უსაფრთხოება

 

ბექა? არა, მაშინ ბექა სად იყო, გოგო, სულ მარტო ვცხვრობდი. ჰოდა, სულ იქ იწვა ხოლმე, ის კაცი ჰო, ვიზეც გიყვებოდი. სახლში სამსახურიდან გვიან ვბრუნდებოდი და სადარბაზოში შემოვიდოდი თუ არა მაგის სუნი მცემდა. მთელს სადარბაზოში მისი სუნი იყო. არასდროს მაგისგან სიტყვა არ გამიგია. იწვა, არც ადიალა, არც ლეიბი, არც არაფერი, იწვა და ხმას არ ამოიღებდა. ისე პირველად რომ შევნიშენე, ძალიან შევშინდი, აი, ძალიან, ძალიან, კივილით გავხტი გვერდზე, მაშინაც ხმა არ ამოუღია, იწვა და არც განძრეულა, მერე და მერე მეც შევეჩვიე. მეზობლები სულ ამაზე ჯავრობდნენ, მზია ჰო იცი? აი, ეგა, გამოვიდოდა და ცოცხით მოსდევდა ყოველ დილით, შე ისეთო, შე ასეთო, შენი შიშით ბავშვებს ვერ ვუშვებთ სკოლაში მარტოს და ასეთები, მთელს კორპუსს ესმოდა ისე. ჰო, ჰო, ნანას დედაა, ნანასი, ყოველთვის მასე იყო, კი, არადა ეს არც არაფერს აკეთებდა, რავიცი, ღამით მოვიდოდა წამოწვებოდა დაიძინებდა და დილით ან მზია გააგდებდა ან თვითონვე წავიდოდა. აი, ვუფიქრდები და ყველაზე უცნაური იცი რა იყო? რამდენჯერაც არ უნდა გაეგდოთ, ყოველთვის ბრუნდებოდა, აი, თითქოს შემოეჩვია ამ ადგილს, რაც არ უნდა ეწყევლათ მაინც აქ მოდიოდა ღამით. რამდენჯერაც არ უნდა გაეგდოთ დილით, ღამით ყოველთვის აქ მხვდებოდა. რაღაც ყოველდღიურობასავით გადაექცა, ხვდები?
ჰოდა, აი, იმ დროს მამაჩემმაც დაიწყო ჩემს სიზმრებში მოსვლა, წარმოგიდგენია? ერთი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მესიზმრებოდა და ისიც სულ ერთი და იგივე ვითარებაში, თან ზუსტად ისეთი იყო, აი, ზუსტად გავდა, რა,
ზუსტად. როგორ იყო, იცი? აი, მე მოვდივარ ქუჩაზე, მაცვია დედაჩემის იტალიიდან გამოგზავნილი წითელი სარაფანი, ჰო, მეხუთე კლასში რო გაგმომიგზავნა ეგ, კარგი ამინდია, მზეც ანათებს და საიდღანღაც ჩემს გაღიმებულ სახესაც ვხედავ, აი, ფილმებში როა ეგრე ზუსტად, ამ დროს კანაოში ჩაგდებულს ვხედავ, თავისზე ორჯერ დიდი ზომის დუტის კურტკა – ტანზე და ფეხებზე – თავისი ტალახიანი ბოტები, თავზე გამორღვეული შავი ქუდიც ახურავს და აგდია ასე. უცებ მისკენ მივდივარ მისაშველებლად, ვეკითხები, რა გჭირს მამა, რა დაგემართა, როგორც კი ვუახლოვდები შარდის სუნს ვგრძნობ, ჰო გითხარი? აი, ისეთია ნამდვილი,

ნამდვილი, როგორიც იყო. ხელის ცხვირზე აფარება არ მინდა, არ მინდა გამიბრაზდეს, ან მაგინოს ან რამე, ვეუბნები, რა გჭირს, მამა, რა დაგემართა? ხელს ვკიდებ კანაოდან ამომყავს, ნასვამია. ისევ ვქაჩავ და ნელ-ნელა ამომყავს. რატომ მიმატოვე? რატომ დამტოვე? –ასე იმეორებს ჩუმად თავისთვის. მე ვპასუხობ, არ მიმიტოვებიხარ, აქ ვარ, მამა, აგერ შენს გვერდით. არა, მიმატოვე, დამტოვე, ასეთი
მიმაგდე,- ლაპარაკობს და პირზე დორბლი ადგება, მე ასფალტზე ვაწვენ და შარვალს ვხდი, ჩაფსმული შარვალი მინდა გამოვუცვალო, ის კიდევ ყვირილის იწყებს, არა, არ მინდა, არ მომეკარო, არ მინდა, ყვირის და თან იფურთხება. მუხლებზე დგება და ტირის, მიმატოვე, ასე დამტოვე ასე მიმაგდე. ღმერთო, არ შემიძლია, წამით თვალებს ვუსწორებ და მეშინია, ძალიან მეშინია და ჩქარა გავრბივარ, არ ვიცი ვის უნდა გავექცე, უკნიდან კიდევ ბღავილი მესმის, – რატომ მიმატოვე? რატომ დამტოვე? არ გეცოდები? მე უკვე შორს ვარ და ის კიდევ არც ჩანს და ამ მომენტში მეღვიძება. ვსიო, არაფერია, გარეთ გელოდება ვიღაც უცნობი კაცი უბრალოდ, თუ ჯერ კიდევ არ გააგდეს.
ასე გრძელდებოდა ყოველ საღამოს, სადარბაზოში მწოლიარე უცნობი მხვდებოდა სიზმრებში კიდევ – მამაჩემი. თან ის მაშინებდა, რომ ტიპს სახეზე ვერ ვხედავდი, აი, საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო. აზრზე ხარ, მკვდარი მამაშენი რო სადარბაზოში დაგადგეს? ისიც მიფიქრია, რომ თითქოს ორივე ერთმანეთზე დამოკიდებულები იყვნენ, ხვდები? აი, თითქოს ორივემ იცოდნენ ერთმანეთის არსებობაზე, ორივე ასე ერთდროულად გაქრნენ, ოღონდ ერთი ცხადიდან და მეორე კიდევ -სიზმრიდან. მაგრამ სანამ გაქრებოდნენ მანამდე სხვა რაღაც მოხდა.
შაბათი იყო მგონი, საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, როცა სამსახურიდან დავბრუნდი, სადარბაზოში შემოვედი, არავინ, საერთოდ არავინ. ალბათ, შემოაგვიანდა -მეთქი. დაღლილი ვიყავი და იმ საღამოს მალევე დამეძინა, დაახლოებით ასე შუა ღამის ორ საათზე კარზე ბრაგუნის ხამამ გამომაღვიძა, აი, რაღაც საშინელებათა ფილმებში რო არის ჰო იცი? აი ეგრე ფუფ, ბავშვობიდან ვერ ვიტანდი. შეშინებული წამოვდექი, ხალათი მოვიცვი და კართან მივედი. ჭუჭრუტანაში გავიხედე, იქ ის არ იდგა? ჰო, ეგა, სადარბაზოს უცნობი ტიპი. კარზე ძლიერად აბრაგუნებდა, მახსოვს წამიერად
ამაკანკალა, აი, მთლიანად დამიარა სასწულად. აი, არ ვიცი, რა, ძალიან შევშინდი. ყოველ კარის დაბრახუნებაზე გული ესესაა გამისკდებოდა და მაშინ პირველად ვნახე მაგის სახე. რაღაცნაირი, ჩამომჭკნარი, გაშავებული სახით, გადაყვითლებული წვერებით ჩემს კართან იდგა და მუშტს მთელი ძალით აბრახუნებდა, მე შეშინებული ჩაკეცილი ზურგით კარისკენ ვიჯექი ცივ იატაკზე. ჩემთან რატომ მოვიდა? სხვა კარი ვერ ნახა? რატომ მაინც და მაინც ჩემთან, აი, ახლაც ვერ ვხვდები. ხომ შეეძლო

რომელიმე სხვასთან მისულიყო? მერე მალევე ბრახუნის ხმა მძიმე ნაბიჯების ხმამ
ჩაანაცვლა, გარეთ გავიხედე, ორი კაცი იყო, ერთი პოლიციის ფორმაში გამოწყობილი, მეორე კიდევ ჩვეულებრივად შავ ტანსაცმელში, ერთი სახით იჭერდა მეორე კიდევ გამეტებით ურტყამდა თავის ბათინკებს. სალდათის ბათინკები, მაღალ ყელიანი, სქელი ძირით. აი, არ ვიცოდი რა მექნა, ღმერთო, ახლა რომ მახსენდება ბოლო ხმაზე ბღავილი მინდოდა, ცრემლები სულ ღაპაღუპით მდიოდა და ერთადერთი რაც შემეძლო, მუშტს ვკბენდი, სულ მთლიანად დავიკბინე, ისე დავიკბინე ბოლოს სისხლი მდიოდა ხელიდან. აი, ესენი სულ დახეთქილი მქონდა. მერე უცებ რაღაცნაირად გონს მოვედი ვითომ, ეგრევე ტელეფონი, ტელეფონი, ასთორმეტი ან ნოლოცდაორი თუ რა ნომერიცაა, ჯანდაბა! მაგრამ ვისთვის უნდა დამერეკა? პოლიცია ჩემს სადარბაზოში იყო.
ეს იყო და ეს, მაგის მერე არ შემხვედრია სადარბაზოში, რადენიმე საღამოს მის სუნს ვგრძნობდი კიდეც, აი, თითქოს რაღაც იყო მისგან დარჩენილი, მერე ისიც გაქრა. არც მამაჩემი დამსიზმრებია, არადა ძალიან მინდა ისევ მეწვიოს, ხომ გახსოვს როგორი იყო?
მე ქუჩაზე მოვდიოდე წითელი სარაფანით, ის კანაოში მწოლიარე ვნახო, ამოვათრიო, სახლში წავიყვანო, ჩაფსმული ტანსაცმელი გამოვუცვალო, ახალი
ჩავაცვა და საწოლში ჩავაწვინო,თუ უნდა მაგინოს, მლანძღოს, ოღონდ ესე ვქნა, აი, როგორც წინათ ხდებოდა ხოლმე, პატარა გოგო რომ ვიყავი. გახსოვს?

 

 

 

 

 

1 2 3