ამას გარდა, დააფასეთ თქვენს გარშემო მსხდომნი – ჩათვალეთ, რომ ფიზიკური დეტალებით სავსე  უკიდეგანო ზღვაში იმყოფებით.  თუ წერის დროს უცებ  თმის გარკვეული  ფერის, ან თითების, ან პირის, ან ფეხსაცმლის აღწერა დაგჭირდათ, მიმოიხედეთ და დაინახავთ, რომ განუსაზღვრელი რაოდენობის მასალა გაქვთ, რომელსაც სახლში ვერასოდეს ნახავთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ თქვენ შემოქმედებითი წერის ვორქშოფზე ვერ ჩაეწერებით, სადაც გაგამხნევებენ და თქვენს ლიტერატურულ მისწრაფებებს მხარს დაუჭერენ, გაითვალისწინეთ სხვა „საკლასო ოთახების“ გამოცდილება. ჩასვით საკუთარი თავი სხვა ადამიანებს შორის, იქ, სადაც ის იძულებულია,  თავისით გაერთოს. მოწყენილობა ფანტაზიებად გადააქციეთ. კვირაში ერთხელ მაინც იარეთ წირვაზე ან მხარდამჭერთა სემინარებზე და თავად ნახავთ, რომ უფრო ინტენსიურად დაიწყებთ წერას.

შეიძლება, ცოტა ღორულად ვიქცევი, ან ვინმემ გულქვაობაც დამაბრალოს,  მაგრამ გაგიზიარებთ რესურსს, რომელიც ახლახან აღმოვაჩინე.

ამას წინათ ერთ სოფელში სახლს ვარჩევდი – მოხუცი მწერლებისთვის თავშესაფრის გახსნაზე ჯერ კიდევ ვოცნებობ –  და რაღაც განსაცვიფრებელი დავიჭირე იმაში, თუ როგორ საუბრობენ სახლზე მათი მფლობელები. თუ გასაყიდ სახლს უძრავი ქონების აგენტები გაჩვენებთ, ის სახლსა და ნაკვეთს საკმაოდ თავშეკავებულად, ოფიციალური ტონით დაგიხასიათებთ:კვადრატული მეტრი, ზონალური შეზღუდვები, ოთახის განზომილებები, წყლის მოწოდების სიჩქარე წუთში, ერთი სიტყვით, ის გამოიყენებს ისეთ მოსაბეზრებელ ტერმინებს, რომელთაც მე თავს ვარიდებ.

მაგრამ სურათი რადიკალურად იცვლება, როცა სახლის მაცხოვრებელი გაცნობთ სახლს.

ამ შაბათ-კვირას გოლდენდეილში, ვაშინგტონში, ნაკვეთის მეპატრონე სახლის უკან ერთ გაბუჩქულ ქლიავის ხეზე მესაუბრა. თურმე, რამდენიმე წელი ის არაფერს ისხამს, შემდეგი რამდენიმე წელი კი ტონობით ქლიავი ჩამოდის. მიამბო, თუ როგორ იყიდეს მან და მისმა ქმარმა ის კარმიდამო ოცი წლის წინ, როცა ის ხე ჯერ კიდევ ჯოხივით იდგა გარაჟის გვერდით, როგორ შემოღობეს უკანა ეზო და თბილი, დაჩრდილული ბაღი გააშენეს. მას მერე ხე გაიზარდა, გაიტოტა, გაიფურჩქნა და იმაზე მეტი ნაყოფი მოისხა, ვიდრე  ჭამა შეეძლოთ.  ქალმა ორჯერ მეტი დრო დაუთმო ხეზე საუბარს, ვიდრე მთელ სახლზე. მან ასევე დაწვრილებით მოამბო საწოლი ოთახების ისტორიები, გაიხსენა თავისი სამი ფეხმძიმობა, ბავშვების დაბადება.

სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულს და ყველა მცენარეს მაცხოვრებლების პირადი ისტორია უკავშირდება. როდესაც სახლს მისი მფლობელები გათვალიერებინებენ, ცხოვრებისეულ ამბებს ემოციურად გიყვებიან.

მოძებნეთ ადგილები, სადაც ადამიანები ერთმანეთს ცხოვრებისეულ ამბებს უყვებიან და შეგრძნებებს არ მალავენ. ეცადეთ, მიაშველოთ „მეხსიერების გასაღვივებელი“ შეკითხვები, რათა რაც შეიძლება მეტი წვრილმანი გაახსენდეთ. როდესაც, მაგალითად,  ეზოს ათვალიერებთ, იკითხეთ: „რას მეტყვით ამ ჩაიდანზე… ბავშვის საწოლზე… სისხლიან ხანჯალზე“… რა მნიშვნელობა აქვს, რაზე. მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება, რაც შეიძლება, მეტი ემოციურად დატვირთული ამბავი მოისმინოთ. მუდამ გახსოვდეთ – უამრავ ადამიანს კლავს ლაპარაკის სურვილი.

და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადამიანის ნდობით ბოროტად სარგებლობა დაუშვებელია – უბრალოდ, იყავით გულახდილი და ადამიანებს მიეცით საშუალება, თავისი გრძნობები გადმოგცენ და საკუთარ მანქანასთან, სახლთან თუ დივანთან დაკავშირებული ამბავი გაგიზიაროთ და თუ ამ დროს მარტო იქნებით, უკეთესია. რაც არ უნდა აღწერონ, მათ მაინც თავის რეფლექსიას გამოუვათ. როგორც ტომ სპანბაუერი აღნიშნავს – „რაზეც არ უნდა ლაპარაკობდე, საბოლოოდ საკუთარ პორტრეტს ხატავ.“

                                                                                        თარგმნა დალილა გოგიამ

1 2