კონტროვერსიული პოლონელი რეჟისორი, რომან პოლანსკი, 18 აგვისტოს 88 წლის შესრულდა. პოლანსკის ფილმოგრაფია მრავალ საკულტო მნიშვნელობის სურათს მოიცავს, იქნება ეს „ღოზმარის ბავშვი“, „ჩაინათაუნი“ თუ „პიანისტი“, მაგრამ დღეს, მის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული, მაგრამ ნაკლებად დაფასებული ნამუშევრის შესახებ მინდა ვისაუბრო. ეს გახლავთ პოლანსკის სოციალურიმისტერია, სახელწოდებით „მდგმური“.

ფილმის სიუჟეტი პოლონელ ემიგრანტზე მოგვითხრობს, რომელიც პარიზში ცდილობს ბინის ქირაობას (აქ წინდაწინ იქმნება მაყურებლისთვის მზაობა, რომ მთავარი გმირი, სამშობლოდან დასავლეთ ევროპაში გადახვეწილი რეჟისორის პირადი გამოცდილებების მხატვრულ ინტერპრეტაციად მიიღოს). შენობას პირველივე კადრებში (პერსონაჟების გამოჩენამდე) გვაცნობს რეჟისორი. ოპერატორ სვენ ნიკვისტის კამერა მაგიურად ლევიტირებს ოთახის დახურულ სივრცეში, გვიჩვენებს მის ანატომიას, პერსპექტივას, ფუნდამენტს, რის საფუძველზეც დასაწყისშივე იქმნება ფსიქოლოგიური სიმძიმე, რასაც სულ უფრო გაეზრდება ინტენსივობა და არ შეწყდება საფინალო ტიტრებამდე. რა სირთულეს უნდა წარმოადგენდეს ხომ წესით ბინის ქირაობა? თუმცა მთავარ პერსონაჟს, ტრელკოვსკის, საკმაოდ დიდი წინაღობები აღემართება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ახალ ბინაში, საკმაოდ მაღალი ტარიფით და არც ისე კომფორტული პირობებით, როგორც იქნა, დაიწყებს ცხოვრებას.

ჟანრულად ნამუშევარი საკმაოდ ეკლექტურია, მასში ერთბაშად არის ფსიქოლოგიური ტრილერის, მისტიკის, სატირის და საშინელებათა ჟანრის ელემენტები, მოვლენების ცვალებადობაც მუდამ მოულოდნელი და არასწორხაზოვანია, აქედან გამომდინარე, იქმნება სივრცე მისი მრავალმხრივი ინტერპრეტაციისათვის. პოლანსკის ოსტატურად შემოყავს ნარატივში სხვადასხვა მოტივები, იქნება ეს ეგვიპტური მითოლოგია, მენტალური აშლილობა თუ ზებუნებრივი ხასიათის მოვლენები, თუმცა სურათის ცენტრალური საკითხი უცხოს მიუღებლობაზე დგას, ამ ტერმინის მრავალმხრივი გაგებით.

მთავარი პერსონაჟი კორპუსში მცხოვრები წვრილბურჟუაზიული სეგმენტისთვის არის განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, კლასობრივად სხვა, უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ადამიანი. იმისათვის, რომ საკუთარ რიგებში მისცენ არსებობის შესაძლებლობა, ის მაქსიმალურად უნდა დამორჩილდეს მათ მოთხოვნებს და მოერგოს მათ დღის წესრიგს, დაექვემდებაროს და გაატაროს მათი რიტორიკა. ეს რიტორიკა კი მჩაგვრელი ხასიათისაა და მხოლოდ პირად ინტერესებზეა მორგებული. ოთახიდან პატარა, ელემენტარულ ხმის გასვლაზეც კი, ტრელკოვსკის დაუყოვნებლივ გაჩუმებისკენ მოუწოდებენ, საყვედურობენ, ემუქრებიან გასახლებით, ერთი სიტყვით, უწყობენ ფსიქოლოგიურ ტერორს, რადგან ის თვისობრივად ვერ თავსდება კორპუსის მაცხოვრებელთა კასტაში (ვერც კლასობრივი, ვერც ეთნიკური ნიშნით), ამიტომ ისინიც გამუდმებით ცდილობენ საკუთარ კომფორტს მოარგონ ახალი მდგმური, დააპროექტონ ისე, როგორც მათი კომფორტისთვის იქნება მისაღები, როგორც მათ ვიწრო ინტერესებს, პრესტიჟს და იმიჯს დააკმაყოფილებს.

მუდმივი რეპრესიის ქვეშ მყოფი მთავარი გმირი ნელ-ნელა მართლა განიცდის მეტამორფოზებს, როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჭრილში, თუმცა ბოლომდე იბრძვის, საკუთარი ოპრესორების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, საკმაოდ სასაცილო, და ამავდროულად, შემაძრწუნებელ ეპიზოდებში, ვხედავთ, რომ საზოგადოების სამსახურში მყოფი ისეთი წესრიგის დამცველი ორგანოც, როგორიც პოლიციაა, ტრელკოვსკის როგორც უცხოს, ისე უყურებს, ხოლო სამართლის განხორციელების აქტს პირადი სიმპათიების მიხედვით აღასრულებს. მთავარი პერსონაჟი მუდამ ესაუბრება მეზობლებს საკუთარ პრობლემებზე, უზიარებს თავის შეხედულებებს, თუმცა არავის უნდა მისი მოსმენა, მის მიმართ ინტერესი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ის კორპუსის ბინადრებისათვის ჩვეულ „მყუდროებას“ არღვევს ყოველდღიურობისათვის დამახასიათებელი რუტინული და ბანალური აქტივობებით. მაგრამ როდესაც ტრელკოვსკი სახლში მარტო რჩება, მას ყველა მეზობელი აყურადებს, აკვირდება და განსჯის.

იმისათვის, რომ ფილმის ხილვისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ, რაც ნაკლები გეცოდინებათ მისი სიუჟეტური განვითარების შესახებ, უკეთესია, ამიტომ ზედმეტი დეტალის გამხსელისაგან თავის ასარიდებლად, სურათისტექნიკურ ნაწილზე გადავიტან საუბარს.

პოლანსკი კონკრეტული სცენების ფსიქოლოგიური განზომილების გასაღრმავებლად ორკესტრულ მუსიკას იყენებს, კომპოზიტორი ფილიპ სარდი მრავალფეროვან აკომპანიმენტს ქმნის, თბილი, კომფორტული მელოდიებით დაწყებული და შემზარავი, პარანოიდალური განგაშის გამომხატველი ჟღერადობით დასრულებული, როდესაც იმის გარჩვაც რთულდება თუ რომელი საკრავი გამოსცემს ხმას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მეტაფიზიკური საფრთხის შეგრძნებას. სვენ ნიკვისტის კამერა ჯადოსნური ჯოხის მიერ მონუსხული ნივთივით ლევიტირებს, ვიწრო ინტერიერში კომპლექსური მოძრაობებით გაცილებით დიდი სივრცის ილუზიას ქმნის, რომელიც სულ უფრო იზრდება და აპატარავებს მთავარ პერსონაჟს. პოლანსკი თავად გვევლინება მთავარ როლში და მისი არაერთი სამსახიობო შესრულებიდან, ყველაზე დასამახსოვრებელ და საინტერესო გმირს გვიხატავს. იზაბელ აჯანი კი უშრეტი სექსუალური ენერგიით და მელანქოლური განწყობებით ვიბრირებს. მოკლედ, მოემზადეთ მხიარულებით და ისტერიით სავსე ნაწარმოებისათვის, რომლის დასასრულსაც საკმაოდ დიდი თავსატეხი და ბევრი საფიქრალი დაგრჩებათ.