სალმან რუშდი (აჰმედ სალმან რუშდი), მსოფლიოში აღიარებული ინდური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი და ესეისტი, 1947 წელს ბომბეიში (ამჟამად მუმბაი) დაიბადა. ინდოეთ-პაკისტანის ომის შემდეგ მისი ოჯახი პაკისტანში გადასახლდა. რუშდიმ განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯში მიიღო. 1964 წელს იგი ბრიტანეთის მოქალაქე გახდა, ხოლო 2007 წელს  დედოფალმა ელისაბედმა მას ბარონეტის, ანუ რაინდის წოდება მიანიჭა.

სალმან რუშდის მეორე რომანმა – „შუაღამის შვილები“ (1981) ბუკერის პრემია დაიმსახურა. 1993 წელს ის დააჯილდოვეს პრიზით „ბუკერთა ბუკერი“, ხოლო  2008 წელს რომანს კვლავ ერგო ბუკერის პრემია, ამჯერად –  „საუკეთესოთა შორის საუკეთესო“.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სალმან რუშდის სკანდალური რომანი „სატანური ლექსები“ ან „ეშმაკეული აიები“ (1988). მუსულმანურმა სამყარომ ის წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფად მიიღო, ხოლო ირანის სულიერმა ლიდერმა აითოლა ჰომეინიმ თავის ფატვაში რუშდი შეაჩვენა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და მისი მოკვლისთვის ფულადი ჯილდოც დააწესა. ამის  გამო მწერლის ადგილსამყოფელი დღემდე გასაიდუმლოებულია. 1998 წელს ირანის პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამიმ დაგმო ფატვა, თუმცა, მის გადაწყვეტილებას მუსლიმი ფუნდამენტალისტები არ ეთანხმებიან.

2000 წელს სალმან რუშდი ამერიკაში გადავიდა. 2004-2006 წლებში ის იყო ორგანიზაცია PEN American Center-ის პრეზიდენტი.

სალმან რუშდის რომანები, მოთხრობების კრებულები, ესეები თუ მემუარები აღნიშნულია მრავალი ლიტერატურული პრემიითა და ჯილდოთი. იგი 14 რომანის ავტორია. მისი ბოლო რომანი The Golden House („ოქროს სახლი“) 2017 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. მას უკვე უწოდეს „დონალდ ტრამპის ისტორია“. ადვილი შესამჩნევია, რომ რომანის მთავარ გმირს, ნერონ გოლდენს ბევრი საერთო აქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

ნერონი მულტიმილიონერია, თავისი ქონების ნაწილი მშენებლობის ბიზნესში დააგროვა; მას რუსი ცოლი ჰყავს, მაკიაჟს იკეთებს და თმასაც იღებავს. თუმცა, თავად სალმან რუშდი აცხადებს, რომ წიგნი არ არის დონალდ ტრამპზე.

„ეს რომანი არის მულტიმილიონერზე, რომელიც ინდოეთიდან ამერიკაში გადადის საცხოვრებლად. აი, ესაა სიუჟეტი, მაგრამ ვაღიარებ, წიგნი მართლაც ძალიან რეალისტური გამოვიდა,“ – ამბობს ის.

გთავაზობთ ინტერვიუს სალმან რუშდისთან, რომელიც შარშან ზაფხულს „გარდიანში“ გამოქვეყნდა. მწერალს ესაუბრა არიფა აქბარი.

The Guardian (16.06.2018)

„ოქროს სახლი“ ასახავს ცხოვრებას, ჩვენს ირგვლივ, მასში შევხვდებით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებსაც და დებატებსაც გენდერულ საკითხებზე. ამ წიგნის წერისადმი განსაკუთრებული მიდგომა ხომ არ იყო საჭირო?

დიახ. ამბობენ, რომ რაიმე მოვლენის შესახებ წერა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყო, როდესაც საკმარისი დრო გავა. მე მიზანმიმართულად არ დავიცავი ეს წესი და დავწერე წიგნი ზუსტად იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში პარალელურად  მიმდინარეობდა. მესმის, რომ რისკზე მივდიოდი, რადგან როცა რომანში დღევანდელ სიტუაციას  ასახავ, ის მალე შესაძლოა, გუშინდელი გაზეთივით უინტერესო გახდეს. მაგრამ უნდა ეცადო, ისეთ დეტალებზე გაამახვილო ყურადღება, რომლებიც მომავალშიც საყურადღებო იქნება. თანაც ძალიან რთულია, რომანში გადმოიტანო რეალობა, რომელიც ყოველწამიერად იცვლება და მეც ძალიან ბევრ ცვლილებასთან მომიწია გამკლავება.

წიგნი იწყება ბარაკ ობამას ინაუგურაციით იწყება და „მასხარას“ არჩევნებით მთავრდება, რაც დონალდ ტრამპის სარკასტულ ვერსიას წააგავს. რომანის წერა მისი პრეზიდენტად არჩევის დილას დაიწყეთ?

სულაც არა. მაშინ წიგნი ლამის უკვე დასრულებული მქონდა. რაღაცის გადაკეთება კი მინდოდა, მაგრამ ტრამპის თემა მეორეხარისხოვანი იყო. მე მინდოდა,  მიმდინარე ათწლეულის განწყობა დამეჭირა (ობამადან ტრამპამდე). ყველაზე უცნაური ის არის, რომ მე არჩევნების სულ სხვა შედეგებს ველოდი, წიგნი კი საწინააღმდეგო მიმართულებით განვითარდა, ანუ დაიწერა ის, რაც მერე რეალურად მოხდა. ზოგჯერ მხატვრული ტექსტი მწერალზე ბრძენი აღმოჩნდება ხოლმე.

წიგნი ნამდვილად პოლიტიკური გამოვიდა და მას შეგვიძლია სატირა და ფანტასტიკური კომედიაც ვუწოდოთ. მიზნად თავიდანვე მკითხველის გაცინება დაისახეთ? ელემენტებიც მრავლადაა.

შავი კომედია საკმაოდ მიყვარს, განსაკუთრებით, შავ დღეებში. რაც უფრო შავია იუმორი, უფრო მეტად ასახავს რეალობას. ვფიქრობ, დღეს სატირა აუცილებელად გვჭირდება, როგორც ბასრი იარაღი და, როგორც ვიცით, ის ხშირად გამოიყენებოდა რთულ დროს.  თამამად შეგვიძლია, ისიც ვთქვათ, რომ საბჭოთა რუსეთის ლიტერატურა გაცილებით უკეთესი და ბასრი იყო, ვიდრე პოსტსაბჭოთა ლიტერატურა, რადგან მაშინ მწერლებს გარკვეული მიზანი ჰქონდათ.

თქვენ კითხვის ქვეშ აყენებთ – და ანგრევთ ამერიკულ ოცნებას წიგნის მთავარი გმირის, ნერონ გოლდენის საშუალებით. ნერონ გოლდენი გაურკვეველი წარსულის მქონე ინდოელი მილიარდელია, რომელმაც ამერიკაში საკუთარი თავი თავიდან შექმნა. რას ნიშნავს ამერიკული ოცნება დღეს?

ამერიკული ოცნებიდან ბევრი არაფერი დარჩა. თუ ნიუ-იორკში ცხოვრობთ, იცით რომ ბოლო ხანებში მოვლენები და პოლიტიკური ამბები შემაშფოთებელია. ის აღარ არის „ახალი იერუსალიმი“ და არც – „ქალაქი მთაზე“. ნერონი წარმოადგენს ამჟამად გავრცელებული კორუფციული მაქინაციების სიმბოლოს. საკუთარ თავს ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა, ასეთი უარყოფითი პერსონაჟის მიმართ მკითხველის თანაგრძნობა გამომეწვია. და მოვახერხე იმით, რომ რაც არ უნდა გააკეთოს მან, მაინც მოსიყვარულე მამად რჩება.

 

1 2