რადგან ამერიკული ოცნების დანგრევაზე ვსაუბრობთ, მინდა გკითხოთ, ფილიპ როთს თუ იცნობდით?

დიახ, ვიცნობდი და მისი გულწრფელობა ძალიან მიყვარს. ის ყველაფერს პირდაპირ, მოურიდებლად აღწერს. ფილიპმა გარდაცვალებამდე სამი თუ ოთხი თვით ადრე დამირეკა და ჩვენ ნიუარკის ბიბლიოთეკაში ყოველწლიური „ფილიპ როთის ლექციის“ შესახებ ვისაუბრეთ. მკითხა, ხომ არ შემეძლო სექტემბერში წამეკითხა ლექცია. მე ვუპასუხე, თუ ფილიპ როთი გირეკავს და ყოველწლიური „ფილიპ როთის ლექციის“ ჩატარებას გთხოვს, რა თქმა უნდა, უნდა ჩაატარო-მეთქი. ისიც მითხრა, რომ „ოქროს სახლი“ წაიკითხა და მისი აზრით, მე ზუსტად აღვწერე, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ამის გაგონება მართლაც ძალიან მესიამოვნა, რადგან  რთული წარმოსადგენია, რომ შენი ლიტერატურული იდეალი შენს წიგნს კითხულობს.

რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, ნერონის ვაჟი, არის ე.წ. gender fluid (საკუთარ სქესს ვერ არკვევს). ასეთი პრობლემების შესახებ საუბარი გსურდათ?

ასეთ საკითხს მე დანაღმულ მდელოს შევადარებდი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს საკითხის იგნორირების მიზეზი მაინც არ არის. მე ორ ადამიანს ვიცნობ, რომელთაც სქესი შეიცვალეს, ორივე ცვლილება წარმატებით დასრულდა და ახლა ისინი გაცილებით ბედნიერები არიან. თავიდან წიგნში მათი შემთხვევების გათვალისწინებით მინდოდა მესაუბრა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ სჯობდა, მხოლოდ იმაზე არ დამეწერა, რაც თავად ვიცოდი და ამიტომ უამრავ ადამიანს ვესაუბრე, ვიდრე ამ პერსონაჟს შევქმნიდი. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ამ წიგნში უფრო ღრმად არ გაიშალა ეს საკითხი, ისაა, რომ მე არ მინდოდა, მეთქვა – ეს სწორია, ეს არასწორია, ამის ნაცვლად, წიგნი ამბობს: „აი, ეს ხდება, ესაა ის პერსონაჟი, რომელიც ძალიან იტანჯება. მოდით, შევხედოთ მის ტკივილს. “

რა ჟანრის წიგნების კითხვა გიყვართ?  
რაღაც პერიოდი, როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი, უამრავ სამეცნიერო ფანტასტიკას ვკითხულობდი, რეი ბრედბერსა და კარლ ვონეგუტს. ასევე, მიყვარდა უფრო სერიოზული სამეცნიერო ჟურნალები Astounding და Amazing. დღეს უფრო ფართო ინტერესები მაქვს, მაგრამ სულ უფრო და უფრო ცოტა თანამედროვე ლიტერატურას ვკითხულობ. უფრო „მადამ ბოვარს“ ან „ლოლიტას“ გადავიკითხავ, ვიდრე ამ წლის ყველაზე პოპულარულ რომანს. არც ბევრ თრილერს ვკითხულობ, თუმცა, მიყვარს ჯაშუშობის თემაზე დაწერილი წიგნები, ისეთი მწერლების, როგორიცაა, მაგალითად, ლე კარე  და ა.შ.

ნაბეჭდ წიგნებს კითხულობთ თუ ეკრანზე კითხვა გირჩევნიათ?

მოგზაურობის დროს iPad-ში კითხვას მივეჩვიე, საერთოდ კი, წიგნები მირჩევნია.

არის რომელიმე კლასიკური წიგნი, რომელიც არ წაგიკითხავთ და ამის გამო გრცხვენიათ?

მიდლმარჩი. ერთხელ ერთ ტელეშოუში ვაღიარე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტელევიზიებს წიგნების შესახებ ჰქონდათ გადაცემები. მერე კი ერთმა გაზეთმა ჩემზე თქვა: „და თავის თავს მწერალს ეძახის!“

ვინ არის თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი?

ლეოპოლდ ბლუმი „ულისედან“, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ საჭმელს ჭამს ხოლმე, მე რომ ვერ ვიტან – ხორცს და შინაგან ორგანოებს. ის ერთ-ერთი მარადიული ლიტერატურული გმირია.

ბავშვობაში როგორი მკითხველი იყავით? რომელი წიგნისა თუ მწერლის ერთგული დარჩით დღემდე?

ნამდვილი წიგნის ჭია ვიყავი და არანორმალურად ბევრს ვკითხულობდი. დედა და მამა გონიერი ადამიანები იყვნენ და არ მაიძულებდნენ, მაინცდამაინც „კარგი“ წიგნები ამერჩია, არც „ბეთმენის“ კომიქსებს მიშლიდნენ. ბევრი კარგი მკითხველი გამხდარა მერე მწერალი. მე ბომბეიში ვიზრდებოდი და იმას ვკითხულობდი, რაც იქ ხელმისაწვდომი იყო. მაგალითად, ჩვენ არ გვქონდა „ვინი პუჰი“. ის მოგვიანებით აღმოვაჩინე. ვკითხულობდი ლუის კეროლის „ელისს“ და არტურ რენსომს.

რომელ წიგნებს/მწერლებს უბრუნდებით ხოლმე?

სოლ ბელოუს „ოგი მარჩის მოგზაურობა“ და „ჰუმბოლტის საჩუქარი“. ხშირად ვკითხულობ, ასევე, დიკენსს.

რომელმა წიგნებმა შეცვალა თქვენი ცხოვრება?

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი ცხოვრება შეცვალა წიგნებმა, რომლებიც მე დავწერე და არა წავიკითხე. როდესაც 1981 წელს „შუაღამის შვილები“ გამოქვეყნდა, იმედი მქონდა, რომ ჩემი ახლობლები და მეგობრები წაიკითხავდნენ და მოეწონებოდათ და სრულიად მოუმზადებელი ვიყავი იმისთვის, რაც მაშინ მოხდა. ამ წიგნმა მომიტანა ისეთი ცხოვრება, როგორზეც ვოცნებობდი – მწერლის ცხოვრება. 80-იანი წლები ბედნიერად გავატარე. შემდეგ, 1988 წელს მეორე წიგნმა შეცვალა ჩემი ცხოვრება – ეს იყო „სატანური ლექსები“. თუმცა, ამ ცვლილებებს სასიკეთოს ვერ დავარქმევ. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვამაყობ ამ წიგნით და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მადლობელიც ვარ მისი, რადგან იმ სირთულეებმა, რაც გამოვიარე, მასწავლა როგორ ვიცხოვრო და რისთვის ღირს ცხოვრება.

 

ინგლისურიდან თარგმნა   დალილა გოგიამ

 

 

1 2