მუდამ ასე ხდება – როდესაც სამსახურში გვიანობამდე გიწევთ დარჩენა, ან უფროსის მორიგ უაზრო დავალებას ასრულებთ და კომპიუტერის ეკრანს ხართ მიყინული,  თავი საოცარი იდეებით გევსებათ  და ერთი სული გაქვთ, წერა დაიწყოთ. თუმცა, სახლის სიმყუდროვეში, როცა არსად გეჩქარებათ, მაგიდაზე სუფთა ფურცელიც გიდევთ და ფინჯანი ყავაც, ერთ სიტყვასაც ვერ წერთ.  მერე რა, თუ ჩანაწერებით ასამდე გვერდი შეავსეთ, მკაფიო მონახაზიც გააკეთეთ,ჭუჭყიან სარეცხსაც ხომ გარეცხვა უნდა. მერე ტელეფონიც დარეკავს და თვალში მოგხვდებათ, რომ სახლი მტვრით ავსებულა.

რატომ ხდება, რომ სამსახურში ან სასწავლებელში ძალდაუტანებლად გვეწვევა ხოლმე წარმოსახვა, ხოლო სახლში კი თავში არაფერი მოგვდის?

მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ კონკრეტული გარემოების „ხაფანგში გაბმული“ გაცილებით უკეთესად ვწერ.

ჩემი იდეალური ხაფანგი დაახლოებით ასე გამოიყურება: გარშემო ხდება რაღაც, რაც ყურადღებას ოდნავ მიფანტავს (არა ტელევიზორი ან რადიო), ერთ ადგილს ვარ მიჯაჭვული, ჩემს ირგვლიც ადამიანები ან მეცადინეობენ, ან გამოცდას აბარებენ, კომფორტი მინიმალურია და ვიცი, სულ მცირე, ერთი საათი მაინც აქაურობას თავს ვერ დავაღწევ.

ერთხელ, იმისთვის, რომ წიგნი დამესრულებინა,  უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის უფასო კურსებზე ჩავეწერე, რაც სასტუმროების საკონფერენციო დარბაზებში უფასო შეხვედრებს გულისხმობს, სადაც ყველა რაღაცის ყიდვას გაძალებს. ერთხელ პენსიის დაგეგმვის გაკვეთილებიც გავიარე,  სატრანსპორტო დეპარტამენტშიც ვმჯდარვარ, რადგან რეგისტრატურაში ხალხი უსასრულო რიგებში დგას, განსაკუთრებით თვის ბოლოს. დროდადრო ეკლესიაშიც დავდივარ – უკანა რიგში წყნარად ვზივარ და ბლოკნოტში ვწერ.  რომ შემეძლოს,  მთელი დღე საადვოკატო გამოცდებზე გამოვიკეტებოდი, რა ქვია? LSAT თუ GSAT.

ასეთ ადგილებში ყურადღება დიდად არ გაგეფანტება, თანაც, შენი ფანტაზიის გარდა, ყველაფერი დისციპლინირებული და კარგად მართულია. შენ გარშემო იცვლებიან სწავლაზე ფოკუსირებული ადამიანები, ხოლო ოთახში სიჩუმე და სიმყუდროვეა, თუ არ ჩავთვლით, რაღაც პრეზენტაციას, რომელიც სულ არ გაინტერესებს.

და ნუ დაგავიწყდებათ – ასეთი ადგილებიდან ადვილად ვერ გაიქცევი. განსაკუთრებით, თუ შუა რიგში, ცენტრალურ სკამზე ზიხარ. ზუსტად ისე, როგორც სამსახურში თუ სასწავლებელში,  ხაფანგში ხარ მომწყვდეული. ასე რომ, ასეთ პირობებში წარმოსახვა დიდხანს არ დააყოვნებს და თუ თან რვეული და კალმისტარიც გაქვთ, წერას დაიწყებთ. ასეთ პირობებში ჩემი წარმოსახვა გიჟდება და ზღვარს გადადის, რადგან ერთადერთი არჩევანი მრჩება –  როგორმე თავი უნდა გავირთო.

ბევრისგან გამიგია, რომ ყველაზე ფასეული, რასაც ლიტერატურული წერის ვორქშოფი აკეთებს, არის ის, რომ ადამიანს წერის „ნებართვას“აძლევს. ვორქშოფზე იქმნება ისეთი გარემო, რომ ადამიანი წარმოსახვას გზას უხსნის და აუცილებლად იწყებს წერას. ასე ვთქვათ, ის გარემოწერის ლიცენზიას  იძლევა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ასეთ კურსებს ვერ აღმოაჩენთ, ეცადეთ, მოხვდეთ ნებისმიერ სხვა „საკლასო ოთახში“ იმისთვის, რომ თავი ხელში აიყვანოთ და რეგულარული წერის ნებართვა სხვა სახით მიიღოთ.  ასეთი საკლასო ოთახი შეიძლება ეკლესიაც კი გახდეს, თუ წირვას დაესწრებით. მოსინჯეთ სოციალური მხარდაჭერის ჯგუფებიც – მე მინახავს, როგორ წერენ ანონიმური ალკოჰოლიკების შეკრებებზე. გაყიდვების  სემინარებზე დასწრებაც გარგებთ, სულ ადვილია იქ მოხვედრა, რადგან მილიონობით ასეთი სემინარი იმართება. თქვენი მიზნის მისაღწევად სწავლაზე ორიენტირებული ნებისმიერი საზოგადოებრივი შეხვედრა შეგიძლიათ გამოიყენოთ.

და რაც მთავარია, ღმერთო ჩემო! გაიკეთეთ ჰალსტუხი. ჩაიცვით ისე, როგორც სამსახურში ან ეკლესიაში იცვამთ. „საკლასო ოთახში“ სიარული თქვენთვის რიტუალად უნდა იქცეს. არ დაგავიწყდეთ კალმისტრისა და რვეულის წაღება. ის დრო საკუთარი თავის რეფლექციასა და წარმოსახვას მოახმარეთ. არ დააყოვნოთ, რაც შეიძლება სწრაფად მიაგენით ყველაზე მოსაწყენ ადგილს და  დაიწყეთ წერა!

საბოლოოდ, უფრო დიდ სარგებელს მიიღებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ასეთ შეხვედრებს საზოგადოებასთან ურთიერთობაში გაწაფული მღვდლები ან გამყიდვლები უძღვებიან. მათი საუბრის ტექნიკა შეგიძლიათ თქვენი ინფორმაციის სტრუქტურულად გასამართად გამოიყენოთ. შეგიძლიათ, დაუკვირდეთ, როგორ გადადიან ერთი თემიდან მეორეზე, როგორ ქმნიან საუბრის დროს დაძაბულობას ან სასაცილო მომენტებს. რას იყენებენ საკუთარი ავროტიტეტის დასამკვიდრებლად, გონებას თუ გრძნობებს. მოინიშნეთ მათი რეფრენი.

გასაყიდი საქონლის წარდგენა, მისი ქება-დიდება საუკეთესო ამბებად მიმაჩნია. მაგალითისთვის ავიღოთ დამოწმება და მოწმეები – როცა დამსწრეთაგან რამდენიმე ადამიანი გამოდის  და „ამოწმებს“ გამყიდველის სიტყვებსა და საქონლის მაღალ ხარისხს.  ისინი თავის ამბავს ყვებიან – თუ როგორ შეცვალა იმ რაღაც მოწყობილობამ მათი ცხოვრება, როგორ გამდიდრნენ უძრავ ქონებაში ჩადებული კაპიტალის წყალობით, ( გასათვალისწინებელია, რომ პირველი შენატანი სავალდებულო არ არის) როგორ დახარჯეს ამ გზით გამომუშავებული ფული და შეიძინეს ის, რაც მათთვის სიმდიდრესთან ასოცირდება – იალქნიანი ნავები, მანქანები, ახალ- ახალი სახლები. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრეზენტაციები წარმოადგენს ადამიანის ჭეშმარიტი ბუნების გამომზეურების საოცარ საშუალებასა და ემოციების დემონსტრაციას – რას არ ნახავ აქ – სიხარბეს, შიშს, სიხარულს.

როცა სახლში მარტო გამოიკეტებით, მსგავსი ნამდვილად არაფერი მოხდება.

 

 

1 2