Shaun of the Dead – ზომბი სახელად შონი

ყველაზე მხიარული და სასაცილო მუსიკალური სცენა ჩვენ სიაში ბრიტანული წარმოებისაა. ვიზუალური კომედიის დიდოსტატი, ედგარ რაიტი, ზომბი აპოკალიფსის კომედიურ ვერსიაში გამომგონებლური და სახალისო რაკურსებით უდგება სამომხმარებლო საზოგადოების კრიტიკას. ასეულობით ზომბით გარშემორტყმულ ბარ ვინჩესტერში გამომწყვდეული მთავარი პერსონაჟები ვეღარ მოახერხებენ ბარიკადების გამაგრებას შიგნით შეჭრილი არსებების ლიკვიდაციას ყველა შესაძლო რესურსით ცდილობენ, რაც ამ შემთხვევაში ბილიარდის კიით შემოიფარგლება. მოულოდნელად პატეფონი ჩაიერთვება და Queen-ის ელექტრულ Don’t Stop Me Now-ს დაკვრას დაიწყებს. ენერგიული მუსიკის ფონზე და მასთან სინქრონულად იწყებენ ჩვენი მთავარი გმირები ზომბებთან გამკლავებას და მათდამი მოქნეული ყოველი დარტყმა იდეალურ უნისონში ჯდება მუსიკასთან, რაც საბოლოოდ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კომედიურ სცენას ქმნის.

Before Sunset – მზის ჩასვლამდე

რიჩარდ ლინკლეიტერი ფილმის ნარატივში დროის კონცეპტთან ექსპერიმენტირებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩული რეჟისორია. მისი Before ტრილოგია კი უპირობოდ საუკეთესო რომანტიკული ტრილოგიაა კინემატოგრაფში. მეორე სერიაში მთავარი პერსონაჟბი ჯესი და სელინი პირველი ფილმის მოვლენებიდან ცხრა წლის შემდეგ შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს და რასაკვირველია ძველი გრძნობები და გამოუთქმელი ემოციები ნელ-ნელა დაიწყებს პულსირებას და ქრონომეტრაჟის სვლასთან ერთად სულ უფრო ფეთქებად ხასიათს იძენს. დასასრულს, მორიგი გამომშვიდობების მოლოდინში, სელინი ჯესის მასზე დაწერილ სიმღერას უმღერის, აკუსტიკურ გიტარაზე, ხავერდოვანი ხმით, ინგლისურად, ფრანგული აქცენტით და ამ მომენტში ჯესი ხვდება, რომ სამუდამოდ მასთან უნდა დარჩეს. იტენ ჰოკის პერფორმანსის ნაივურობა, სახის გამომეტყველებით და თითზე საქორწინო ბეჭედთან თამაშით ზედმიწევნით ასახავს მის ემოციურ მდგომარეობას და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მთელი გულით გულშემატკივრობ, რომ მთავარმა გმირმა ოჯახი მიატოვოს და განუხორციელებელ ურთიერთობაში ინვესტირება მოახდინოს.

Blue Velvet – ლურჯი ხავერდი

დევიდ ლინჩმა გარდა იმისა თუ როგორ აგვიბნიოს გონება და გვამოგზაუროს არაცნობიერის ლაბირინთებში, ზედმიწევნით კარგად იცის პოპ კულტურის ისტორია და მნიშვნელობა. პოპ მუსიკის გამოყენება ერთი შეხედვით სიუჟეტურად უადგილო მონაკვეთებში მისთვის ჩვეული აქტივობაა, იქნება ეს „დაკარგული გზატკეცილი“, „გულით ველურნი“ თუ „თავსაშლელა“. მაგრამ ჩვენი აზრით საუკეთესო სინთეზი პოპ მუსიკასა და „ლინჩისეულ“ სანახაობას შორის, „ლურჯ ხავერდში“ ფიქსირდება, სადაც ფსიქოპათი კრიმინალების ხელში ჩავარდნილი მთავარი პერსონაჟები დოროთი და ჯეფრი, მთავარი ფსიქოპათის, ფრენკის მიერ გათამაშებულ მუსიკალურ ნომერს იხილავენ. ფრენკი მაგნიტოფონზე როი ორბინსონის ალბათ საუკეთესო სიმღერას, In Dreams ჩართავს, მისი ლაქია ბენი კი ტექსტს პირს აყოლებს. და ეს ერთ-ერთი ყველაზე გროტესკული „სახლის წვეულების“ აღწერაა, რაც ოდესმე გინახავთ.

Back to the Future – უკან მომავალში

სათავგადასავლო ჟანრის სანიმუშო წარმომადგენელი, „უკან მომავალში“ სავსეა დასამახსოვრებელი მუსიკალური სცენებით. ვიცით ახლა რასაც ფიქრობთ, რასაკვირველია Johnny B Good გაგახსენდათ, როდესაც ჩაკ ბერის მომავლიდან წარსულში მოხვედრილი მარტი მაკფლაი „აჩუქებს“ საკუთარ ჰიტს, მაგრამ არა, ჩვენი გულები სხვა სცენას ეკუთვნის. იმისთვის, რომ მარტი მაკფლაი სიცოცხლეში დარჩეს, აუცილებელია, რომ მის მშობლებს ერთმანეთი შეუყვარდეთ, ეს კი სკოლის ბანკეტზე უნდა მოხდეს, რომანტიკული მუსიკის ფონზე. მარტი ბენდთან ერთად ასრულებს იდეალურ სასიყვარულო კომპოზიციას Earth Angel, რომლის ფონზეც ჯორჯ მაკფლაი გამბედაობას მოიკრებს და თავის ბედისწერის, ლორეინის მოსაპოვებლად ქმედით ნაბიჯს გადადგავს. მარტი აღარ წაიშლება ეგზისტენციიდან, ჯორჯი და ლორეინი საბოლოოდ დააფუძნებენ საკუთარ სიყვარულს, Earth Angel კი ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკულ კინოკომპოზიციად დარეგისტრირდება მაყურებლის გონებაში.

 

 

 

 

 

 

1 2