თანამედროვე მკითხველი, როგორც სხვისი ფიქრის, აზრის განცდის შემმეცნებელი,  რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ეს ვითარება ერთბაშად არ შექმნილა, თანადათანობით, მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოყალიბდა და 21-ე საუკუნის უკვე პირველი ათწლეულიც რომ მიიწურა, აშკარად გამოჩნდა, რომ ესთეტიკური აზროვნება ერთი მხრივ  კრიზისშია, თუმცა, მეორე მხრივ, კვლავ ეძებს  ახალ გზებს იმ სულიერი და ფიზიკური ცვლილებების გამოსახვისათვის, რომლებიც განსაკუთრებით სწრაფად  და გამოკვეთილად  გამოჩნდა გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან. ამავე დროს ისიც,  ვინც ახალი სააზროვნო  ტენდენციების მიხედვით ახლებური ხერხებით აგებული მხატვრული სამყაროები უნდა აღიქვას, შეიმეცნოს და მიიღოს,  თვითონაც საკმაოდ შეიცვალა, სხვანაირი მოთხოვნები გაუჩნდა და  გარკვეულწილად უსაგნოდ პრეტენზიულიც გახდა. ამავე დროს, მრავალი არც თუ სახარბიელო ტენდენციაც გამოიკვეთა: თუნდაც ის, რომ პოსტმოდერნიზმის ეპოქის დასასრულს, მკითხველთა და ლიტერატურული ტექსტების შემმეცნებელთა მრავალრიცხოვანი კონტიგენტი ძალიან არაერთგვაროვანია და აღარ ემორჩილება ესთეტიკური ღირებულების დადგენილ კანონებს, რომლებსაც წინა ეპოქებში ასე თუ ისე მაინც შესწევდათ ძალა მოეწესრიგებინათ მხატვრული ქსოვილისდამი დამოკიდებულება, ზუსტად გამოეკვეთათ და გაეცალკვებინათ მხატვრულად ნამდვილად ღირებული და  შედარებით ნაკლებად ფასეული, ხაზი გაესვათ თემების და მოტივების, ხასიათებისა და ქმედების მნიშვნელობისათვის, ანუ, შეესრულებინათ ერთგვარი გზამკვლევის როლი სიტყვის უსასრულო და საოცარ სამყაროში. რა თქმა უნდა, ეს არამცდაარამც  არ ნიშნავს, რომ ლიტერატურათმცოდნეობამ ან სალიტერატურო კრიტიკამ დაკარგა თავისი ფუნქცია ან ვეღარ ასრულებს მას, მაგრამ, ვფიქრობ, ნათლად ჩანს, რომ თანამედროვე „პოსტმოდერნგამოვლილი“ და, რაც მთავარია, მასობრივ კულტურას, პოპკულტურის  ყოვლისწამლეკავ ნაკადებს ნაზიარები მკითხველი დაბნეულია, უფრო სწორად, დაბნეულია მისი დიდი ნაწილი, მასა და მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ენდობა, ან, უარეს შემთხვევაში, მოდურ და იოლად ხელმისაწვდომ მხატვრულ ერთეულებს ეტანება. ამ ვითარების გასამართლებლად არსებობს, ე.წ. ნამდვილი ხელოვნების ელიტურობის თეორია, რომელიც არაა მოკლებული არც გონივრულობას და არც საღ აზრს, მაგრამ ის მოდის ძალიან მძლავრი, მარავალფეროვანი და, უპირველეს ყოვლისა, მრავალრიცხოვანი, მარავალაქტორიანი, მრავალსუბიექტიანი დასავლური კულტურიდან, რომლისთვისაც, შესაძლოა, ხელოვნების და ლიტერატურის ელიტურობა უკვე შემდგარი მოცემულობაა, მაგრამ ნამდვილად არ იქნება ჭეშმარიტი მხატვრული ღირებულებების არსებობის და შემდგომში კიდევ უფრო განვითრების დამაბკოლებელი, რადგან მათი მასა, რომელიც სჯერდება ზედაპირულ მხატვრულ სამყაროს, ძალიან დიდია, მაგრამ   არც ელიტაა მცირერიცხოვანი, თუ უხეშად დავითვლით, პროცენტული თვალსაზრისით. თუნდაც ელიტურობის თეორიამ საბოლოოდ გაიმარჯვოს და პრაქტიკულად სრულად განხორციელდეს, ის ნაწილი, რომელსაც პირობითად ელიტას უწიდებენ, საკმაოდ მრავალრიცხოვანია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ნამდვილი ხელოვნების და ლიტერატურის არსებობა. ჩვენს სინამდვილეში ეს თეორია თუ კონცეფცია, ვფიქრობ, მხოლოდ დამაბრკოლებელი იქნება მხატვრული აზროვნების შემდგომი   წინსვლისთვის, რადგან ისევდაისევ პროცენტებს   თუ გამოვედევნებით, ჩვენი გინდ შემოქმედებითი, გინდ შემმეცნებელი ელიტა ძალიან მცირერიცხოვანი იქნება იმისთვის, რომ შექმნას ამინდი, შექმნას ხელსაყრელი და დიდი სულიერი ინტენსივობის შემცველი გარემო ნამდვილი ხელოვნების განვითრებისათვის. ილუზიების ტყვეობაში არ უნდა აღმოვჩნდეთ, გასაგებია, რომ ბუნებრივ  განვითარებას ვერანაირი მცდელობა ვერ შეაჩერებს, მაგრამ, თუ პრობლემა ჯერ დასმული, ხოლო შემდეგ გათვალისწინებული იქნება, შესაძლოა, შევძლოთ ის, რაც სჭირდება ჩვენს ლიტერატურას იმისთვის, რომ გააგრძელოს თავისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და, რაც მთავარია, თანადროულ სამყაროში ფეხი აუწყოს იმას, რაც მართლა ღირებულია, რაც დროს გაუძლებს, დარჩება, როგორც ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების დასტური –  წარუვალი, ზედროული და ზოგადადამიანური.

ამ თვალსაზრისითაა განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაირა გელაშვილის რომანი „სარკის ნატეხების“ შეცნობაც და შეფასებაც. თანამდროვე რომანია, რომელიც ბევრ ახალ ტენდენციას ითვალისწინებს, თუმცა, ვფიქრობ, სწორედ ნამდვილი პროზის, ღრმა, ფიქრიანი, ერთდროულად თან მშვიდი და თან შინაგანად, ფარულად მღელვარე თხრობის ერთგულება ნათლად იგრძნობა. როცა თანამედროვე მკითხველის რთულ მდგომარეობასა და პრობლემაზე ვამახვილებთ ყურადღებას, წინა პლანზე იწევს ფრაზის შეგრძნების დეფიციტი, ერთგვარი სულსწრაფობა, რომელიც, ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა და გარკვეულწილად კომიქსების ესთეტიკამაც განაპირობა. სულ უფროდაუფრო ჭირს ვრცელ, ნიუანსებით დატვირთულ, დეტალიზებული თხრობასთან შეგუება. რა თქმა უნდა, ესეც მასის პრობლემაა, რომელიც უკვე აშკარად მოითხოვს მოკლე და იოლ ფრაზას, მაგრამ ეს არ არის თუნდაც ჰემინგუეისეული „მაღალმხატვრული სიმარტივე“, ღრმა აზრის დროის რიტმის შესაბამისი ლაკონური ფორმით გადმოცემის გასაგები მოთხოვნილება, არამედ შინაგანი, სულიერი „სამუშაოს“ გაიოლების სურცილი. ჩვენს ლიტერატურას ჯერ ეს მოვლენა აშკარად არ დამუქრებია, მაგრამ მოვა დრო და დაემუქრება და ისეთი ტექსტი, როგორიც „სარკის ნატეხებია“, შეიძლება იქცეს მხოლოდ ელიტის გულისა და სულის კუთვნილებად და ეს საფრთხეა ჩვენთვის. ამიტომ, ვფიქრობ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ამ რომანზე ფიქრსა და საუბარს დავიწყებთ სწორედ იმით, რომ შევაფასებთ მის მნიშვნელობას – ეს ერთ-ერთი მართლაც მაღალმხატვრული, საუკეთესო პროზის ნიმუშია თანამედროვე ქართულ სალიტერატურო სივრცეში – და ამავე დროს გამოვთქვამთ სურვილსაც, რომ უნდა მოიძებნოს რაღაც მექანზმი, რომელიც საშუალებას მისცემს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მიიღოს ინფორმაცია არა მარტო ამ, არამედ ზოგადად, ყველა მართლაც ღირებული ნაწარმოების შესახებ და, რაც მთავარია, რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს ასეთი ტექსტები, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს არც უფლება, არც ფუფუნება (საერთოდაც, როგოც ჩანს, არა მატო ხელოვნებასა და ლიტერატურაში, ისედაც არა გვაქვს ბევრი რამის ფუფუნება, იოლად, მარტივად, თვითდინებას მინდობილი არსებობის უ ფ ლ ე ბ ა), რომ ნამდვილი ლიტერატურა ერთი მუჭა ელიტის ან მხოლოდ პროფესიონალების კუთვნილებად ვაქციოთ. გასაგებია, რომ ეს ასე ზედაპირულად, სურვილის დონეზე გამოსათქმელი და გადასწყვეტი პრობლემა არ არის, არც იოლად მოსაგვარებელია, მაგრამ  ნაირა გელაშვილის ამ რომანმა ბუნებრივად აღძრა გულშჲ ეს ფიქრი და, ალბათ, ხმამაღლაც უნდა გამოითქვას…

„სარკის ნატეხები“ რთული სტუქტურის მქონე ნაწარმოებია. ერთი შეხედვით, ეს თითქოს არც იგრძნობა, რადგან მწერალი არ ცდილობს ჩახლართოს, ხელოვნურად გაართულოს თავისი ამოცანა. ის თავიდანვე  გვიჩვენებს თავის პოზიციას და კონცეფციას: უნდა მოგვითხროს სულის მოძრაობის შესახებ, უნდა დახატოს თავისი სულის პორტრეტი, შექმნას ავტოპორტრეტი, ოღონდ არა მთლიანი, ერთიანი და დაუნაწევებელი ანარეკლი, არამედ სწორდაც სარკის ნატეხებში არეკლილი, არამთლიანი, არასრული, დაჩეხილი, დაჭრილი, მტკივნეული და ალბათ სწორედ  ამიტომ უფრო ფასეული. სარკეს ბევრ კულტურაში აქვს მისტიკური დატვირთვა. იგი ერთგვარი ხიდია ცხადსა და ზმანებას, ამქვეყნიურსა და მიღმურს, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. მწერალი სრულად იყენებს სარკის ამ მისტიკურ და სიმბოლურ მნიშვნელობას, ფუნქციებს. მისი თხრობა სიცოცხლიდან, ამქვეყნად ყოფნიდან მიღებული შთაბეჭდილებების გავლით, მათი მეშვეობით აუხსნელის, მიღმურის, თუნდაც, ჩვენს ცნობიერებაში   სივდილის სახელით შემოსულის, ახსნას ესწრაფვის და ეფუძნება. ის მშვიდად, ნელა, საოცრად ტევადი, მოქნილი და ხატოვანი ფრაზებით „მიიწევს წინ“ ამ გამოუცნობი სამყაროსაკენ, რომელიც ჩვენს რეალობაში, ჩვენს სინამდვილეში მხოლოდ ნამსხვრევებად, სარკის ნატტეხებში არეკლილ ფრაგმენტებად თუ შეიძლება იხილოს ადამიანმა. მაგრამ მწერალი თანამოაზრედ და თანამშრომლად იწვევს მკითხველს, რომ მიჰყვეს მასთან ერთად ამ ნატეხებს, დაინახოს და წაიკითხოს მათში ერთი ადამიანის ამქვეყნად ყოფნის, თუნდაც მხოლოდ ხსოვნის ქრონოტოპში განსხეულებული, ამბავი და ამ არასრულ „მასალაზე“ დაყრდნობით ერთად შეეცადონ გადაიხედონ სარკის ანუ მიწიერის – სიცოცხლის მიღმა, თუნდაც მხოლოდ ის დაინახონ, რის საშუალებასაც მხოლოდ ნამსხვრევები მისცემთ.

რომანის ძირითადი ნაწილი ბავშვობის მოგონებებს მოიცავს. თანამედროვე  ლიტერატურათმცოდნეობა ცდილობს ახლებურად გაიაზროს დოკუმენეტური  პროზის, კერძოდ, მემუარის ჟანრი. აშკარაა, რომ ტრადიციული მემუარისტიკა შეიცვალა და სხვა მნიშვნელობა და განზომილება შეიძინა. არსებობს უკვე ფრანგული სკოლაც, ჯერ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი, მაგრამ გარკვეული ტენდენციების მქონე, რომელშიც ძირითადად ისევ ის მწერლები შედიან, რომლებიც თვითონვე წერენ ასეთ, როგორც თვითონ უწოდებენ, „ავტობიოგრაფიებს“, რომლების განიხილება ერთგვარ ფიქციად, ანუ მათ მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ავტობიოგრაფია სულაც არაა მკაცრად დოკუმენტური და მასში შეიძლება ასახული იყოს არა რეალური ბიოგრაფია, არამედ სულის თავგადასავალი, ანუ ის, როგორ ხედავს ან როგორ სურს ხედავდეს ავტორი  თავის თავს, თავის ცხოვრებას, არსებობას დიდ სამყაროში. ასეთი მიდგომა, უეჭველია, შეცვლის მემუარის, როგორც დოკუმენტის  მნიშვნელობას, ან, შესაძლოა, ახალ ჟანრსაც დაუდოს საფუძველი. ნაირა გელაშვილის ამ რომანის მიხედვით  ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ის უკვე წერს ასეთ მხატვრულ, სრულიად თავისუფალ ავტობიოგრაფიას, ე.წ. „ავტოფიქციას“,  რომელშიც გამონაგონი და რეალური ისე ეწვნის ერთმანეთს, რომ მათ უკვე ვეღარავინ გააცალკევებს და უნდა მიიღოს ასე, როგორც გარდაუვალი მოცემულობა, შემდგარი მხატვრული ერთეული. ეს ტექსტი ასეთი არ არის: მწერალი გადმოგვცემს სრულიად რეალურ, დოკუმენტურ ამბებს, გვიყვება რეალურ, მისთვის ძვირფას, ახლობელ ადამიანებზე, ადგილებზე, მოვლენებზე, ყველაფერი არსებობდა, ყველაფერი მასთან იყო დაკავშირებული, ნამდვილად, სულიერადაც და ფიზიკურადაც (ზოგან საარქივო ჩანაწერებიც კი აქვს მოხმობილი), მაგრამ მაინც აშკარაა, რომ ეს არ არის ტრადიციული მემუარი, თხრობა იმაზე, „რაც გაახსენდა“. მკითხველის თვალწინ თანდათან იხსნება დაფარული, ერთი შეხედვით, თითქოს შეუღწეველი სულიერი პლასტები, ბავშვის სამყარო, სრულიად პატარა ბავშვის, რომელიც „არყოფნიდან“ სულ ახლახან მოვიდა „ყოფნაში“ და ჩნდება განცდა, რომ ის შეგძნებები, რომლებსაც გადმოსცემს მწერალი, თითქმის შეუძლებელია, რომ მაშინვე გაცნობიერებული ჰქონოდა და ახლა მხოლოდ ფურცელზე იწერს, აღნუსხავს და გადმოსცემს. ეს სულ სხვა პროცესია –  ჩვენს თვალწინ ზრდასრული ადამიანი, სავსე, ინტელექტუალური და შინაგანად საოცრად დახვეწილი, ფაქიზი სმენისა და მახვილი მზერის მქონე შემოქმედი, იხედება სარკის ნატეხებში  და იქ გარდაიქმნება ბავშვად, ხედავს ბავშვის სულს, შესაძლოა, ზუსტად ისეთს არა, როგორიც მაშინ იყო, მაგრამ ეს უკვე სხვა  რეალობაა, მხატვული სახეების ახალი სივრცე, რომელიც სინამდვილის და წარმოსახვის ზღვარზე ქმნის ყველაზე ფასეულ  და დამაჯერებელ მხატვრულ სინამდვილეს. მწერალი იწყებს იქიდან, სადაც იყო მთლიანი, ბავშვობიდან, რომელმაც ჯერ არ იცის არც ბოროტება, არც სიკვდილი, არც დამსხვრეულ სარკეში არეკლილი საკუთარი თავი, მაგრამ ყველაფერ ამას გრძნობს იმ იდუმალი, ამოუცნობი ინსტინქტით, რომელიც ამქვეყნად დაბადებისას თან მოჰყვება როგორც ადამიანს, რადგან ყოველი დაბადება არის სიკვდილის გაჩენაც და ადამიანი ყველაზე ადრეულ ეტაზეც თავისი არსებობისა, გრძნობს ამას. სწორედ ეს ჩაძიება საკუთარ თავში, ოღონდ რეტროსპექტული, სწორედ ეს დაჟინებული სურვილი, როგორმე გადავიდეს იქ, სხვა, ბავშვობის დროსა და სივრცეში, რომელიც როგორც ყველა ადამიანმა თავისი გამოცდილებით იცის, როგორ განსხვავდება რეალურისგან, ქმნის  ამ რომანის თვითმყოფად სახეს  და ოდნავ მისტიურ სურნელს. მწერალი აბრუნებს უკან გარდასულს და თანაც ისე, რომ მსჯელობისას, ანალიზისას არ უკარგავს მას ბავშვის მიერ  დანახულის განცდას, განწყობას – ესაა დიდი ადამიანის მიერ სრულად, უდანაკარგოდ აღდგენილი, გააზრებული და მხატვრულად გარდაქმნილი ბავშვის, ადამიანის სულის  და წარსულის  სახე.

 

1 2 3 4 5 6