სალამი, მე ირაკლი ვარ, სტუდენტი და დროებით პარიზში ვცხოვრობ. ჩემი დროებითი სახლიც მაქვს, პერ ლაშეს სასაფლაოზე ვათევ ღამეს. არა, სხვა სახლიც მქონდა, მაგრამ დროებით აქ ვარჩიე გადმოსვლა, აქ უფრო მომწონს, უფრო მშვიდი და მარტოობისთვის ზედგამოჭრილი ადგილია, თან თუ წვიმა მოდის მით უმეტეს. რა სჯობია პარიზის წვიმიან საღამოებში სასაფლაოს მყუდროებაში ყოფნას და ჩაძირვას. მოდის წვიმა და უსმენ ათას ხმას, ათას ფიქრს, საკუთარსაც და სხვისასაც, ათას გულის თუ სულის გულისცემას და საერთოდაც ზიხარ და უსმენ, რას? თვითონაც რომ არ იცი იმას, ან შეიძლება იცი კიდეც. არადა თუ კარგად მოისმენ და ჩაწვდები, იმდენი რამის გაგება შეგიძლია, ვინ მოთვლის. მითუმეტეს აქ იმდენი გენიოსი და სხვის ცხოვრებებზე მოფიქრალები არიან, დედამიწის ზურგზე ალბათ გაგიჭირდებათ ამდენი ჭკვიანი გონების ნახვა, ალბათ დღეს აღარც არის. ჰო,  მე ირაკლი ვარ, ქართველი ბიჭი, თბილისიდან. პარიზში სასწავლებლად ჩამოვედი რამდენიმე წლის წინ აღარაც მახსოვს და დავრჩი. რაზე ვსწავლობდი? ხელოვნებათმცოდნეობაზე და მის გავლენებზე თანამედროვე ადამიანებში სადიპლომოს ვწერ. ალბათ არ არის ძნელი მისახვედრი თუ რაოდენ ძნელი სამუშაო და სასწავლო საგანი მაქვს არჩეული. ადრე მცირე თანხას მშობლები მიგზავნიდნენ, მაგრამ ეხლა უკვე კარგა ხანია მათგან არაფერი მიმიღია, ფოსტაში როცა მივდივარ მეუბნებიან თქვენს სახელზე არაფერიაო, არც ჩემს სატელეფონო ზარს პასუხობენ და ფეისბუქითაც რომ ვწერ, არაფერს მწერენ. მერედა რომ გითხრათ გული ძალიან მწყდებაო ასე არ არის, რადგან არც არასდროს მქონია მათთან კარგი და თბილი დამოკიდებულება, რადგან მათთვის ყველაზე ნაბოლარა შვილი და ზედმეტი ტვირთი ვიყავი ყოველთვის, სხვები უფრო ჭკვიანები და პრიორიტეტულები იყვნენ და არიან მათთვის. მათ ასე გადაწყვიტეს და მე არც მქონია პრობლემა, ისედაც მოკლეა ადამიანის ცხოვრება და რას გააწყობ, სატანჯველის და საფიქრალის მეტი რა მაქვს. ხო, არც ჩემს და-ძმებთან მაქვს ურთიერთობა, რადგან ყოველთვის ზემოდან მიყურებდნენ, თითქოს მათთვის არც ვარსებობდი, ყოველთვის დაჩაგრულად ვგრძნობდი მათთან თავს და მათ გარემოცვაში ყოფნას, ყოველთვის მარტოობა მერჩივნა, ამიტომაც როდესაც წამოსვლის შანსი გამოჩნდა,  ერთი წუთითაც არ მიფიქრია, დავკარი ფეხი და წამოვედი. მათ არც დიდი სიხარული და სინანული გამოუხატავთ ჩემი წამოსვლის გამო, უბრალოდ ჩემს უფროს დას ცოტა გაოცება შევნიშნე, ჩემმა ძმამ კი ვალდებულების მოხდის მიზნით მკერდში ჩამიკრა და ყურში მითხრა, იმედია აქ აღარასოდეს ჩამოხვალო და ბოროტად გაიღიმა. არადა რას მერჩოდნენ დღემდე არ ვიცი. რომ წამოვედი იმის შემდეგ თითქმის კი არა, საერთოდ არ მქონია ურთიერთობა, არც სურვილი სხვათაშორის. წამოვედი და წამოვედი, იმ მიზნით, რომ იქ, იმ სახლში და იმ გარემოში, იმ ჩემთვის ფერმკრთალ სახლში და ხალხში არასოდეს დავბრუნდებოდი და არც დავბრუნდები. ან იქ რატო უნდა დავბრუნდე სადაც არ და აღარ გელიან. რა ცუდია ასე რომ ფიქრობო, მაგრამ რას იზამ, ხდება ხოლმე და ამაში მე დიდ გასაკვირის ვერაფერს ვხედავ. ადამიანები ფიქრობენ, აზროვნებენ, იცვლებიან და ცვლიან ხშირად ყველაფერს, ცხოვრების სტილს, მეგობრებს, მანქანებს, სათამაშოებს, საყვარელ წიგნებს, საყვარელ ქალებს თუ ასე შემდეგ. რაც მიზნებს, მინდა ხელოვნებათმცოდნეობა ვისწავლო და დროებით აქ, სასაფლაოზე ვიცხოვრო.

 

რაც შეეხება სასაფალოზე ცხოვრებას, აქ ცხოვრებაში პირველად თავი ადამიანად ვიგრძენი, რადგან ისეთ ადამიანებს ვხვდები, რომლებიც თითქმის ჩემნაირები არიან. ხშირად ჩემნაირად ფიქრობენ და სალაპარაკო თემებიც ულევი გვაქვს. აქ ყველა მიცვალებული საღამოობით საკუთარი საფლავებიდან გამოდის და ერთად იკრიბებიან, მეც უნებლიეთ მათი გუნდის წევრი ვხდები,  თუმცა რა დამსახურებით ჯერ არ ვიცი. იკრიბებიან და ათას რამეზე მსჯელობენ, ყვირიან, იცინიან, ცეკვავენ, მღერიან და ხანდახან რომელიმე საფლავის ქვაზე ჟიმაობენ კიდეც. უფრო სხვის საფლავებზე უყვართ ჟიმაობა, ვიდრე საკუთარზე, მაგრამ სიტუაციას გააჩნია. მაგალითად ვიქტორ მორელს ობელისკების უკან აქვს ადგილი შერჩეული, ხოლო მანუელ ფაურის საკუთარი ოჯახის აკლდამაში. კაცია და გუნება, რას გაიგებ. აქ მე მეგობრებიც მყავს და ყველაზე მეტად მოდილიანთან,  ჯიმი მორისონთან და ფაბრის გამბასთან  ვმეგობრობ, რადგან მათთან მეტი საერთო მაქვს, ვიდრე სხვებთან.  მათ ჩემი ხასიათი მოსწონთ, მე მათი თავქარიანობა და ასე ვუგებთ ერთმანეთს. ათას რამეზე ვსაუბრობთ, ვჩხუბობთ, ვმღერით და რაც მთავარია იმდენს და იქამდე ვსვამთ, სანამ ბოლოს გახეთქილ მთვრალებს სხვის საფლავის ქვაზე არ ჩამოგვეძინება. შემდეგ გამთენიისას ისინი საკუთარ საფლავებში ბრუნდებიან, მე კიდევ იმის გამო რომ ცოცხალი ვარ და საფლავი ჯერ არ მაქვს, სასაფლაოს დარაჯის  ოთახში მივიპარები და იქ ვფხიზლდები. დარაჯის ოთახი ქვია, მაგრამ იქ მე დარაჯი მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი. უფრო მე ვდარაჯობ აქაურ სახელოვან თუ უსახელო მიცვალებულებს, ვიდრე დარაჯი და აქაური ჟანდარმები, თუმცა იმათ ხელფასი აქვთ, მე არა. თუმცა მთავარია, რომ ღამის გასათევი და ჩემი საწოლი მაქვს, სადაც ძნელად, მაგრამ მაინც ვახერხებ დაძინებას. ჩემი მეგობრები კი მართლა ძალიან მიყვარს, კარგი და მხიარული ბიჭები არიან. განსაკუთრებით ჯიმი და ამადეო, სულ რაღაცაზე ფიქრობენ და განიცდიან. ამადეო ხატავს, ჯიმი გიტარაზე უკრავს და მღერის და მე ჩემს ლექსებს ვამბობ, ერთხელ ჯიმიმ ჩემს ლექსზე სიმღერაც კი დაწერა და ყველა აქ მცხოვრებს ისე მოეწონა, რომ ორივე იმ საღამოს გმირები გავხდით. არადა დორსის მუსიკის შემქმენლისგან არც უნდა გაკვირვებოდათ, ნუ რა ვიცი, ისე მოეწონათ, რომ სხვა სასაფლაოებიდანაც კი მოვიდნენ ამ სიმღერის მოსასმენად. მე ჟანა მიყვარს და მეცოდება, ამადეოს ცოლი, თითქმის არ გამოდის თავის საფლავიდან თავიანთ არ დაუბადებელ შვილთან ერთად,  ამიტომაცაა რომ ხშირად მივდივართ მასთან და ვცდილობთ კარგ ხასიათზე დავაყენოთ, თუმცა უბრალო გაღიმებაც კი მისთვის უჩვეულოა. ალბათ ამიტომაც სვამს ამადეო ამდენს, სვამს და ხატავს, რომ ჟანას სევდა დაივიწყოს, ჟანას თვალები დაინახოს და ტირილის ნაცვლად იხარხაროს, მაგრამ ეგეც ადამიანია და სასმელში იხრჩობს თავს. ხდება ხოლმე, მეც ბევრს ვსვამ და ამათ უკვირთ, ასეთ პატარა ბიჭს რამდენი შეგძლებიაო, თუმცა ლოთს რას გაუგებ. პატარა ლოთს და სასაფლაოზე დარაჯის ოთახის ბინადარს.

 

 

სხვათა შორის სასაფლაოზე ადამიანები ყოველდღე მოდიან და აქაუარობას ათვალიერებენ. მოდიან ფრანგებიც, მაგრამ უფრო მეტად უცხოელები. მოდიან და დადიან, დაეძებენ საფლავებს და იღებენ ფოტოებს, ზოგი აღფრთოვანებულია, ზოგი ღიმილიანი, ზოგი ხმაურიანი, ზოგი კი სინანულით აქნევს თავს. მაგრამ ყველაზე მეტად ამ ხალხს რატომღაც ჩემი მეგობრები ჯიმი და ამადეო ეცოდებიან. საათობით დგანან და ცრემლიანი თვალებით ეფერებიან მოდის საფლავს, ჯიმის საფლავზე კი ტირილი და სიცილი ერთამენთში ირევა, კიდევ ხმაური, მაგრამ რაც მთავარია ვგრძნობ რომ ორივე ძალიან უყვართ. ესენი მეც  ძალიან მიყვარს და მათაც ვუყვარვარ, ამიტომაცაა რომ ამ სასაფალოზე ადამიანად ვიგრძენი თავი. ადამიანად და არა დაბეჩავებულ ბავშვად, როგორც ადრე საქართველოში. ალბათ სასაფლაოზე გამოქცევა თუ მიშველიდა და იმ ხალხის აღმოჩენა, რომლებიც ჩემი სულის ნაწილები გახდნენ.

 

1 2