კვლავ “ბედნიერი უიქენდი”?! ეს, ხომ შემთხვევით არ ხდება! ეს, რა არის? შთაგონება! ნიუტონის ვაშლი, მაშინ გხვდება თავში, როცა თავი მზადაა. La Campanella!!! ტარარარა-რარარა! დუმპუპუდუმპ-უმპუმპუდუუ! ვიწიიწიიწვიწიიწი! ტარარარარარარა!..

გურამმა და განსაკუთრებით გლენმა არ იცოდა არც Java პროგრამირების ენა, არც C# პროგრამირების ენა და არც C ++ პროგრამირების ენა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია შეექმნა ვირტუალური სამი დე პროგრამა “შინაარსიანი უიქენდი”. მხოლოდ ეს პროგრამა იყო განკუთვნილი მხოლოდ მისთვის. სადაც ის იქნებოდა იმ საოცნებო და სრულყოფილ სამყაროში, ორი ან სამი დღის მამძილზე – პარასკევის საღამოდან კვირა საღამომდე, რომელიც მის წარმოსახვას და ოცნებას, ნერვებს და ვნებებს, აზრებსა და მისწრაფებებს, ფიქრებსა და სურვილებს სრულად დააკმაყოფილებდა.

-რა იქნება აი ეს კალმისტარი, რომ ვთხარო თვალში ამ ჩემს მეგობარს? – ერთხელ შუა საუბრის დროს იკითხა სამი დე სამყაროს შინაგანი  მშენებლობით გატაცებულმა გურამმა. ირგვლივ დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. მოსაუბრეებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე ჰიპსტერივით გაკრეჭილ თვალდასათხრელ “ობიექტს” მიაშტერდნენ, რომელიც დაძაბული უყურებდა გურამის ხელში ყვითლად მოელვარე კალამს.

-მტკივნეული იქნება, მაგრამ რამდენად მტკივნეული, არ ვიცი… ასევე ძნელია განვსაზღვრო, რა შეიძლება ამას ჩემი მხრიდან მოჰყვეს! – თქვა მან, ღიმილნარევი შიშით.

-მართლაც საინტერესოა, რა მოყვება ამას? მოდი ცოტა არატრადიციულად ვიაზროვნოთ? არა ისე, როგორც ნამდვილად მოხდება, არამედ ისე, როგორც გვინდა, გვსურს რომ მოხდეს? შევაჯახოთ ერთმანეთს არა ის რაც ვიცით, არამედ მხოლოდ ჩვენი ფარული სურვილები და ფანტაზიები? ფანტაზია და არა სინამდვილე! – გურამი მიუახლოვდა „მსხვერპლს“.

-ტკივილისგან იყვირებს, მერე გამოიღებს კალამს და ალბათ გული შეუწუხდება?

-ბყეე! – ვითომ გული აერია გლებ – გურამს.

-ალბათ ბევრი სისხლი დაიღვრება? – ტიპმა სათვალეები მოიხსნა და შემთხევისათვის ფუტლიარში ჩადო. მიაქციე ყურადღება – სათვალე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თვალი.

-ვითომ? – გურამმა კალმისტარი თვალთან მიუახლოვა. ოთახი გაისუსა.

-თვალის სითხე კი გამოვა, მაგრამ სისხლი არ ვიცი! –  სავარაუდო “კუტუზოვმა” ნერწყვი ძლივს გასდაყლაპა.

-ფილმში ნანახი, სათაურს ვერ ვიხსენებ, ძალიან ეფექტურია!

-ბყეე! რა კინო, რის კინო?! თავი დაანებეთ სხვის ფანტაზიებს და სისულელეებს! თქვენი მოიგონეთ. ეს სამყარო, მხოლოდ თქვენი ფანტაზიებით გასამდიდრებლადაა შექმნილი.

ყველა აყაყანდა, თითქოს აქამდე ხელფეხშეკრულები და პირამოკერილები იყვნენ. ოთახი განათდა და გამოცოცხლდა. შტამპებად და კლიშეებად ქცეული ბურუსიდან, თითქმის ნამდვილი, თუმცა ჯერ კიდევ ნახევრად თავისუფალი და ნახევრად ცოცხალი ადამიანების ჯგუფი გამოიკვეთა. გურამს ისინი, უკვე ეცოდებოდა. მან იცოდა – გავიდოდნენ თუ არა ოთახიდან კვლავ ჩაიძირებოდნენ სხვისი ფანტაზიების ზღვაში და დაიხრჩობოდნენ სხვის ხორცშეხმულ და გაზიარებულ ხილვებში.

-თუ ბევრი სისხლი გვინდა დავინახოთ საჭიროა არტერიაში ვატაკოთ ეგ კალამი, თუმცა თვალში გაყრა უფრო შთამბეჭდავი იქნება!

-ჩემთვის სასაცილოა! – “ცალთვალა” გურამს მიუბრუნდა – იმიტომ, რომ რაზეც უნდა იფანტაზიორო, თუ იოცნებო ტრამპლინი სჭირდება. ხილვა, ოცნება – რეალობიდან ამბიდან უნდა გამომდინარეობდეს. მთლად ისეთი არ უნდა იყოს, მაგრამ მსგავსი, სავარაუდო, შესაძლებელი… ამიტომ, უნდა ვცადოთ? არ ვცადოთ?

ატყდა ხარხარი.

-თუკი უმრავლესობას უნდა – ვცადოთ! ვინაა თანახმა, რომ კალამი ვატაკო თვალში…

-მთავარია ემოციური მზადყოფნა ამისათვის და მცირე ბიჯი. ბიძგი. გაფიქრებული – გააზრებული საქციელი. ეს თუკი დამაჯერებელი იქნება, მაშინ მოხდენამდე მოხდება…

-მოხდენამდე მოხდება! მაგარია!!!

-ჰმ! მეც, ხომ მაქვს ჩემი ფანტაზიები და მეც გავშლი ფრთებს!

-ეგრე, არ გამოვა! ვიღაც ერთის ფანტაზიას არ უნდა დავემორჩილოთ ყველა? სხვანაირად არ შეიძლება. ყველამ თავისას, რომ შეუბეროდ, ეს საშინელი ქაოსი იქნება… შეიძლება კონტროლი დავკარგოთ და სიმართლედ ვაქციოთ! უნდა შევთანხმდეთ ვის ფანტაზიის საზღვრებში ჩავეტევით და ვიტრიალებთ. ესაა სწორი.

-სხვების მონაგონით ტკბობამ გვაჩლუნგებს?! ვინ ან რა, გვაიძულებს სხვისი ფანტაზიებით ვისაზრდოოთ? გონებაშეზღუდულები, ხომ არ ვართ?!  რატომ გვონია, რომ ჩვენი ფანტაზია უკეთესი გახდება, თუკი ის რაღაცის თუ ვიღაცის ჩარჩოში ჩაეკვეხება?

სიჩუმემ დაისადგურა. ის, ჯერ ჭერზე დაეკიდა. იქ ვერ გაძლო. ჩამოიწელა, ჩამოიღვენთა და ბოლოს მძიმედ ჩამოვარდა და იატაკთან შეხებისას მინასავით დაიფშვნა. ბდგშ!

მტვრევის ხმამ ყველა და ყველაფერი შეცვალა. ირგვლივმყოფები, მეტი ინტერესითა და ეშმაკური მზერით უცქერდნენ ერთმანეთს და… ბოლოს ყველამ გაიცინა.

-შავი ჰუმორი აცოცხლებს სიტუაციას! ჰუმორი – მემორი! აბა, ბედნიერ უიქენდს ყველას!

-ჩვენც!უიქენდი – ვუიქენდი! ჰაჰაჰა!!!…

მაინც სხვისი ფანტაზიების მონებია არიან! თუთიყუშები! ლაქიები – პატარა გალიებში სხედან და დიდი გალიებზე ოცნებობენ… ეს, ჰგონიათ თავისუფლება!

ეს შაბათი კვირა მართლაც ყველაზე მხიარული, ხალისიანი და განუმეორებელი იყო გლენ – გურამისთვის, რადგნა სწორედ ამ უიქენდ-ვუიქენდზე დაებადა ჯერ კიდევ მქრქალი, თუმცა კაჟივით ნაპერკლოვანი იდეა – ბედნიერი უიქენდი”. ბედნიერი ვუიქენდი. ბედნიერი უიქენდი. ბედნიერი ვუიქენდი. ისე ეს უნდა ჩავიწეროთ, როგორც ბობოქარი ფანტაზიისა და დაუოკებელი, ჩარჩოებ მორღვეული აზრების ნაჟური:

ამერიკა იყო კოლუმბის ფანტაზიის ნაყოფი, და არა ამერიგო ვესპუჩის. ინდოეთი და ჩინეთი კი მარკო პოლოსი. რეალურად ის რაც კოლუმბმა აღმოაჩინა, მის ავადმყოფურ გონებაში იშვა და მერე განხორციელდა კიდეც. ქრისტეფორეს ოცნება გამატერიალურდა იმ ბიბლიური ხლივებითა და სისხლის მდინარეებით, რითაც ჯერ მისი ბავშვური ფანტაზია, ყმაწვილკაცური ოცნებები და ბოლოს შეუმდგარი ახალგაზრდული მიზნები საზრდოობდნენ. შემდგომ კი რელიგიური ფანატიზმითა და ანკვიზიციის აგიზგიზებულ კოცონზე მოშიშხინე ადამიანების სუნით გარანდული მისმა გონებამ შვა ის, რასაც შედგომ ამერიკის გაცივილიზაციება ეწოდა. გეშინოდეთ ხორცშესხმული ფანტაზიების!!!

გულმოდგინე მკითხველისთვის, “შინაარსიანი უიქენდის” ფსიქოლოგიური თრილერის მოკლე შინაარსი ასე გამოიყურება:

კაცი (გურამი – გლენი), საშუალო წარმატების მქონე კარიერისტი, სახელმწიფო მოხელე, წარმოსახვაში ქმნის მისთვის იდეალურ ოჯახს, რომელთან ერთადაც ატარებს ყოველ უიქენდს. ანუ – პარასკევი საღამო, მთელი შაბათი და კვირა საღამო. აქ ყავს, მეუღლე, ხუთი შვილი, დედა და მამა, შინაური ცხოველები, ძაღლი და ეგზოტიკური ფრინველი – თუთიყუში, გალიაში. ისინი, ქალაქგარეთ ორსართულიან სახლში ცხოვრობენ. ეს შენობა, ადგილი, სივრცე, უფრო სწორად აგარაკის ტიპის გარემო, შესაბამისი სახელითაც მონათლა – “შინაარსიანი უიქენდის ფერმა”. ოჯახური სიამტკბილობის ეს ბუდე – ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმულ პატარა ქედზე მდებარეობს, საიდანაც ხეობისა და მწვანედ დაფარული გორაკების ულამაზესი ხედი იშლება. კარგ ამინდში, ლამის ას ორმოცდაათი კილომეტრით დაშორებული მყივნარიც კი მოსჩანს. ღამით, ქალაქის მოციცმციმე ნათება ავსებს ჯადოსნურ პეიზაჟს. გურამი – გლენის ოჯახს უყვარს საღამოობით ფართე აივანზე ყოფნა, საუბარი, დროის ტარება. ასე გრძელდება დიდხანს, გმირი – გურამი, ყოველ პარასკევს რამოდენიმე საათით, ზოგჯერ კი მთელი შაბათით “ქრება” ახლობლების, ოჯახის წევრების “რადარებიდან” და მის გარდა, არავინ იცის სად არის. წარმოსახვაში დრო ცოტა სხვანაირად “იწელება, ან იკუმშება”. ამიტომ “ბედნიერი უიქენდის” გასატარებლად, სულაც არ არის საჭირო მთელი სამი დღით ფანტაზიებში გადასახლება. ამისთვის ოთხი – ხუთი საათიდან ორმოცდარვა საათამდეც სავსებით საკმარისია. გურამიც ამით სარგებლობს და კვირაში რაღაც ხანგრძლივობით ის გლენი ხდება.

ნამდვილ ცხოვრებაში ამას ამჩნევენ და ამიტომ, ზოგს ჰქონია, “რაღაცას იკეთებსო”, მის ნამდვილს ცოლს კი უჩნდება “ღალატის” ეჭვიც კი. თუმცა ჯერ-ჯერობით არანაირი ხელშესახები ფაქტები არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ მისი ქმარი, წარმატებული და ცნობადი ადამიანი, ადმინისტრაციაში,  გარკვეული დროით ორთქლდება. ქრება, რათა მერე ბედნიერი, დასვენებული და ხალისიანი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ახლობლებს.

ასეა ყველაფერი, სანამ გლენი არ დაკარგავს კონტროლს ამ წარმოსახვით სამყაროზე, რადგან გმირები, ოჯახის წევრები – პერსონაჟები მისთვის მოულოდნელი, გამაღიზიანებელი და სახიფათო ქმედებების ჩადენას იწყებენ; რაც ხშირად გლენში, შემდგომ კი გურამშიც შიშს, ზოგ შემთხვევაში პანიკასაც კი იწვევს. რატომღაც, ყოველი ამ გაურკვეველი ამბის და დაძაბული მოვლენის წინაპირობა – თუთიყუშია. რამდენჯერაც შეეცადა ამ იშვიათი ფრინველისგან განთავისუფლება, ჩანაცვლება, მაგალითად თევზით, ზაზუნათი, ქამელეონით. ის, მაინც საიდანღაც მოფრინდებოდა, გაჩნდებოდა, გამოძვრებოდა და შინაარსიან უიქენდს უკარგავდა პირვანდელ ხიბლსა და პეწს. ეს აღმაშფოთებელი იყო.

ჯერ მარტო გლენი, შემდეგ კი გურამთან ერთად ფარულად უთვალთვალებს ოჯახის წევრებსა და ყოველ სულდგმულს მათ ფერმაში, მაგრამ მიმდინარე ქმედებები მაინც არასახარბიელოდ ღვივდება, არასასურველად ვითარდება, ვერ იმართებოდა, არ ითრგუნებოდა და ყოველთვის საშინელ არეულობასა და დაკა – დაკაში გადადის. მთელი კვირის მანძილზე, დაძაბული შრომით გადაღლილ გურამს ეს ყველაფერი ბეზრდება და იწყებს ამ წარმოსახვითი, ერთ დროს ბედნიერი სამყაროს ნაბიჯ – ნაბიჯ განადგურებას. ერთხელ, ორჯერ, ათჯერ ასჯერ… და ხვდება, რომ ეს განადგურება ბევრად უფრო მეტ სიამოვნებას, თავდაჯერებულობას, კმაყოფილებას და სიმშვიდეს ანიჭებს, ვიდრე თავის დროზე,  “შინაარსიან უქიენდში” მყუდროდ და ბედნიერად გატარებული ხანა.

ყოველი შაბათი-კვირა სისხლისღვრით იწყება და სისხლის – ღვრით მთავრდება. ერთი ხანობა გურამი ეხმარებოდა გლენს, მაგრამ უკვე გლენი კი არა, გურამი, დიახ, თვით გურამი დაგეშილი ცხოველიით იჭრებოდა საკუთარ წარმოსახვაში და კლავდა, უსასტიკესად უსწორდებოდა თითოეულ ცოცხალ ქმნილებას. ამ ქ მ ე დ ე ბ ი თ გამოწვეული შეგრძნება, როცა მაცოცხლებელი სული სცილდებოდა მომაკვდავ ხორცს, მსხვერპლის ძალა კი მოძალადეში გადადოდა, განუმეორებელი, ენით აღუწერელი ნეტარების უმაღლეს მწვერვალებს აპყრობინებდა მას და გურამი ითიშებოდა. რამოდენიმე წუთით. არაფერი ესმოდა, ვერაფერს ხედავდა, ვერაფერს გრძნობდა. ვერ აზროვნებდა. უკუნეთი ისადგურებდა მასში და მის გარშემო.

როცა იქიდან ბრუნდებოდა, როცა აზრზე მოდიოდა – ეს იყო ენერგიული, ხალისიანი, კეთილი, ყურადღებიანი, ზრდილობიანი, ღირსეული, ყველანაირი უარყოფითი ვნება – გრძნობისაგან თავისუფალი, თავდაჯერებული მამაკაცი. ქმარი. საყვარელი. მამა. შვილი. ხელმძღვანელი. ქვეშევრდომი. მეგობარი. კოლეგა.

მაგრამ… ერთხელ ეგონა, რომ საზღვარი წაიშალა და ამიტომ დაიწყო, მოკლულების დასაფლავება. იქვე ეზოში. სახლის ჯერ მარჯვენა მხარეს, მერე მარცხენა, მერე წინ, მერე უკან. მერე კი აღარც ახსოვდა, სად…

ჰოდა, როცა გაოფლილ – დასისხლიანებული  მიეგდებოდა სახლის აივანზე,  ვეღარ ხვდებოდა,  სინამდვილეში ხდებოდა ყველაფერი ეს თუ, მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფი იყო. იმ ფანტაზიური და ფანტასტიური ხილვებისა, რომლებიც უკვე თავად მართავდნენ გურამს.

საათს  სისხლიანი ციფერბლატი რატომ აქვს? – არა ხრინწიანი, არამედ ანგინიანი ხმით, ხავილით კითხულობს; შიშნარევი მზერას მოავლებს ოთახს და აქერცლილ ტუჩებს კატასავით აილოკავს. გურამს, ხელიდან გასისხლიანებული ძალაყინი უვარდება. ძალაყინი შენელებულ კადრებად განწებოვნდება გმირის დაკოჟრილი თითებიდან. მოელვარე პირით დაეჯახება მუხისფერ პარკეტს, სისხლის წვეთები ჭიაყელებივით გაიწელება სხვადასხვა მიმართულებით. ისინი, მოსწყდებიან ლაპლაპა ზედაპირს, გაიფანტებიან და მიეშხეფებიან ირგვლივ ყველაფერს – სალათსიფერ ფარდებს, ყვითელი მარმარილოთი მოპირკეთებულ ბუხარს, რძისფერ კედელს და ა.შ.

გურამს დღეს ძალაყინი არ უხმარია. უფრო მეტიც, მას ძალაყინი, მითუმეტეს, ალპინისტური ძალაყინი არასოდეს ჰქონია. დღეს, უსისხლო ქმედებები ჰქონდა დაგეგმილი, რაც სწრაფად და უნაკლოდ ჩაატარა კიდეც. მისი ფანტაზიის თითეული გმირი, საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს – გაგუდა. მუხლებზე მოცელილივით დამხობილი გურამი საფეთქლებს ისრესს. აკანკალებული თითებით ცომივით იზელს კანს და ცდილობს იღიღინოს. პაგანინის – La Campanella…მარტოსული ვიოლინოს მხოლოდ, ეს გენიალური წრიპინი და მუსიკის მწყობრი, მექანიკური რითმი, შველის მის აფორიაქებულ სულსა და ამღვრეულ გონებას. პარამ – პამ – პამ… გრძელდება სიმებზე, ხემით დაუვარცხნელი მოძრაობა, რომელსაც ბაროკოდან მოპარული ფალცეტური ნოტა – ჰანგი ცვლის და ეს მელოდია გადადის ჩანჩქერის მჩქროლვარე დინებაში… მასაჟი და პაგანინის ამშვიდებს მას. ლოცვასავით დუდუნებს :

რასაც ვხედავ, მხოლოდ გადაღლილი წარმოსახვის გარდაქმნილ რეალობად განფენაა და არა სინამდვილე. არა, ნამდვილი ცხოვრება. ირგვლივ არსებული სამყარო, მხოლოდ ხედვის ერთი კუთხიდან დანახული შთაბეჭდილებაა და არა სიმართლე, არა ჭეშმარიტი სინამდვილე! არა სიმართლე, არა ჭეშმარიტი სინამდვილე! რასაც ვხედავ…ტარარარარარარა! დუმპუპუდუმპუმპუმპუდუუ! ვიწიიწიიწვიწიიწი! ტარარარარა!.. ეს ქაოტური ხმებია – კოსმოსის ხმაურებრივი ალეგორია.

ეკრანზე ჩნდება ავისმომასწავლებელი წარწერა – “ადამიანებო – გეშინოდეთ ხორცშესხმული ფანტაზიების!”. ფილმის დასასრული…

როცა ირგვლივ ვხედავთ ყველაფერს რაც ხდება, რაც არის, რაც არ და ვერ სწორდება – და შეუფერებლად, შეუნიღბავად მრავლდება და იმარჯვებს, იცი, რა შეკითხვა მღრღნის : –

ფანტაზია, წარმოსახვა და ოცნება, იმიტომ არსებობენ, რომ გვძულდეს სინამდვილე?

 

 

 

 

 

 

1 2 3