ილიჩის ნატურა     

„უბრალო კეპი, უბრალო პალტო… ის გადიოდა კრემლიდან მარტო და ბავშვებისთვის გაჰქონდა პური…“ რამხელა „პურიზმია“! არადა, შოთა ნიშნიანიძის ლექსშიც ისე უბრალოდ და ადამიანურადაა დახატული ეს სატანა, რომ ტირილი მოგინდება. ისე, ყური მომიკრავს, თუ იგივე ბავშვები, ერთხელ, სმოლნის აივნიდან ეზოში როგორ გადააძახებინა იროდის შთამომავალმა – სახკომსაბჭოს ბერწმა თავმჯდომარემ. აი, ყრმათა ამოჟლეტის ლამის ბიბლიური აქცია! ესეც – ჩემი სატირალია! რას იზამ, ყველაფერი ხდება ლენინიც ადამიანი იყო, ხანდახან სიშმაგეც წამოუვლიდა ხოლმე; ოღონდ, ეს განსაკუთრებული სიშმაგე იყო, პლატონისეული „თეია მანია“.          

„აი, ასეთი, მხოლოდ ასეთი, სწორედ ასეთი მწამს კომუნისტი“…

აი, ასეთი, როგორც ნიცშე იტყოდა, „ადამიანური, ერთობ ადამიანური“ ილიჩი გაგვიცოცხლა ამხანაგმა ვალიკომ.

ლენინიც ხომ ნიცშეანელი იყო, სტალინი ხომ იყო და იყო… მგონი მეც ნიცშეანელი ვარ, „სიტყვების ფაბრიკანტი“…

1960-იანი წლებიდან, ა ს ს რომ მიუახლოვდა, ლენინი ისევ ილიჩი გახდა, მაღალი პიედესტალებიდან ძირს ჩამოვიდა, ბელადის ტრანსცენდენტური იმიჯიც დაკარგა და ისევ თავის პაწია, იმანენტურ ტანს დაუბრუნდა.  

ეს იყო ლენინის მონუმენტური ხატის მზარდი ლილიპუტიზაცია. იოფანისეულ პროექტანტულ ოცნებად, განუხორციელებელ იდეად შემორჩა საბჭოების სასახლის დამაგვირგვინებელი გიგანტი, ლენინის მელოტ თავში მოკალათებული სტალინის კაბინეტითურთ, „მთელი კაცობრიული კულტურის“ რეპრეზენტანტად რომ უნდა ქცეულიყო და „მსოფლიოს ახალ გეოგრაფიაში“ რომ უნდა შესულიყო, ვითარცა სამყაროს ახალი გადანაწილების მაუწყებელი, მიწისა და ცის ახალი შეერთების, ახალი „დურ-ან-ქის“ მაცნე. საინტერესო ისაა, რომ თავდაპირველ ვარიანტში ლენინი ტიტველი იყო; უნიფხვოდ დატოვებულ ბელადს სერგეი დიმიტრიევიჩ მერკუროვმა მერე კი ჩააცვა შარვალიცა და პიჯაკიც, მაგრამ… არ გამოვიდა ეს საქმე! და ლენინიც ისევ მიწაზე დაეშვა. ასეთი იყო იაკუბონისის მიერ გამოძერწილი ილიჩი… ისე, რამხელა გზა გაიარა ამ ბედშავმა ილიჩიდან ლენინამდე, მერე კი ისევ ლენინიდან ილიჩამდე, არა?           

ერთხელ მიხაილ ანდრეიჩს – სუსლოვს ჩვეულებრივ მიუმართავს ბრეჟნევისთვის:

– Леонид Ильич…

– Зовите просто Ильичём, – თავმდაბლად უთხოვია გენსეკს. ხედავთ, მარაზმატული მიხრწნილობის ჟამს, ბრეჟნევიც ილიჩობაზე ოცნებობდა თურმე!

აი, ასეთი მეტამორფოზა განიცადა ლენინმა კაციდან ღმერთკაცამდე, მერე კაცღმერთამდე და ბოლოს, ისევ კაცამდე. კაცი კი არა, კაცუნა გახდაო – იტყვის მავანი. მე კი, ამგვარ მეტამორფოზს მაინც ჩერნენკოს ეპოქისათვის დამახასიათებელი ტერმინით დავახასიათებდი – „Человеческий фактор“. რა საყვარლად, მართლაც ადამიანურად ჟღერს!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13