ჩვენს ირგვლივ არსებული გლობალური პანდემიის პირობებში, რამდენიმე თვით უკან რომ გადავწიოთ დრო, დღევანდელი რეალობა, დისტოპიური ჟანრის ნაწარმოებად მოგვეჩვენებოდა.  სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე შემედგინა დისტოპიური ჟანრის წარმომადგენელი ფილმების საუკეთესო ხუთეული, რომლის სიუჟეტშიც კორონავირუსზე გაცილებით დრმატული გარემოებებია აღწერილი. სიისათვის შევეცადე ისეთი ნამუშევრები ამერჩია, რომელიც ფართო აუდიტორისთვის ნაკლებ არის ცნობილი.

Element of crime დანაშულის ელემენტები

ლარს ფონ ტრიერის ევროპა დაავადებული და ხრწნის პირას მისულია. მთავარი პერსონაჟი, დეტექტივი ფიშერი ლატარიის ბილეთების გამყიდველი გოგონების სერიულ მკვლელობას იძიებს და სულ უფრო მეტად იძირება პარანოიაში. ტრიერი გამოსახულებას კოშმარული სიზმარივით აღგვიწერს, სეპიას ტონალობაში, მძიმე განათებით და უსიცოცხლო კადრებით, სადაც არაფერი მიმზიდველი არ ჩნდება. ამასთან რეჟისორი პირველივე კადრიდან ანდრეი ტარკოვსკის ფილმების სცენების ინტერპრეტირებას ახდენს და პოეტურ განზომილებას მატებს სურათს, ოღონდ ტრიერის პოეზიაც დისტანცირებულია სილამაზისგან და უფრო მეტად ლპობას გამოხატავს. გერმანული მუნჯური კინოს იმპრესიონიზმის შეგრძნებებით დატვირთული სურათი დანიელი პროვოკატორის ერთ-ერთი ყველაზე თვალისმომჭრელი ნამუშევარი და თანამედროვე ევროპული საზოგადოების დეკადანსის აღმწერი უმნიშვნელოვანესი კინო დოკუმენტია.

Jubileeიუბილე

დერეკ ჯარმენი საოცარ ფსიქოდელიურ მოგზაურობაში მიგვიძღვება. ელიზაბეტ პირველი ალქიმიკოსს უბრძანებს თავის ქვეყნის მომავალი უჩვენოს, რის შემდეგაც 70-ანების ინგლისში აღმოჩნდება, უფრო სწორად, ალტერნატიულ ინგლისში, სადაც ქალების ბანდები კაცებს აჩმორებენ, ირგვლივ ყველაფერი პანკ კულტურას აქვს შთანთქმული, ხალხში კი ნიჰილიზმი და ქაოსი მეფობს. ჯერმანი ერთმანეთში ურევს მიუზიკლის, ფენტეზის და სატირის ჟანრებს, აწყობს ვიზუალურ ექსპერიმენტებს, ავანგარდულ მოდას და თავაშვებულ სექსს გვიჩვენებს და საბოლოოდ ფილოსოფიურ კოქტეილს ქმნის, რომელიც თანაბრად არის არომატულიც და თრობის მაღალი გრადუსის შემცველიც, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, მისგან მოლოტოვის კოქტეილის დამზადებაც უპრობლემოდ შეიძლება. ბრაიან ინოს ფილმისთვის დაწერილი მუსიკა დამატებითი ნეტარების განზომილებას მატებს ნაწარმოებს.

 

 

 

1 2 3