„ოთარაანთ ქვიარი“ – ეს მოთხრობაც პირველ პირშია დაწერილი, მთხრობელი აფხაზეთიდან დევნილი სკოლის მოწაფე ბიჭია, რომელმაც ადრეულ ასაკში ფეხზე მანიკური წაისვა, რამაც ბებია და მამა სასტიკად განარისხა. ამ მონაკვეთში ჩანს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანისადმი ოჯახის წევრების უარყოფითი დამოკიდებულება – ამ საქციელით ბავშვმა ბაბუის, ოთარის სახელი „შეარცხვინა“. (ამიტომაც ჰქვია მოთხრობას „ოთარაანთ ქვიარი“, ქვიარი ნიშნავს უცნაურს, განსხვავებულს. ეს სიტყვა უარყოფით კონტექსტში გამოიყენებოდა სექსუალური უმცირესობების მისამართით, მე-20 საუკუნის ბოლოდან მას პოზიტიური გაგებით იყენებენ). მერე ბიჭი თბილისში დედასთან ერთად დასახლდა კომფორტულ ბინაში, რომელიც გავლენიანი „მამილოს“ დამსახურება იყო. პერსონაჟის განსხვავებულობა თავს იჩენს სკოლაშიც, ის ხატავს მოკლეკისრიან ჟირაფს (ამის გამო მასწავლებლისგან შენიშვნასაც იღებს), სხვებთან ერთად ლოცულობს, მაგრამ მხოლოდ უხმოდ. „მამილო“ დედამისის საყვარელია, თუმცა, ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ ეს ბიჭი უფრო მეტად იზიდავს. ამის შემდეგ იწყება მათი სექსუალური ურთიერთობა. მთხრობელი აღნიშნავს, რომ თავიდან ეს არ ესიამოვნა, მაგრამ იმდენად ბუნებრივად იღებს ამ ფაქტს, წინააღმდეგობის გაწევაში აზრს ვერ ხედავს. დასასრულს პერსონაჟი წერს: „მე დავკარგე მშობლები, ოჯახის წევრები, მაგრამ ვიპოვე საკუთარი თავი, რომელიც არც არასოდეს დამიკარგავს.“ ამ სიტყვებით ის საკუთარი ცხოვრების წესის, მისთვის ბუნებრივი ყოფის ლეგიტიმურობას უსვამს ხაზს, რასაც ბაბუა ოთარიც უდასტურებს სიზმარში: „ყველაფერი ტყუილია.“

მოთხრობა მართლაც აქტუალურ საკითხს, სექსუალურ უმცირესობას ეხება, მაგრამ აქ ნათლად არ ჩანს ის მწვავე პრობლემები და გამოწვევები, რის წინაშეც მსგავსი ორიენტაციის ადამიანები დგანან. ერთი, რაც აქ იკითხება, ოჯახის წევრთა (ბებიისა და მამის) უარყოფითი დამოკიდებულებაა, რომელმაც განვითარება ვერ ჰპოვა. სასურველი იქნებოდა თემის სხვა, უფრო ღრმა და ნიშნეული კუთხით გადმოცემა და მისი მხატვრული ანალიზი (თუკი შეიძლება ასე ითქვას).

მთლიანობაში კრებული საინტერესოა, მარტივად წასაკითხი და თანამედროვე მკითხველისთვის გასაგები. დინამიკა ყველა მოთხრობაში იგრძნობა, თუმცა უკმარისობის გრძნობაც ბევრგან გვიჩნდება, ეს უკვე ავღნიშნეთ ზემოთ. ცოტა უცნაურია,  რატომ არჩია ავტორმა თუ გამომცემლობამ წიგნის სათაურად „ოთრაანთ ქვიარი“, როდესაც გაცილებით უფრო დახვეწილი და ფასეულია (თავისი მხატვრულობითა და თემატიკით) მოთხრობა „სიზუსტე“.

 

 

1 2