გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და კრიტიკოსებისა თუ მაყურებლის მხრიდან ნაქები ბლოკბასტერი გახლდათ „შეუსრულებელი მისია 6“, სადაც ტომ კრუზის პერსონაჟი, ითენ ჰანტი, მორიგ დაუძლეველ წინაღობას აწყდება, მაგრამ “მოულოდნელად” მაინც იმარჯვებს. დასავლურ პრესაში დიდი ხოტბა მოჰყვა ფილმს, აქებდნენ როგორც რეალისტურ და სანახაობრივ ექშენს, ისე პოლიტიკურ მესიჯებს. მოკლედ, ფილმის სიუჟეტი იმაში მდგომარეობს, რომ ძლევამოსილი ტერორისტული დაჯგუფება ემუქრება მსოფლიო მშვიდობას (თითქოს ასეთი რამ არსებობდეს). ანუ არაფერი ახლებური არ ხდება, ერთი დეტალის გარდა, ეს კრიმინალური ორგანიზაცია ითხოვს არსებული სისტემების ჩამოშლას და ახლის აშენებას, ახალი წესრიგის შექმნას. რასაკვირველია დეტალებს აღარ გვაცნობენ, მაგრამ უკვე საინტერესო მოცემულობა იქმნება.

თუმცა ფილმში ხდება ამ იდეის სრული ანტაგონიზაცია, იმის ხაზგასმა, რომ მსგავს ცვლილებებს მხოლოდ უალტერნატივოდ ბოროტი, სისხლისმსმელი და არაჰუმანური ადამიანები ითხოვენ. მათ წინააღმდეგ იბრძვის ჩვენი მთავარი გმირი, ითენ ჰანტი, ამერიკული მორალის უმაღლესი გამოხატულება, რომელსაც გაუნელებელი რწმენა აქვს თავისი ქვეყნის და უფრო მეტად,სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. არადა უკვე მეექვსე ფილმია მთავარი პერსონაჟები და მაყურებელი ხედავენ, რომ მსგავსი მიდგომები არ ამართლებს, სისტემა მუდმივად კორუმპირებულია, მაღალჩინოსნები გამუდმებით მოღალატენი და მართლმსაჯულება ყოველთვის მცდარ დასკვნებს აკეთებს.

მიუხედავად ამისა, ამ მანკიერ სისტემასთან მებრძოლი მხარე მაინც ანტაგონისტია, ხდება მისი დემორალიზება და ლამის კარიკატურულ ბოროტების პრიზმაში წარმოჩენა. ერთი სიტყვით, მთავარია სისტემის ცვლილებისადმი მაყურებელს არ გაუწიოს გულმა, ყველა ვინც ამას ითხოვს, ტერორისტია, სამყაროს განადურება უნდა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათდამი კეთილგანწყობის გაჩენა. 2018 წელს მსგავსი ნოტები კიდევ ერთ, უმსხვილეს ბლოკბასტერში გაისმა.

ზუსტად ერთი წლის წინ გამოვიდა მარველის „შავი პანტერა“, რომელიც კულტურულ ფენომენად შერაცხეს და არარსებული მნიშვნელობა დააკისრეს. ფილმში ნაჩვენებია ფიქციური ქვეყანა ვაკანადა, სადაც არსებობს საოცარი რესურსები, მომავლის ტექნოლოგიები, უდიდესი დოვლათი, თუმცა მონარქიული სახელმწიფო მმართველობა ტრაიბალურ კულტურას ინარჩუნებს. ამასთან ვაკანდა სრულადაა იზოლირებული დანარჩენი სამყაროსგან და არავის უზიარებს საკუთარ სიკეთეებს, ამერიკაც დემოკრატიის გავრცელების ეგიდით თავს ვერ ესხმის, რადგან ყველას ჰგონია, რომ იქ უკიდურესი გაჭირვებაა. ფილმის ანტაგონისტი ქილმონგერი თვლის, რომ საზღვრები უნდა გაიხსნას, ქვეყანამ საკუთარი რესურსი ოპრესირებულ ხალხს უნდა გაუნაწილოს, იარაღით მოამარაგოს კონფლიქტის ზონებში მყოფი და ჩაგრული შავკანიანები, რომ მათ საკუთარი ოპრესორების წინააღმდეგ გალაშქრება შეძლონ. მოკლედ ქილმონგერი რევოლუციონერია, თუმცა ფილმში მას რადიკალ ექსტრემისტად, ძალადობრივ კრიმინალად და ერთი სიტყვით ძალიან ცუდ ბიჭად წარმოაჩენენ. უფრო სასაცილო კი ისაა, რომ უკვე სხვადასხვა ქვეყანაში ჩაგრულთა მოსამარაგებლად გაგზავნილ იარაღს თეთრკანიანი ამერიკელი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წევრი შეაჩერებს და ამას შემქმნელები უდიდეს გმირულ აქტად გვასაღებენ.

 

 

1 2