Arendt: ჯერ კიდევ ძალიან ადრეული პერიოდიდან. მაშინ ამას ძალიან ვაფასებდი.  ბავშვებმა მიიღეს შესაძლებლობა პროფესიულად გადამზადებულიყვნენ, ახალი კვალიფიკაცია შეეძინათ. აქა-იქ პოლონელ ბავშვებსაც გავაძვრენდი ხოლმე  კონტრაბანდულად. ეს იყო რეგულარული სოციალური სამსახური, საგანმანათლებლო საქმიანობა. ქვეყანაში იყო დიდი ბანაკები, სადაც ხდებოდა ბავშვების მომზადება, სადაც მათ ჰქონდათ გაკვეთილები, როდესაც მათ ასწავლიდნენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს და, პირველ რიგში, კი ზრუნავდნენ მათ  მოძლიერებაზე. ისინი თავიდან ფეხებამდე უნდა შეემოსათ. მათთვის საჭმელი უნდა გაემზადებინათ. ყველაფერზე უწინარესად კი, მათი საბუთები უნდა ეშოვათ, მშობლებს უნდა მოლაპარაკებოდნენ –  პირველ რიგში კი ფულის შოვნა იყო საჭირო. ეს მეტწილად ჩემზე იყო მონდობილი. ფრანგ ქალებთან ერთად ვმუშაობდი. დაახლოებით, ამით ვიყავი დაკავებული.  ზოგადად, გადაწყვეტილება, რომ საქმეს შენს თავზე იღებ …  გსურთ ამის მოსმენა, თუ არა?

Gaus: გთხოვთ.

Arendt: ნახეთ, მე წმინდა აკადემიური პოზიციიდან წამოვედი. ამ თვალსაზრისით  1933 წელმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პირველ რიგში, დადებითად იმოქმედა და მეორე რიგში კი – უარყოფითად … ალბათ ასე უნდა მეთქვა:  პირველ რიგში, უარყოფითად და მეორე რიგში, დადებითად. დღეს ხშირად თვლიან, რომ გერმანელი ებრაელების შოკი 1933 წელს იმან გამოიწვია, რომ ძალაუფლებაში ჰიტლერი მოვიდა.  რაც მე და ჩემს თაობას შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კურიოზული გაუგებრობა. რა თქმა უნდა,  ძალიან ცუდი რამ მოხდა. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური საკითხი, ეს არ ყოფილა პირადული. ის, რომ ნაცისტები ჩვენი მტრები იყვნენ – ღმერთო, ამის გასაგებად ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლა რაში გვჭირდებოდა!  ბოლო ოთხი წლის მანძილზე  ხომ ეს აშკარა იყო ყველასთვის, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებდა. ის, რომ ამის უკან გერმანელი ხალხის დიდი ნაწილი იდგა, ესეც ხომ ვიცოდით. ამიტომაც 1933 წელს მათი გამარჯვება ჩვენთვის შოკისმომგვრელი ვერანაირად ვერ იქნებოდა.

Gaus: თქვენ თვლით, რომ 1933 წლის შოკი მდგომარეობდა იმაში, რომ პროცესები საზოგადოდ პოლიტიკურიდან კონკრეტულად პერსონალურში გადავიდა?

Arendt: არა, მარტო ეგ არა. ან: ეგეც. ჯერ ერთი, ეს სზოგადოდ პოლიტიკური, როგორც აღმოჩნდა, გადაიქცა პერსონალურ ბედისწერად; მეორეც, თქვენ იცით, რა არის „გლაიხშალტუნგი“1. ეს ნიშნავს,  რომ ამაში ერთვებიან მეგობრები! პრობლემა და პირადი პრობლემა ის კი არ იყო, ჩვენი მტრები რას შვებოდნენ, არამედ ის, თუ რას აკეთებდნენ ჩვენი მეგობრები. საერთოდ რა ხდებოდა მაშინ ამ გათანაბრებით ტალღაში, რაც საკმაოდ ნებაყოფლობით მიმდინარეობდა, ყოველ შემთხვევაში, ტერორის ზეწოლა ჯერ არ იგრძნობოდა. ისე იყო, თითქოს ადამიანის გარშემო ცარიელი სივრცე იქმნებაო. მე კი ინტელექტუალურ გარემოში  ვცხოვრობდი, მაგრამ სხვებსაც ხომ ვიცნობდი და ვხედავდი, რომ ეს „გლაიხშალტუნგი“ ინტელექტუალებისათვის, როგორც იტყვიან, ნორმა გახდა. მაგრამ არა სხვებისთვის და ამას არასდროს დავივიწყებ. მე დავტოვე გერმანია, შეპყრობილი ვიყავი იდეით – რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის მეტისმეტად ზეაწეულით: აღარასოდეს! აწი არანაირ ინტელექტუალურ ისტორიას აღარ გავეკარები. არ მსურს ამ საზოგადოებასთან რაიმე მაკავშირებდეს! რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდი, რომ გერმანელი ებრაელები და გერმანელ-ებრაელი ინტელექტუალები დიდად განსხვავებულად მოიქცეოდნენ, თუკი სულ სხვა  სიტუაციაში მოხვდებოდნენ. ასე არ ვთვლი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო ამ პროფესიის, ინტელექტუალობის დამახასიათებელი ნიშანი. ამას წარსულში ვლაპარაკობ. დღეს ამის შესახებ უფრო მეტი ვიცი …

Gaus: სწორედ ამის კითხვა მინდოდა: ამის კიდევ გჯერათ?

Arendt: არა. ასე ხისტად აღარ ვამტკიცებ. მაგრამ დღესაც ვთვლი, რომ მთელი ამ საქმეების ბუნება ისეთია, რომ ყოველთვის შეიძლება გამოსავლის პოვნა. ხომ იცით, ვიღაცა ამ ამბებში იმიტომ ჩაერთო, რომ თავის ცოლ-შვილზე უნდა ეზრუნა. ამის გამო ვერავის დაადანაშაულებ.  ცუდი ის იყო, რომ მათ ამის მართლა სჯეროდათ! ზოგს – ცოტა ხნით, ზოგს კი – კიდევ უფრო ცოტა ხნით. მაგრამ ეს ხომ ნიშნავს, რომ მათ ჰიტლერთან დაკავშირებით რაღაც დაემართათ და ეს რაღაც საშინლად საინტერესო იყო! სრულიად ფანტასტიკური და საინტერესო და რთული! და ჩვეულებრივზე ბევრად აღმატებული! ეს მე გროტესკულად მივიჩნიე. ისინი გაებნენ საკუთარი წარმოდგენების მახეში –   დღეს ალბათ ასე ვიტყოდი. ეს არის ის, რაც მოხდა. მაშინ ასე ვერ შევაფასე.

Gaus: და ამიტომაც თქვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ წრეებიდან, რომლებსაც მაშინ ასე რადიკალურად გამოემშვიდობეთ, პრაქტიკულ სამუშაოზე გადასულიყავით?

Arendt: დიახ, დადებითი მხარე ესაა: მე მოვახერხე და მივხვდი იმას, რაც იმ პერიოდში ერთი წინადადებით არაერთხელ გამოვთქვი და სულ მახსოვს: “თუ თავს იმიტომ გესხმიან, რომ ებრაელი ხარ, შენც ისე დაიცავი თავი, როგორც ებრაელმა”. არა როგორც გერმანელმა, არა როგორც მსოფლიოს მოქალაქემ ან ადამიანის უფლებები და რამე, არამედ: კონკრეტულად რისი გაკეთება შემიძლია მე, როგორც ებრაელს? მეორეც, ამას დაემატა მკაფიო განზრახვა: ახლა უკვე ნამდვილად მინდა, რომ ჩამოვყალიბდე ორგანიზაციულად. ეს მოხდა პირველად ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ორგანიზაციაში ვგულისხმობდი სიონისტებს. ისინი იყვნენ ერთადერთნი, ვინც საამისოდ მზად იყვნენ. აბა, ასიმილირებულებთან ერთად ამას არავითარი აზრი არ ექნებოდა. სხვათა შორის, მათთან კავშირი მართლა არასდროს მქონია.  ებრაულ საკითხით ადრე ვიყავი დაკავებული.  “რაჰელ ვარნაგენზე” მუშაობა დასრულებული მქონდა, როდესაც გერმანია დავტოვე. იქ ებრაული საკითხი ხომ მნიშვნელოვანია. ეს მაშინ ამ მიზნით დავწერე: ”მე მინდა გავიგო”. ეს არ იყო ჩემი პირადი ებრაული პრობლემები, რაც მე განვიხილე.  მაგრამ ახლა ებრაელობისადმი მიკუთვნებულობა ჩემი პირადი პრობლემა გახდა. და ჩემი პირადი პრობლემა იყო პოლიტიკური. წმინდად პოლიტიკური! მინდოდა პრაქტიკული საქმის კეთება და  მხოლოდ და მხოლოდ ებრაული საქმის კეთება. ამ მიზანზე  ავიღე გეზი საფრანგეთში.

Gaus: 1940 წლამდე.

Arendt: დიახ.

Gaus:  მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებამდე ჩააღწიეთ, სადაც დღეს მუშაობთ პროფესორად პოლიტიკური თეორიის მიმართულებით და არა ფილოსოფიისა  …

Arendt:  გმადლობთ..

Gaus: … ჩიკაგოში. თქვენ ცხოვრობთ ნიუ-იორკში. თქვენი მეუღლე, რომელზეც 1940 წელს დაქორწინდით, აგრეთვე ფილოსოფიის პროფესორია ამერიკაში. ახლა ის აკადემიური პროვინცია, რომელსაც თქვენ ამასობაში კვლავ მიეკუთვნებით – 1933-ის იმედგაცრუების შემდეგ – ინტერნაციონალურია. და მაინც, მინდა გკითხოთ, გაკლიათ თუ არა ის ჰიტლერამდელი ევროპა, რომელიც არასდროს განმეორდება? ევროპაში რომ ჩამოდიხართ: რა დარჩა, თქვენი შთაბეჭდილებით და რა დაიკარგა სამუდამოდ?

Arendt: ჰიტლერამდელი ევროპა? ამის ნოსტალგია არა მაქვს, ამას ვერ ვიტყვი. რა დარჩა? დარჩა ენა.

Gaus: და ეს თქვენთვის ბევრს ნიშნავს?

Arendt: ძალიან ბევრს. მე ყოველთვის უარს ვამბობდი  მშობლიური ენის განზრახ დაკარგვაზე.  ყოველთვის ვიცავდი გარკვეულ დისტანციას როგორც ფრანგული ენისგან, რომელზეც მაშინ ძალიან კარგად ვლაპარაკობდი, ისე ინგლისურისგან, რომელზეც დღეს ვწერ.

Gaus: ამის კითხვა მინდოდა. დღეს ინგლისურად წერთ?

Arendt: ვწერ ინგლისურად, მაგრამ დისტანციას არასდროს ვკარგავ. უზარმაზარი განსხვავებაა მშობლიურ ენასა და სხვა ენას შორის. ჩემს თავზე ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ: ძალიან ბევრი გერმანული ლექსი ვიცი ზეპირად გერმანულ ენაზე. ეს ხომ  გამუდმებით მოძრაობს ქვეცნობიერში – in the back of my mind; ამას ხომ აწი ვეღარ ვიზამ. გერმანულად ისეთი რაღაცეების უფლებას ვაძლევ თავს, რასაც ინგლისურად ვერ გავბედავ. ისე, ხანდახან ინგლისურადაც ვბედავ ხოლმე რაღაცეებს, რადგან საკმაოდ გავთავხედდი, მაგრამ ზოგადად ამ დისტანციას მაინც ვინარჩუნებ. გერმანული ენა, ყველა შემთხვევაში, არის ის მნიშვნელოვანი, რაც დამრჩა და რასაც მე გაცნობიერებულად ყოველთვის ვინარჩუნებდი.

Gaus: თვით  ყველაზე მწარე დროშიც?

Arendt: ყოველთვის. ჩემთვის გავიფიქრე, რას ვიზამ? გერმანული ენის რა ბრალია, ეგ ხომ არ გაგიჟებულა. და მეორეც: არ არსებობს მშობლიური ენის შემცვლელი. მშობლიური ენა შეიძლება დაივიწყო. ეს მართალია. ეს თვითონაც მინახავს. ეს ხალხი უცხო ენაზე ჩემზე უკეთ ლაპარაკობს. მე ჯერ კიდევ ძლიერი აქცენტი მაქვს, თანაც იდიომებით ხშირად ვერ ვსაუბრობ. ეს მათ ყველას შეუძლიათ. მაგრამ ეს არის ენა, სადაც ერთი კლიშე მეორეს აძევებს, რადგან მაშინვე მცირდება სწორედ ის პროდუქტიულობა, რაც საკუთარ ენაში გაქვს,  როგორც კი ამ  ენას ივიწყებ.

Gaus: შემთხვევები, როდესაც მშობლიური ენა დაივიწყეს: ეს იყო, თქვენი შთაბეჭდილებით, განდევნის შედეგი?

Arendt: დიახ, ძალიან ხშირად. ჩემი თვალით ვხედავდი, ეს როგორი შოკისმომგვრელი სისწრაფით ხდებოდა. იცით, აქ გადამწყვეტი 1933 წელი კი არ იყო; ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მაინც. გადამწყვეტი იყო დღე, როდესაც ოსვენციმის შესახებ გავიგეთ.

 

 

 


1 გლაიხშალტუნგი (გერმ. Gleichschaltung) — ტერმინი, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტები იყენებდნენ გერმანიაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების ხელში ჩაგდების აღსანიშნავად. ტერმინი გამოიგონა იუსტიციის რაიხსმინისტრმა ფრანც გრიუნტერმა და პირველად გამოიყენა 1933 წლის 31 მარტს გლაიხშალტუნგის შესახებ პირველი კანონის სათაურში, რომლის თანახმადაც ქვეყანამ დაკარგა სუვერენიტეტი იმპერიის სასარგებლოდ.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7