ზამთარი. ხუთშაბათი. მენდელსონის საქორწინო მარში.

(ნაწყვეტი რომანიდან)

 

აყურადებდა სიჩუმეს. შეაწუხა ჩამომწყვდიადებულმა, სულისა და ხელ-ფეხის შემბოჭავმა, ხანგრძლივმა, სამარისებულმა გარინდებამ. ბიჭუნას ხმა მოინატრა, ისინი – არა. გაბოროტებულ ლაწირაკად და პროფესორად შესახლებულთა ხმები ისე ეხეთქებოდნენ მის სმენას, ფსიქიკას, როგორც სამარეში ჩასვენებული კუბოს თავს ეხეთქება მიწა – ძრწოლვისმომგვრელი, უშეღავათო სიცხადით. ბიჭუნას ხმა იქნებ არ ამშვიდებდა, მაგრამ არც აფორიაქებდა, არაფერს ერჩოდა, თავისთვის არსებობდა, მისკენ არ მომართულიყო და ჰგავდა ზღვის ფშვინვას, ანდა – ჩიტის ჟივჟივს, ან, თუნდაც, რადიოდან გაჟღერებულ მელოდიას მიაგავდა, როცა ის თავისთვის არსებობს, შენ-შენთვის და ერთ სივრცეში თავამორგულებს, ერთმანეთის სიახლოვე არ გეხამუშებათ, უბრალოდ-ხართ და მორჩა.

აკი მიიჩნია კიდეც რადიოდადგმად.

ჰოდა, ელოდა და როცა მეტად დაუმძიმდა სიჩუმე, თავად წამოიწყო დაბალი ხმით:

– ტა ტა ტა-ტა! ტა ტა ტა-ტა!

გაყუჩდა, ისევ მიაყურადა, გეგონება, საკუთარი ხმის გამოძახილი აინტერესებს, ექოს ელისო.

სიჩუმემ უპასუხა მოჭრილად, მტკიცედ, ყრუ სიმარტოვით.

ფანჯრიდან ზამთრის ნაცრისფერი დილა, თეთრ რაფაზე თიხის ქოთანი.

– ტა ტა ტა-ტა! ტა ტა ტა-ტა! – კი არ მიამღერა, ქოთანს მიმართა დეამ, ოღონდ ამჯერად უფრო ხმამაღლა და იქნებ იმიტომაც, რომ ხმამაღლა, თანაც ქოთნისკენ მიმართული მზერით – ეუცხოა, ესასოწარკვეთილა თავისი ხმა.

კარისკენ იბრუნა პირი: „არა“, – იფიქრა შემდეგ, – „ასე არ მიპასუხებს, საქორწინო მარში იმავე ხასიათშია სამღერი; ბიჭუნა სევდიანად და თავისთვის მღეროდა, მეც უნდა ვცადო სევდიანად და ჩემთვის, მერე  ნამდვილად გამოჩნდება“.

ხმაზე გაეფიქრა – გამოჩნდებაო; გაეფიქრა, როგორც სცენიურ პარტნიორზე, ვისი რეპლიკაც სჭირდებოდა თამაშის წამოსაწყებად, როლის გასასრულებლად, წარმატებული თვითმკვლელობის გასათამაშებლად, რასაც თავად დადგამდა და თავადვე შეასრულებდა.

„მობილიზიბეულად, დეიკო, „პრაგონია“ ახლა, მერე- პრემიერა, მობილიზებულად!“ – თავს შეუძახა პაციენტმა და კლინიკის პალატაში მოიხელთა გულისრევისმომგვრელი  წინასაპრემიერო ფორიაქი, როცა იცი – ხვალ მაყურებელზე გადიხარ, დღეს კი გენერალური რეპეტიციაა დარბაზში, სადაც პარტერის მეხუთე რიგში პირგაპარსული კარაბას ბარაბასი ზის, გვერდით მაგიდა უდგას, მაგიდაზე ყავის ფინჯანი და საფერფლეა შემოდგმული და მის თვალმოჭუტულ, შემფასებლურ მზერაში ირეკლება შენი ნიჭიერება თუ უსუსურობა და გინდა, ძალიან გინდა, არ დაგამციროს, არ გაგაბითუროს, გაგამხნევოს, მცირეოდენი შვება მოგცეს ამ მზერამ, რადგან ელტვი, თანაც მძიმედ განიცდი მომავალ პრემიერას.

„წარმატებულად გათამაშებული თვითმკვლელობა“ დაარქვა სპექტაკლს, რისთვისაც იმზადებდა თავს. ამაში იყო ერთგვარი ლოგიკა, რადგან გუშინდელმა მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა; დღეს კი აქაა, კლინიკაში და ბიჭუნას ხმა სჭირდება, რათა დაიწყოს, თავი მოიგანწყობოს, მაგრამ წარმოდგენა არა აქვს, რატომ სჭირდება ბიჭუნას ხმა…

წინააღმდეგობრივი ფიქრებითა და შეგრძნებებით იყო სავსე – აწუხებდა სამარისებული სიჩუმე და ამავე დროს ბეჯითი უკანმოუხედაობით მიისწრაფოდა სამარისკენ; ბიჭუნას ხმის გაგებას შენატროდა, როცა იცოდა – ეს ხმა თავისი სიგიჟის შემადგენელი იყო, უპირობო სიგიჟის კიდევ ერთი დასტური, რამაც გადააწყვეტინა თვითმკვლელობა, მაგრამ ფიქრობდა კი თვითმკვლელობაზე? იქნებ სპექტაკლის დადგმა ჩაითქვა, სადაც პარტნიორისგან ელოდა რეპლიკას და სწორედაც ეს მოლოდინი იყო გაუაზრებელი, ვერასახსნელი, შეიძლება ითქვას, მექანიკურიც კი …

ტა ტა ტა-ტა! – წამოიწყო.

არა, ვერა, სიყალბე იგრძნო. მელოდიის საზეიმო, ზეაწეულ ხასიათს ბიჭუნას ნამღერი თეატრალური დეკორაციის დანისლულ სევდაში მიაცურებდა – მისტიკურიც იყო და რეალურიც; ბიჭუნას ნამღერი ძალდაუტანებლად ქმნიდა ატმოსფეროს, გმირის მდგომარეობას მოიყოლებდა, დეასგან აღებული რამდენიმე ბგერა კი ვიღაც გმირის, იმ ვიღაც ბიჭუნას მდგომარეობის ცუდ იმიტაციას მიაგავდა.

“ხასიათს ვერ ვიჭერ, სხვა მდგომარეობაში ვარ; ზუსტი მდგომარეობა შობს ზუსტ ბგერას, ჩემი მდგომარეობა ხავის, ბიჭუნა თავისთვის მღეროდა, სევდიანად“ – იფიქრა დეამ და იქვე დაეკითხა თავს: „მდგომარეობაა ხვედრი თუ ხვედრი ქმნის გმირის მდგომარეობას?“ შეეცადა, ჩაღრმავებოდა ამ კითხვას, მაგრამ პასუხი ვერ იპოვა: „დაახლოებით იმ კითხვას ჰგავს – კვერცხი გაჩნდა ჯერ თუ ქათამიო, ჰოდა, მოვეშვათ, პასუხი არ მაქვს,“ – იფიქრა შემდეგ.

მდგომარეობა.

მდგომარეობა თავად ღაღადებს გმირზე, მდგომარეობაა მთავარი გმირი, რადგან წინასწარმეწტყველთა მდგომარეობა ქმნის წინასწარმეტყველებს და ეს დაფარულია, შეუცნობელია უბრალო მოკვდავთათვისო, – იტყოდა, ალბათ, სვეგამწარებული ლამარიე, ვისი უნაყოფო, ბედკრული ცხოვრების ჰოე-ც სსრკ-ს ჰოე-სთან ერთად გასრულდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და, აი, ახლა, იმავე მოკვდავთათვის დაფარული, შეუცნობელი კანონზომიერებით, დეა იმ პრემიერისთვის იმზადებდა თავს, ვინმე ლამარიეს ხვედრს რომ ააცილებდა და სიგიჟის გარეშე მიიყვანდა თავის ჰოე-მდე.

 

1 2 3 4