ერეკლე დეისაძის კრებული „ოთარაანთ ქვიარი“ შედგება ოთხი მოთხრობისგან: „მწვადამიანი“, „გემრიელად მიირთვით“, „სიზუსტე“ და „ოთარაანთ ქვიარი“.

„მწვადაიმიანის“ სიუჟეტი თითქოს ბავშვობისდროინდელ ტრამვაზეა აგებული. მამის უხეშობა და ცხოველებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება ერთ-ერთ შვილზე უარყოფით კვალს ტოვებს. თუმცა, საშობაოდ ერთ დასაკლავად განწირულ გოჭს ასეთი გავლენა რატომ უნდა ჰქონოდა პერსონაჟის ფსიქიკაზე, მის ტრანსფორმაციაზე, ცოტა უცნაურია. მოთხრობის ღირსება მის მოულოდნელ დასასრულშია, რომელიც საშინელებათა ფილმებს გვახსენებს. მთავარ პერსონაჟთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიდის, ამბის მოყოლას სთხოვს. მოულოდნელად კი ეს გოგო თავად აღმოჩნდება მისი მსხვერპლი –  ფარდულში ღორივით დააბამს, გააშიშვლებს და აწამებს. მოულოდნელობა მართლაც კარგადაა შემოთავაზებული. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ სიუჟეტის განვითარება მხატვრულ ლოგიკას მოკლებულია. მოძალადის ბუნების ჩამოყალიბება ნათლად ვერ არის არგუმენტირებული. ერთი განწირული გოჭი კი საამისოდ უბრალოდ შეუსაბამო საფუძველია.

„გემრიელად მიირთვით“ – ეს მოთხრობა ოჯახურ, ქალთა მიმართ ძალადობას შეეხება. გადმოცემულია მზარეული ქალის ისტორია, რომლის გაკეთებული ხინკლით აღფრთოვანებულმა ერთ-ერთმა მუშტარმა გადაწყვიტა მისი ცოლად მოყვანა. ქორწინების პირველ ღამესვე ქმარი ავლენს საკუთარ მასკულინურ და ძალადობრივ დომინაციას. ქალი ჯერ გაკვირვებულია, შემდეგ კი, ეს მის ყოველდღიურობად იქცევა. მას არავინ უჯერებს, არც დედა (ამტყუნებს კიდეც), არც მეზობელი, არც მეგობარი, არც პოლიცია. მოკლედ, საზოგადოების ყველა ფენასა და დონეზე ამგვარი ძალადობა დაშვებულია, მხოლოდ მკითხველია ამ პერსონაჟის მძიმე ყოფის რეალური მოწმე. ეს დეტალი მართლაც ოსტატურადაა შესრულებული, ანუ თანამედროვე მკითხველს, რომელსაც სჭირდება ერთგვარი „შემოლაწუნება“, აღელვებს, აფიქრებს ამ საკითხზე და წესით, პერსონაჟის მიმართ თანაგრძნობასაც იწვევს. ეს დისკომფორტია ამ მოთხრობის მთავარი ღირსება. ავტორისეული ინტენციაა, გაგრძნობინოს თავი დაუცველად, მკითხველში გამოიწვიოს გულგრილობის მიმართ ანტიპათია და აღწევს კიდეც ამ მიზანს.

სიუჟეტი ძალიან დინამიურად ვითარდება. თუმცა, ამ დინამიკაში ვაწყდებით ერთგვარ ცალმხრივობას, ნათლად ვერ ვხედავთ და აღვიქვამთ მოძალადე ქმრის ხასიათს. ამ მოთხრობაში მისი როლი ძალიან შეზღუდულია,  იგი საინფორმაციო გამოშვებაში გახმაურებულ მოძალადეთა ტიპს ჰგავს, – ნათესავებისთვის, მეზობლებისთვის, სიდედრისთვის სანიმუშო ქმარია, ცოლთან კი, ნამდვილი მონსტრი. აქედან გამომდინარე, იგ ზედაპირული და მოუხელთებელია, ეს შეიძლება ავტორისეული მიზანდასახულებაა, თუმცა, ვფიქრობ, მხატვრული ტექსტი პერსონაჟებს ბევრად უკეთ უნდა გვიხატავდეს, ვიდრე საინფორაციო გადაცემა. მოკლედ რომ ვთქვათ, მხოლოდ აქტუალურ პრობლემაზე წერა არაა საკმარისი, სასურველი იქნებოდა მხატვრული ტექსტი,  ერთ ან ორ სქემატურ პლასტზე მეტს გვთავაზობდეს, უფრო მეტს, ვიდრე სოციალურ ქსელში წაკითხული, ან ტელევიზიით მოსმენილი „მშრალი“ ინფორმაცია.

„სიზუსტე“ – ეს მოთხრობა ათ პატარა თავადაა დაყოფილი.

აქ პრობლემა იმაზე ღრმადაა წარმოდგენილი, ვიდრე შეიძლება რომელიმე სატელევიზიო სიუჟეტმა მელანქოლიური მუსიკის ფონითა და მძიმე კადრებით შექმნას.

თხრობა ლაკონიურია, ზუსტი, როგორც ამ სათაურს შეესაბამება. გადმოცემულია და-ძმის ამბავი, რომელთაც დედ-მამა აგვისტოს ომში დაკარგეს. ეს დაუცველი ახალგაზრდები მძიმე ყოფაში არიან, სახელმწიფო დახმარების იმედად ცხოვრობენ. დას ტუსი ჰქვია, კიბო სჭირს და მშველელი არავინ ჩანს. ძმა (რომლის სახელი არაა ნახსენები და მისი პირით მიმდინარეობს თხრობა) დისთვის იპარავს, ცდილობს როგორმე გაამხიარულოს, რაღაცით დაავიწყოს ტანჯვა. ვაგონში ოთხწლიანი ცხოვრების შემდეგ მათთან სახელმწიფოს წარმომადგენელი მიდის, საოცარი სიზუსტით მოქმედებს, ცდილობს მათი მდგომარეობა ჩაინიშნოს, აღნუსხოს. მისი ქმედების კულმინაცია სახაზავის მოთხოვნას მოყვება. ძმა სახაზავს ეძებს, ტუსი კარნახობს, რომ სახაზავს სანიშნედ იყენებდა და „პროცესში“ უნდა იდოს. ეს კაფკას „პროცესის“ ერთგვარი რამინისცენციაა, მაშინვე გვახსენებს აბსურდულობამდე მისულ ცივ ბიუროკრატიას. ტუსის ომის დროს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა, ოპერაციის შედეგად ერთი ფეხი ახლა უფრო მოკლე აქვს, ვიდრე მეორე. სახაზავიც ამ ფეხის სიგრძის გასაზომად სჭირდება სოციალურ აგენტს. გაზომვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ მხოლოდ 5 მილიმეტრი დააკლდა სიმოკლეს, რათა სახელმწიფოს ტუსის მკურნალობა დაეფინანსებინა და და-ძმას დახმარებოდა. აგენტი ამას დანანებით აღნიშნავს, შემდეგ დააყოლებს: „სახელმწიფოს სიზუსტე უყვარს“ და წავა.

საინტერესოა მოთხრობის დასაწყისი: „როცა ადამიანი კვდება, მარხავენ. ტუსის შემთხვევაში პირიქით მოხდა. ჯერ დამარხეს და მერე მოკვდა.“ მოთხრობის დასასრულს მკითხველი ხვდება ამ სიტყვების საზრისსა და მიზანს, ტუსი გაწირა სახელმწიფომ,  ხუთმილიმეტრიანი სხვაობის გამო მისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე უარი თქვა, „სიზუსტის“ პრინციპის დაცვით, – ასე დაიმარხა ის სიკვდილამდე.

 

1 2