13 აგვისტოს, მსოლფიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ალფრედ ჰიჩკოკის დაბადების დღე იყო. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობდი მის რომელიმე ფილმზე მესაუბრა, ან სია შემედგინა ყველაზე გამორჩეული ფილმების, თუმცა, ბოლოს გადავწყვიტე ისეთი ფილმის შესახებ მომეთხრო, რომელიც ჰიჩკოკის გავლენებით, მასთან რევერანსით, მისი დრამატურგიის სესხებით არის გადაღბული და ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რომელიც ჰიჩკოკის შემოქმედებისგან შთაგონებით შექმნილა. ეს ფილმია ფრანსუა ტრიუფოს „ნაზი კანი“.

„ხვალინდელი ფილმები უფრო მეტად პერსონალური ხასიათის იქნება, ვიდრე ავტობიოგრაფიული ნოველა, ის დაემსგავსება აღსარებას ან დღიურს. ახალგაზრდა რეჟისორები თვითგამოხატვის გზად პირველ პირში თხრობას აირჩევენ და აღწერენ იმას, რაც პირადად გადახდენიათ: ეს შეიძლება იყოს მათი პირველი ან უახლესი სიყვარულის, პოლიტიკური გამოღვიძების, მოგზაურობის, უძლურების, ჯარში მსახურობის პერიოდის, ქორწინების, უკანასკნელი შვებულების ისტორიები და ეს ისტორიები იქნება სიამოვნების მომგვრელი, რადგან მათში იქნება სიმართლე და სიახლე“ – წერს 1957 წელს, 25 წლის კინოკრიტიკოსი ფრანსუა ტრიუფო ჟურნალში „არტი“ და ერთი მხრივ აანონსებს საკუთარი მომავალი ფილმოგრაფიის მთავარ ინგრედიენტებს და ამასთან მთელი ფრანგული ახალი ტალღის მოძრაობას.

ანტუან დუანელის შესახებ გადაღებული ფილმების შემდეგ, ალბათ სწორედ “ნაზ კანში“ იჩენს რეჟისორი ყველაზე მეტ გულახდილობას, აშიშვლებს საკუთარ ემოციურ მდგომარეობას და მიკროაღსარებას აბარებს მაყურებელს. ფილმის გამოსვლისას ტრიუფო უკვე 32 წლისაა, მისი პირველი ქორწინება საკუთარი ერთგულების დეფიციტის გამო დაინგრა, ახალგაზრდა რეჟისორი სულ უფრო მეტად ღელავს იმის შესახებ თუ რამდენად წარმატებული იქნება მისი ნამუშევრები გაქირავებაში. ამის გამო მოგვიანებით მას გოდარი მიწერს დილით ბიზნესმენი ხარ, საღამოს პოეტიო, რითაც რეალურად მისი კარიერის სუმარიზაციას მოახდენს. „ნაზი კანი“ რეფლექსიაა ტრიუფოს ყველა ზემოთთქმულ მღელვარებაზე, შექმნილი საოცარი სტილის გრძნობით, იუმორისტული პათოსით და აქა-იქ მძიმე დრამატული გამოვლინებებით.

 

 

 

1 2