ეს არის ჩემი ხედვის წერტილი. საღამოვდება და მე შემიძლია ჩემი მაღალსართულიანი სახლის მეთორმეტე სართულიდან გავხედო სივრცეს, გავხედო თრიალეთის ქედს, ქვემო და ზემო ბაგებს, წყნეთს, შორს, ქედის ხერხემალზე გამწკრივებულ მუქყვითლად მოციმციმე ელნათურებს. იქით ბეთანიაა, კიკეთია, მანგლისია, მარადისობაა, სხვა მხარეა, უკვე განვლილი ცხოვრებაა, ენითუთქმელი ნაღველია. ნუცუბიძის ფერდობიდან გავცქერი სივრცეს, რომელსაც მწუხრის ხავერდი ნელ-ნელა ეფინება. ჩიტები უკვე ხმადაბლა ჟივჟივებენ, თავშესაფარს ეძებენ და სწრაფად სერავენ ცას, რომ საბუდარი მონახონ და მაღალსართულიანი სახლების ნასვრეტებს შეეხიზნონ. ზედ თრიალეთის ქედზე მუდმივი წითლად მოციმციმე ანძა ენთება. იქ რაღაც ელსადგურია თუ სამხედრო წერტილი – წითლად ციმციმებს შუაღამისასაც, წითლად აკვესებს თავის წვეთოვან შუქს წყვდიადის რელიეფზე.

უკვე ბლანტი მწუხრი წვება კვიპაროსებს შორის. ქვემოთ, ვაკის სასაფლაოზე ღამით უცხო ფრინველი მოფრინდა. ღამის ჩიტია, ალბათ ბუკიოტი, ჯერ დუმს, მაგრამ მალე დაიწყებს თავის მონოტონურ გმინვას.

ბავშვობაში და სიჭაბუკეში თუ გამოკვეთილ მელოდიად აღიქვამდი ცხოვრებას, ახლა უკვე, როცა შენს უკან წარსული დგას, უფრო ზუსტი იქნება რომ ვთქვა, ახლა, როცა შენში წარსული შრიალებს, შენ კიდეებშელეწილი ნიჟარა ხარ, ოღონდ სხვისი ყურთასმენისთვის დახშული ნიჟარა. შენივე ხმა მხოლოდ შენ გესმის. ერთი პოეტის არ იყოს, სხვისთვის განდობილი ყოველი აზრი სიყალბეა, უაზრობაა, ქარის დევნაა. და ამიტომაც ბოლომდე ეძლევი შენს თავს, შენს შინაგან ხმას, რომელთან ერთადაც იძინებ და სიზმრებში გადადიხარ. მანამდე კი, ვიდრე დაიძინებ, შენს წარმოდგენაში შენს თვალსაწიერში მოქცეულ საფლავებს შორის დადიხარ და წყვდიადს აკვირდები. აქ სხვა თვალი არ არის, მარტო შენ ხარ, ეს თვალისთვის მუდმივად უხილავი სივრცეა და ამიტომაც სხვისთვის მიუწვდომელი. ეს ვაკის სასაფლაოა, რომელიც ჩემი ფანჯრიდან მოჩანს და საიდანღაც ასხლტება მაღალი ელნათურის მოყვითალო სხივი და საფლავის  ქვას დაეცემა. აქ ფაქტობრივად მეტი არაფერი არ ხდება, მხოლოდ გამჭოლი სინათლის თამაშია. დღისით, რა თქმა უნდა, აქაც აღწევს დამქანცველი ყოველდღიურობის რიტმი და იშლება გაქვავებული მუდმივობის კვალი, მაგრამ ღამით კვლავ იღვიძებს ეს მუდმივობა თუ მარადისობა და ყველაფერს თავის ჩამუქებულ ჩრდილს აფენს. გაუხშოებული ურბანიზმის და მეგაპოლისების ეპოქაში, რომელმაც თბილისის „სისხლის მიმოქცევაც“ შეცვალა, მხოლოდ აქ არის შემორჩენილი სიმყუდროვე.

საფლავებს შორის დარჩენილ ვიწრო გზაზე ურიკა აგდია, გზისპირას გადაჭრილი ჟანგიანი მილიდან კი წყალი მოწვეთავს. მხოლოდ ყოველივე ამის შემხედვარეს შეიძლება გაახსენდეს, რომ  აქაც არის სიცოცხლის ნიშანწყალი, რომ აქაც ელიზიუმია ან პანთეონი, ხსოვნაა და მხსოვნელი, რომელიც ამ მაღალი კვიპაროსების ძირში ეძებს თავის ადგილს.

აქ არის ჩემი ხედვის წერტილი. როდესაც ზაფხულის ბინდში ჩემი მაღალი კორპუსის ფანჯრიდან გავყურებ თრიალეთის გაშლილ ქედს, მე ვგრძნობ მის ფორმას. ამ ქედის კონტური მოძრავია და ტალღოვანი, მისი ყველაზე მაღალი მონაკვეთი კი თითქოს სხვა პერსპექტივაში ძევს და საღამოობით სხვაგვარი შუქით იფინება. თრიალეთის ქედი მარადისობის ნაღვლით არის შემოსილი.

ქედის ქვედა ნაწილში ღამღამობით ელნათურებით განათებული წყნეთის ტრასაა. ეს ტრასა ჩარეცხა ამასწინათ თრიალეთის ქედის ღარიდან მოვარდნილმა წყალდიდობამ და ახალდაბა გადასერა, მერე კი მდინარე ვერეს შეუერთდა და ქალაქში წარღვნად მოვარდა.

მე შევცქერი ჩემი ხედვის წერტილიდან თრიალეთის  ქედზე ელნათურებით განათებულ ტრასას, სადაც მანქანები სინათლის წვეთებივით ერთმანეთის საპირისპიროდ მიისწრაფიან. ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ეს ტრასა მუდმივობა და მარადისობაა. ვგრძნობ, რომ მიიწურა ჩემი ცხოვრების ერთი მონაკვეთი და ამ განათებულ ტრასაზე ისევ მოძრაობენ პაწია სინათლეები…

 

***

ასეა ყოველდღე… საღამოობით ზემოდან დავყურებ ჩემთვის კარგად ნაცნობ ლანდშაფტს, რომელიც თრიალეთის ქედის ქვეშ არის გაშლილი. იქ, სადაც კვიპაროსების და ნაძვების ხშირი ტევრია, ორი – საბურთლოს და ვაკის –  სასაფლაო ემიჯნება ერთმანეთს, შუაში ვერე მიედინება. ვაკის სასაფლაოს ცოტა ქვემოთ ბენზინგასამართი სადგურია, სადაც ღამით არაერთხელ გამივლია, როცა მოგვიანებით ბაგებში ვცხოვრობდი. ჩემი მოხეტიალე ცხოვრების მანძილზე ეს კუთხე იშვიათობას წარმოადგენდა, ქალაქის ამ ნაწილში ნაკლებად მიწევდა ყოფნა, მაგრამ მაინც მიწევდა. ეს იყო ვაკის სასაფლაო, სადაც ბებიაჩემს ბავშვობიდანვე დავყავდი.

ახლა წარმოვიდგენ ნაშუადღევს ვაკის სასაფლაოზე. ზაფხულია, კვიპაროსი შრიალებს, ოდნავ ირხევა და ზღვის მოქცევის ხმას გამოსცემს. საფლავებს შორის გზა ცარიელია და იშვიათად თუ გაივლის ადამიანი, რადგან ჩვეულებრივი დღეა, არც აღდგომის კვირაძალია და არც  რაიმე რელიგიური დღესასწაული.

საღამოვდება და კვიპაროსები ჩრდილებს აფენენ ქვებზე და ქვაფენილებზე. მზე კიდევ უფრო გადაიწვერა და ჩამუქებულ ნაძვების ტევრში ბრჭყვიალებს. შეუმჩნევლად იცლება ვაკის სასაფლაო, მათხოვრები და ჭირისუფლები თანდათან გაიკრიფნენ. მე და ბებია ჯერ კიდევ საფლავთან ვსხედვართ. ბებია საფლავის შიგნით ტრიალებს, ჩამოყრილ წიწვებს და ნაფოტებს აგროვებს, თავს უყრის და ფერდობზე ქვემოთ ნაგავსაყრელისკენ მიეზიდება. მე მოპირდაპირე საფლავის ქვაზე ვზივარ, მაკვირვებს აქაურობა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მალე მოვათავებთ საქმეს და შინისაკენ გავეშურებით. ეს საფლავი ძველია და ირგვლივ ძველი საფლავები აკრავს. აქ ბებიაჩემის დედა – კატო და მისი შვილები არიან დაკრძალულები. საფლავის შუაში დაბალი ქვის სვეტი დგას, რომელზედაც ამოტვიფრულია სიტყვები: „ვერაგულად მოკლული შალიკო“. ეს ქვა იმ ტრაგედიაზე მეტყველებს, რომელიც ჩემს დაბადებამდე მოხდა. შალიკო მოკლეს…

 

1 2