როცა შემოქმედი ასე დაჟინებით ცდილობს ამოიცნოს  ის, რაც დაფარულია ადამიანის სულში, ალბათ,  ბუნებრივად   უჩნდება განცდა, რომ რაღაც აკრძალულს, მიუწვდომელს, ხელუხლებელს მისწვდა, გადასწია საბურველის  კუთხე და ცდილობს დაინახოს ის, რაც არ უნდა დაენახა, ან თუ დაინახა, არ უნდა ეძებნა მისი არსი. ის კულტურული სივრცე, რომელშიც შეიქმნა ეს რომანი, მსგავსად მრავალი სხვა მსგავსი სულისკვეთებისა და შინაგანი წყობის სივრცისა და დროისა,   გულისხმობს ერთგვარ კრძალვას  იმის მიმართ, რაც ღმერთის ნებას, ღვთის სიტყვას ან უფლის შეგრძნებას  უკავშირდება. ნაირა გელაშვილი ამ რომანში ძალიან გულწრფელია. სწორედ ეს პირდაპირი და წრფელი, არაფარისევლური დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანის, ყველაზე მთავარისადმი, რომელიც, ვფიქრობ, მიუხედავად რწმენის,  ეკლესიისადმი დამოკიდებულების  და, ზოგადად, მსოფხედველობის, თუნდაც რადიკალური განსხვავებულობისა, აღძრავს პატივისცმას ნებისმიერ მკითხველში. მწერალი, რომელმაც შეძლო  ასე ფაქიზად გადმოეცა და ეჩვენებინა  ბავშვის სულიერ სამყაროში სიკვდილის, მარტოობის განცდის დაბადება, რაღაც ზერეალურის  შეგრნების გაჩენა სულში, თავისთავად გულისხმობს იქ ღმერთის არსებობას და  პირდაპირ ამბობს, რასაც გრძნობს.

ამასთან, ის არ უშინდებ იმას, რომ შესაძლოა,  ღმერთის ის შეგრძნება, რომელიც მას აქვს, არ არის ის, რასაც ორთოდოქდული რელიგია მოითხოვს მისგან, მაგრამ ეს არის შეგრძნება, უმძაფრესი, დიდი, ძლიერი, გარდაქმნილი სახედ, ხატად, მხასტვრულ სინამდვილედ, რომელსაც, ჩემი აზრით, თუ  მკრეხელობად არ აღიქმება ჩემი აზრი, ბევრჯერ უკეთ  გამოხატავს ადამიანის ღმერთთან მიახლოებას, ჩვეულბრივში, ხელშესახებში,  იდუმალის, საოცარის, მიუწვდომელის აღმოჩენას, დანახვას:

„ზუსტად აღარ მახსოვს როდის, მგონი მეორ თუ მესამე დღესვე შევასრულე ეს განზრახი. ძიძს გავეპარე… სადღაც შიგნით ვდგავარ გაქვავებული გვირაბივით გამოქვაბულში. შორიდან, სველი სიბნელიდან უცნაური შარიშური, ნიჟარასავით შრიალი მოისმის, ტიტქოს რაღაც მიახლოვდება. გარეთ კი მზეა: დამაბარმავბელი სიკაშკაშე. შიშველი ფეხებით ვდგავარ წყალში, შიშჲთ დაზაფრული. ჩემი სახელი გაისმის. ვერ ვხვდები, საიდან. მთელს გამოქვაბულში ვრცელდება და სიბნელე თითქოს შიგნით, უსასრულო სიღრმეში ისრუტავს. ადამიანის ჩრდილი დაეცა გამოქვაბულის წინ ნაკადულს, მერ თვითონაც ჩამოდგა პაპაჩემი. მისი უზარმაზარი ტანი სინატლეს ჩამოეფარა და ისევ გაისმა ჩემი სახელი, და გრგვინვასავით დაუარა მთელს გამოქვაბულს. ორი შიშჲტ ვარ შემოსაზღვრული: პაპაჩემისაც მეშინია და იმ სიბნელისაც, სადაც ვდგავარ და თვალგაშტერებული მივჩერებივარ პაპაჩემის ვეება სილუეტს გამოქვაბულის შემოსასვლელში.

იმ ხევს ციხითვიანი ჰქვია, იმ გამოქვაბულს – მირაულა, და პაპაჩმსაც ცხადია, ჰქონდა თავისი სახელი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ეს იყო უბრალოდ ხევი, ნაკადული, პაპა და გამოქვაბული“ (გელაშვილი 1999: გვ.20). ბავშვი გაიპარა გამოქვაბულში და აქედან იწყება იდუმალთან ზიარბის მისტერია, როცა პაპა აღარაა ერთი, კონკრეტული  პაპა, როცა გამოქვაბულის მიღმა ილანდება შეუცნობელი, შიშის მომგვრელი, მაინც მიმზიდველი და როცა გამოქვაბული, ხევი და პაპა, შესაძლოა, ისევ იმ ზეციური საუფლოს მიწიერი ანარეკლებია, დიდი, ერთიანი ზოგადისა, რომელიც ისევე აისახა ამ მიწიერ სახეებში, როგორც ბავშვის სამყარო აირეკლა აწმყოს სარკის ნამსხვრევებში.

მკითხველის თვალწინ ნელ-ნელა შემოდიან და მწყობრად მიუყვებიან სტრიქონებს კამეჩები, მდინარეები, ბლის ხეები, სასაფლაოს ქვები, ეზოები, სახლები, ფანჯრები, თოჯინები, ნაკადულები,  პატარა კაბები, პატარა ფეხსაცმელები, უცნაური ფიქრები, აუხსნელი, მაგრამ  ზუსტი განცდები… ეს იმ შორეული სამყაროს არა მხოლოდ და არა უბრალოდ  გახსენების და დახატვის,  არამედ შემეცნების პროცესის გახსენებისა და დახატვის მცდელობაა, რომელიც გულისხმობს ეპოქის, ადამიანების და მოვლენების ერთ მთლიან, აზრობრივ-გრძნობიერ ველში წარმოდგნას, დანახვასა და გამოსახვას.  ამბავი დინამიურია, ვითარდება და იცვლება, ხოლო არსი ამ პროცესისა ზედროულ-ზესივრცულია და მეტაფიზიკურ სინამდვილეში უდევს სათავე – შემეცნების კრისტალურ საუფლოში, რომლის მიწერი გამოხატულება, ემანაციაა ყველაფერი, რასაც ადამიანი აწყდება ცხოვრების გზაზე: საყვარელ.ი ადამიანებით და საცხოვრისებით დაწყებული, წიგნებით დამთავრებული:

„პაპა, ბებია, ჩემი ხეები და ცხოვლები იქ ბერდებოდნენ უჩემობა-მარტოობაში, ვერც მოვასწარი მათი გაგება: მამაჩემი, ჩემი გამზდელი და ცხოველები იქ ჩარჩნენ ერთად, მესამე სოფელში, – მე კი შემეცნების გზაზე შეგდებული წიგნის ყდებში ვრგადი თავ-პირს და მელანში ვეყუდებოდი. სიბრძნე უნდა შემეგროვებინა: ნამცეც-ნამეცეც და ნაწილ-ნაწილ“  (გელაშვილი 1999: გვ.26).

შემეცნები პროცესი ამ წიგნში უპირატესად თვითშემეცნებას გულისხმობს და პრაქტიკულად დაუსრულებელი და ამოუწურავია,  რადგან მწერალი ავტოპორტრეტს ხატავს, საკუთარი თავის შეცნობა კი ყველაზე რთულია.   ბუნებრივია, რომ ის თავისი თავის ყველა  რაკურსში დანახვას და დახატვას ცდილობს. აუტოფიქცია, რომელიც ასე აფიქრებს თანამედროვე ლიტერატურატმცოდნეობას და ცალკე ჟანარადაც კი ვარაუდობენ მის  ჩამოყალიბებას  (თუ სათანადო არგუმენტები და მასალა დაგროვდება, რა თქმა უნდა), გულისხმობს არა მარტო არადოკუმენტურის, გამონაგონის მომძლავრებას ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში, არამედ შელამაზებასაც იმის, რასაც, გნებავთ, თავად  მწერლის ნამდვილი სახელი  უწოდეთ, გნებავთ, უფრო ნეიტრალური „მე – მთხრობელი“. ასეთ ტექსტში   ბევრად უფრო მომგებიანად წარმოაჩნდება ის, ვინც ყვება თავის თავზე, თავის ამბავს. ნაირა გელაშვილის რომანი ამ თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესოა, მეტიც, მკაცრიც კი იმ პატარა გოგონას მიმართ, რომელიც ოდესღაც იყო. ის არ ცდილობს დახატოს სწორხაზოვნად საყვარელი ბავშვი, კეთილი, მშვიდი, გაწონასწორებული, ჰარმონიული საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან. პირიქით, ეს არის პატარა მეამბოხე, რომელიც ეწინააღმდეგება სამყაროს, გამოხატავს პროტესტს, ზოგჯერ ძალიან უცნაური და აგრესიული ფორმით: წვება გზაზე და აღარ დგება, ან კეტავს სახლის კარებს და არ უშვებს  შიგ  შინდაბრუნებულ მამიდასა და ბიძას. ის ცდილობს არა უბრალოდ  აღწეროს ქმედება, არამედ როგორმე გაერკვეს ამ პატარა „ამბოხის“ არსში და უცებ ვხედავთ და ვხვდებით კიდეც, რომ ბავშვი აპროტესტებს, თავისებურად, თითქოს გაუაზრებლად, მაგრამ ძალიან მძაფრად, ადამიანური არსებობის უდიდეს ტკივილს – მარტოობას. სიკვდილი და მარტოობა – ეს ორი ტკივილი თან სდევს აღწერილ შემეცნების პროცესს ამ ტექსტში, და ზოგადადაც, იქნებ, მისი მთავარი იმპულსიცაა….

მწერლის მიერ დახატული პატარა გმირი ხანდახან ძალიან  აგრესიულია, შესაძლოა, თავის ტოლი გოგონას სიკვდილიც კი ინატროს, თუმცა ხვდება, რომ ეს არაა კარგი. შეიძლება დაუნდობლად იძიოს შური და თანატოლს თავი გაუტეხოს, თუმცა ამავე დროს, მთელი სისავსით შეიგრძნობს ცხოვრების უცნაურ უსამართლობას, როცა ერთი ადამიანი, თუნდაც შემთხვევითი მსხვერპლი, მიწაში ლპება დიდი ხანია, ხოლო მისი მკვლელი, თუნდაც უნებლიე – ქორწილს იხდის. ეს სიცოცხლის აუხსნელი მუხთლობა სულისთვის, რომელიც შემეცნების გზის დასაწყისში,ა ერთდროულად ძალიან ძნელი აღსაქმელიცაა, რადგან არა აქვს მწყობრი ახსნა და გარკვეულწილად  აზროვნების მომავალი გზის გამკვალავი და მიმართულების მიმცემიც.  იგი იღებს რეალობას,  როგორც უკვე არსებულ სურათს და იმახსოვრებს, რომ ოდესმე მოუძებნოს  განმარტება და აზრი, თუმცა, ვფიქრობ, ნაირა გელაშვილს ტექსტის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ არასოდეს შეეცდება განმარტოს რამე, თუ ბოლომდე არ ესმის და არ გრძნობს, მხოლოდ იმიტომ, რომ მორალი და წესი მოითხოვს, რაღაც მაღალფარდოვანი ან თუნდაც სადა, მაგრამ მაინც ფარსევლობაშეპარული სიტყვებით  ახსნას ის, რისი  გაგებაც და დაჯერებაც მას არ შეუძლია. ფარისევლურ მორჩილებას ის არც გამოხატავს და არც იღებს… არც თავის პატარა გმირს ხატავს წესისა და კანონის დაცვით, ამიტომაა, რომ შედეგად იღებს ძალიან ადამიანურ, მძაფრ, უმნიშვნელოვანესი დეტალებით სავსე ნარატივს, რომელშიც ადამიანის ხასიათი  წარმოსდგება ისეთად, როგორიც არის სინამდვილეშჲ და არა ისეთად, როგორიც სხვებს სურთ რომ იყოს, ან ხანდახან, სისუსტის შემოტევისას, თვითონაც  ოცნებობს. მწერალი ქვეცნობიერ იმპულსებსაც ეძიებს და არ მალავს. ის ცდილობს გაერკვეს, რა არის მიზეზი იმისა, რომ დასა და ძმას, რომლებმაც იციან, როგორი მტკიცეა მათ შორის კავშირი, რაღაც შინაგანი წინააღმდეგობა აქვთ, ზოგჯერ სისასტიკეში გადასული. ის ძალიან ღრმად ჩადის ამ კვლევისას. უფროსი ძმა, როგორც დაპირისპირებული ძალა, უხეში, სასტიკი, რომელიც თითქოს ყველაფერს, რაც პატარა გოგოს მოსწონს და აინტერესებს, მასხრად იგდებს, ხელს უშლის და ხანდახან დაუნდობელიცაა მის მიმართ, სამყაროს ბნელ ძალად წარმოსდგება, რომელიც ბავშვის ცნობიერებაში ყველანაირ ძალადობას უკავშირდება და მკითხველიც უთანაგრძნობს „დაჩაგრულ“ გოგონას. მაგრამ  სულის ლაბირინთებში ხეტიალისას და გამალებული ძიებისას, მწერალს არ  სურს რამე გამორჩეს და უცებ ირკვევა, რომ სადღაც, ქვეცნობიერში, მიმალულია  უსამართლობის განცდა, გარკვეული კომპლექსიც, რომელიც ძმასთან ურთიერთობას სხვა ჭრილში წარმოაჩენს და ერთგვარ ბავშვურად დანახულ ტრაგიკულობას მატებს ყველაფერს, რასაც იგი სჩადის: „…ჩემი უფროსი ძმა როგორც პირველი (ანუ კახეთში  რომ ამბობენ „სიყრმის“)  შვილი ისე უყვარდათ, ესე იგი გამორჩეულად! ჩემი უმცროსი ძმა – როგორც უმცროსი, მე კი ისიც ვერა მშველოდა, ერთადერტი გოგო რომ ვიყავი. ერთი სიტყვით, ადრევე ჩამესახა რწმენა, რომ უსამარტლობის მსხვერპლი ვიყავი“ (გელაშვილი 1999: გვ.76). მწერალი ძალიან მკვეთრად გამოხატავს იმ განცდებს, რომელიც ადამიანს აიძულებს მოვლენები აღიქვს თავისებურად, გადასხვაფერებულად, გამძაფრებულად, მაგრამ ამ განცდების დახატვას იგი მსუბუქი მონასმებით ახერხებს და ამ გამჭვირვალე  სახეების მიღმა  დაფარული თვითირონიაც ილანმდება და ზოგადად, ადამიანური ბუნების არასრულობის შეგრძნებაც: „თან, ამ დროს უკვე დამდგარიყო ის ასაკი, როცა გავაცნობიერე, რომ უსამართლობისა და სიუხეშის  ეს განსხეულება (ძმა – ავტ.) ღმერთს აგრე ნაზად დაეჯილდოვებინა ჩემზე გაცილებით უფრო ფართო   და თან მამაჩემის მომწვანო თვალებით, გრძელი აპრეხილი წამწამები რომ ერტყათ გარს. რგორი ასატანი იყო ჩემთვის ჩემი მოშავო, არაფრით გამორჩეული  და თან საშინლად სწორწამწამებიანი თვალები, დაჩაგრულობის მთელს ამ კონტექსტში, მეგობრებო, მთელს ამ კონტექსტში!“ (გელაშვილი 1999: გვ.80).

 

1 2 3 4 5 6