არადა ძველ ბლოკბასტერებში ძალიან მარტივი და ბანალური კეთილის და ბოროტის ბინარობა გვხვდებოდა, რუსი, მოგვიანებით არაბი ანტაგონისტებით, რომლებიც ამერიკის განადგურებას ცდილობდნენ. თუმცა იყო მნიშვნელოვანი გარღვევებიც ჟანრში, პოლ ვერჰუვენმა დღემდე ვერ ვხვდები როგორ, მაგრამ მოახერხა სამი მსხვილი, სტუდიური ფილმის შექმნა, რომელიც კაპიტალისტური წესრიგიდან წარმოქმნილ მანკიერ სისტემებს უპირისპირდებოდა, იქნებოდა ეს „რობოკოპში“ მეგაკორპორაციები, „ყველაფრის გახსენებაში“ კერძო პრივატიზაციის საკითხი თუ „ვარსკვლავურ დესანტში“ იმპერიალისტური ინტერვენციები. შემდეგ იყვნენ ვაჩოვსკები, აგრეთვე მკაცრად ანტიკაპიტალისტური მესიჯებით, თუმცა გამოჩნდა ნოლანის ბეტმენი და ჟანრთან ერთად ანტაგონისტის სახეც გადაატრიალა.

ნოლანის ბეტმენის ტრილოგიის მესამე ნაწილი განსაკუთრებით გამოსარჩევია, სადაც მთავარი ბოროტმოქმედი ბეინი განმათავისუფლებელი იდეებით და „ძალაუფლება ხალხს“ პათოსით გვევლინება, მაგრამ ამასთან მას გვიჩვენებენ როგორც უპირობო ბოროტებას, რომლის იდეებიც ვერანაირად ვერ იქნება საზოგადოებრივი სიკეთის სადარაჯოზე. საპირისპიროდ, ბეტმენი, რომელიც ისევ არსებული სისტემების გამართულად მუშობის იმედზეა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ნახა, მათი დისფუნქციურობა და დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ მათი გარდაქმნა აუცილებელია, ერთადერთი უპირობო სიკეთეა, რომლისადმი სიმპათიაც უნდა გაუჩნდეს მაყურებელს.

ჰოლივუდი ყოველთვის გამოხატავდა ამერიკის პოლიტიკას, შიშებს და ღირებულებებს, ავრცელებდა მისთვის საჭირო იდეოლოგიებს და მანიპულირებდა მაყურებლით, თუმცა მსგავსი თავდაცვითი პოზა, როგორც გასულ წელს გამოავლინეს, იშვიათია. არადა ლიბერალური ელიტა ხომ ტრამპს ებრძვის, სისტემური ცვლილებები და საზოგადოებრივი პროტესტი ახალი წესრიგის მოსათხოვნად იდეალური იარაღი უნდა იყოს მთავრობის შესაცვლელად, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავსაც ჩაიგდებენ საფთხეში, რადგან ჰოლივუდიც იმავე სისტემის ნაწილია, რომელმაც ტრამპი შექმნა. მოკლედ, დედამიწის განადგურების ხილვა თუ გსურთ, ბლოკბასტერებში ამის ძალიან ფართო ასორტიმენტია, მაგრამ როდესაც კონკრეტულად კაპიტალიზმის თუ ნეოლიბერალური დოქტრინების ჩამოშლის საფრთხე დგება, მას სუპერგმირებიდან დაწყებული სუპერაგენტებით დამთავრებული, ყველა კბილებით იცავს. როგორც სლავოი ჟიჟეკი ამბობს, ხალხი უფრო მარტივად წარმოიდგენს სამყაროს განადგურების სცენარს, ვიდრე კაპიტალიზმის აღსასრულს.

 

 

 

1 2