რომანის დასაწყისშივე კარგად ჩანს, რას ანიჭებს მწერალი თხრობისას უპირატესობას – მძაფრ, წარუშლელ შეგრძნებებს, რომლებსაც აღძრავენ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნივთები, მოვლენები. პირველ სოფელში წყალი შორსაა და ვირებით და ცხენებით მოაქვთ.  მაგრამ ის, რაც ყოფითი დეტალებია, ბავშვისთვის იქცევა  შეგრძნებების წყაროდ და წყებად. ის იმახსოვრებს  და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა ნიუანსს და წყლის მოტანის სურათი, უკვე მწერლის საოცარი ხედვითა და ოსტატობით აღწერილი, იძენს რაღაც  განსაკუთრებულის, ამაღლებულის, საოცარის მნიშვნელობას, რადგან ესაა სამყაროს შეცნობის პირველი ნაბიჯები, არა ჩვეულებრივი დანახვის, არამედ მგრძნობიარე სულის მიერ გარემომცველის სრული სიმძაფრით ათვისების სურათი:

„ვირებს და ცხენებეს ვეებერთელა, მუცელგამობერილი კოკები ჰქონდათ გადაკიდებული (ხელში დოქები და კოკურები ეჭირათ დიდებს) და მიირწეოდნენ თავდაღმართზე, ვიწრო ქვიან ბილიკზე, ქვემოთ, ქვემოთ, ხევში, რომლის გულშიც წყალი ამოსჩქებდა.

და ახლა ისე შორს ჩანს ეს წყალი, ისე ღრმად, ისე ქვემოთ, თითქოს ჭოგრიტის დამაშორებელი მინით ვუცქერდე. ვიდრე რიგი მოაღწევდა, ვიდრე ჩვენი ჭურჭელი აივსებოდა, ბავშვები იქვე ვთამაშობდით, ოღონდ აღარ მახსოვს რას. დიდრონფოთლება, მწვანედ დაღუღუდებული,  თითქოს ბაყაყისკანიანი მცენარეები მოსდებოდა იქაურობას, მგონი დუმფარები….

და ვიჯექი ცხენზე ან ვირზე, და შიშველი წვივბით კოკების გამობერილ, სველ მუცლებს ვეხებოდი“ (გელაშვილი 1999: გვ. 9).

ნატეხებში ასახული სამყარო. ბუნებრივია, რომ  ცალკეულ სურათებად წარმოსდგება.   მათში აირეკლება პატარა პეიზაჟი, ცალკეული მოქმედება, ამ მოქმედების არსი, მიზანი, მაგრამ ეს დანაწევრებული  ანარეკლები, რომლებიც სიტყვიერ ქსოვილში „გამყარდა“ და ფერად სამყაროს ნატეხებად იქცა, ქმნის მოზაიკას, დიდ მრავლისმომცველ მოზაიკურ პანოს, რომელიც ერთ მთლიანობად აღიქმება.  ამ ხსოვნის მოზაიკის მთლიანობას, პირველ ყოვლისა, განაპირობებს ის, რომ ეს ერთი ადამიანის სულიერი ავტოპორტრეტის შექმნის მცდელობაა და რასაც ხატავს, თითქოს  გარესამყაროდან არეკლილს, სინამდვილეში მისი სულის ნაკვთებია, მისი შინაგანი  სახეა, ამას გარდა, ერთიანობის განცდას აღძრავს  თითოეული „მოზაიკური ქვის – ნატეხის“ შინაგანი კავშირი ერთმანეთთან, რომელიც გაპირობებულია ბავშვის აღქმაში    სამყაროს  მონოლითურობით, ურღვევობითა და   შეუვალობით: აქ ყველაფერი მტკიცე, გასაგები და, რაც მთავარია, მშობლიურია. სურათი, რომელიც მის გონებაში აღიბეჭდა, არა მხოლოდ იმ სივრცის  ანაბეჭდია, რომელშიც ოდესღაც მოუხდა ყოფნა, არამედ იმისაც, რაც იქ განიცადა, იმ სიყვარულისაც, რომელსაც მაშინ გრძნობდა.  ამ სურათ-ნატეხებში, ფერად მოზაიკაში იკვეთება საკრალური ცენტრი – ადამიანი, რომელიც  უყვარდა  ბავშვს, მას,  ვინც სულ თავიდან, პირველივე საფეხურიდან დაიწყო სამყაროს აღქმა და გაანალიზება. ეს ადამიანები, უმნიშვნელოვანესი (დედა, მამა, ბებია, პაპა, და-ძმა) და შედარებით ნაკლებადმნიშვნელოვანი (ნათესავები მეზობლები,  სხვა ბავშვები,  თანასოფლელები, შემთხვევით შეხვედრილი ადამიანები) ქმნიან მთლიან მოზაიკას, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ყალიბდება ადამიანი – ის, ვინც სიყვარულისთვის, ფიქრისთვის, ტანჯვისთვის და სიხარულისთვის მოვიდა ამქვეყნად, როგორც არსებობის, ბუნებასთან მუდმივი კავშირის, სიკვდილისა და დაბადების მარადიული წრებრუნვის ერთი პატარა მონაკვეთი:

„…ბებიაჩემი, ასე, თორმეტი-ცამეტი წლისა, გათხოვებამდე, თვითონაც ყოფილა ერთხელ იმ ყმაწვილქალებს შორის და თაკარა, გაუულმობელებული  მზის ქვეშ, ტანზე ჩითის სველ კაბაშემოტმასნილს და ფეხშიშველას უვლია სოფელ-სოფელ, და თიხის „ლაზარეც“ კი სჭერია ხელში და „მაღლა რომ ვიშვერდი თონესავით ვარვარა ცისკენ და რომ ვიძახოდი: „ღმერთო, მოგვც ტალახი“-მეთქი, ცრემლი მდიოდა, ჩვენი საკუთარი ყანა მიდგებოდა თვალწინ, თან ის ლაზარე ჩემი ბავშვი მეგონა და მეცოდებოდა, მალი-მალ რომ სველდებოდა და შრებოდა    ხოლმეო.“ და იმ ღამეს თუ არა, დილით უკვე მოდიოდა შხაპუნა წვიმა და მე ვხედავდი, როგორ იშვერდა დიდი და პატარა ხელებს ზეცისაკენ და როგორ ცეკვავდნენ თავსხმა წვიმაში, მათ შორის  ყველაზე მკაფიოდ კი,  რაღა თქმა უნდა, ჩემს სრულიად ახალგაზრდა, ჯერ ისევ ბავშვ ბებიასა და პაპას ვხედავდი, რომელთაც, თავშიც კი არ მოსდიოდათ, რომ ჩვენს ამქვეყნად მოსავლინებლად უნდა შეუღლებულიყვნენ სულ მოკლე ხანში“ (გელაშვილი 1999: გვ. 10).

ბავშვის სამყაროში, რომელიც საოცრებებითაა სავსე და სადაც ყველაფერს ჯერ კიდევ არ ჰქვია სახელი, სადაც ჯერ კიდევ ასე ახლოა სამოთხე, რომ ისიც კი არ იცის, როგორ დაიკარგა იგი და ვინ ან რამ დააკარგვინა და „დამნაშავე“ გველიც კი აღიქმება, როგორც გარემომცველის მშვენიერი, ბუნებრივი და ამიტომ გარდაუვალად მისაღები ნაწილი, იოლია ყოფის სასწაულად გარდაქმნა. ამ ტექსტში მუდმივად იგრძნობა ეს პარადოქსი: ერთი მხრივ, ყველაფერი, რასაც ხატავს მწერალი, ანუ ამოაქვს  ბავშვის ცნობიერებიდან, არის ჩვეულებრივი, მარტივი, ბუნებრივი, ბავშვი ასე აღიქვამს ყველაფერს,  გაოცების, შეცბუნების, შიშის გარეშე – რაკი ხდება, ხედავ, ეხები, შენს გვერდით აღმოჩნდა, ესე იგი, ეს ამ სამყაროს ნაწილია, როგორც შენ თვითონ.  მაგრამ ამავე დროს, პატარა ადამიანი ყველაფერს იმთავითვე ანიჭებს მისტიურ, ზღაპრულ და სასწაულებრივ მნიშვნელობასაც. ეს ძალიან ზუსტად შენიშნული ნიუანსია, შესაძლოა, გადამწყვეტიც კი ბავშვის აღქმისა მექანიზმის, მისი სახეობრივი აზროვნების შეცნობის და გამოსახვის  დროს. ყველა ადამიანი, რომელიც შეეცდება გაიხსენოს თავისი ბავშვური შეგრძნებები, აუცილებლად იპოვის ამ ფერფლწაყლილ სურათებსა და შეგრძნებებში რეალურისა და მიღმურის, ზმანებისმიერის, ჩვეულებრივისა და სასწაულის, ფანტასტიურის  საოცარ, მყარ ნაზავს.   მწერალი ამ შეგრძნებას გამოხატავს სიზმრების და რელობის, ცხადისა და ზმანების ერთ სახედ წარმოდგენით. ასე გარდაიქმნება სიზმარში თოჯინა ვარსკვლავად, ზეცის საჩუქრად და მფარველ ანგელოზად:  „უცებ ჩვენს პირდაპირ მოკიაფე ერთმა ვარსკვლავმა  გადიდება დაიწყო და კაშკაშიც გაუძლიერდა. იზრდება, იზრდება და ჩვენი ფანჯრისკენ მოჰქრის. დიდხანს გაგრძელდა ეს მოახლოება. ჩვენ ძალიან გვეშინია. აი, სისწრაფეს უმატა, უმატა და ჩვენს ფანჯარაში შემოიჭრა. იატაკზე დაეცა. მივიხედეთ და იატაკიდან ჩემი თოჯინა ამოიზარდა…. მაშასადამე: დგას  ვარსკვალვიდან ამოზრდილი პატარა გოგო და ანათებს. გვიან, როცა რელიგიური ცნებები უფრო ღრმად ჩამიტვიფრა ჩემმა გამზრდელმა, ეს მანათობელი პატარა გოგო ანგელოზთან გაიგივდა. რადგან მან, სიტყვებით კი არა, აზრით მითხრა, რომ  ამიერიდან ყველა განსაცდელში მფარვლად მომევლინებოდა“ (გელაშვილი 1999: გვ.15). და ეს მართლაც ასე ხდება, განსაცდელში ჩავარდნილს თოჯინა-ანგლოზი აძლევს ნიშანს, დაპირებისამებრ, თუმცა  ამ ეპიზოდს ასრულებს საგულისხმო  ფრაზა :  „მერე ამ ნიშნის გამოცხადება შეწყდა. ეს, ალბათ, იმ პერიოდში, როცა ჩემმი თოჯინები სულ დამავიწყდა“ (გელაშვილი 1999: გვ.15 ). ეს სტყვები ზუსტად მიგვანიშნებს, რაზე მოგვითხრობს მწერალი – იმ გზაზე, რომელიც გაიარა ადამიანმა ამ სამყაროს ჯადოსნური, ხალასი, გულისამაჩუყებლად გულუბრყვილო, მაგრამ ძალიან მიმზიდველი და ბედნიერებისმომტანი  შეგრძნებიდან სიცოცხლის რეალურ, ზუსტ, ხანდახან ცივ  აღქმამდე, რომელიც თანდათან ართმევს ბავშვობის სამოთხისებურ სილამაზეს  ადამიანის არსებობას.

თუმცა, ეს რომანი ნამდვილად არ არის მხოლოდ ბავშვობის  ვარდისფერი სამყაროს აპოლოგია, ფერადი სურათების ალბომი, რომელსაც აღფრთოვანებული ათვალიერებენ და ენისმოჩლექით ეფერებიან ფოტოსურათებზე  მომგებიანად, თითქმის ანგელოზის სახით წარმოჩენილ ბავშვებს. ეს არის ადამიანის სულში ღრმად წვდომის მძაფრი სურვილიდან ამოზრდილი წიგნი, რომელიც ცდილობს აღმოაჩინოს დაფარული. მწერალს თითქოს მიზნად დაუსახავს, რომ  არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მიგვანიშნოს რაღაფაც მეტაფიზიკურ სინამდილეხე,  რომელიც  თან სდევს ადამიანს პირველივე  ნაბიჯებიდან, მეტაფიზიკურ ცოდნაზე, რომელიც თითქოს თან მოჰყვება მას ამქვყნად და  უპირატესად სიკვდილისადმი დაოკებელ ინტერესსა და სწრაფვაში გამოიხატება იმ ეტაპზე, როცა პატარა ადამიანმა, წესით, არც იცის რა არის სიკვდილი.   შესაძლოა, ეს მისთვის გარემომცველი სამყაროს ერთ-ერთი ჯადოქრობათაგანია, როგორც წყლის ყინულად გადაქცევა: „ზამთარი იდგა, მეგობრებო, და მისი მრავალი ჯადოქრობა ჩემთვის უკვე ცნობილი იყო. მაგალითად, წყლის გადაქცევა რომ შეეძლო ყინულად“ (გელაშვილი 1999: გვ.16).  მაგრამ  აშკარაა, რომ სიკვდილი მეტია, ვიფრე უბრალო მოვლენები ბავშვის გარშემო, ის იზიდავს ადამიანს, მაშინაც კი როცა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა მისგან, როცა მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ადამიანად ყოფნის სევდა სიკვდილის გარდაუვალობასთანაა წილნაყარი და თითქმის ყველაფერი მის შეცნობას ემსახურება. ამიტომ იქცა ბავშვის მიერ  ვარცლში ჩასვენებული თოჯინა –  რომელსაც თან ჩააყოლა თევზები, სავარცხელი, წითელი ვარდი, დაასხა წყალი და ზამთრის ღამეს დაუტოვა გასაყინად –  ადამიანის გზის და დასასრულის წინათგრძნობის მკვეთრ და შემაძრწუნებელ მეტაფორად:

„ყინული, წყლისა არ იყოს, ისედაც ხომ სარკეს ჰგავს. ახლა კი ეს სარკე გაორმაგდა. რა უცნაურად, ბუნდოვნად ირეკლავდა იგი ჩემს ჩრდილოვან სახეს, ყველაფერი, ჩემის სახის ჩათვლით, გამოიცნობი, იდუმალი, უცხო და შეუვალი გამხდარიყო, არა, ამდენს ნამდვილად არ მოველოდი.

სხვათა შორის, თოჯინა სულაც არ მეცოდებოდა და არც სინდისის ქენჯნა მაწუხებდა. მაგრამ არც სიხარულს განვიცდიდი ამ შემაშინებელი,   მომნუსხავი სანახაობის წინაშე. ეს მდგომარეობა სევდას უფრო უახლოვდებოდა, ვიდრე სიხარულს. შეიძლება, ეს მარტოობა იყო, ანდა ვინ იცის, თვითშემზადება დანაშაულისთვის ან სიკვდილისთვის, ან შეგუება ბედისწერასთან. ისე ვიდექი ჩემი ნამუშაკარის წინაშე, თითქოს იგი უჩემოდ მოხდა, რადგან აუცილებლად უნდა მომხდარიყო“ (გელაშვილი 1999: გვ.17).

 

1 2 3 4 5 6