ინდური კინო მასობრივად ჩვენში მაინც ბოლივუდთან, მიუზიკლის ჟანრთან და მსუბუქ, გასართობ ნამუშევრებთან ასოცირდება. თუმცა რასაკვირველია ინდურ კინოს განსაკუთრებული ავტორები ყავს, რომლებმაც მსოფლიო კინოს ფონდში არაერთი გენიალური ნაწარმოები შეიტანეს. დღეს ინდური და მსოფლიო კინოს გრანდიოზულ ფიგურაზე, სატიაჯიტ რეისა და მის შედევრზე, ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ და სუფთა ფილმზე მინდა ვისაუბრო, რაც ცელულოიდზე აღბეჭდილა. მართალია გეოგრაფიულად სურათი ინდოეთს ეკუთვნის, თუმცა მისი ისტორია გლობალურია და ნებისმიერ კონტინენტზე რეზონანსული ხდება. თუ ასოციაციურად ბოლივუდის ნაწარმისკენ წახვედით, უკან უნდა მოგაბრუნოთ, რადგან სურათი ზურგით დგას თავის ქვეყნის ფერად არქიტექტურასთან, თვალწარმტაც დეკორთან, ლამაზ სამოსთან და მზერა სოციალური რეალიზმისკენ აქვს მიპყრობილი. საუბარი მაქვს რეის თვალწარმტაც ნაწარმოებზე,„პატარ პანჩალი“, ანუ პატარა გზის სიმღერა.

გადმოცემის თანახმად, როდესაც რეი გადაღებას შეუდგა, რეჟისურაში გამოცდილება საერთოდ არ ქონია, არც მის ოპერატორს, სუბრატა მიტრას უმუშავია მანამდე ფილმზე და სურათში მონაწილე არცერთ ბავშვ მსახიობს არ გაუვლია კასტინგი, თუმცა მათმა ნამუშევარმა კინოს ისტორია შეცვალა. სურათი 1955 წელს გამოვიდა, სწორედ მაშინ, როდესაც ბანდუნგის კონფერენცია გაიმართა, სადაც აზიის და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ კოლონიალიზმის წინააღმდეგ და საკუთარი კულტურული და ეკონომიკური ნიშნულების გადაბმა გადაწყვიტეს. ეს არ იყო მცდელობა არც პირველ კაპიტალისტურ სამყაროსთან ინტეგრირების, არც მეორე საბჭოთა სამყაროსთან გადაკვეთის, ეს იყო ავტონომიური მესამე სამყაროს დაფუძნების მცდელობა. ერებში დაგროვილი ბრაზი, რომელსაც მასიური შიმშილობა იწვევდა და თავდაჯერებულობა, რომელსაც დეკოლონიალიზაცია იძლეოდა, მრავალ აფრიკულ და აზიურ ფილმში შეიმჩნევა. თუმცა „პატარ პანჩალი“ მაინც ამ ვნებათაღელვაში აღმოცენებული საუკეთესო ნამუშევარია.

კოლკატაში დაბადებული რეი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქალაქი ისეთივე ფოტოგენურია, როგორც ბილბორდებზე გამოკრული მოდელები, მისგან მოშორებით, ბენგალის სოფელ ბორამში იღებს ფილმს, სადაც პრიმიტიული საცხოვრებელი სახლები და ტყეები ჭარბობს. თუმცა მსგავსი უბრალოება კვინტესენციურია ისტორიისთვის, რომელიც პატარა აპუს ირგვლივ ვითარდება. აპუს მამა მღვდელია, რომელიც პოეტობაზე ოცნებობს, დედა მკაცრი დიასახლისია, რომელიც ყველა საყოფაცხოვრებო საკითხს განკარგავს, მისი და, გურდუ, ცნობისმოყვარეობით და სიცოცხლით სავსე თინეიჯერია, მოხუცი დეიდა კი კეთილშობილი და ცხოვრებისეული გამოცდილებებით სავსე ქალია. ამ უკანასკნელის როლის შემსრულებელი, ახალგაზრდობაში თეატრის მსახიობი, 80 წლის ასაკში მყოფი ჩუნიბალა დევი, გადმოცემის თანახმად, რეიმ ბორდელში იპოვნა.

 

 

 

1 2 3