დევი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იმიჯია რაც კინემატოგრაფში მოიძებნება. მის სახესა და ნაოჭებში ქვეყნის ისტორია და სიბრძნე ინახება. საოცრად რეალისტური და დრამატული პერფორმანსი ფილმის ადამიანურ ლოკომოტივად გვევლინება.

„პატარ პანჩალი“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიო კინოში გაჩენილი რეალიზმის ვნებებს საუკეთესოდ აღბეჭდავს.ერთ-ერთ სცენაში მძინარე აპუს თავის და თვალს თითებით ახელინებს და გადასაფარებელს აცლის. თითქოს ეს პოეტური მეტაფორაა იმ ფაქტზე, რომ რეი თავს არიდებს საკუთარი ქვეყნის და მისი მაცხოვრებლების იდეალიზაციას, აცლის მათ ლამაზ ზედაპირს და თვალებს გვიხელს რეალური სურათის დასანახად. ფილმში მატერიალიზმის ბუნება მძაფრადაა აღწერილი, მისი ძალადობრივი და ლეტალური ხასიათი მთელი სიცხადით მოგვეწოდება. რეი ოსტატურად შლის ვარნას ცნებას, ანუ ინდურ საზოგადოებრივ კასტას და კლასობრივ შეუთავსებლობას გვიჩვენებს და ამას აკეთებს ნატურალური ადამიანური ურთიერთობების დემონსტრირებით, სადაც ბარიერი საზოგადოებრივ ფენებს შორის თავის სრული მანკიერებითაა მოწოდებული.

ფილმში დიდი როლი ეთმობა დიასახლისის ყოფას. რეი იმ არაღიარებულ შრომაზე აკეთებს აქცენტს, რომელსაც ყოველდღიურად წევს ქალი, მაგრამ არანაირი ეკონომიკური განზომილება მას არ გააჩნია და ფინანსურად ისევ ქმრის იმედზე რჩება. ამასთან რეი მოდერნისტია და ინდუსტრიალიზაციას იმედის თვალით უყურებს. სცენა, როდესაც აპუ და დურგა პირველად დაინახავენ მატარებელს, ისეა გადაღებული, თითქოს სასწაულის მომსწრენი გახდნენ. ოპერატორ მიტრას კამერა ფერწერული ტილოსავით აგებსდა ორთქმავალიდან ამოსულ კვამლს პამპის ბალახის აწვერილი ღეროების ფონზე გარემოს ორგანულ ნაწილად წარმოაჩენს.

 

 

 

1 2 3