თანამედროვე საზოგადოებისათვის რუტინული ცხოვრება ხშირად ნეგატიურ დატვირთვას ატარებს, რადგან მასში მოიაზრება მოსაწყენი და მექანიზირებული საოფისე სამსახური, რომლისგან დაღლილსაც სახლში უსაქმოდ წოლა უმაღლეს ფუფუნებდა წარმოგიდგება, უიქენდზე სმა და კლუბებში ღამის თენება, ბოროტი ნაბახუსევი და ამასობაში ისევ სამუშო კვირა იწყება. თუმცა არსებობს ისეთი რუტინაც, რომელიც უფრო მეტად იწვევს გაკეთილშობილებას, ვიდრე სხვა ნებისმიერი ტიპის მრავალფეროვანი ცხოვრების ვარიაციები.
დავიწყოთ ჯიმ ჯარმუშის ფილმით „პატერსონი“, რომელის სიუჟტური სტრუქტურაც და ტიტულოვანი მთავარი გმირიც მუდამ განმეორებადი მოქმედებების რიგს წარმოადგენს. თუმცა პატერსონისთვის რუტინა კომფორტული და საჭიროების შემცველიცაა, რადგან მას არ უწევს ყოველდღიურ ფუჭ აქტივობებში დროის ხარჯვა, იმაზე ფიქრი თუ რა ჩაიცვას, სად წავიდეს საღამოს დასალევად და ა.შ. მას სმარტფონიც არ აქვს, რადგან მისი ფლობის საჭიროებას ვერ ხედავს. ამის გამო სოციუმში ის უცნაურად შეიძლება ჩაითვალოს, განდგომილი, ცხოვრებისეული სიამეებისგან დისტანცირებული გამოჩნდეს, თითქოს მის ცხოვრებაში არაფერი ხდება, მაგრამ რეალურად სწორედ ის ფიქსირდება ყველაზე ძლიერად ცხოვრებაში, რადგან ყველაფერი, რაც გარშემო არსებობს, მისი შთაგონების და კვლევის, დაკვირვების საგანი ხდება. ის ამ რუტინაში პოვებს და ქმნის პოეზიას. მას შეუძლია საგნების ერთმანეთან დაკავშირება, მათი არსებობისთვის საჭიროების გამონახვა, რომანტიკული მნიშვნელობის დაკისრება, ეგზისტენციის საერთოობის აღქმა და ამ მშვენიერების დაფასება, მისით ტკბობა, რისი მეშვეობითაც დღის ბოლოს ის ყველაზე კმაყოფილი, სავსე და მოლოდინით აღვსილი იძინებს და შემდეგ დღეს არა როგორც მოსაწყენ მოქმედებათა ჯაჭვს, არამედ როგორც ექსპედიციას, ისე უყურებს, სადაც მუდმივად ახალს და საინტერესოს დაინახავს, მოისმენს, წაიკითხავს, იგრძნობს და მაქსიმალურად მიიღებს კმაყოფილებას, როგორც არქეოლოგი, რომელიც გამუდმებით აკეთებს მნიშვნელოვან აღმოჩენებს.

ჯარმუში ირონიულად ეკიდება ჩვენს მოლოდინებს, ცხოვრებისეულ განწყობებს და ილუზიებს, კლიშეებით ნაკვებ წარმოდგენებს ყველაფერზე. იმაზე, რომ სრულყოფილად ცხოვრება მოითხოვს უიქენდებზე ინტენსიურ გართობას, რუტინაში მოხვედრა მისგან უპირობო გათავისუფლებას, სამსახური პრესტიჟულობას, ურთიერთობა დაუცხრომელ ვნებას და სექსუალურ თავგადასავლებს. ჯარმუში გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი კლიშეა, რომ ერთფეროვნებაში შეიძლება გაცილებით მეტი მრავალფეროვნება იყოს (და პირიქით), ყველაფერი სემანტიკაზე და აღქმის უნარზეა დამოკიდებული. ვიღაცისთვის შესაძლოა პატერსონის ცხოვრება და ავტობუსის მძღოლის პროფესია მოსაწყენი და ტრივიალური
იყოს, რადგან სამომხმარებლო კულტურა წარმატების, რეალიზების და „შემდგარი“ ადამიანის ცხოვრების აღწერაში სხვა პრიორიტეტებს გვიწესებს, სადაც მატერიალისტური საგნების ფლობა, ფინანსური უპირატესობა, თავაშვებული გართობა მოიაზრება. ასე იქმნება სიცოცხლესთან მაქსიმალური ფიქსაციის ილუზია, მაგრამ რეალურად ხდება ფაბრიკაცია, საჭიროება მოკლებული, ჭარბი რეალობის წარმოქმნა და ყოფიერებისგან გარიდება.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარი, იოჰანეს ვერმიერი თავის ტილოებში საშუალო ფენის ყოველდღიურობას აღწერს, გლამურისგან დაცლილ, ყოველდღიურ რუტინაში ინვესტირებულ ადამიანებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო საქმით არიან დაკავებული. და ამას ხატავს ისეთივე მშვენეირებით, მდიდარი ფერთა პალიტრით, მიმზიდველი ატმოსფეროთი, როგორც დიდგვაროვნებს, სამეფო ოჯახის წევრებს, ღვაწლმოსილ გმირებს თუ რელიგიურ პერსონაჟებს ხატავდნენ. თუმცა მისთვის ისეთი რუტინული და ერთი შეხედვით მრავალფეროვნებისგან დაცლილი გარემო, როგორიც პროვინციალური ყოველდღიურობაა, მარტივი სილამაზის წყაროს წარმოადგენს. მართალია ცხოვრების იდეალურ აღწერად თინეიჯერობაში ნიცშეს ვემხრობოდი, „მხიარულ მეცნიერებაში“ რომ ამბობს სახიფათოდ უნდა იცხოვროთ, ვეზუვის ფერდობეზე ქალაქები გააშენოთო, მაგრამ დროთა განმავლობაში მსგავსი ვნებები დაცხრა და უფრო დიდი კომფორტის მომცემი მშვიდი ცხოვრება გახდა.

ამერიკელი ფილოსოფოსი ჰენრი დევიდ თორო თავის ნაშრომში „უოლდენი“, აღწერს პირად გამოცდილებებს, რომელიც საზოგადოებისაგან გარიდებულად, ტყის ქოხში რუტინული ცხოვრებით მიიღო, სადაც ჰუმანურობით აივსო, თვითანალიზით დაკავდა, ბუნებასთან სიახლოვემ მისი გონებრივი გაჯანსაღება გამოიწვია და ა.შ. თუმცა მისი ყოველდღიურობა მხოლოდ ხანგრძლივი სეირნობით და თავის დაკვირვებების დოკუმენტირებით შემოიფარგლებოდა. და მიუხედავად ამ, შეიძლება ითქვას, ერთფეროვნებისა და ბევრი იფიქრებთ ალბათ, მოსაწყენი აქტივობებისა, მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბდა, რომლის იდეებმაც შთააგონა ანტი ნაცისტური მოძრაობა, ამერიკის სამოქალაქო უფლებების მოძრაობა თუ სხვა. ზემოთ მოყვანილი სამივე მაგალითი იმის ილუსტრაციას ახდენს თუ რამდენად პროდუქტიული, მჩქეფარე, იდილიური და სიმშვიდის მომნიჭებელი შეიძლება იყოს რუტინული ცხოვრება, ამიტომ, როდესაც აღმოაჩენთ, რომ თქვენი ცხოვრებაც რუტინაში ექცევა, ხელაღებით ნუ ეცდებით მისგან გათავისუფლებას, შეეცადეთ ის ფაქტორები გარდაქმნათ, რომელიც თქვენს რუტინაში დისკომფორტის ნიშნებს აჩენს.