***

სასაფლაო ქვის ქალაქია, ქვის სამტეხლოა, ადამიანის განსასვენებელი. აქ ჩიხებია და გზაწვრილები, ზოგჯერ საფლავი საფლავს არის მიბჯენილი. ვაკის სასაფლაო ქალაქის განუყოფელი ნაწილია, მისი სუნთქვაა, სიჩუმის არშიაშემოვლებული ოაზისია. აქ მოდიან, დროებით ჩერდებიან და მერე მიდიან ადამიანები. ეს წრებრუნვა რიტუალურია. თვითონ სასაფლაო მარადისობის სივრცეშია განფენილი. მარადისობა, ენითუთქმელი მუდმივობა აქ სითხესავით ყველაფერზეა გადაღვრილი – ქვებზე, წარწერებზე, კვიპაროსებზე, რკინის ღობეებზე. დღისით იგრძნობა ეს გადმოღვრილი მუდმივობის ნათელი და იგრძნობა ღამითაც.

ჩემი მტანჯველი  ასეთივე მუდმივი ყოფითობა ხან სად მიმიჩენდა საცხოვრებელ ადგილს და ხან სად. აკი ვთქვი კიდეც, დაოჯახების შემდეგ ერთხანს ბაგებში ვცხოვრობდი და ვაკის სასაფლაოს ხშირად ვუქცევდი ხოლმე გვერდს.

მაგონდება, ბენზინგასამართ სადგურს გავცდი და სასაფლაოს რომ გავუსწორდი, დაუფიქრებლად გადავლახე ზღურბლი, ჭიშკარი შევაღე და ბლანტ წყვდიადში შევაბიჯე. განათებული ტრასიდან შუქი აღწევდა და მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ იქ სააქაო იყო, აქ კი დახშული სივრცე. თუმც ისიც ვიგრძენი, რომ ეს სივრცე არ იყო უცხო და შეუღწეველი. საფლავების მონიკელებული წარწერებიდან არეკლილი სინათლე ნაღველს მგვრიდა და გზას განვაგრძობდი. ღამით ამ გზაზე სიარული განსაკუთრებით მიზიდავდა, რადგან ძილისწინ წარმოსახვით სულ ამ სივრცეში ვეხეტებოდი.

მივდიოდი და მახსენდებოდა, დღისით რა ელფერს სძენდა აქაურობას ქალაქის გარემოსგან გარიყულობა. ეს იყო ადგილი, სადაც არაფერი არ იძვროდა, არ ტოკავდა, არ აპირებდა ადგილმონაცვლეობას. და ამ უძრაობის სიღრმეში ტალღისებურად მოძრაობდნენ კვიპაროსები. მწუხრი კვიპაროსის შიგნით იყო ჩაღვრილი და ძალიან მაღალი ტორსის მოძრაობა შუქ-ჩრდილების მოძრაობას იწვევდა. და კიდევ: აქ იყო ჩიტი, რომელიც მკაფიოდ და მელოდიურად ჟღურტულებდა. ეს ჟღურტული ყველაზე მაღალი კვიპაროსის კენწეროდან ეფინებოდა სივრცეს. სასაფლაოზე შეუმჩნევლად ღამდებოდა.

                                     სადღაც ფერი გადიარს,

                                     სადღაც ღამე დაობდა,

                                     ჩემი თეთრი გადია,

                                     რა უდროოდ დაობლდა,

                                     ჩემი თეთრი გადია

                                     მოდის სასაფლაოდან…

სიბნელეში მოკლედ გადავჭერი გზა. აქ აღარ იყო უკვე ბავშვობა, წყვდიადში გამოჟონილ სინათლის ანასხლეტებში სრული სიუცხოვე იგრძნობოდა. იმწამს ჩემთვის ეს ადგილი სრულიად უცხო სივრცედ იქცა. ყოველივე წამიერად მოხდა. ნაცნობი წყვდიადიდან უცნობ წყვდიადში გადავაბიჯე და ამ სიუცხოვეში თანდათან უფრო ღრმად შევიჭერი. მერე ხელისცეცებით ტრასიდან შემოღწეული სინათლის ხარჯზე მივაგენი კიბისკენ მიმავალ გზას. სასაფლაოდან ტრასაზე გავედი და უკვე ჩვეული რიტმით დავადექი გზატკეცილს…

შიში გამომყვა….

ბაგებში ღამის რესტორანია და მე ვარ ამ ღამის რესტორნის ყველაზე გვიანი სტუმარი. თითქმის სახლამდე მოვაღწიე, მაგრამ არ მინდა სახლში შესვლა და დაბალ მაგიდასთან ჩამომჯდარი სასმელს ვუკვეთავ. ოფიციანტს მცირე ხემსიც მოაქვს. ზაფხულის ღამეა და ფანჯრიდან შორს განათებული ქალაქი მოჩანს. მე დროზე ვფიქრობ, რომელიც სადღაც შორს დარჩა და მე ქალაქის განაპირა მხარეს დამტოვა. მე ვფიქრობ იმ დროზე, აღდგომა – დღეს ბებიაჩემს ვაკის სასაფლაოზე რომ დავყავდი. ვფიქრობ იმასაც, ნაშუაღამევს თუ შევარღვევდი ამ წყვდიადს ჩემსავე წარსულში დასაბრუნებლად. ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებით იქ, საიდანაც წამოვედით, მაგრამ ის ადგილებიც გვეუცხოება. ახლა კი რასაც ვგრძნობდი, ეს უცხოობა აღარ იყო, ეს იყო გარიყულობა. დრომ შეიძლება ადამიანი გარიყოს და იმავე ადგილებში დაბრუნება, სადაც დიდი ხნის წინ უცხოვრია, წარსულში დაბრუნებას აღარ ნიშნავს.

შიში გამომყვა…

და ახლა ვზივარ რესტორანში და განვაგრძობ დროში მოგზაურობას. როცა კვიპაროსებს შორის რიჟრაჟი ჩაიღვრება, დრო თავის სახეს დაკარგავს. არის დღე-ღამის მონაკვეთები, როცა დრო ქრება, უფრო სწორად, დრო შეუმჩნევლად იპარება, საგნებში გადაიღვრება და მუდმივობის ელფერს იძენს. გათენებისას  ყველაფერზე ჟღალი სინათლე ირეკლება – სახლების კედლებზე, ანძებზე, ქუჩის კუთხეებზე, კვიპაროსებზე, თრიალეთის ფერდობებზე, სულ უმნიშვნელო საგნებზეც კი. ჯერ კი ადრეა გარიჟრაჟამდე, შუაღამეა, ღრმა სიზმრების დროა. სიზმრების სიცხადე ღამის რეალობაშია შეჭრილი. მე ვზივარ ღამის რესტორანში, სადაც ცარიელ მაგიდებთან არავის არ ზის და ვფიქრობ იმაზე, რომ ჩვეული კალაპოტიდან ამოვარდნილმა დრო მოვიპარე, არ წავედი ჩვეულებრივად შინ, არ ავუქციე გვერდი სასაფლაოს და წარსულში დაბრუნება ვცადე. საიდან გაჩნდა ეს სიუცხოვე თუ გარიყულობა? იქნებ დიდი დრო გავიდა და გავირიყე იმისგან, რაც ჩემს წარმოსახვაში არსებობდა?! და ასეთ დროს დაბრუნება რეალურ გარემოში ალბათ მხოლოდ სიუცხოვის გრძნობას ბადებს. ვსვამ სასმელს და თანდათან ვიბრუნებ ჩემს წარმოსახვას, ვიბრუნებ იმას, რაც ჩემშია და რისი დაბრუნების ძალაც მხოლოდ მე გამაჩნია. ვტოვებ რესტორანს და მივდივარ სახლში, ეს წარმოსახვა ძილის წინ უფრო ძლიერდება და ზოგჯერ სიზმარშიც გადადის. ყოველივე ეს იყო ადრე.

ახლა კი ზემოდან გადავყურებ ქალაქს. საღამოვდება და მე შემიძლია ჩემი მაღალსართულიანი სახლის მეთორმეტე სართულიდან გავხედო სივრცეს, რომელსაც მწუხრის ხავერდი ნელ-ნელა ეფინება.

 

1 2