-აქ, რისთვის ჩამოხვედი? იქ, უნდა დარჩენილიყავი სადაც დაგინახეს, შეგამჩნიეს, მოგცეს საშუალება პროფესია მიგეღო?! –  პირველივე შეხვედრაზე შეაგონა “მაქციამ” და კბილები დაუკრიჭა – გ ა უ ღ  ი მ  ა. ასე აეხილა თვალები და დაინახა ადამიანში (მერე ადამიანებში) ჩაბუდებული მითიური ქმნილებები. ოჰ, მაი გოტთ?!

“მაქცია”, მისი კერპი იყო, რომლის შემოქმედებას თავის სასიცოცხლო წყაროდ თვლიდა.

ამ “მგელ-კაცას” მიერ თავის დროზე დაწერილი სადიპლომო ნამუშევარის – პიესის კრიტიკულმა ანალიზმა, საშუალება მისცა, უმაღლესი დონის შემოქმედებით კურსებზე მოხვედრილიყო.

– ეგებ აქაც რაიმე გამომივიდეს?

– აბა, ცადე! – კვლავ გაუღიმა მაქციამ” და ზურგი შეაქცია.

ავტომატი არ ჰქონდა წამოღებული, თორემ დახვრეტდა… პირდაპირ მიუშვებდა ტყვიების რიგს. ჩაცხრილავდა იმიტომ, რომ მისმა კერპმა სიმართლე უთხრა… და კიდევ დახვრეტდა იმიტომ, რომ დასახვრეტი ყოფილა…

ისე, კაცი რომ დაფიქრდეს რას ერჩოდა? – “მგელ-კაცამ” თავიდანვე გადაასხა ცივი წყალი, გააგებინა ყველაფერი და დაულაგა საქმის ვითარება . არ მიუკიბ-მოუკიბია, ქვიშის, ან ოცნების კოშკები არ აუგია მისთვის. პირდაპირ უთხრა, რაშიც იყო საქმე. პროკურორივით დაუდგინა მისი დანაშაული და შუბლზე დააწერა – შენ ხარ მტერი, იმიტომ რომ მე არ გაგზარდე, ანუ ჩემი სტუდენტი არ იყავიო. კი, მაგრამ მე ხომ გავიზარდე თქვენს… ეჰ, გულუბრყვილო მტერი ნომერი პირველი. ჰოდა, არარსებული ავტომატიდან მაინც მიაცხრილა. იიფ, რა დააყარა! სულ საცერივით დახვრიტა. მერეც ხშირად ჩაუდენია ასეთი მკვლელობები. თან ისეთების მიმართ, ვისზეც ადრე ლოცულობდა.… მტერი რომ დაძლიო, მისგან უნდა ისწავლო :

“ადამიანს… თუ ავიწყდება ბავშვობის მოგონებები,  საშიში ხდება. ბავშვობა ერთადერთია, რაც გვაძლევს საშუალებას, ვინც არ უნდა გავხდეთ, რაც არ უნდა ვაკეთოთ და სადაც არ უნდა ვიყოთ, დავუბრუნდეთ იმ ბილიკს, რომელსაც ადამიანობამდე მივყავართ. თუ ბავშვობა არა გაქვს, ყველაფერი მსუბუქი და ადვილი საკეთებელი ხდება. ეს არ არის სულიერი სიმსიბუქე, ესაა ფსიქოლოგიური სიმჩატე, როცა წონას აღარაა აქვს მნიშვნელობა. ჯვრის, ნახევარმთავარის, თუ კარმის სიმძიმე აღარ გაწუხებს. რატომ ბავშვობა? რატომ მაინცდამაინც ეს დრო… კიდევ კარგი ამაზე პასუხი არა მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ბავშვობა თუ დაივიწყე, ადამიანი ვეღარ იქნები…  ბავშვობა, შემოქმედებით წარმოსახვას მხიარულს და ნათელს ხდის. დავიწყებული კი…” -ნაწყვეტი “მაქციას” სადიპლომოდან… “სადაც მოხვდები (წახვალ) იქაური ქუდი დაიხურეო”…

მოკლედ ყველაფერი, სიბნელიდან – ეკრანიდან მაყურებელზე სახეში საღებავების მთელი სათლის შესხმით იწყება.

სადღაც რემონტია. რატომ? რისთვის? – ეს, მერე აიხსნება. ფაქტია, ოთახებს სასწრაფოდ აახლებენ, რაღაც ცუდსა და არასასიამოვნოს ფარავენ, მალავენ, ან შლიან ამ საღებავებით…

კაკუნი. შრაშუნი. შრიალი. ნაბიჯები. საუბარი. ბურღის ხმა. ლესვა. ფხეკა და… ბა-ბახ!!! კივილი!.. სუნთქვა – ღრმა, სწრაფი, ქშენით და კიდევ რაღაც საშუალო, ვნებიან ამოოხვრას, ემოციურ ხავილსა და მგრძნობიარე ხრიალს შორის.

წჟუუც! “უუუუ” – “უუუუ” … სრული უკუნეთი. სიბნელეში იკვეთება მქრქალი, თეთრად მფეთქავი ბურუსი. ის, ნელნელა იფანტება და მთელ ეკრანზე ჩნდება გოთურ სტილში შესრულებული ფილმის დასახელება: შინაარსიანი უიქენდი

დინდ – დუნ – დინ – დუნნნ! ეს მუსიკაა. თუმცა კამერტონის მჭახე, განმეორებადი ხმა დინდ – დუნ – დინ – დუნნნ, ყველაფერს ფარავს – დინდ – დუნ – დინ – დუნნნ, და აუფერულებს… ამას ერთვის გულისცემაც!  ბაგა – ბუგ. ბაგა – ბუგ… დააა, ჩამოვარდება სულის გამაწვრილებელი “ჰა-ხახა-ჰახ?!” სრული სიჩუმე. სშშშშშშ! ყრუ მდუმარება… როცა თითქოს სმენა დაკარგე და მხოლოდ გესმის, ყურის ბარაბნებში მფეთქავი სისხლის ხმა. დროის მკვლელი მდუმარება. შშშშშშშშშშშშშშ!

არა და ამდროს ირგვლივ – ჩვეულებრივი გარემოა. სოფლის, თუ აგარაკის იდილიური ბუნება. პასტოირალი. ნამდვილი გაზაფხულის მხიარული დღე, მხოლოდ… რაღაცნაირი… უფრო გამძაფრებული… ანუ მკვეთრი, შხამიანი, თვალის მომჭრელი და გამაღიზიანებელი ფერებითა და მომწამვლავი მძაფრი, მკვეთრი ფორმებით… თითქოს თვალებში დეზედორანტი, ან წიწაკის სპრეი შეგასხეს. სუნი მძაფრი, ან სასიამოვოა, მაგრამ გწვავს, სიმწრისგან ყვირი, ლამისაა დაბრმავდე?! აააააააა!

ფშვიტ – ფშვიტ! შენს გარშემო კი იდილირუი ბუნებაა, რომელსაც  ჰ კ ი დ ი  ხ ა რ.

სამყარო ხარობს – ხასხასებენ ხეები, გაფურჩქნულ ყვავილებზე პეპლები დანავარდობენ. თუმცა, ეს ყველაფერი მნახველში ბედნიერების, ხალისის და განახლების შეგრძნებას მაინც არ ბადებს. სიცოცხლის, აღორძინების ძალით გაჟღემთილი არემარე აფრქვევს… უარყოფით, დამთრგუნველ, შიშისმომგვრელ ენერგიას.

დახუჭე თვალები და წარმოიდგინე – ეკრანზე აღბეჭდილი ხედები, მცირეწლოვან მეძავთა ბორდელის შთაბეჭდილებას ტოვებს. სადაც სექსუალური ძალადობის, დამცირების, ცემა-წამების ფაქტები რომ დაიმალოს, დალურჯებულ ბავშვებს კვასკვასა ფერუმარილებითა და საღებავებით ფარავენ. ხ ა ტ ა ვ ე ნ. საშინელ სინამდვილეს – აკოწიწებენ ბაროკოს ბრწყინვალე, მოციაგე – მოციმციმე სტილში. ესაა, ნათელ და ხალას ფერებში გადაწყვეტილი ადამიანური ლეშის საცავი, მორგის შენობა; სულიერებისა და სიმშვიდის სასაკლაო. ამის დასტურად უეცრად გამოჩნდება თავისქალიანი პეპელა – Acherontia lachesis. გაფარფატდება, აფარფატდება, დაფარფატდებს დააა… მას მერცხალი ნისკარტს წაავლებს… დან-დან-ან. შესასნლავს. ბაგა – ბუგ. ბაგა – ბუგ… გამოსახულება შავად ფეთქდება და ვხედავთ, ლამაზ კოხტა სახლს. აი, თურმე საიდან ისმოდა რემონტის ხმა. ბაღის ჟანგიანი ონკანიდან წვეთავს კამკამა წყალი. წკაპწკაპ. წკაპწკაპ. კიდევ ისმის, ჩიტების ჟვილ-ხივილი, ჭიკჭიკი. თხუნელა, ეს საყვარელი, მაგრამ ბრმა არსება ხვრელიდან ამოყოფს თავს. დინგს ააცმაცუნებს. კატა, ფისუნია, მიაპყრობს მას თავის ოკეანისფერ თვალებს და ხორკლიანი ენით, დრუნჩზე ლამაზად აწკეპილ ბუსუსებს აილოკავს. ირგვლივ დაახლოებით სულ ეგეთი რამეები ხდება… მაგრამ აღარ ვაგრძელებთ ამ ყველაფრის აღწერას, აქ არ ვჩერდებით, მოწყვეტით შევდივართ სახლში და პირდაპირ შესასვლელში ვეჯახებით მას,  .

ვინ არის ის? თითქოს, ჩვეულებრივი “მტკნარი”, უშინაარსო ქმნილებაა. ქუჩაში ყურადღებას, რომ არ მიაქცევ, ისეთი; მაგრამ თავს მაინც გამახსოვრებს. ნეტა, რით? თვალებით? თავის ქალის ფორმით? ეგებ, სახის უცნაური გამომეტყველებით? რაიმე გარეგნულად შესამჩნევი ფიზიკური დეფექტით? ეგებ  იმ ტალახივითაა, რასაც ვერ ამჩნევ, მანამ  ფეხს არ ჩაკრავ მასში? არ ვიცი. თუმცა დარწმუნებული ვარ – თუ მას, ერთხელ მაინც მიაქციე ყურადღება, აუცილებლად დაგვამახსოვრებინებს თავს და მორჩა.

მნიშვნელოვან წვრილმანებს, ამბის განვითარების მანძილზე ყოველი მაყურებელი თვითონ, გუმანით, ინდივიდუალურად მიხვდება, ჩაწვდება და შეიმეცნებს.

საათს ციფერბლატი სისხლიანი რატომ აქვს? – არა ხრინწიანი, არამედ ანგინიანი ხმით, ხავილით კითხულობს; შიშნარევი მზერას მოავლებს ოთახს და აქერცლილ ტუჩებს კატასავით აილოკავს.

აქ, ამ სახლის შიგნით – ზემოთ აღწერილი “გაზაფხულის” მსგავსად, არა თავსებადი, არაბუნებრივი, არა ნამდვილი, ცრუ გარემოა. რეალურ სამყაროში, ვიღაცის უგემოვნებო, დამახინჯებული ფანტაზიით შექმნილი იაფფასიანი, ე.წ. “მეშჩანური სამოთხე”. ქერუბინებითა და ყვავილებით მოხატული შპალერი, ყალბ თეატრალურ სივრცეს და ატმოსფეროს ქმნის. თითქოს, ერთი ჩქამი და გვერდითა ოთახიდან, ვამპირის სტილში გამოწყობილი გაურკვეველი სქესის ადამიანი გამოვა, კრინოლინის შიგთავსიან კაბაში, ბეჭებზე მკვახე შინდისფერი მანტილათი შემოსილი; ამ “ცრუ ლედის”, ხორბლისფერ, ხუჭუჭა თმას, კაკაბის ბუმბულით დამშვენებული, სამკუთხა კომშისფერი ქუდი, მხოლოდ ნაწილობრივ უფარავს…ამ ბავშვთა ბორდელის “მამაშას”, სახე გრიმის სქელი ფენითაა აქვს დაფარული და თვალები, ლურჯი “ტონით” ზედმეტად ამოყვანილი…

მაგრამ ეს, არ ხდება. “მამაშა” არ ჩნდება, რადგან გმირს, ხელიდან გასისხლიანებული ძალაყინი უვარდება. გასისხლიანებული…  გასისხლიანებული…

მაყურებელი ვერ მიხვდება ეს სისხლია, ალუბლის მურაბაა, თუ საღებავი, მაგრამ მკითხველი, ხომ უნდა დავძაბო? ამიტომ, პირდაპირ შუბლში ვესვრი ამ “გასისხლიანებულ ძალაყინს”. მერწმუნე, ეს, მისი ფანტაზიისა და ცნობისმოყვარეობისთვის, შთამბეჭდავი მოხვედრა – მორტყმა იქნება… გასისხლიანებული ძალაყინი შენელებულ კადრებად განწებოვნდება დაკოჟრილი თითებიდან. მოელვარე პირით დაეჯახება მუხისფერ პარკეტს, სისხლის წვეთები ჭიაყელებივით გაიწელება სხვადასხვა მიმართულებით. ისინი, მოსწყდებიან ლაპლაპა ზედაპირს, გაიფანტებიან და მიეშხეფებიან ირგვლივ ყველაფერს – სალათისფერ ფარდებს, ყვითელი მარმარილს ბუხარს, რძისფერ კედელს და ა.შ.

მოდი “გმირს” დავარქვათ… გურამი… გაკვირვებული, დაბნეული “მტკნარი” გურამი, დგას იმ დროში, იმ გარემოში და იმ სივრცეში, რომელზეც ოცნებობდა, რაც ესიზმრებოდა და რაზეც ამ ბოლო დროს, ხშირად ხელშესახები, ხორცშესხმული ხილვები ჰქონდა.

ის, რასაც შეიგრძნობდა, ანუ წარმოისახავდა – ისეთი ნამდვილი და ნატურალისტური იყო, რომ შეუძლებელი ხდებოდა ფანტაზიისა და ცხოვრების ერთმანეთისგან გარჩევა.

ეს, მოსწონდა გურამს. ეს, იზიდავდა და თან აშინებდა კიდეც. ორი კითხვა, მძიმე, ათასნაირი წვრილმანით და ნუგბარით სავსე ხურჯინივით აწვა, ხან მარჯვენა და ხან მარცხენა მხარეს და არ იცოდა რა ეღონა:

სადაა სინამდვილე? სადაა წარმოსახვა? როდის ცხოვრობდა? როდის ხდებოდა საკუთარი ზმანებების გარემოცვაში? როცა მოსწონდა, თუ არ მოსწონდა ის, რაც ხდებოდა ირგვლივ? ეგება მაშინ იყო მისი სამყარო ნამდვილი, როცა ვერ იტანდა იმას, რასაც ხედავდა? რა შეგრძნება განსაზღვრავდა სინამდვილეს და რა მირაჟს?  ვერ ხვდებოდა, როდის იწყებოდა ცხოვრება, და როდის ენაცვლებოდა მას ფანტაზია, წარმოსახვა, ოცნება… მაშინ, როცა ხედავდა მის ირგვლივ უეცრად წარმოქმნილ და თვითნებურად მინდინარე ამბებს, თუ მაშინ როცა უყურებდა, როგორ ხედავდა ის, იმას, რისი უშუალო თანამონაწილეც იყო?

კითხვაც კი გრძელი, თითქოს უაზრო და ბურუსით მოცული გამოსდიოდა, რადგან რაც არ უნდა მომხდარიყო გურამის ირგვლივ – სინამდვილეში, თუ წარმოსახვაში, ის ყოველივე ამ ისტორიის, მოვლენის, მოქმედების უნებლიე თანამონაწილე ხდებოდა. უნდოდა ეს თუ არ უნდოდა. აზრები, შეგრძნებები, ემოციები – ყველაფერი მძაფრად მოქმედებდნენ მასზე და შესაბამისად ხელს უშლიდნენ, სწორი ხაზის გავლებაში წარმოსახვასა და არა წარმოსახვას შორის. არ იცოდა სად იდგა, როცა ცდილობდა ნამდვილი მხარის არჩევას.

 

 

1 2 3