პოსტმოდერნისტული ეცრიტურე თავისი მუდმივი ამბივალენტობითა და ტრანზიტიული საზრისებით უარს აცხადებს, ტექსტს (და სამყაროს, როგორც ტექსტს) მიღმა ვაღიაროთ რაიმე საიდუმლოება, ანუ დასრულებული საზრისი, და ამგვარად ხსნის თავისი დისკურსის კონტრთეოლოგიურ, რევოლუციურ თავისუფლებას. არ დააბრკოლო საზრისის მდინარება – ნიშნავს უკუაგდო თავად ღმერთი და ყველა მისი ჰიპოსტასი: რაციონალური წესრიგი, მეცნიერება, კანონი… ამას უკვე როლან ბარტი „ქადაგებს“ და სწორედ ესაა ახალი კულტურის რევოლუციური პროგრამა, რომლის ელიტარული ფორმულირებაც, ყველანაირი რევოლუციების ვულგარული საზრისის ესთეტიზირებას მოასწავებს, ოღონდ სულაც არ აუქმებს მათ. ამ კონტექსტში ოპოზიციურად მიიჩნევა რეაქციულად სახელდებული მსოფლმხედველობა. ეს უკანასკნელი პოსტმოდერნიზმში ინტერპრეტირდება, როგორც ტრადიციონალისტური ცნობიერება; და ამ ნიშნით ფაშიზმსაც მიეწერება. მოცემულ მოდელში, „მოდერნიზმის მიუღებლობაც“ ფაშიზმის ნიშან-თვისებად ითვლება. ნიშანთა ამგვარი ჩანაცვლებით კი რაგინდარა „ტრადიციულ“ რელიგიათა და ფაშიზმის იგივეობის იდეოლოგემა იკვეთება. და მაინც, ფაშიზმი, ამ ახალ სემიოზისში, სულაც არაა ის, რასაც რეალურად აღნიშნავს ქერა ბესტიას იდეა, სამხედრო აგრესიასთან, საოკუპაციო რეჟიმთან, საკონცენტრაციო ბანაკებთან და ა.შ. რომ ასოცირდება. ასე რომ, სიტყვა „ფაშიზმი“ სიმულაკრია, საფრთხობელაა და მეტი არაფერი. სიმპტომატურია, რომ ეკლესიის „ახალი“ დევნაც ფაშიზმთან ბრძოლის ლოზუნგით იწყებოდა.      

 

ხედავთ, ფაშიზმი სულაც არ ყოფილა მოდერნიზმის ოპონენტი. სწორედ რომ, პირიქით; ფუტურიზმი და კონსტრუქტივიზმი არ იყო, ფაშიზმსაც რომ შეეხმატკბილა და ბოლშევიზმსაც?! მარინეტი მთელი ცხოვრება ფაშისტი იყო. ჯერ კიდევ 1909 წელს დააფორმულა თავის განთქმულ მანიფესტში იდეები, ნაციონალსოციალისმის იდეოლოგიეს რომ ეხმიანებოდა. რუსი ფუტურისტი – ლეფელებიც ხომ უბრალო,  კომუნისტები კი არა, ჩეკისტები იყვნენ. სხვათა შორის, ჟურნალო „Леф“ გამოვიდა ლენინით ვაჭრობის წინააღმდეგ. „Не торгуйте Лениным!“ – ბელადის სიკვდილისთანავე გაგვაფრთხილეს (თუმცა, მე რა შუაში ვარ?) ამ საცოდავებმა, გაანებეთ თავი ლენინის პორტრეტების პლაკატებზე, მუშამბებზე, თეფშებზე, მაქმანებსა თუ პორტსიგარებზე ტირაჟირებასო (თქვენი), მაგრამ ვინ უსმინა?

ჩვენი სოცრეალისტებიც სარფიანად ვაჭრობდნენ ლენინით. ახლა კი მათი მემკვიდრეები ვაჭრობენ სამამულო მასშტაბის ბელადების ხატებით და ხან „ფაშისტური აჭარის“, ხანაც „ფაშისტური იმერეთის“ დედაქალაქებში წამოჯგიმავენ ხოლმე მონუმენტებს (უფრო შორს ხელი არ მიუწვდებათ!). ეტყობა, ბელადი იმის ბელადია, რომ მისი სახებით (და სახელით) ვაჭრობას ვერსად წაუხვალ. ბელადები გვაჭმევენ პურს! თუმცა, მე ვინ მაჭმევს?! ხო, მართლა, ფაშიზმ-ბოლშევიზმისა და მოდერნისტების – „მაიმუნებისა“ და „ადამიანების“ ნათესაობაზე რომ გიყვებოდით, გამომრჩა,  თანამედროვე რუსეთში ფაშისტური დაჯგუფებების ლიდერები შეთავსებით პოსტმოდერნისტობდნენ კიდეც. მაგალითად, ედუარდ ლიმონოვის ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტია როკ-ბოჰემის ადეპტია; „ედიჩკას“ მხარს უბამენ „პოპ-მეხანიკის“ ცხონებული ლიდერი სერგეი კურიოხი, „ეგორ“ ლეტაევი (როკ-ჯგუფი „ჩე დანს“), სერგეი ბუგაევი – „აფრიკა“, პოეტი ალექსანდრ ცვეტკოვი, მეამბოხე ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგი, ჟურნალისტი იაროსლავ მოგუტინი და ვინ იცის, კიდევ რამდენი გმირი და რამდენი კიდევ…

ახლა, ისევ ჩემი „ფაშისტი“ პროტაგონისტის პერინატალურ კონცეფციას დავუბრუნდები… როგორც ანტიკურობის ადეპტისათვის, მისთვის ქანდაკების კეთება –  ბავშვის კეთების აქტთან და შედეგად, ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან იყო გაიგივებული. არადა, ქანდაკებას რომ თავი დავანებოთ, რა ქნას კაცმა, თუ მონდომებით ჩატარებული კოიტუსის მიუხედავად, მაინც მახინჯი ბავშვი გაუჩნდა, რა უყოს ინვალიდ ბავშვს, ძველი ბერძენივით მიასაკლავოს? ეჰ, ეტყობა, არ იცოდა თოფურიძემ ინვალიდი შვილის ფასი, თორემ… თვითონ რა უჭირდა, „ანგელოზივით“ ბავშვი ჰყავდა და თავი, მიქატაძის ალპინისტისა არ იყოს, ქუდში ჰქონდა. ბუნჩულა ბავშვის პატრონი სხვების მახინჯ შვილებს რას ჩიოდა?!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13