ერთ-ერთ სცენაში, ფილმის პერსონაჟი, გენერალი ჯეკ რიპერი, რომელიც ამერიკის პირველადი უპირატესობის წამროჩენის მიზნით, მზადაა პირველი ბირთვული დარტყმა მიაყენოს რუსეთს, იმაზე საუბრისას, თუ რატომაა აუცილებელი საბჭოთა კავშირის განადგურება, ახსენებს კონსპირაციის თეორიას, რომლის მიხედვითაც კომუნისტები ამერიკელი მოსახლეობის ძვირფასი ბიოლოგიური სითხეების დაბინძურებას აპირებენ, ამის შესახებ ინფორმაცია კი მაშინ შეიტყო, როდესაც სიყვარულით კავდებოდა. შესაბამისად, გენერალი პრობლემის აღმოფხვრას მხოლოდ დედა რუსეთის დაბომბვით ხედავს. სხვა პერსონაჟების სექსუალური ფრუსტრაცია კიდევ უფრო მძიმე ფორმებს იძენს, ბრიტანელი კაპიტანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური იმპოტენტია, ამ მთელი კარნავალის ცენტრალური ფიგურა, დოქტორი სტრეინჯლავი კი წელს ქვევით პარალიზებული პირია, რომელსაც საკუთარი მარჯვენაც არ ემორჩილება. როგორც ცნობილია, ფილმის გამოსვლის შემდეგ ამერიკის უსაფრთხოების პოლიტიკის წარმოების რეგლამენტში მთელი რიგი ცვლილებები შევიდა, რომ სურათში აღწერილი მოქმედებების რეალურად განხორციელების შეუძლებლობა შექმნილიყო.
სტენლი კუბრიკმა გადაიღო იდეალური პოლიტიკური სატირა, რომელიც მწარედ აკრიტიკებდა და დაცინოდა 60-ანი წლების ამეირკის შიდა და საგარეო პოლიტიკას და სახელმწიფოს მიერ ნაკარნახებ საზოგადოებრივ ფობიებს. იმდენად, რამდენადაც დროული იყო ფილმი თავის გამოსვლის, 1964 წელს, იმდენად აქტუალურია დღეს, 57 წლის შემდეგ, როდესაც კვლავ დაბრუნდა დღის წესრიგში ბომბების ზომების დემონსტრირება ამერიკის მხრიდან, დაძაბულობა რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან. ფილმის დასასრულს, ხელოვნების ისტორიაში ყველაზე გიგანტურ და ძლევამოსილ ფალიკურ სიმბოლოზე ამხედრებული ამერიკელი მაიორი, სახელად კინგ კონგი, მოქმედებაში მოიყვანს ცივილიზაციის დაღამების გეგმას. თუმცა ტრაგიკულობის განცდა გვიან დგება, თავიდან მაყურებლის თვალწინ გიგანტური ერექციით მსოფლიოს განაყოფიერება, უფრო სწორად, განაყოფიერების წყვეტის სიმბოლური სურათი თამაშდება. დღევანდელობისთვის „დოქტორი სთრეინჯლავი“ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რადგან თუ რეალურად მასში მოთხრობილი მოვლენების წინაშე დავდექით, უკვე ვიცით, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ამ ყველაფერზე გაცინებაა.
