ფილმის მთავარი პერსონაჟი პიერ ლანშეა, მწერალი, ბურჟუაზიული კლასის წარმომადგენელი, წარმატებული კარიერით და ოჯახით. თუმცა პირველივე კადრში, სანამ უშუალოდ გავიცნობდეთ რომელიმე მოქმედ გმირს და დავინახავდეთ მათ სახეს, ტრიუფო ხელის თითებზე ახლო კადრით იწყებს სათქმელს. კაცის თითს საქორწინო ბეჭედი ამშვენებს, რომელსაც მაცდურად ეთამაშება ქალის თითები. ამ სცენას უდიდესი ეროტიული მუხტი  შემოაქვს და მოქმედებაში მოჰყვს სიუჟეტი.

ჟანრულად ფილმი თავიდან შესაძლოა დაულაგებელი და ოპორტუნისტულიც კი გეჩვენოთ.  პირველად სწორედ აქ იგრძნობა ყველაზე მძაფრად ტრიუფოს ფილმოგრაფიაში ჰიჩკოკის გავლენა. კლოდ შაბროლი ამბობდა ჰიჩკოკის მიბაძვამ დააზიანა ნამუშევარიო, არადა ზუსტად „ნაზ კანში“ ახდენს ტრიუფო ყველაზე საინტერესოდ ჰიჩკოკური სასპენსის გამოყენებას და ნასესხებ ილეთებს საკუთარი ნარატივის ორგანულ ნაწილად აქცევს, რადგან მოულოდნელ დაძაბულობას იუმორისტულ განზომილებას უმატებს.

თუ მაგალითად „ფსიქოში“ მარიონ კრეინი ფულს მოიპარავს, ამ ჩადენილი დანაშულის გამო გარბის ქალაქიდან და მისი მანქანით მგზავრობის სცენას არსებული გარემოების გათვალისწინებით ახლავს დაძაბულობა, „ნაზ კანში“ მარტივ გადაადგილებას სახლიდან აეროპორტისაკენ, რეჟისორი ანალოგიურად აფორმებს კადრირების და მუსიკის გამოყენებით. თავიდან ვერც ხვდები რა საჭიროა ისეთი ტრივიალური მოქმედების სასპენსის ილეთებით გაჯერება, როგორიც მანქანით სახლიდან აეროპორტისკენ მგზავრობაა. თუმცა მალევე ყველაფერი გასაგები ხდება და კონტექსტის გააზრებისას ძალიან სასაცილო ეპიზოდად გარდაიქმნება ფილმში დემონსტრირებული ყოველი ჰიჩკოკური სცენა. საქმე იმაშია, რომ მთავარი პერსონაჟი საქმიანი ვიზიტით მიემგზავრება ლისაბონში, სადაც ორჯერ ანხორციელებს მორალურ კრიმინალს. პირველი დანაშულებრივი აქტი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი გმირი ბალზაკის შესახებ აპირებს ლექციის ჩატარებას, ლექციას კი ეწოდება ბალზაკი და ფული. ტრიუფოსთვის ეს არის პირველი მორალური დანაშული, მისი საყვარელი მწერლის, მსოფლიო ლიტერატურის კოლოსის არა შემოქმედებითი, არამედ ფინანსური კუთხით განხილვა. მეორე დანაშაული კი იმაში მდგომარეობს, რომ ლანშე ჩადის ადულტერს, ღალატობს ცოლს. შესაბამისად, მისი მოგზაურობით, აკნინებს ორ პიროვნებას, ბალზაკს და საკუთარ მეუღლეს. ამიტომ ჰიჩკოკის სესხება იდეურად სრულად გამართლებულია, რადგან პასტიშზე მეტად წარმოადგენს კულტურულ თარგმანს და ტრიუფოს საავტორო ილეთად რეგისტრირდება.

ლანშე ტრიუფოს კარიკატურაა, თვითკრიტიკული ავტოპორტრეტია. რეჟისორიც თავის პერსონაჟის მსგავსად, რეალურ ცხოვრებაში ღალატობს ცოლს და იწყებს ფიქრს ხელოვნების კომერციულ ნაწილზე. პიერ ლანშე შუახნის ინტელექტუალია, რომელსაც ახალგაზრდული ვნებით და თავდავიწყებით უყვარდება ბორტგამცილებელი ნიკოლი, თუმცა მასთან ურთიერთობაში მუდმივად განიცდის მასკულინურ იმპოტენციას. ვერ ახერხებს ნიკოლის დაცვას ადევნებული მამაკაცისგან, საზოგადოებაში ვერ აფიქსირებს მასთან თავს პარტნიორად და რჩება მხოლოდ დამკვირვებლის მდგომარეობაში, ლახავს საკუთარ ღირსებას კოლეგების, მეგობრების და მეუღლის თვალში და ა.შ.

ჟან დესალი ლანშეს როლში საოცარი დამაჯერებლობით გადმოსცემს თავის პერსონაჟის ფრუსტრაციებს, მოწყვლად ბუნებას, საბრალოობას, ონტოლოგიურ სიმცირეს. საპირისპიროდ, ფრანსუაზა დორლეაკი ვიბრირებს ნიკოლის როლში, ასხივებს უშრეტ ენერგიას, ვნებას, სილამაზეს და ფრივოლურობას. ჟორჟ დელერიუს მუსიკა მუდმივად ცვალებად განწყობებს ქმნის, ხან დაძბულობას აძლიერებს, ხან რომანტიულ განწყობებს. ოპერატორი რაულ კუტარი კი ვიზუალური თხრობის მასტერკლასს ატარებს. კამერის ექსპრესიული პოზიცინირებით ასახავს დამცირების, ღირსების შელახვის, ვუაიერისტულ მდგომარეობებს თუ შინაგან განცდებს.

რამდენადაც „ნაზი კანი“ არის ფრანსუა ტრიუფოს პერსონალური განცდების და ნერვოზების მხატვრულ ფორმაში შეფუთული ჩანახატი, იმდენად ნაცნობი და ემოციური იქნება ის ნებისმიერი ტიპის მაყურებლისათვის, რადგან მთავარი ფუნდამენტი, რაზეც ისტორიაა ნაშენები, ადამიანური სისუსტეების, სიყვარულის იდეისადმი ტრფობის და დაუკმაყოფილებელი სურვილების შესახებ მოგვითხრობს. ამ საკითხების ირგვლივ კი ყველა ჩვენგანს გვაქვს დიდით თუ მცირედით შემხებლობა. ერთი სიტყვით, „ნაცი კანის“ სახით, ძალიან საინტერესო კინოთერაპია გელოდებათ წინ.

 

 

 

1 2