აქ ყოველდღე ათასობით ადამიანი დადის, მაგრამ ქართველები იშვიათად. ერთი კვირის წინ ქართველი წყვილი მოვიდა სასაფლაოზე პატარა ქალიშვილთან ერთად. ქართულად საუბარი რომ დაიწყეს, მაშინვე ტანში ჟრუანტელმა დამიარა, სხვანაირად ავენთე და გავიხარე, ცრემლი და სიხარული ერთად ვიგრძენი. რამდენი ხანია ქართული ხმა არ გამიგია. ეტყობა გაიღვიძა ჩემში მიმალულმა გრძნობებმა, იმ გრძნობებმა, რომელთა გამოხატვაც ყოველთვის მიჭირდა. მთელი დღე ათვალიერებდნენ საფლავებს. მე შორიდან ვუთვალთავლაებდი, მაგრამ გამოჩენის მრცხვენოდა, რა უნდა მეთქვა, აქ ვცხოვრობ გაბომჟებული თქო ხომ არ ვეტყოდი, თუმცა შორიახლო ვგრძნობდი მათ სუნს და გულისცემას, მათ საუბარს და როგორ მინდოდა მათთან ჩახუტება ღმერთმა იცის. ყველაზე დიდხანს ამადეოს საფლავს ეძებდნენ და რომ ნახეს გული აუჩუყდათ, სახეზე ეტყობოდათ როგორ უყვარდათ ამადეო და მისი შემოქმედება. დედა და მამა პატარა გოგოს ამადეოს ცხოვრებას უყვებოდნენ, იმ ამბებს, რაც ამადეოსგან ბევრჯერ მომისმენია და პატარა გოგოც გულდასმით არა, მაგრამ მაინც უსმენდა და დაღლილი მზერით გამოხატავდა ბავშვურ აღტაცებას.

 

 

მერე როცა წავიდნენ, გასასვლელამდე მივდიე და მათთან გასაუბრება გადავწყვიტე. დავუძახე: უკაცრავად ბატონო, თუ შეიძლება დაგელაპრაკოთ? -სიჩუმე, ყურადღებასაც არ მაქცევენ, მეორედაც გავუმეორე,- ისევ სიჩუმე, მერე ყვირილზე გადავედი,- ისევ სიჩუმე,  კაცს მხარზე ხელიც კი ვკარი და როცა რეაქცია კიდევ არ ჰქონდა,  მაშინ ჩემთვის მოულოდნელი რამ აღმოვაჩინე… აღმოვაჩინე ის, რომ მეც მკვდარი  ვიყავი სასაფლაოს სხვა  ბინადრებივით და ჩემს ხმას  აქაური მაცხოვრებლების გარდა ცოცხალი ადამიანები ვერასდროს გაიგებდნენ, ვერ მოისმენდნენ,  ცოცხალი ადამიანები ვერასდროს დამინახავდნენ და მიგრძნობდნენ. მეც მკვდარი ვარ  და ამით სულაც არ ვარ უბედური, რადგან სასაფლაოზე, ცოცხალ მიცვალებულებთან ერთად მკვდარმა საკუთარი თავი ვიპოვე.

მე ირაკლი ვარ, მკვდარი ვარ  და პარიზში, პერ-ლაშეს სასაფლაოზე დარაჯის ოთახში ვცხოვრობ…

 

2019 წელი, პარიზი-თბილისი.

 

 

1 2