სულ მალე 14 თებერვალია, ვალენტინობა, ამიტომ, ბარემ გარემოებამ მოიტანა და ამ თემის ირგვლივ წარვმართავ საუბარს. “მატრიცას“ მესამე სერიაში ერთი ეპიზოდი მიყვარს განსაკუთრებულად: მეროვინგიანი როდესაც დაინახავს, რომ ტრინიტი გარდაუვალი სიკვდილის გაცნობიერების მიუხედავად, მაინც იბრძვის ნეოს გადასარჩენად, აღნიშნავს, როგორ გავს სიყვარულის პატერნი სიგიჟის პატერნსო. პრინციპში რომანტიკული სიყვარულიც სხვა არაფერია შეშლილობის მდგომარეობასთან მიახლოების გარდა. როდესაც რაციონალობა კლებულობს, ვნებები დგებიან შტურვალთან და მხოლოდ ერთი ადამიანი მნიშვნელობს სამყაროში. ერთხელ მაინც, ალბათ ყველანი ვყოფილვართ მსგავს კონდიციაში, როდესაც კომფორტს გაძლევს მთელი ეს ამურული ტრაგიზმები, დრამატული განცდები, საკუთარი თავი პოეტი გგონია, ლიტერატურული რომანის გმირი, ედმონდ დანტესი ან რობერტ ლოკამპი ან ჯეი გეთსბი, ის ვის სასიყვარულო ისტორიებზეც გაიზარდე, პერსონაჟები, რომლის ავტორებმაც შეგიქმნეს წარმოდგენები რომანტიკაზე და სიყვარულზე. მნიშვნელოვან ლიტერატურულ ძეგლებში, სადაც სიყვარულზე აღმატებული მსჯელობები მიმდინარეობს, ყოველთვის ტრაგიკულად მთავრდება წყვილის ურთიერთობა. იქნება ეს გოეთესთან, ბალზაკთან, ტოლსტოისთან, ფიცჯერალდთან, ძაან დიდი ხანი მომიწევს ფიქრი იმისათვის, რომ გავიხსენო სასიყვარულო ისტორია, სადაც სიყვარული ხანგრძლივად რჩება ადამიანებს შორის თუ მათ რაიმე ტიპის ტრაგიზმი არ ეჩხირებათ შუაში.

თითქმის ყველა ლიტერატურულ ტექსტში სიყვარული არის ფრაგმენტული, მისი პრაქტიკული განხორციელება ხდება მცირე ხნით, შემდეგ ან წყვილიდან რომელიმე კვდება, ან გარემოებები აშორებს მათ და საბოლოოდ რჩება არა სიყვარული, არამედ გრძნობები სიყვარულის იდეისადმი. შესაბამისად, ხელოვნება, რომელიც ბავშვობიდან გვაზიარებს რომანტიკის საფუძვლებს, ცნობიერებაში გვიშენებს კონსტრუქციას, რომლის ფუნდამენტიც დგას ერთ კონკრეტულ შინაარსზე – რომანტიკული გმირი უნდა დაიტანჯოს. პრინციპში ახალგაზრდობის ვნებები უნდა ვიბრირებდეს კიდეც პოეზიით, ხოლო რა შეიძლება იყოს იმაზე პოეტური, ვიდრე ახალგაზრდა, სევდიანი რომანტიკული გმირია. გარეშე მზერისთვის კი ბატონო, კლიშეა და შეიძლება სასაცილოც იყოს, მაგრამ უშუალო განცდის ობიექტისთვის სასიყვარულო ტრაგიზმი სამყაროს დასასრულის ტოლფასია.

მანოელ დე ოლივიერას ფილმში „ფრანჩისკა:, სასიყვარულო სამკუთხედში მოხვედრილი ორი მამაკაციდან ერთ-ერთი, ხოსე აუგუსტო სიცოცხლის ნაადრევ დასრულებაზე ფიქრობს. პერსონაჟები ძველი წერსიგის, მელანქოლიის, ტრადიციული იდეალების, რომანტიზმის შვილები არიან, ასეთადვე ხედავენ საგნებს მათ ირგვლივ არსებულ სამყაროში და აქედანვეა ნაწარმოები მათი ემოციები და სურვილებიც. ხოსე აუგუსტო სულ შეყვარებულია, მისი მეგობარი კამილო იდეალურ შეფასებას მიუძღვნის მის პერსონას – „25 წლის ასაკში სიკვდილზე ფიქრი ან პოეზიაა ან დანაშულიო“. ასეცაა. მაგალითად რომეო და ჯულიეტას შემთხვევაში, ტრაგიკული ფინალი პოეზიაა, ახალგაზრდული ფათერაკის ნაწილია, მშვენიერებას გამოხატავს, რადგან უმწიკვლო, შეურყვნელი და ნაივურია. თუმცა ახალგაზრდული წინაპირობის გარეშე, მხოლოდ დანაშული გვრჩება ხელთ. აი მაგალითად ტრიუფოს რომ გადაეღო უკვე შუახნის ასაკის ანტუან დუანელზე მეექვსე ფილმი, სადაც ის კვლავ გამალებით ეძებს სიყვარულს, პოულობს და დასასრულს 40 წელს გადაცილებული წყვილი ერთმანეთისადმი სიყვარულის იდეას ფიზიკური მოკვდინებით უკვდავყოფს. აქ უკვე რასაკვირველია დანაშულთან გვექნებოდა საქმე, როგორც მორალურ, ისე სამართლებრივ ჭრილში, რადგან მოზრდილ ასაკში უკვე საკმარისი პასუხისმგებლობა და გამოცდილება უნდა გაგაჩნდეს იმისათვის, რომ რომანტიზმის გამოხატულებას არ მიუძღვნა ბოლომდე თავი.

მოკლედ, სიყვარულის ტრაგიზმები მიმზიდველია მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ახალგაზრდობა უმაგრებს ზურგს. სხვა შემთხვევაში ისეთივე უხერხულ და უადგილო გარემოებასთან გვაქვს საქმე, როგორც ღამის კლუბში ექსტაზით გაბრუებული ბაბუაშენის ნახვა იქნება. ახალგაზრდობა მართლა უდიდესი საჩუქარია, სადაც მრავალი ტიპის შეცდომების პატიება შესაძლებელია, ამიტომ დაეწაფეთ რომანტიკას, სევდას, მიიღეთ ტრაგიკული გმირის ამპლუაში ყოფნის კომფორტი, თორემ შემდეგ უკვე ტრიუფოს რომანტიკიდან ფინჩერის რეალიზმში ამოყოფთ თავს. დევიდ ფინჩერის „გაუჩინარებული გოგონა“ ბოლო წლების ამერიკულ კინოში საუკეთესოდ აღწერს რომანტიკული ურთიერთობების ტრანსფორმაციულ ხასიათს შეყვარებული წყვილიდან ოჯახურ დუეტამდე. ბენ აფლეკის პერსონაჟი ნიკ დანი თავის ცოლთან, ემისთან, კამათისას ამბობს, ხო, თავიდან მიყვარდი, მაგრამ შემდეგ მარტო იმედებს ვუცრუებდით, გაკონტროლებას ვცდილობდით და ტკივილს ვაყენებდით ერთმანეთსო, რაზეც ცოლი პასუხობს, სწორედ ეგაა ქორწინებაო. რომანტიკული ილუზიებიდან გათავისუფლება თავის მხრივ უდიდესი რომანტიკული აქტი და ცალკეული პოეზიაა, ოღონდ ყველაფერს თავის დრო აქვს.

ერთი სიტყვით, გისურვებთ რომანტიკულად გაგეტარებინოთ ვალენტინობა თუ რასაკვირველიაგადარდებთ ეს თარიღი, ხოლო თუ სახლში აპირებთ მარტო საღამოს გატარებას, მაშინ გირჩევთ მაიკ ნიკოლსის ფილმი ნახოთ სახელწოდებით „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის“ და შემდეგ ეცადეთ წყვილურ ურთიერთობაში მსგავს ეტაპამდე არ მიხვიდეთ.