ანი ქავთარაძის (ხიდისთავის საჯარო სკოლა, XII კლასი) სამი ლექსია კრებულში გამოქვეყნებული. პოეტი აღსარების სიტყვებით მიმართავს უფალს. აქ ერთი ასეთი სტრიქონია: „დაგივიწყე და შენთვის უკვე აღარ ვლოცულობ“. ავტორი თვითონ არ მიდის უფალთან, მაგრამ მაინც გრძნობს უფლის სიახლოვეს. ის ამ სიახლოვის გამო ამბობს აღსარებას და პატიებას სთხოვს ღმერთს. უღმერთოდ ყოფნა მისთვის საბოლოოდ მაინც ტკივილად იქცა.
ნიკოლოზ სანიკიძის (თბილისი, მეექვსე საავტორო სკოლა, XII კლასი) ლექსებში გალაკტიონის აჩრდილი გამოსჭვივის და ეს სრულიად კანონზომიერია. სიყმაწვილის ასაკში შეიძლება გალაკტიონით გატაცება ისეთი ძლიერი იყოს, რომ უნებლიეთ ლექსებშიც გამოჟონოს. ეს გავლენა სალექსო კულტურას შესძენს პოეტს და ადრე თუ გვიან დაიძლევა:

ჩქერში იხრჩობოდა
ნორჩი კამელია,
იქ, სად ხომალდების
ქროდა იალქანი,
ქარი კითხულობდა:
იგი რომელია,
ვისაც ოფელიას
ჰბურავს მინანქარი…
სადღაც, სიშორეში
შფოთვენ საფლავები,
მთაა, პირიმზეა
ისიც საოცარი და ა.შ.

გავლენა ნიჭიერებამ უნდა გამოდევნოს. ყველა პოეტს თავისი პიროვნული, ინდივიდუალური განწყობა და მისი შესატყვისი ენობრივი მელოდიურობა უნდა ჰქონდეს. გარკვეულ პერიოდში ამ ნიშან-თვისებამ მეტ-ნაკლები ხარისხით უნდა იჩინოს თავი, თანდათან კი მთელი მისი შემოქმედება გამსჭვალოს.
ანი ჩხიტუნიძის (ჭალის საჯარო სკოლა, XI კლასი) ლექსი „ხელების სითეთრე“ ტრადიციული პოეტიკის რკალში ტრიალებს. ამ ლირიკულ აღტკინებას სიწრფელეც ახლავს და თავისებური ნაივობაც, მაგრამ აქვე იკვეთება დახვეწილი პოეტური სახეები  (პირველ და ბოლო სტროფში), რაც ემოციურ შეფერილობას სძენს ნაწარმოებს.

ისეთი გიჟი ხარ, მარტსაც კი შერცხვება,
თან ისე ჩუმი, რომ დუმილსაც აგიჟებ,
არ მინდა სიტყვების ძებნა და შერჩევა
შენ ზიხარ ჩუმად და ამ ლექსსაც არ იმჩნევ.

ტრადიცია და ტრადიციულობა ფართო, მრავლისმომცველი ცნებებია, მათ შინაარსში მრავალგვარი ინოვაცია შეიძლება ჩაიწეროს. სიტყვიერ-აზრობრივი მიმოქცევის ზღვარდადებულ სიმრავლეს ითავსებს რიტმული მეტყველება. აქაც ინტენსიურად მუშაობს ნებისმიერი ნიჭიერი პოეტის ფანტაზია და ახალ-ახალ ვარიაციებს ქმნის. ანი ჩხიტუნიძე წერს: „არ მინდა სიტყვების ძებნა და შერჩევა“. იქნებ მართლა არ უნდა და არც არჩევს ავტორი საგანგებოდ სიტყვებს, მაგრამ დასაწყის და დამაგვირგვინებელ სტროფებში ყველა სიტყვა ზუსტად გამოხატავს სათქმელს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სათქმელი ფოკუსში ექცევა და ემოციას ასხივებს.
მე პირადად გულწრფელად მახარებს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა კაცი დავით მგელიაშვილი (მაღაროსკარის საჯარო სკოლა,  XII კლასი) წერს პატრიოტულ ლექსს. ეს ლექსი უტყუარად გამოხატავს მის ამჟამინდელ განწყობასაც და სათქმელსაც, მაგრამ ალბათ ის აზრიც შეიძლება დაებადოს მკითხველს, რომ ამგვარი სიტყვებით და, ზოგადად, ამ პათოსით არაერთი ლექსია უკვე შეთხზული. იქნებ დღევანდელი გადასახედიდან რაღაც ახალი უნდა შევნიშნოთ ჩვენსავე წარსულში, იქნებ ჩვენი პიროვნული, სხვათაგან განსხვავებული ხედვა უნდა წამოვწიოთ წინა პლანზე, რათა მონოტონურობა და სქემატიზმი დავძლიოთ პატრიოტულ ლირიკაში:

კრწანისში წვანან სისხლდაშრეტილნი
პიროფლიანნი,
კვლავაც ცოცხლობენ ლეკვნი მგლისანი
ალგეთიანნი;
დაიზრდებიან კვლავაც გმირები
მხარმკლავიანნი,
ფხოვის მიწაზე ხარობს სიცოცხლე
მარად მზიანი.

თამარ წულაიამ მოთხრობებით გამოიჩინა თავი, მაგრამ კრებულში მისი ლექსიც არის გამოქვეყნებული. ლექსში ნათელი და გამჭვირვალე განწყობილებაა აღბეჭდილი. შეიძლება ტერენტი გრანელის ლირიკა გაგვახსენდეს. კარგია, რომ სალექსო ტექნიკა გამართულია და არ იგრძნობა საგანგებო ზეწოლა ფრაზაზე. თამარ წულაია პროზაშიც და პოეზიაშიც ხალას და ნათელ განწყობას ქმნის.
ქრისტინე შუკვანი  წერს (მესტია, სოფ. ლენჯერის №1  საჯარო სკოლა,  XII კლასი) ისტორიულ მოთხრობას. მამის სიკვდილის შემდეგ, გლახუნად წოდებული გიორგი I გამეფდა. მოთხრობა იმაზეა დაწერილი, თუ როგორ შეაყვარა წიგნის კითხვა მამამ ვაჟიშვილს. ქართულ ანბანთან ზიარება ვაჟისთვის საკრალური მომენტია. მას ღრმად სწამს, რომ ანბანის შესწავლა მის ცნობიერებაში ახალ სივრცეს გახსნის. ამ რწმენით ეწაფება იგი წიგნიერი ქვეყნიერების უშრეტ წყაროს, ასე შეაღებს ქართული მწერლობის უზარმაზარ კარიბჭეს.
ლევან კაკალაშვილის (დედოფლისწყარო, არბოშიკის საჯარო სკოლა, XI კლასი) მოთხრობა „საით გაფრინდა დიდი ხნის მტვერი?“ ძალზე მტკივნეულ საკითხს ეხება. სიყმაწვილის ასაკში ადამიანი არაჩვეულებრივად მგრძნობიარეა ყოველივე იმის მიმართ, რაც გარესამყაროში ხდება. ასეა ამ მოთხრობის მთავარი გმირიც. ის პოსტსაბჭოთა პერიოდში იზრდებოდა საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში. ბიჭი უაღრესად ნიჭიერი იყო, იოლად ითვისებდა სასწავლო საგნებს, აზროვნების თავისუფლებას და ცხოვრებისეულ გამჭრიახობას ამჟღავნებდა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არაკომუნიკაბელური და საკუთარ თავში ჩაკეტილი მოზარდი გახლდათ. შინ მისულ სტუმრებს ბავშვობიდანვე ერიდებოდა, სიგარეტის და ღვინის სუნი არ მომწონსო. მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი იყო, სინამდვილეში ბიჭი იოლად ვერ ამყარებდა ურთიერთობას გარეშე პირებთან. ვითარება მნიშვნელოვნად დაამძიმა მათ ოჯახზე თავსდატეხილმა ერთმა შემთხვევამ. მამამისს სიმთვრალეში კაცი შემოაკვდა. თანაკლასელები ბიჭს მკვლელის შვილად იხსენიებდნენ და ამიტომაც ის სკოლაში აღარ დადიოდა. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიჭი სკოლას დაუბრუნდა, მაგრამ კვლავ ცივად შეხვდნენ და აუგად მოიხსენიეს. ისიც უნდა ითქვას, რომ კრიტიკულ ვითარებაში დედამ ვერ შეძლო მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის განმუხტვა. დედას უყვარდა ვაჟიშვილი და თანადგომასაც ცდილობდა, მაგრამ მას უბრალოდ დრო არ ჰქონდა – ის დღე და ღამე შრომობდა.
თხუთმეტი წლის ბიჭს კლასში ახლადგადმოსული გოგო შეუყვარდა. „ოქროსთმიანი, ლამაზი, ჭკვიანი! ნამდვილი ანგელოზი იყო. კლასში ბიჭის გვერდით არავინ იჯდა. ჰოდა, ეს გოგო დაჯდა მის გვერდით“.
გოგომ, თანაკლასელებისგან განსხვავებით, ბიჭის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა, მაგრამ საბოლოოდ ვერც ამ თანაგრძნობამ უშველა მარტოსულს – მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
სავსებით ვეთანხმები მოთხრობის ავტორს – კრიტიკულ, მძიმე დღეში ჩავარდნილ ადამიანს, ჯერ კიდევ სულ ყმაწვილს, გარშემომყოფთა სითბო და თანადგომა დააკლდა. მეტის თქმაც შეიძლება – თანაკლასელებს ცინიზმის ნაცვლად სიყვარული რომ გაეღოთ, ის ალბათ გადარჩებოდა კიდეც, მაგრამ ასე არ მოხდა და შედეგიც ვიხილეთ. მოვლენათა განვითარების ლოგიკა სწორად არის აღბეჭდილი მოთხრობაში, მაგრამ არ ჩანს ფსიქოლოგიური მოტივაცია საბოლოო გადაწყვეტილებისა, არ ჩანს, რა „შინაგანი მუშაობა“ მიმდინარეობდა მთავარი გმირის ცნობიერებაში. ამის გადმოცემა რთული იყო, ამიტომაც მკითხველს ერთგვარი სქემატიზმი შერჩა ხელთ. მიუხედავად ამისა, ეს მოთხრობა მაინც ინტერესს აღგვიძრავს და გვაფორიაქებს, ვინაიდან მასში მწვავე ცხოვრებისეული პრობლემაა წამოჭრილი.

 

1 2 3 4