ზაალ ქიქოძის (თბილისი, სკოლა „მერმისი“, XII კლასი) მოთხრობაში მთიელი მამა-შვილის ურთიერთობაა აღწერილი. ნაწარმოები თავიდანვე შთამბეჭდავად იწყება – მამა ფიქრობს და ეს ფიქრის პროცესი მწერლის ხატვის საგნად იქცევა; მამა ფიქრობს ვაჟიშვილის სამერმისო ხვედრზე. შვილი პოეტია და ქალაქში, სხვა სამყაროში მიდის, სადაც ბარში დამხვდურებმა ლექსებსაც თავისი უნდა მიუზღან და სოფლიდან წაღებული ნედლეულიც შეაფასონ და შეისყიდონ. მამა-შვილი გამოსათხოვარ სუფრას უსხედან, ხინკალს ჭამენ. ხნოვანი მამა მოძღვრავს შვილს, ლექსითაც მიანიშნებს გზას და სიტყვითაც არიგებს ჭკუას. მამის რჩევით, ადამიანმა არაგვს უნდა მიბაძოს, ბარში ჩასვლისთანავე უნდა დაოკდეს და დადინჯდეს. ქალაქში ჭკუა-გონებას აფასებენ და არა სიფიცხეს და აფექტურ ქცევას. თავი არავის  უნდა დააჩაგვრინოს, მაგრამ თვითონაც ზედმეტი სიტყვა არავის უნდა აკადროს. ერთ ადგილას მამა ეუბნება შვილს: „შენს ლექსებს რომ მოიწონებენ, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამაზე არ უნდა გაჩერდე, ისევ არაგვივით უნდა გააგრძელო სვლა და არ მოისვენო, სანამ რაღაცას არ შეწვდები“.
მერე კვლავ განაგრძობს დარიგებას: „სიფრთხილეა საჭირო და შენ ეგ არ უნდა შეგეშალოს. ქალაქში ბევრად ადვილია თავის დაღუპვა, ვიდრე მთაში. ჩემმა ორმა ვაჟმა მოახერხა და თავისსავე კუთხეში დაიღუპა თავი. არ მინდა ჩემი უკანასკნელი შვილიც კაი ყმობის დასამტკიცებლად მშობლებზე ადრე შეუერთდეს წინაპრებს“.
მამას შვილისთვის სათქმელი აღარაფერი აქვს. მხოლოდ ერთხელ კიდევ შეახსენებს, რომ ლექსების წერა თუ სურს, სადაც შობილა, იმ ადგილს უნდა დაუბრუნდეს ხოლმე… ვაჟი ემზადება წასასვლელად, ეგ არის, ლექსებიღა დარჩა აბგაში ჩასადები. დედა გამოუტანს ლექსებს და ისიც გაუდგება ქვეყნის გზა-შარას. მამამ კიდევ რამდენიმე სიტყვა უთხარა, ჭაბუკი მამას გადაეხვია, მერე ცხენს შეახტა და ბარისაკენ გასწია.
ისევე როგორც ცალკეული შტრიხები მოთხრობაში, ფინალიც მშვენიერია: „სახლში შესვლის წინ კიდევ ერთხელ გახედა უკვე საკმაოდ დაპატარავებულ მხედარს და მოეჩვენა, თითქოს ჭაბუკი მის გვერდით მიმავალი მდინარისკენ გადახრილიყო და შიგ რაღაცას ეძებდა. კაცს გაეღიმა და სახლში შევიდა.“
მარიამ ჟამიაშვილის (მაღაროსკარის საჯარო სკოლა, XI კლასი) მოთხრობას „ზამთრისპირული ფშავი“  ჰქვია. ბუნებას თავისი კანონები აქვს. ფშავში ზამთარი ახლოვდება და თითქოს ბუნების ამ უზარმაზარ საუფლოში ყველაფერი იცვლება. წელიწადის დროების ეს ციკლური ცვალებადობა იდუმალებას სძენს გარესამყაროს. „ჭიოხებში მხოლოდ დეკას შერჩენია მარადიული სიმწვანე“. გუგულებმა და მერცხლებმა დატოვეს მთები. დარჩნენ ბეღურები და ჩხიკვები და მათი ხმა იღვრება ირგვლივ. არაგვი რომ არაგვია, ისიც მოწყენილია. ავტორი ამ სიცოცხლით სავსე ბუნების, მთის თანდათანობით მიძინებას აღწერს. ეს იმდენად უჩვეულოა და უცნაური, რომ უბრალო აღწერაც კი შთაბეჭდილებას ტოვებს. ფაქტობრივად, მეტამორფოზა ხდება ბუნების ყველა წერტილში. „კაკლის კენწეროდან დაშვებული ციყვი ფუღუროსკენ მიაქანებს კბილებში გამომწყვდეულ კაკალს, აუ, რამდენი საზრუნავი აქვთ ციყვებსა და ღნავებსაც კი, ადამიანებს ხომ ნუღარ იტყვი“.
მარიამ ჟამიაშვილის ჩანახატი „ადამიანურ განზომილებასაც“ მოიცავს. ზამთრისპირა ფშავში მიტოვებული ნასახლარებია. ამ ნასახლარებში აღარასდროს აინთება კერია, აღარასდროს გაღვივდება ცეცხლი. ეს კი მწუხარებას მატებს გვიანი შემოდგომის პეიზაჟს. ნასახლარები ცარიელი ადგილებია.
ივანე მახაურის (მაღაროსკარის საჯარო სკოლა, X კლასი) „ვაჟიკასა და ხვარამზეს ამბავი“ ლექსებში არეკლილი სატრფიალო ქრონიკაა. ვაჟიკა მწყემსია, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ სამწყსოში მიდის და ცხვარი ფშავიდან ხანდახან შიომღვიმის მიდამოებში გადაჰყავს. მარტო მწყემსავს ფარას, მამის გარდაცვალებას დარდობს. დედა ბალღობიდანვე არ ჰყავდა და აღარც ახსოვდა“.
წამოიზარდა ვაჟიკა, კარგად ისწავლა მწყემსობა და ახლა უკვე მეგობართან, ჯარჯისთან ერთად მწყემსავს ცხვარ-ძროხას. როგორღაც ერთხელ შეავლო თვალი ხვარამზეს ვაჟიკამ. ამ ერთი ნახვით იშვა სიყვარული. ხვარამზესაც გულში ჩაუვარდა ხუჭუჭთმიანი ჭაბუკი.
ერთ-ერთ რელიგიურ დღესასწაულზე ვაჟიკა ხევისბერს ესაუბრებოდა, მობრუნდა და იქვე მდგომი ხვარამზე შენიშნა. გააოგნა ჭაბუკი მისმა უჩვეულო სილამაზემ, გამოელაპარაკა კიდეც და მღელვარება ძლივს დაიოკა, გუნებაში ლექსიც კი გამოუთქვა:

შენ ხელთ ვენაცვლე ქალაო,
შენ ნაქსოვ ჭრელებს წინდასა,
სახატო დროშას ჰგევიხარ,
საციხეგოროს, წმინდასა,
ჟრიალით შახვალ ხატშია,
შუქს გაიყოლებ მზისასა.

ავტორი წერს: „ჟრიალით“-ო, იმიტომ თქვა, რომ ხვარამზეს ძველებური სამოსი ეცვა, ვერცხლის ფულებით ასხმული შიბი ეკეთა და, რომ დადიოდა, ოდნავ გასაგონ ხმებს გამოსცემდა, ეს ხმა ხატის ზარის ხმას ერთვოდა და ვაჟიკა ტკბებოდა ამ სიწმინდესთან ხვარამზეს ერთობით“.
ვაჟიკა დიდხანს ითმენდა სიყვარულს, მერე კი, ერთ მშვენიერ დღეს, მისი სახლის წინ ჩაიარა ცხენით. ხვარამზემ ლექსი გამოუთქვა: „ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო, მაგ ლაღის ცხენითა“. ამ ლექსში ჭაბუკისადმი აღძრული გრძნობაც გამოსჭვიოდა და ფარული საყვედურიც. თურმე ჭაბუკმა ისე ჩაიარა, რომ თავი არ შემოიბრუნა მისკენ. ესეც მოძალებული სიყვარულის ნიშანი იყო.
საბოლოოდ ქალი სხვაზე გაათხოვეს, სიყვარული კი მას ისევ ვაჟიკასი ჰქონდა. ასეც ხდებოდა.
ლიზი ცარციძის (ჭიათურა, №2  საჯარო სკოლა, XI კლასი) მოთხრობა „ქარი ჯირითობდა“  ფერეიდნელი ქართველის საქართველოსკენ ლტოლვას ეძღვნება. ეს მართლაც დაუოკებელი ლტოლვაა. ამ მოთხრობაში ასეთი პასაჟია: „კვლავ ფეხისწვერებზე ამართული შევუდექი საქართველოს გზას. პაპას ნასწავლი ქართულით ვეძახდი ჩემს სამშობლოს. ქარი ჯირითობდა…“
სამშობლოს სიყვარული წინაპრებმა შთაუნერგეს მთავარ გმირს. ის ახლა პირისპირ დგას სამშობლოს წინაშე და გრძნობს, მძაფრი შთაბეჭდილება ყოველგვარ გადმოცემას აღემატება. გმირი ამბობს: „ო, საქართველოვ, როგორი საამო ხარ და ძლიერ რთული ამავდროულად“.
კრებულის ბოლოს პროზაული და პოეტური თარგმანებია დაბეჭდილი: რუსუდან ჯანჯალაშვილი – „შთამომავალი“ (ჰოვარდ ლავკრაფტი), ელენე მესხი – „ფანჯარასთან“ (კარლ სენდბერგი), თამარ რჩეულიშვილი – „დაჭრილი სოკრატე“ (ბერტოლდ ბრეხტი), ნინო წოწონავა – „ცხოვრების წესი“ (ჯეკ ლონდონი), გიორგი ჩალაგაშვილი – „სამსჯავროს წინაშე“ (ფრანც კაფკა), მარიამ ლომაია, – „ბულბული და ვარდი“ (ოსკარ უაილდი), ნათო ყიფიანი – „თავსხმა წვიმა წამოვა“ (ბობ დილანი).
ლიტერატურულ კრებულს უძღვის მოკლე წინათქმა.

 

 

1 2 3 4