დღევანდელი ჩვენი სია დაკომპლექტებული იქნება ისეთი ფილმებით, რომლებიც ჟანრულად მიუზიკლს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ საინტერესო და დასამახსოვრებელ მუსიკალურ სცენებს შეიცავენ. ამასთან, ნამუშევრების შერჩევითი კრიტერიუმი ითვალისწინებდა არა უბრალოდ საუნდტრეკებს, რომლებიც კონკრეტული სცენების გასაფორმებლად გამოიყენება, არამედ ისეთ ეპიზოდებს, როდესაც მუსიკა მაყურებელთან ერთად, ფილმის პერსონაჟბისთვისაც გაისმის.

Risky Business – სარისკო ბიზნესი

ფილმი, რომელმაც ტომ კრუზის ვარსკვლავური კარიერა მოქმედებაში მოიყვანა, გარდა ახალგაზრდა კრუზის შარზმისა და ქარიზმისა, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მუსიკალურ ეპიზოდს ინახავს. ტომ კრუზის პერსონაჟი ჯოელი თინეიჯერია, რომელსაც მშობლები ფეშენებელურ ვილაში მარტო დატოვებენ. ჯოელი მარტოობის პერიოდში სერიოზულ ხათაბალაში გაეხვევა, რომლის წყალობითაც ზრდასრულობის პასუხისმგებლობებს გაითავისებს და მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გააზრებამდე მივა, მაგრამ მანამდე, როგორც ყველა მარტო დარჩენილი თინეიჯერი, როდესაც სახლს საკუთარ განკარგულებაში დაიგულებს, ისე დაიწყებს მოქცევას, როგორც ახლადშეძენილი თავისუფლება უკარნახებს: კოკა კოლით გააზავებს მამის ვისკის, ბოლო ხმაზე ჩართავს ბობ სიგერის Old Time Rock n Roll-ს და საცვლების და ვარდისფერი პერანგის ამარა ისე დაიწყებს ცეკვას, როგორც მაშინ ვცეკვავთ ხოლმე, როდესაც არავინ გვიყურებს. შედეგად კი ვიღებთ ამერიკული პოპ კულტურის ერთ-ერთ ხატმწერ სცენას.

Say Anything – თქვი რამე

კამერონ კროუს ფილმები გარდა იმისა, რომ მუდამ საჭირო, სწორი და მნიშვნელოვანი სენტიმენტებითაა გაჯერებული, აგრეთვე ყოველთვის სავსეა მათთან იდეალურად შეხამებული სიმღერებით. Say Anything-ში გულგატეხილი ჯონ კიუსაკი ლოიდ დობლერის როლში, თავის რომანტიკულ ინტერესს, დაიანს, დაშორების შემდეგ სახლთან მიაკითხავს „ბუმბოქსით“, თავს ზევით აღმართავს და პიტერ გებრიელის In Your Eyes ჩართავს, იმ სიმღერას, რომლის ფონზეც პირველად დაკავდნენ სიყვარულით ის და დაიანი. მეტარომანტიკული ჟესტი 80-ანების ამერიკული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ემოციური სცენაა.

A Clockwork Orange-  მექანიკური ფორთოხალი

ენტონი ბერჯისის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაში, სტენლი კუბრიკმა არაერთი სიუჟეტური ცვლილება მოახდინა და სტილისტურად გაცილებით გაამდიდრა ნაწარმოები. ერთ-ერთი ასეთი გაუმჯობესებული ეპიზოდი მაშინ გვხვდება, როდესაც მთავარი პერსონაჟი ალექსი და მისი ბანდა, მორიგ რეციდივზე, მდიდარი ცოლ-ქმრის სახლში შეცვივდებიან და ბრუტალური ძალადობის აქტს ანხორციელებენ. შუა პროცესში კი ალექსი, რომელიც სიხარულს პოულობს თავის ძალადობრივ ქმედებებში, იწყებს ბედნიერების გამომხატველი ყველაზე მძაფრი კინო კომპოზიციის, Singin’ in the Rain-ისღიღინს. მიმდინარე მოქმედების ფონზე სიმღერას საოცრად პერვერსიული და შემაძრწუნებელი კონტექსტი შემოაქვს, რადგან თუ ჯინ კელი მას მაშინ მღეროდა, როდესაც სიყვარულის აღმოჩენის შემდეგ თავს იმდენად ბედნიერად გრძნობდა, რომ კოკისპირული წვიმაში მოყოლაც კი აღარ უჩენდა საზრუნავს, ალექსისთვის იგივე კალიბრის ბედნიერება ძარცვაში, სადისტურ ქცევებსა და ძალადობაში ფიქსირდება.

Reservoir Dogs – ცოფიანი ძაღლები

კვენტინ ტარანტინოს იდეალური სტილის შეგრძნების პარალელურად, მუსიკალური მგრძნობელობას საოცრად მაღალი აქვს. ყველა მის ფილმში, მინიმუმ ერთი დასამახსოვრებელი მუსიკალური ეპიზოდი მაინც შეგხვდებათ, იქნება ეს მია უოლესის სახლში ჩართული Girl, You’ll Be a Woman Soon, შოშანას შურისძიების სამზადისი დევიდ ბოუის თანხლებით, ჯეკი ბრაუნის „ინტრო“ აეროპორტში ბობი ვომაკის აკომპანიმენტით თუ სხვა. თუმცა ჩვენ სიაში სხვას ვერაფერს ჩავსვავდით თუ არა „ცოფიან ძაღლებში“ მაიკლ მედსენის პერსონაჟის, მისტერ ბლონდის ვიზავის დატყვევებულ პოლიციელთან. ბლონდი ჯგუფ Stealers Wheel-ის სიმღერას, Stuck in the Middle With You ჩართავს, ზანტი მოძრაობებით აყოლებს მელოდიას სხეულს, ხელში სამართებელს მოიმარჯვებს და პოლიციელის წამებისთვის უდიდესი სიამოვნებით ემზადება. შინაარსით ეს სცენა ძალიან წააგავს ზემოთ ნახსენებ „მექანიკურ ფორთოხალს“, თუმცა ტარანტინო სწორედ იმისთვის გვიყვარს, რომ სხვებისგან სესხების და თავის ორგანულ პროდუქტად გარდაქმნის საოცარი ნიჭი გააჩნია. თუმცა თუ კურიკი ბოლომდე გვიჩვენებს ძალადობის საშინელებას, ტარანტინო მორცხვად აშორებს უშუალო აქტის დროს კამერას პერსონაჟებს და გვაიძულებს თავად წარმოვიდგინოთ თუ როგორ აჭრის ყურს ბლონდი საცოდავ პოლიციელს.

 

Cool Hand Luke – ცივსისხლიანი ლუკი

სტიუარტ როზენბერგის კლასიკა მედიტირებს ძალაუფლების ინსტიტუტებზე, პენიტენციალური სისტემის გაუმართაობაზე, მჩაგვრელთა და ჩაგრულთა დიქოტომიებზე, განსხვავებული სოციალური სტატუსის მქონე ჯგუფებს შორის არსებულ მისკომუნიკაციებზე და მრავალ საჭირბოროტო საკითხზე. ერთ-ერთ სცენაში, მთავარ პერსონაჟს, პატიმრობაში მყოფ ლუკს, შეატყობინებენ, რომ დედა გარდაეცვალა. ლუკი ჩუმად გაემართება საკუთარი საწოლისკენ, ბანჯოს აიღებს და ამერიკული ფოლკლორული კომპოზიციის, Plastic Jesus-ის შესრულებას დაიწყებს. ლუკის როლში მყოფი პოლ ნიუმანი ამ სცენაში საუკთარი კარიერის საუკეთესო პერფორმანსს აფიქსირებს და დრამატული სამსახიობო უნარების გრანდიოზულ დემონსტრაციას ახდენს. ბანჯოზე გაუმართავად დაკრული მელოდია, ტექსტის შინაარსი, რომელიც რელიგიური სიმბოლოების და რწმენის ბუნებაზე კომენტირებს და ნიუმანის ემოციური ხმის ტემბრი და მიმიკები მთლიანობაში დაუვიწყარი ეპიზოდის კონსტრუირებას ახდენენ.

Magnolia – მაგნოლია

პოლ ტომას ანდერსონი თანამედროვე ამერიკული კინოს ერთ-ერთი ყველაზე დიადი წარმომადგენელია. მის ფილმებში უხვადაა დასამახსოვრებელი და საინტერესო მუსიკალური მომენტები, იქნება ეს Punch Drunk Love-ის რომანტიკული პასაჟბი, რომელსაც „მეზღვაური პაპაის“ მთავარი კომპოზიციის სახექმნილი ვერსია ამშვენებს თუ „ბუგის ღამეების“ ისტერიული სცენა ნარკორეალიზატორთან, სადაც რიკ სპრინგსტინის ჰიტი Jessie’s Girl საოცარ ეკლექტიკას ძენს ეპიზოდს, მაგრამ ჩვენ სიაში ვერავის დაუთმობს პირველობას „მაგნოლია“ გენიალური ეპიზოდით, როდესაც მთელი სამსახიობო ანსამბლი მოულოდნელად ეიმი მენის მელანქოლურ სიმღერას, Wise Up-ს მღერის. ტექსტურად თუ მელოდიურად, კომპოზიცია იდეალურად ეხამება ფილმის ატმოსფეროს და ყველაზე ემოციურ და დასამახსოვრებელ სცენას ქმნის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უკანასკნელ შედევრში.

 

1 2