპოვა პასუხი და მარტივად, ხელის ერთი მოსმით გაირიდა თავსატეხი – „ჰო, ალბათ, უკვე ვიყავი გიჟი – ნაწილობრივ მაინც, დაახლოებით“, – და იქვე შეიპყრო მოუსვენრობამ, – „რას ნიშნავს ნაწილობრივი, დაახლოებითი სიგიჟე? ან ვიყავი,  ან – არ ვიყავი გიჟი და მერე გავგიჟდი. ეს უნდა ავხსნა, აუცილებლად უნდა ავხსნა!“

თავის სიგიჟესა თუ მომავალ თვითმკვლელობაზე ისე ფიქრობდა, როგორც როლზე მუშაობისას იფიქრებდა გმირის ხასიათზე, გმირის ქმედებაზე, გმირზე – ვისი ტყავიც უნდა მოერგო. მის გმირსაც დეა ერქვა, ისიც დეასავით იწვა კლინიკის პალატაში, მასაც დეასავით ჩაესმოდა ხმები და დეასავით ჩაიფიქრა, თვითმკვლელობა, მაგრამ, როგორც ახლა ეჩვენებოდა, „წარმატებულად გათამაშებული თვითმკვლელობის“ შემდეგაც დარჩებოდა ვიღაც სხვა, სხვა კი არა, ნამდვილი დეა, ან თუნდაც, ნამდვილი დეას რაღაც ნაწილი, კარგად ნათამაშევი როლის შემდეგ რომ იგრძნობდა სასიამოვნო დაღლილობას, კმაყოფილებას, შვებას…

გუშინდელ კოშმარში ამაზე არ უფიქრია, დღეს კი გეგმავდა, დგამდა, საპერმიეროდ იმზადებდა თავს და ეს საკმაოდ სახიფათო იყო, რადგან შედეგი არ ეფიქრებოდა, პროცესი მართავდა მის ტვინში  დაულაგებლად, აცა-ბაცად გამომსხლტარ აზრებს.

„არა, არა, ყველაფერი თავიდანაა აღსადგენი, იქაა მოსაჩხრეკი, იქ, თავში, როცა დაიწყო ეს კოშმარი. სამედიცინო ჩაქუჩის მოსაპარად გავეშურე მეზობელ ნევროპათოლოგთან. მერე? რა-მერე, იმ ახვარმა თავისი მოწყენილი გუგები შემომისახლა გულ-გვამში. ახვარის მოწყენილ გუგებშია მთელი უბედურება, იმ გუგებმა „ჩამიშვეს“ ნევროპათოლოგთან. მერე? მერე მიხმარა. სამ ბიძგში მიხმარა იმ ახვარმა და მოპარვის შიში ჩამისახლა თავისი გუგების ნაცვლად. შიშისგან გასათავისუფლებლად წავედი მიწისქვეშა გადასასვლელში, ბაზრობაზე, მაგრამ ვერაფერი მოვიპარე და დღეს აქ ვარ, კლინიკაში. საბრალო, საბრალო, მე – საბრალო“, – თავი შეიცოდა დეამ.

მე – საბრალოო…

თავისი თავის დედოფლად წარმოდგენისა არ იყოს, „მე-საბრალო“-ც იმავე ფუნქციური დატვირთვით მოიხმო – დრამატულ როლზე მუშაობისას იხსენებდა ხოლმე რომელიმე მტკივნეულ ეპიზოდს პირადი ცხოვრებიდან, თავს იბრალებდა, ამ განწყობით გადიოდა სცენაზე.

გასახსენებელი ბევრი ჰქონდა:

მძიმედ განიცდიდა უმამობას, მერე კი გულგრილობის თამაში წამოიწყო თანატოლებთან, – ვითომ არაფრად მიაჩნდა, დედის გვარს რომ ატარებს; ვითომ ასე ურჩევნია კიდეც, რადგან დაქალობას დედასთან და ანთისაც ხომ ჰყავს, – თავისი გამზრდელი ანთისა, ჰოდა, მეტი არც არავინ სჭირდება, – დაქალივით შემეგობრებული დედა, საყვარელი და სასაცილო ანთისა და ოცნება მსახიობობაზე, თეატრზე, საინტერესო შემოქმედებით ცხოვრებაზე, სადაც იქნება გასტროლები უცხო ქვეყნებში, მოგზაურობა, მაყურებლის ტაში, სხვაც ბევრი – კინოროლები, აღიარება, შეხვედრები…

ყველაზე დამამცირებელი ბავშვობიდან ფარად ნაფარები გულგრილობა იყო დეასთვის; დაძაბული, გაფაციცებული მდგომარეობა, რათა სხვის თვალში გამოჩენილიყო ლაღი, უკომპლექსო, თავისუფალი, გულგრილი იმის მიმართ, რაც სხვებს მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, რადგან დეა ასეთია, – დეა დასცინის სტერეოტიპებს, მაგრამ ისე კი არ დასცინის, „კომპლექსარიკად“  რომ ჩათვალონ; არა, არა, დეას ცხოვრებამ გაუმახვილა თვალი, არტისტული გუმანი გაუმძაფრა, დეას არ ღალატობს ზომიერების გრძნობა, დეას „კიდია“ სტერეოტიპები, დეა „ეკაიფება“ საყოველთაოდ მიღებულ, დამკვიდრებულ შეხედულებებს ცხოვრების წესზე, ადამიანურ ურთირთობებზე, ოჯახზე…

ადამიანს ცხოვრება ჯეკავს, ცხოვრება აიძულებს ან ასწავლის თამაშს და თამაშის ფორმას თუ ხარისხს იმავე ადამიანისთვის სიამოვნებაც მიუნიჭებია, თვითკმაყოფილებაც, ვიღაცაზე ზეაღმატებულობისა თუ თავისი განსაკუთრებულობის მათრობელი შეგრძნებაც, მაგრამ გამუდმებულად დაძაბული მდგომარეობა, რითიც სილაღესა და გულგრილობას თამაშობდა გარეთ, შინ ეძებდა გამოსავალს, შინ კაპასდებოდა, შინ განიცდიდა იმას, რისი თამაშიც უწევდა გარეთ და ამიტომაც ახლიდა გაანჩხლებულ თავის ჰორმონებს დედამისს: „კაცი დაილია ქვეყანაზე, ქალო, ვიღაც ტრულაილასთან რომ არა?!“

ახსოვდა ის დღე. მკაცრ პასუხს, იქნებ სილის გაწვნასაც ელოდა დედისგან, თუმცა – არა, ერთი მწყრალი, მწყრალიც არ ეთქმის, მომაკვდინებლად გასაცოდავებული, უცაბედი მზერა მისკენ და მერე გარიდება, – სამზარეულოში თავშეფარებული დედა და ის მარტო ოთახში, იმ დამპყრობელივით მარტო, დასაპყრობი რომ აღარაფერი აქვს და ამით იმედგაცრუებულიცაა, შეურაცხყოფილიცა და გამწარებულიც, რადგან უბრძოლველად დაუთმეს ტერიტორია, მის გაკაპასებას, მის აგრესიულობას ისე აქციეს ზურგი, რომ აბორგებული ემოცია ვერ გაუნელეს, ვერ გამოათავისუფლებინეს, ვერ აზეიმეს თავის სიმართლეში და ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, ახალი სატანჯველი აჰკიდეს – დაბეჩავებული, თვალსა და ხელსშუა გაუსუსურებელი, თურმე ასე იოლად მოწყვლადი დედის სახე, ვისაც შვილისგან წამოხლილმა სიტყვებმა, შვილის უმადურობამ მოუწურა გული, მაგრამ თავადაც ხომ ატარებდა ტკივილს, მემკვიდრეობით რომ ერგო დედისგან და ბიოლოგიური მამისგან, ჰოდა, ზღონ, დიახაც, ნაბიჭვრად არსებობა თუ დაანათლეს და მოუსაჯეს ხვედრად, ზღონ, აიტანონ, შეეგუონ შვილის შურისმაძიებლობას, რადგან განიცდის, ეტირება, გულგრილობასა და სილაღეს რომ თამაშობს თანატოლებთან და მერე, როცა მარტოა ლოგინში, როცა ღამეა და ის მხოლოდშერჩენილი ავ, მტანჯველ ფიქრებს, აწუხებს, არ აძინებს დამამცირებელი თავისი როლი, სირცხვილი შანთავს მწველი შანთებით და ზღონ, დიახაც, ზღონო – ეფიქრება ორივეზე, მაგრამ ახსენდება, რომ იმ ვიღაც ტრულაილამ არც კი იცის მისი არსებობის შესახებ და ეს მეტად აბოროტებს, იმდენადაც კი, თავად რომ იპყრობს შფოთი, თავადაც რომ აშინებს გასიებული გულის ომახიანი მოწოდება – გაბოროტდი! გაბოროტდი! გაბოროტდი, დაიმსახურეს! – და თუ ვინმემ დაიმსახურა მისი გაბოროტება, სწორედ დედაა, რადგან დედამ ისიც ვერ მოახერხა, შვილის არსებობა ემცნო კაცისთვის, ვისაც ლოგინში ჩაუგორდა, და ეს რომ მოეხერხებინა მაინც, ვინ რა იცის, როგორი ურთიერთობა ექნებოდა მამასთან, მაგრამ – არა, ნურას უკაცრავად, დედამისი ჩაეღობა მამისკენ მიმავალ გზაზე, იმის საშუალებაც არ დაუტოვა, სასხვათაშორისოდ ჩაეგდო სიტყვა დაქალებთან: „გუშინ მამაჩემმა მითხრა“, ან – „მამაჩემი შემპირდა“, – ან თუნდაც – „რა  ტიპია, გოგო, ეს მამაჩემი“, – ან რაღაც მსგავსი, ჩვეულებრივი, ადამიანური, საყველპუროდ სათქმელი, უმნიშვნელო და თურმე ასე მნიშვნელოვანი, სრულიად უწყინარი რამ ეთქვა მამაზე და თუნდაც რქმეოდა იმ მამას ტრულაილა, მერედა რა, როგორღაც მოახერხებდა, ისე წარმოაჩენდა მის არსებობას, მის ტრულაილობას დაქალებთან, იქით შეაშურებდა, იქით აფიქრებინებდა მათ – ნეტა მამაჩემი ყოფილიყოო ტრულაილა, მაგრამ – არა, ნურას უკაცრავად,  არ ისურვა ქალბატონმა დედამისმა, – არ ისურვა, ან არაფერი ეთქმოდა კაცთან, ლოგინში რომ ჩაუკოტრიალდა გემრიელად, ჰოდა, ზღოს ახლა, ზღოს და ტყუილებს მოეშვას, თავს ნუ უქონავს დედობრივი სიყვარულით, გაუსუსურებელ მზერასაც ნუ აპარებს შვილისკენ, რადგან ეცოდება ასეთი დედა და გული ტკივა, რომ ეცოდება და ეყოფა მის გულს ბასრად ჩაჭერილი მარწუხები, ჰოდა, ზღოს დედამ, იმ ვიღაც ტრულაილამაც ზღოს, რადგან ტირის უკვე და დედა ებრალება, თავიც ებრალება და ნანობს, ძალიან ნანობს სიტყვებს, რომელიც დედას მიახალა.

 

1 2 3 4