გამოიცა კრებული, რომელშიც თავმოყრილია საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანის“ 2018 წლის კონკურსის გამარჯვებულებისა და ფინალისტების ნამუშევრები.
ამირან (პაკო) სვიმონიშვილის სახელობის კონკურსი ორჯერ გაიმართა – 2015 და 2018 წლებში. პრემია „ამირანი“ დაარსდა მეექვსე საავტორო სკოლაში და გამარჯვებულებიც იქვე გამოვლინდნენ.
და აი, დღეს ხელთ გვაქვს კრებული,რომლის შესახებაც გვსურს საუბარი. პროზა, პოეზია, მხატვრული თარგმანი – ეს სამი ნომინაციაა კრებულში შესული. ერთდროულად პროზასაც შევეხოთ და პოეზიასაც.
თამარ წულაიას (მარტვილი) სამი მოთხრობა („ნისლი“, „ჩემი ჩიტობის ამბავი“, „მე, დედაჩემი და მამაჩემი“) ყურადღებას იქცევს გამოკვეთილი ხელწერით. ამ ხელწერას ქმნის ქართული ენის ფლობა, თავისუფალი მხატვრული აზროვნება, მეტაფორულობა, სამყაროს ლირიკული აღქმის ნიჭი. ეს არის პოეტური პროზა, სადაც ყოველი სიტყვა, ყოველი ფრაზა საკმაოდ გამომსახველია და მეტყველი. თამარ წულაია გრძნობს და გადმოსცემს სიცოცხლის მშვენიერებას და დრამატიზმს, იგრძნობა წარმოსახვის და ფანტაზიის თავისუფალი მოძრაობა, განსაკუთრებით თვალშისაცემია ის ემოციური მუხტი, რომელიც ამ მცირე პროზაშია აღბეჭდილი.
შთამბეჭდავია დავით კვირიკაძის მოთხრობა „წერილი ემიგრანტ ნათესავს“. ეს ავტორი მესტიიდან არის, ლახამულას საჯარო სკოლიდან. იგი  წერილს სწერს თავის ნათესავს, „ფესვებმოწყვეტილ ქართველს“, რომელიც უცხოეთშია წასული და მუსიკალურ კარიერას იკეთებს. ავტორი წერს ავთანდილის სიმღერაზე, იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნაზე“, სვანურ საკრავებზე, სვანურ მითოლოგიაზე, ცნობილ სვანურ სიმღერაზე „მირანგულა“, მზის საგალობელ „ლილეზე“. მშვენიერი ფინალი აქვს ამ მოთხრობას – ლეგენდარული მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი როდესაც მოწყდა კლდიდან იტალიაში, ჰაერში „ლილეს“ ჰანგები გაისმოდაო.
ჩემი აზრით, რამდენიმე სხვა ავტორთან ერთად, პოეზიაში მარიამ მესტვირიშვილის ლექსებია გამორჩეული. ეს არის მძაფრი, დრამატული პოეზია. აქაც, ისევე როგორც თამარ წულაიას მოთხრობებში, მხატვრულობა, მხატვრული ენაა მთავარი. აქ არის მკვეთრი და მოულოდნელი სახეები. მარიამ მესტვირიშვილი წერს თავის მარტოობაზე და მის ლირიკულ აღსარებას პროტესტის გრძნობა ახლავს. ავტორი თითქოს ემიჯნება იმ სოციუმს, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც გულგრილობით არის დასნეულებული. ამ სოციუმში პოეტი ზედმეტად გრძნობს თავს, ვინაიდან ის სხვა ღირებულებითი ორიენტაციით ცხოვრობს. ავტორის თვალთახედვის არეში ის ადამიანები ექცევიან, რომლებიც ინერციით მიჰყვებიან ცხოვრებას და არაფერზე  ფიქრობენ. ამიტომ მარიამი ასეთ სიტყვებს წარმოთქვამს: „ყველა გააგდე, კარი ჩარაზე, რომ ვერ მიხვდნენ ვერაფერს და იფიქრონ დაფიქრებაზე“.
ნიკოლოზ შაფაქიძის ლექსებში ჩანს ვერსიფიკაციული კულტურა. ავტორი ახერხებს თავისი სათქმელი გამართული სალექსო ტექნიკის მეშვეობით გადმოსცეს. სადღეისოდ ეს მართლაც არცთუ ისე ხშირია.

მუტრიბო, ჩანგი ახმიანე შენი გოდებით,
რომ შერჩეს ძვლები, ნაომარი, ძნებად ახოებს,
გაშლიან ფოთლებს მდელოები ნასიკვდილარი
და ეს დუმილი ოგიგიას დაგაახლოებს.
მანძილს სიკვდილს და სიცოცხლეს შორის
ღალატი ჰქვია,
რაც ხელთ გიპყრია, შენც ღალატობ დაუფიქრებლად,
ამიტომ შეგრჩა ხელში სარკე, ვით რელიკვია,
იმღერე,ისევ ახმიანე ზვირთთა მორევი,
გედის სიმღერად გადიქცევა შენი გალობა,
სუსხით მორთული ხეივნები თეთრად ყვავიან,
შენ არც კი ფიქრობ, რა გარგუნა და გიწყალობა.
გამხნევდი, გულო, ბუკისა და ებნის ხმაურში,
გიცხრება ნელა შენი ძველი ნაიარევი –
რაღა გაღელვებს? ჯერ ცოცხალი ხარ –
უგრძნობ კლდეებში დაიარები.

კონვენციურ ლექსს დღეს უფრო ნაკლებად მიმართავენ ახალგაზრდა პოეტები, არადა, ქართული მდიდარი ვერსიფიკაციული კულტურის გარკვეულ დონეზე ფლობა ნამდვილად სასურველია. საქმე ის არის, რომ ინოვაცია სწორედ ამ კანონიკური სტრუქტურის შიგნით უნდა მოხდეს. ნიკოლოზ შაფაქიძე ცდილობს თავის ინდივიდუალურ სათქმელს მოარგოს ეს ფორმა და ამგვარი ცდა მრავალ სიძნელეს შეიცავს.
შაკო ბრეგაძის ვრცელ თავისუფალ უსათაურო ლექსში „ნუთუ ასე რთულია, რომ იპოვო სიმშვიდე ღამით“  ჩვენი, მართლაც რთული დღევანდელობაა გადმოცემული. ამ ლექსის ნერვიულ რიტმს და, ზოგადად, ინტონაციას გარკვეული შინაარსის სათქმელი განაპირობებს. თითქოს ყოველგვარი მოსახდენი უკვე მოხდა, მაგრამ ადამიანი მაინც განახლებული ძიების ჟინით არის აღძრული. ავტორი წერს:

ყველა ეპითეტი გამოიყენეს,
ყველა შედარებას მოუძებნეს თავისი ადგილი
თანამედროვე პოეზიაში,
ყველა თემა გაცვითეს,
ჩამოკიდეს ჩირივით გასახმობად
და ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული
ძველი გახადეს,
ყველა სიტყვა ყველა გრძნობას მოარგეს
და ამაზე წერეს სტატიები
და რეცენზიები,
და ყველაფერი თითქოს ყალბად ნამდვილია,
და ამ სინამდვილეში დაეჭვება დაუშვებელია,
აქ ყველაფერში სიმშვიდეა, ჰარმონიაა,
ტკივილიც გამოიცადა და მეშახტის შიმშილიც,
განშორებაც და მარტოობაც,
ბედნიერებაც და ერთად ყოფნაც
და ამიტომაც მე ვრჩები მარტო.

ნინი ცინციბაძის (ჩოხატაური) მოთხრობა ეძღვნება პაკო სვიმონიშვილის ხსოვნას. ეს მოთხრობაც უაღრესად ორიგინალურად, პოეტურად, ფაქიზი აქცენტებით არის შესრულებული. მხატვრული მეტაფორული ენა აქაც ერწყმის მახვილ აზროვნებას. მოვიყვან ერთ ფრაგმენტს, რომელიც, ჩემი აზრით, მთელი მოთხრობის კამერტონს ქმნის: „მერე ისეთი დღეები გადაებმება, რომ ჩვენ შეგვრცხვება ნორმალურობის, რადგან პაკო ერთნაირად კარგად გრძნობდა თავს ევროპის ფეშენებელურ სასტუმროსა და მთის ქოხში, ჩვენ კი ვიყავით ნორმალურნი და, როცა ძლიერი გაჭირვების დროსაც მისი ხევსური და ქისტი ძმადნაფიცები მასთან ცხოვრობდნენ, ჩვენ გვრცხვენოდა  ჩვენი ჩვეულებრიობის, უმტვეროდ მზიანი დღისა და ნაცრისფერი ღამის“.
აქაც პოეზიაა პროზაში, ოღონდ ნათელი და გამჭვირვალე პოეზია.
საკონკურსო მასალების შერჩევის პროცესში მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული ენის ფლობას. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ამ უნარის გარეშე სათქმელის გამოთქმა შეუძლებლია. საუბარია ქართული ენის ფლობის დონეზე ანუ ხარისხზე. ცხადია, შემოქმედების პროცესში ენის დაუფლების ხარისხი მნიშვნელოვანწილად იზრდება.

 

1 2 3 4