ზოგჯერ ერთი ჯობდა, ზოგჯერ მეორე. ზოგჯერ ამბავი, ფანტაზიის ნაყოფი უწყვეტად აგრძელებდა ცხოვრებას. იყო შემთხვევები, როცა ხილვით დაწყებული ისტორია, სინამდვილით სრულდებოდა და პირიქით. ისინი – ფანტაზია და ცხოვრება, ჰარმონიულად და შეხმატკბილებულად თანაარსებობდნენ მის ირგვლივ, მაგრამ არა მასში. ეს, გურამისთვის ნამდვილად სასიამოვნოდ მომაჯადოებელიც იყო და გამანადგურებელიც. ის, ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში ცხოვრობდა და ეს “მრავალდონიანობა” ყველასაგან გასხვავებულს და განსაკუთრებულს ხდიდა.

გურამი იგონებდა სივრცეს, პერსონაჟებს, დროს – აწმყოს, მომავალს, წარსულსაც კი… მაგრამ ხანდახან გამონაგონი თავად იგონებდა გურამს და ძალიან სახალისო თავგადასავლებშიც ამოაყოფინებდა თავს.

გურამი შეხვდა გურამს, გურამის საყვარელთან. ვერ მიხვდა ვინ – ვის ღალატობდა. გურამის საყვარელს კი გული წაუუვიდა. ჰა – ჰა – ჰა! გურამმა გურამას შეხედა და ეგონა სარკეში იხედებოდა. ჰა – ჰა – ჰა! გურამმა გურამს ფული ესესხა და არ უბრუნებდა, ჰოდა გაბრაზებული გურამი ყველგან ეძებდა გურამს და ვერ პოულობდა. ჰა – ჰა – ჰა!.. სიტყვების გარდა გვჭირდება ამბები, რომლებიც ამ სიტყვებს ნათლად, ხელშესახებად და ადვილად დასამახსოვრებლად წარმოგვიდგენს.

აი, თუნდაც “მაისის წვიმისა და სატრფოს ამბავი”. გურამს მოეწონა კაფეს ვიტრინიდან შემთხვევით დანახული გოგონა. მას “წვიმის ქალი” დაარქვა. გოგონას ნაცრიფერი ლაბადა ეცვა, სოკოსებრი ქოლგა ეჭირა და წვიმისგან გაჩენილ გუბეებში ბავშვური ხალისით, ფეხშიშველი მიაბიჯებდა. წითელი სანდლები, ზურგჩანთაზე ეკიდა. ამ გოგონას სახე ვერ დაინახა, მაგრამ დარწმუნებული იყო მის სილამაზეში. ესაა სინამდვილე.

მერე მოდის მისი ასე ვთქვათ, მხატვრული გაგრძელება. გურამი პირადად არ იცნობდა გოგონას, რომელსაც ირენი ერქვა. ირენს კი დიდ ხანია ფარულად უყვარდა, მისი თანამშრომელი – გურამი. ერთხელ ისინი სამსახურის ლიფტში რამოდენიმე საათით გაიჩხირნენ. ორივე ამ ამბავმა ძალიან გაამხიარულა, რადგან აღმოჩნდა, რომ გურამსაც ძალიან მოსწონდა ირენი, მაგრამ ვერ უმხელდა. ხშირად ამოუკვნესია უხმოდ – “სად ირენი და სად მეო?!” “სადაო და გაფუჭებულ ლიფტშიო” – უთქვამს გურამის წარმოსახვას და…

ასე გაჩნდა – გლენი. გლენი – ეს, კარგი სახელია უცხოელი მკითხველისა თუ მაყურებლისთვის, თუმცა გლენი – სინამდვილეში გურამია. უცხოელი უფრო ადვილად “შედის” ამბავში, თუკი გმირს მისი სმენის ჟღერადობისთვის ნაცნობ სახელს ატარებს. ქართველიც ასევეა…

გურამი, ოცდამეერთე საუკუნის ქართველი კაცია; მაგრამ გარემო, რომელშიც გლენი ცხოვრობს მეოცე საუკუნის ოციანი წლებისა ამერიკაა, ჯორჯიის შტატი. ჯორჯია – გეორგია! რატომ? – ჰა, ამაზე პასუხს მივიღებთ სიუჟეტის ბოლოს. მნიშვნელოვანი წვრილმანები მხოლოდ ამბის დასასრულს. აბა ისე, ხომ არ მოვიქცევი, როგორც ერთი მაიმუნი ბავშვი იქცეოდა ჰიჩკოკის ფილმის პრემიერაზე. გახსოვს? არა?!

ის, ითხოვდა ფულს იმაში, რომ მაყურებლისთვის არ გაემხილა ნამდვილი მკვლელის ვინაობა. ასე, რომ გურამი – გლენის სიუჟეტის ბოლომდე “აი ემ სორრი”…

გურამმა, რომელიც გლენია, სამწუხაროდ არ იცის ინგლისური ენა, მაგრამ რატომღაც ესმის ინგლისური, ის პასუხობს ქართულად და ამერიკელებსაც ესმით მისი ქართული ისე, როგორც მშობლიური ინგლისური… სამყაროში მთავარია არა სიტყვები, არამედ აზრები, ვნებები და გრძნობები. ანუ ენერგიები, რომლებიც ბადებენ აზრებს. ისინი ყველანაირ სიტყვიერ და ენობრივ წანააღმდეგობას შლიან და ქმედებებში გადადიან, რაც ასევე შობს ახალ ენერგიებს…

მოსაფიქრებელია, რატომ ხვდება ოცდამეერთე საუკუნის ქართველი, მეოცე საუკუნის ოციანი წლების ამერიკაში? ამის ხორცშესასხმელად მარტო გურამის ოცნებები არ კმარა. სიუჟეტის გასაძლიერებლად კიდევ რაღაცაა საჭირო. ბიძგი, ხელის ჯიკება. მაგრამ ამას გზადაგზა მოვიფიქრებ. მნიშვნელოვანი წვრილმანები ბოლოსთვის შემოვინახოთ…

ვიწყებთ კრიზისიდან – გურამი-გლენი საკუთარ თვალებს უკვე ორი კვირაა აღარ ენდობა… აქ, აუცილებლად აღსანიშნავია, მთავარი პრობლემა – ზოგჯერ გურამი თავისდა უნებურად ხვდებოდა ამერიკაში, გლენი კი საქართველოში. გურამი უკვეთავდა ათ ხინკალს, ეღებდა ერთს, უნდა ჩაეკბიჩა. ამ დროს ის უნებლიედ ხდებოდა გლენი, რომელმაც არ იცის რა არის ხინკალი. გლენი იწვა და ელოდებოდა ირენს, რომელიც აბაზანიდან უნდა გამოსულიყოს. იღებოდა საძინებლის კარი, შემოდიოდა სუფთა, ქათქათა, შხაპის წვეთებით დანამული ირენი. ელეგანტურად თავისუფლდებოდა შიშველ ტანზე შემოხვეული პირსახოცისგან. აქრობდა შუქს და მერე მთელი ღამე გურმათან ერთად… კიდე კარგი ბნელოდა. ირენისთვის და ყველასთვის გურამი და გლენი ერთი და იგივე იყო.

მხოლოდ გურამმა ა კიდევ მაყურებელმა იცის ვინ არის გლენი.

ჰოდა, ის, საკუთარ შეგრძნებებს – სმენას, მხედველობას, ყნოსვას, შეხებას – უკვე ორი კვირაა აღარ ენდობა… მისი აზრით, ეს ბოლო სტადიაა, მისი სულიერი თუ გონებრივი დარღვეულობისა. სიმართლისა და მოგონილის გაურჩევლობისა. რის შემდეგაც ციხეში ან დახურულ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანენ. აუცილებლად იქ ჩაკეტავენ. ნადირივით გალიაში გამომწყვდეულს. ხელ-ფეხ შეკრულსა და თვალებზე სპეციალური დაბურული სათვალეებით ჩამოცმულ – აღჭურვილს. ჰაჰაჰა!.. ვიწყებ მხოლოდ შეკითხვების მონოლოგს:

“არაფერი არ უნდა დაინახოს და მისი მზერა, არავინ უნდა დაენახოს? გურამის მრავლისმთქმელი მზერა საშიშია?… რატომ, მზერა?.. მისი გამოხედვა რეალობას ცვლი? ეს მზერა ყოფიერების დედამიწისეულ ფიზიკას ასხვაფერებს? სამყაროში დაკანონებულ ქიმიურ რეაქციებს ალოგიურს ხდის და ახალ სინამდვილეს, ახალ ხორცს, ახალ მატერიას ქმნის? რეალობას განსხვავებულ ელფერს იძენს? გურამის გამოხედვის გავლენით – ლურჯი უფრო ლურჯია? მწვანე უფრო მწვანე? წითელი, წითელზე წითელი? მისი ნაცრისფერი ჭამს ნამდვილ ნაცრისფერს? ყვითელი აყვითლებს არსებულ ყვითელს? ცისფერი მეტად ცისფერდება და ნარინჯისფერი გადანარინჯისფერდება? ცხელი უფრო ცხელდება და რეალური უფრო რეალური, ანუ ჰ ი პ ე რ რ ე ა ლ უ რ ი ხ დ ე ბ ა?

ეს კი ძნელი ასატანია ჩვეულებრივი ადამიანისთვის. მას არ უნდა, არ სურს სამყარო იცვლებოდეს ვინმე გლენ-გურამის ნება-სურვილით. სცენაზე, ეკრანზე, დიდი სიამოვნებით! ქაღალდზე, ძალიან კარგი! ტილოზე, რა თქმა უნდა! მუსიკაში, აბა რაა!!! მაგრამ, ცხოვრბაში ამას, მხოლოდ განგება უნდა აკეთებდეს. ადამიანის მონობას, წარმოსახვითი ზებუნებრივი ძალის მონობა სჯობია. წარმოსახვითი… წარმოსახვითი… დრინდეუნ… დამდამ… ძალიან გადავუხვიე სიუჟეტსა და თემას, კლასიკური ფსიქოლოგიური თრილერი კომიქსს ემსგავსება… რაც ახლა ვთქვი მერე ავხსნი. მნიშვნელოვანი წვრილმანები, მხოლოდ ბოლოსთვის უნდა დავინახოთ. ამიტომ, ვუბრუნდებით სისხლიან ძალაყინს.

“ის”, ანუ გურამი – გლენი მოცელილივით დაემხობა მუხლებზე და სასწრაფოდ შეუდგება საფეთქლების სრესას. აკანკალებული თითებით ცომივით იზელს კანს და ცდილობს იღიღინოს. პაგანინის – La Campanella…მარტოსული ვიოლინოს მხოლოდ, ეს გენიალური წრიპინი და მუსიკის მწყობრი, მექანიკური რითმი, შველის ნამდვილ და ჰიპერრეალურ სამყაროთა შორის – არ გაჭედვაში, არ გაჭყლეტაში. პარამ – პამ – პამ… გრძელდება სიმებზე, ხემით დაუვარცხნელი მოძრაობა, რომელსაც ბაროკოდან მოპარული ფალცეტური ნოტა – ჰანგი ცვლის და ეს მელოდია გადადის ჩანჩქერის მჩქროლვარე დინებაში… მასაჟი და პაგანინი ამშვიდებს მას. ლოცვასავით დუდუნებს :

რასაც ვხედავ, მხოლოდ გადაღლილი წარმოსახვის გარდაქმნილ რეალობად განფენაა და არა სინამდვილე. არა, ნამდვილი ცხოვრება. ირგვლივ არსებული სამყარო, მხოლოდ ხედვის ერთი კუთხიდან დანახული შთაბეჭდილებაა და არა სიმართლე, არა ჭეშმარიტი სინამდვილე! რასაც ვხედავ, მხოლოდ გადაღლილი წარმოსახვის გარდაქმნილ რეალობად განფენაა და არა სინამდვილე. არა ნამდვილი ცხოვრება. ირგვლივ არსებული სამყარო, მხოლოდ ხედვის ერთი კუთხიდან დანახული შთაბეჭდილებაა და არა სიმართლე, არა ჭეშმარიტი სინამდვილე! რასაც ვხედავ…

ტარარარარარარა! დუმპუპუდუმპუმპუმპუდუუ! ვიწიიწიიწვიწიიწი! ტარარარარა!.. ეს ქაოტური ხმებია – კოსმოსის ხმაურებრივი ალეგორია.

დღეს სხვათა შორის, სლავური ტიპის გოგონა ვნახე, ცისარტყელას ფერებით მორთული დეკოლტეთი იჯდა მეტროს ვაგონში და ვითომც არაფერი, ყაისნაღით ქსოვდა რაღაცას. საქსოვი ძაფი ედო, ხორცისფერი თავის ქალა ნაქარგ ნაჭრის ჩანთაში. სევდიანი და ამავე დროს მშიერი ლურჯი, ოკიანისებრი თვალები ჰქონდა. ანუ?

ანუ როცა რაღაცას ქმნი, და ის მთლიანად იპყრობს შენს ცნობიერებას, ასეთი ყოფითი რაღაცეები, ყოველთვის მინიშნებების საფუძველს იძლევა. შთაგონება ასე გეხმარება. გიჯიკავებს სწორი მიმართლებისკენ. მინიშნებებს კი ახალ სიღრმეებისკენ ან სიმაღლეებისკენ მიჰყავხარ! წარმოიდგინე. ზაფხული. კვირის ბოლო დილა. ხალხი კანტი – კუნტად დადის მეტროში. ვაგონში, მხოლოდ რამოდენიმე მგზავრია და მათ შორის ეს საბედისწერო ლამაზმანი. საბედისწერო?

მააშ, დამავიწყდა აღმენიშნა, ის რაც ეცვა, სპეციალურად იყო ისე ჩამოქაჩული, რომ ვენერას ღრმულზე მიეზიდა დაგეშილი მამრის მზერა. მე მამრი ვარ. ამჯერად, მხოლოდ შემოქმედებაზე დაგეშილი. ეს, ხომ ბევრ რამეს ხსნის. მისი ქსოვა ყაისნაღით, ხის ერთი სქელი ჩხირით – ესეც სიმბოლოა. მიქელანჯელოს თითი – სიქსტის კაპელაზე. საქსოვი ძაფი, როგორც ცხოვრების უწყვეტი დინება, რომელიც სიკვდილის სიმბოლოიან ნაჭრის ჩანთიდან ამოდის და ღმერთმა იცის რად იქსოვება. ძაფი რა ფერი იყო? არ მახსოვს. ტალახისფერი. დიახ თიხისფერი – ტალახისფერი! ტრაწისფერი! არა ტალიზისფერი! ბედი და შემოქმედება სხვა ფერის ძაფით არ იქსოვება!

ჰოო, რაზე გეცინება?!

-რა, არ იცი – “თუკი ფანჯარაში ორნი იყურებიან, სადაც მოჩანს მხოლოდ გაზაფხულის ბაღი, ისინი მ ა ი ნ ც  სხადასხვას ხედავენ”, “მე ვხედავ, შენ დანახულ სხვანაირ ხედს”…

იყო კიდევ ერთი შემთხვევა, რომელმაც ჩანასახში მყოფ “ბედნიერი უიქენდს” ბიძგი მისცა, რათა ის გარკვეული ფორმისა და მოცულობის მქონე პროექტად ჩამოყალიბებულიყო. ანუ ჩემთვის ნიუტონის ვაშლად გადაქცეულიყო. ქუჩაში იდგა, ვიდექი, უფრო სწორად “ვიდგა” (იდგა + ვიდექი) და შემთხვევით ყური “მოვჰკრა” (მოჰკრა + მოვკარი) მზესუმზირისა და გაზეთების გამყიდველების საუბარს:

რა აპირებ ამ შაბათ – კვირას?

რას უნდა ვაპირებდი? შენ უნდა გაგიჩინო თვალებში “მაზოლები”.

აბა ბედნიერ უიქენდს გისურვებთ!

უიქენდი ვუიქედი შენა!!! ჰაჰაჰა!

აქაც ბედნიერი უიქენდი. მერე კიდევ მეტროში თითქოს ყურში “ჩაჰმგვყვირესო” (ჩაჰყვირეს + ჩამყვირეს). გოგო ემშვიდობება ბიჭს:

ბედნიერად!!! მომავალ უიქენდამდე!

 

 

 

1 2 3