ბავშვი იზრდება და გარე სამყარო აღარაა საოცრებათა ქვეყანა, ხან მშვნიერი, ხან საშინელი, მაგრამ სასწაულითა და შესაცნობის ამაღელევებელი სილამაზით სავსე. ის უკვე ბევრ რამეს ხვდება, თავის სახელს არქმევს და მკაცრადაც აკრიტიკებს. საბჭოთა სისტემის, იდეოლგიზებული სკოლის, ორმაგი და ფარისევლური მორალის წინააღმდეგ მწიფდება შინაგანი აჯანყება, რომლის ძალასა და მნიშვნელობას უფროსები ალბათ ვერ აცნობიერებდნენ და სათანადოდ ვერც შეაფასებდნენ, მაგრამ ის  მართლაც დამანგრეველი და განანადგურებელი აღმოჩნდა საბოლოოდ – მოზარდის გულში დაინგრა, გაუფასურდა, მიწასთან გასწორდა და სასაცილო, უბადრუკი გახდა ყველაფერი, რასაც ნაძალადევი მორალის და სიყალბის ბეჭდი აზის. ადამიანის არსებობის იმ ეტაპზე, რომელსაც მწერალი აღწერს, ეს ამბოხი  ჩამოუყალიბებლი, ბავშვური და გულუბრყვილოა და გამოიხატება „საეჭვო“ კაფეში სტუმრობით, უცხოს, განსხვავებულის (ამიდოღლისოფათის, „უცხოდ“ ქცეული თანაკლასელის)  შეძლებისდაგვარად არაუცხოდ, თავისად შეგრძნებით,  სკანდალური და საოცარი მედეა მებურიშვილის, ჩარჩოების მსხვრევის, თავისუფლების ტრაგიკული, წონააღმდეგობრივი სიმბობლოს, ანარეკლი-პორტრეტით, მასწავლებლისა და მეგობრის მშობლის  გროტესკული  სახეებით, მაგრამ ეს ნამდვილად არის გაბატონებული იდეოლოგიის სიყალბის და  პროპაგანდისტული კლიშეების წინააღმდეგ შინაგანი ჯანყი, რომელიც, როგორც ჩანს, შემდეგ პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და როგორც სკულპტორი, როგორც ქვის გარშემო დიდხანს მოტრიალე ტალღები, შექმნის მწერალს-მეამბოხეს, მწერალს, რომელიც მუდამ ეძიებს, განიცდის და ამხილებს  კიდეც. იგი  როგორც ხედავს, ისევე  გამოხატავს ყველას და ყველაფერს – ოფიციოზს, უგულო ადამიანებს, დაუნდობელ სოფელს, რომელიც სოფლის სათამაშოდ აქცევს  მისგან განსხვავებულ სუსტ ადამიანს, თუნდაც ის ისეტი უწყინარი და ნატელი იყოს, როგორიც ილოა („სოფლის სათამაშო და დიდი კაცი“),  ფარისევლური მორალის ტყვეობაში მოქცეულ საზოგადოებას და ეკლესიასაც კი („ელვის პრესლი, „შავი ყავა“ და ეკლესია“).

მაგრამ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს „მიწიერი პლანი“, საბოლოოდ ეს წიგნი მაინც  სულის ლაბირინთების  დაძლევის, მედიტაციის, სამყაროს შეცნობის და ზუსტ სახეებში გამოხატვისთვისაა  შექმნილი.  ამით აიხსნება, რომ  მისი  სიღრმიდან მუდმივად გამოსჭვივის სამყაროს ფილოსოფიური აღქმის და განსჯის სურვილი, ხოლო ზედაპირზე აზრები, ფიქრები და დასკვნები  კრისტალდება დახვეწილ მხატვრულ სახეებად, განცდების პატარა მშვენიერ ნამსხვრევებად, თუნდაც  როგორიცაა ეს პატარა, მაგრამ ყოველმხრივ სრული სურათი, რომელსაც თავის ნატიფი ჩარჩოც აქვს, ნახატიც ზუსტი ფერებითა და მონასმებითაა შესრულებული და თანმდევი ემოცია და ფარული აზრიც სიცოცხლის შესახებ   ნათლად ჩანს:

„ლეღვის ხე ბებერ საყდართან. მზეს და შუადღეს ხე საყდრის კედელზე შავად მიუხატავთ. პატარა ჭრლი ჭია ფოთლის ჩრდილსა და ფოთლის ჩრდილს შორის მზეზე გაწოლილა. სიო რომ დაბერავს, ჩრდილი შეირხევა და თავზე მიადგება. შეიძმუშნება და საყდრის ქვაზე თავს გააცურებს ჩრდილიან მზეში“ (გელაშვილი 1999: გვ.155).

ნაირა გელაშვილის ტექსტი მწერლის ოსტატობითაა აღსანიშნავი, ის ხატავს სურათს, აძლევს გრძნობას ფორმას, ფერს, სითბოს, თითქოს ხელიტ შეიძლება შეეხო და იგრძნო მისი ზედაპირი, ფაქტურა, თრთოლვა. ეს იშვიათი უნარია, რომელსაც შეუძლია ყველაფერი, რაც სიტყვით გადმოიცემა, უდანაკარგოდ გადაიტანოს და გააცოცხლოს მკითხბველის წარმოსახვაში და ალბათ სწორედ ეს დეტალების სიმძაფრე და სიცოცხლეა ნამდვილი პროზის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლი. აქ ყველაფერი მარტლაც შინაგანად დაკავშირებულია ერთმანეთთან და როგორი დროში და სივრცეში გაფანტული და გაბნეულიც არ უნდა იყოს მოვლენები და სახეები, მაინც მტკიცედ მიჰყვებიან თხრობის უწყვეტ ჯადოსნურ ძაფს, რომელიც აღძრავს შინაგანი მთლიანობისა და სათქმელის სრულად აღქმის განცდას. ამ დროს ნებისმიერი სახე: ხუთი ლურჯი ყვავილი, სახლის ფანჯრები, ლეკვი აკბარა, სიზმარი თუ ისევდაისევ  მისტიური  სარკეები საოცარ იდუმალ და, რაც მთავარია, ბუნებრივ  კავშირს კრავენ ერთმანეთთან და  ტექსტის სამყარო ერთგვარი მატრიცა ხდება, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, მან, ვინც გულით და მთელი განცდით წაიკითხა და დაინახა ეს  სარკის ნამსხვრევებში არეკლილი სიცოცხლის სურთები, თვითონაც მოძებნოს ასეთი შინაგანი კავშირები, სახეები და მწერალთან ერთად მიხვდეს, უკვე თავის საკუთარ სამყაროში აღმოაჩინის გარემომცველისა  და შინაგანის ერთიანობა, ცალკეული ნივთების, საგნების, სახეების და მათი სულიერი ანარეკლების განუყოფლობა, სიცოცხლის და სიკვდილის, რეალურისა და მიღმურის მთლიანობა, ფაქოტბრივად – ერთიდაიგივეობა.

თვითშემეცნების  ურთულეს პროცესში, რომელიც ამ ნაწარმოებშია მოცემული, ჩანს  პიროვნების ზრდის და ჩამოყალიბების  გზა, ყოფის, არსებობის ერთიან, უბზარო კლდეში მწერლის დაჟინებული მცდელობით თანდათან იკვეთება საფეხურები, რომლებზე აღმასვლაც ხვეწს  სულს, აყალიბებს თვითმყოფად ხედვას, ხასიათს, ზნეობას, მსოფლმხედველობას. ვფიქრობ, რომანის პირველ ნაწილში, პირობითად თუ გავყოფთ, პირველ ორ მესამედში, ეს პროცესი ძალიან ბუნებრივად ჩანს და მიედინება, ისე რომ, მიუხედავად შესუსტებული ფაბულისა, თხრობა ერთიან ნაკადად წარმოსდგება და სახეების უწყვეტ რიგად გადადის წარმოსახვაში. მაგრამ შემდეგ, როცა მწერალი უკვე  ბევრად გვინდელ, ასე ვთქვათ, ზრდასრული ასაკის მოვლენებსა და ამბებს აღწერს, ვფოქრობ, ეს შინაგანი რიტმი და თხრობის მთლიანობა ირღვევა, ქრება ის მედიტაციურობის განცდაც, რომელიც ბავშვობის სურათებში ჩანდა, მთხრობელი თითქოს ჩქარობს, რომ ყველაფერი თქვას, მოასწროს, განმარტოს, გააგებინის მკითხველს, რომელიც, სავარაუდოდ, მის თანამედროვედ და კარგად ინფორმირებულადაა  ნაგულისხმევი, ყოვლ შემთხვევაში, დაწერის მომენტისთვის მაინც და ამიტომ მასთან კარგად ნაცნობი და გასაგები ამბების სწრაფად, ფრაგმნტულად  და არასრულად განხილვის შესაძლებლობას გულის სიღრმეში მაინც უშვებს მთხრობელი. ამ დროს კი, ჩემი აზრით, შედარებით ფერმკრთალდება და იკრგება ის  ემოცია, არაჩვეულებრივის, სასწაულის, ზღაპრულისა და მისტიკურის განცდა, რომელიც ამ წიგნის რეალისტურ სივრცეს საოცარი ნათებითა და ოცნების ფერით ავსებს, თუმცა, შესაძლოა, იმ პასაჟებს  მომავალში ჰქონდეთ დიდი მნიშნელობა, როგორც ეპოქის სულიერი ცხოვრების ფრაგმენტებს, დოკუმნეტებს.

მწერალს გარკვეულ მომნტში იპყრობს შიში თავისი ტქსტის მიმართ, რადგან, ის გრძნობს, იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება ავტობიოგრაფიული ნაწარმოების ავტორს:  ის ხომ არ დასჯერდა ხსოვნის და განცდის   თავისუფლებას და  სახეობრივი სტრუქტურის   და დოკუმენტრურობის ტვირთი დაამძიმა:

„ახლა ისღა დამრჩენია, თუ მოვახეხებ, ეს ტექსტი დავივიწყო, ეს სულიერი ნატეხები ჩემი სარკული მეხსიერებისა, ეგებ ისევ დავუბრუნო სიზუსტე იმას, რაც ასე თავისთვის, ასე ბუნებრივად-ბუნდოვნად  სუნთქავდა სიღრმეში, სისხლივით, წყალივით უკვე ყველგან იყო, ყველა უჯრედში და თვინიერად აჰყვებოდა ხოლმე უსიტყვო  მოგონების ნაზ მტვარეს: სულის მიქცევა-მოქცევასავით.

უნდა დავივიწყო და ვთქვა: ერიდეტ ავტობიოგრაფიულ ტექსტებს!“ (გელაშვილი 1999: გვ.209).

თუმცა ეს გაფრთხილება ალბათ მაინც რიტორიკულია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ სარკის ნატეხებმა შეასრულეს თავიანთი დიდი მისია – აირეკლეს სამყარო, რომელიც მხოლოდ მწერლის სულში არსებობს, მწერალმა კი შეძლო, რომ ის, რაც მის სულშია, ასევე  საკუთარი, ახლობელი და გასაგები გაეხადა  იმათთვის, ვისი სახე, თვალები, ფიქრები და სული ასევე ყოვლისმომცველი დიდი და მარადიული  სარკის ორივე, აქეთა და იქითა, მხარეს ერთნაირად თრთის და ირეკლება:

„სარკე, რომელშიც ყველა და ყველაფერი ჩანს, ისიც, რაც ჩინარია: რასაც სხეული აღარა აქვს, ნა არც ჰქონია: სულები, მკვდრები, ლანდები, აჩრდილები, დასაბადებელნი…

ჩანს ის, რაც არის, რაც აღარ არის, რაც არ ყოფილა, რაც ჯერ არ არის, რაც იქნება…

სარკე, რომელშიც ყველანი ვჩანვართ და სადაც არავის ჩაგვიხედია, ეს სარკე საერთოდ არ დაგვინახავს…

სარკე, რომელიც თვითონ ჩანს თავის თავში…

სარკე, რომელიც თავად სიზუსტეა, ანუ რომელშიც ისეთი ჩანხარ, როგორიც ხარ, როგორიც ვერ გახდი, ან გახდი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყავი… არც მეტი, არც ნაკლები…

სარკე, რომელსაც ჩარჩო არა აქვს… რადგან ის ყველაფერია…“ (გელაშვილი 1999: გვ.209).

 

 


დამოწმებანი:

გელაშვილი 1999: ნაირა გელაშვილი, ავტობიოგრაფიული მეტისმეტად ავტობიოგაფიული, „კავკასიური სახლი“,  თბ.,  1999

 

 

1 2 3 4 5 6