მიქატაძე რაღას ამბობდა, ქანდაკება მისთვისაც სპერმით მზადდებოდა, თუ?! დამშვიდდით, ისიც ხელოვნების ორგანიცისტულ-პერინატალურ კონცეფციას ემხრობოდა! ამიტომ იდგნენ მისი ქანდაკებები მყარად, არც ხელი აკლდათ და არც ფეხი; და მაინც, მის უდღეურ ქანდაკებებსაც სოცრეალისტური მიმეზისის ბაცილა (თუ იმუნოდეფიციტი) ღრღნიდა.

 

მენატურე შტიურკი

იქნებ, ვცდები და ჩვენს „პროვინციალ ფაშისტ“ მოქანდაკეებს, უბრალოდ, მენატურეებში არ გაუმართლათ. აი, ეს ჩვენი ტანდემიც რომ გადაჰყროდა თავის გუსტავ შტიურკს, ისეთ შედევრებს დაგვიტოვებდნენ – გაგიხარია! ეს ის მენატურე შტიურკია, ვისთან შეხვედრასაც ღვთის წყალობად თვლიდა ოტო ბრეკერი; ეს ის ოტოა, ჩვენს ყოფილ სამშობლოზე ნაცისტების მუხანათურ თავდასხმამდე ერთი წლით ადრე დიდმა სტალინმა, პარიზში მყოფი მოლოტოვის პირით რომ შეუთვალა სიმპათიები. კიდევ მეტი: მოსკოვში დაპატიჟა, მაგრამ…      

შტიურკი – დავიხსომოთ გვარი კაცისა, ვის ყალიბშიც ჩამოისხა ჰიტლერის ფავორიტი მოქანდაკის ზეკაცური ნებით აღსავსე ათლეტურ-გიმნასტიკური ფიგურები. ვაგლახ, ჩვენ მინიმონუმენტალისტიკა ზეკაცის ამგვარ იდეალამდე ვერ ამაღლდა. თუმცა, არა! გაივლის ხანი და თოფურიძის ერთი „მემკვიდრე“ პატარა გორში დადგამს ზეკაცი-მზეჭაბუკის ბუტაფორულ ათლეტურ მონუმენტს. ესეც სტალინურ-ნაცისტური ნეოაკადემიზმისა და ასირულ-ბაბილონური ქანდაკების „მკვდარ ენაზე“ მოლუღლუღე „მავნებელი“ არქაიზმის სიმბიოზი. ამ ქანდაკებასაც ტოტალიტარული ვიტამინები აკლდა; ამიტომაც ვერ შეიყვარა ხალხმა. დემოსს ჯანმრთელი ფიგურები უყვარს, ნატურალური ათლეტების ფიგურები. ნამდვილი მზეჭაბუკების ნახვა სწადია ხალს, გულს, ბოდიში ამ სიტყვაზე და, ყვერებიანი ვაჟკაცების ხილვა ახარებს, მაგრამ გენიტალიები ტაბუირებული რომ იყო საბჭოთა მონუმენტალისტიკაში?! ამიტომაც დაგვიკოდეს სპორტის სასახლის წინ მდგომი მზეჭაბუკი, დაგვისაჭურისეს და საკომპენსაციოდ ლეღვის ფოთოლი მიაფარეს.    

რაც შეეხება ჩვენს დუეტს, იგი, ყველა უბედურებასთან ერთად, ცუდ დროსაც გაჩნდა. მისი უსულგულო ნატურალიზმიც გასაგებია. უბრალოდ, ისტორიული დროის ოპტიმუმი არ ეყო, არტისტული ხატოვანება და ფორმალური დისკურსი რომ გამოემუშავებინა. თანაც, ვინ აცალა – 60-იანი წლებიდან ყბადაღებული „მავნე მანერისტები“ გადაეღობნენ, არადა, ჭიათურული „ნიკეს“ ავტორს, თუ გემოვნება არ მღალატობს, უნდა ჰქონოდა არტისტული ექსტატიურობის პოტენცია. ყოველ შემთხვევაში, მისი „გამარჯვება“, თავისი ფორმალური დისკურსით, ფაშიზმის (თუ ნაციზის?) წინააღმდეგ „ზურგიდან მეომარ“ საქართველოში აღმართულ „საფრთხობელათა“ შორის გამორჩეულია.

 

ლენინის მო-თავება  

ხომ ერთგული პარტნიორები იყვნენ, არა?! მაგრამ ლენინთან მონუმენტურ Rendez-vouus მაინც ცალ-ცალკე ამჯობინებდნენ. სტალინსაც ცალ-ცალკე ხვდებოდნენ და ასე „აბეზღებდნენ“ ერთმანეთს. ცალკე შეხვდა მიქატაძე ლენინს… მახარაძეში. ახლაც თვალწინ მიდგას ეს ძეგლი. „ლენინი მოძრაობით მიმართულია წინისაკენ, მოედანზე მყოფი მაყურებლისაკენ, მისი პალტო ფართოდაა გახსნილი, მარჯვენა ხელში უჭირავს ქუდი, სხეულის სიმძიმე წინ გადადგმულ მარჯვენა ფეხზე გადადის, ტანის მოძრაობა და დინამიკა სახის ენერგიულ გამომეტყველებას შეეფარდება. მოქანდაკემ მიაღწია ცის ფონზე ბრინჯაოს ფიგურეს სილუეტის მთლიანობას, შეძლო, გადმოეცა რევოლუციის ბელადის, ტრიბუნის სახე“. და ეს ყველაფერი მასხრობით კი არა, მთელი სერიოზულობით აღიწერებოდა სპეციალურ კიჩ-ტექსტებში. „ალპინისტის“ მამამ სხვადასხვა კალიბრის ძეგლთაგან მთელი ლენინიანა შექმნა – ნიკოლაევსკში, ვიბორსკში, მერე ისევ საქართველოში – თელავში, ხაშურში… იცოდა კაცმა საქმე!   

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13