ბათუმელი მოსწავლე ( XII კლასი) ნიკოლოზ ფუტკარაძე თავის ერთ-ერთ უსათაურო ლექსში ბგერწერაზე აკეთებს აქცენტს. აქ თითქოს რიტმიც და რითმაც ალიტერაციას ექვემდებარება. ეს თავისებური ოსტატობის მიღწევის ცდაა, რომელიც მიღწევისთანავე მეტ სისადავეს და აზრის ნატიფ მიმოქცევას უთმობს ადგილს.

შენამდე შარები შორია,
შიში შლის შრიალა შროშანებს,
მოვწყვიტო? „მემენტო მორია“…
ჯაჭვებმა მაჯები მოშალეს…
სისხლძარღვებს სისხლისფრად სერავენ,
ტოვებენ საფლავებს სულები.
ვერასდროს, ვერაფრით, ვერავინ
ვიწყებით და ვეღარ ვსრულდებით.

ცვლის ცვარზე ცა ციცინათელებს,
ვითვლიდი… ვუყვარვარ… ვერ ვწყვეტდი,
გვირილა გულგრილად გავთელე,
გვირილა ბუნების დეფექტით.

მოვწყვიტო?!  „მემენტო მორია“!
მარწყვებმა მინდორი მოშალეს,
შენამდე შარები შორია,
შიში შლის შრიალა შროშანებს.

მარიამ გიორგაძე (ჩოხატაური, №1 საჯარო სკოლა, XII კლასი) სათქმელს კლასიკური ლექსის ჩარჩოებში აქცევს. მისი მედიტაცია ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე ოსტატურად უქცევს გვერდს ყოველგვარ ტრივიალობას. მას სჯერა, რომ იმ გზაზე უნდა იდგეს, რომლიდანაც მომავალს განჭვრეტს. სწორ გზაზე დგომა, სწორი მომავლის განჭვრეტის საშუალება იქნება. აქ არ არის ტრივიალობა, აქ ფხიზელი რეალისტური ხედვაა, რომელიც ცხოვრების უცდომელ განჭვრეტას უთავსდება. ასეთი პოეზიაც არსებობს და მისი ჟღერადობაც „კეთილხმოვანია“.

ღამდება ისევ და სიბნელის ამაყი ხმები
სუსტად მოისმის – გადაკარგულ მგზავრთა გოდება,
ოღონდ წავიდე, თუნდაც ერქვას ტკივილის გზები
მასთან, ვინც იცის, მომავალში რა მელოდება…

თუმც სანამ წავალ, დავჯდები და დავითვლი ღიმილს
ათ და კიდევ ერთს, სხვისაზე რომ მთელით მეტია,
ვიღაცა ალბათ, პესიმისტი დამიწყებს ქილიკს,
ის მეთერთმეტე თითზე რომ არ ჩამომეტია…

ანა ვარშანიძე (ბათუმი №14  საჯარო სკოლა, XII კლასი) ოსტატურად იყენებს ანჟანბემანს და დისონანსურ რითმას. ეს არის მცდელობა კონვენციურ ლექსში სიახლის შეტანისა. ავტორი პოეტურ აზრს აყალიბებს განახლებული კონვენციური ლექსის სივრცეში. ეს აზრი ყოველთვის თანაბრად ვერ იკვალავს გზას, მორევივით ბრუნავს, დროდადრო ქრება და კვლავ გამოჩნდება.
ტექნიკის ფლობა ზოგჯერ საზიანოა – მთელი ყურადღება ლექსის ორიგინალურად გამართვას ეთმობა, არადა პოეტს საკმაოდ მკაფიო აზრის გამოთქმის სურვილი და პრეტენზიაც აქვს. ამ ორი მიზნის ერთდროულად შესრულება კი „მოქნილ“ სინტაქსს და, ზოგადად, გამჭვირვალე ფორმას მოითხოვს. სათქმელი ნათლად მაშინ გამოითქმის, თუ აზრი უმტკივნეულოდ თავსდება ფორმაში:

ქარია გარეთ, სული ისევ ეღვრება ფარდებს,
უკვე ყოფილი მეთევზეა სახლში მოსული,
დღეს თავის ნებით, თვითონ დადო ნაპირზე ბადე,
რადგან მეუღლე ოქროს თევზზე ჰყავდა ორსული.

ნუკა შარაძის (ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა, XI კლასი) თავისუფალი ლექსი „ხიდთან ვდგავარ, ძვირფასო“ მძაფრი დრამატიზმით არის აღბეჭდილი. ეს სასიყვარულო ლირიკაა, ოღონდ მძაფრი პროზაული შტრიხებით დასერილი. ყველა პროზაული შტრიხი ერთი სიმძაფრის არ არის. ტემპერატურა დროდადრო მატულობს და „მხატვრის ხელიც“ უფრო საგრძნობია.

შემდეგ დავიწყე ხიდებთან მეგობრობა,
ყვავილებს ვყიდულობდი ჩემთვის,
მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვუყურებდი,
თვალს ვერ ვუსწორებდი…
შენ ნუ ჩამხედავ ამ თვალებში,
რადგან აქ მხოლოდ გუბეები
და ნაწვიმარი ადგილებია.
შენმა წასვლამ ტბები და ზღვები
დამიყენა თვალებში.

ლექსი პროზაულია, მაგრამ თითქოს ხაზგასმულად პროზაული. ეს ხაზგასმულობა ავტორისეულია, მისი შინაგანი კონცენტრირების და გრძნობის უკიდურესი სიმძაფრის გამომხატველია. ამ ლექსს აქვს თავისი ინტონაცია, მელოდიკა, თავისი უცნაური რიტმული მიმოქცევა, რომლითაც სასოწარკვეთილებაა გამოხატული. ამავე დროს პროზაიზმს განაპირობებს ისიც, რომ ლექსი ეპისტოლარულია. ეს არის შეყვარებულისადმი მიწერილი წერილი. აქ არის სრული გულწრფელობა, სრული თვითგაღება და თვითგამოხატვა.

უცნაურია, როცა შენ მოხვედი, მაგრძნობინე, რომ
ბედნიერება არსებობს და მერე
ადექი და წახვედი,
თან წაიღე ეს ჩემთვის არგანკუთვნილი ბედნიერება.

ავტორი ერიდება სამკაულებს, ლამაზ სიტყვებს, გაურბის ყალბ ჟღერადობას, მისთვის მთავარია მომაკვდინებელი სიმართლე, „ხიდებთან მეგობრობა“.

მე ვირჩევ ხიდს,
გრძელ, შავ, ყვავილებიან კაბას
და ბევრ ყვავილს, უმეტესად ყვითელს.
ჰო, ბევრი ყვითელი ყვავილი მომიტანე, ძვირფასო,
მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო!..

 

1 2 3 4