Gaus: ძალიან მინდა, უფრო დაწვრილებით ამიხსნათ, თუ რაში მდგომარეობდა თქვენი მშობლების სახლის განსაკუთრებულობა. თქვენ ამბობთ, რომ დედათქვენს არასდროს დასჭირვებია, – ვიდრე ეს ქუჩაში არ შეგემთხვათ -, თქვენთვის ესწავლებინა, რომ თქვენ ებრაელი იყავით. ან იქნებ დედათქვენს უკვე დაკარგული ჰქონდა იმის შეგრძნება, რომ იგი ებრაელია, როგორც ამას თქვენ შოლემისადმი მიწერილ წერილში აცხადებთ. ან იქნებ ეს მისთვის უკვე სულ ერთი იყო? ეს იყო წარმატებული ასიმილაცია, თუ დედათქვენი აჰყვა ილუზიებს, რომ მას გაუმართლა?
Arendt: დედაჩემი არც თუ ისე მიდრეკილი იყო თეორიული აზროვნებისადმი. არა მგონია, რომ მას რაიმე განსაკუთრებული იდეები ჰქონოდა. იგი მოდიოდა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობიდან, ყოველთვიური სოციალისტური ჟურნალების გარშემო შემოკრებილთა წრიდან; მამაჩემიც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მაინც დედაჩემი. და ამ საკითხს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ებრაელი იყო. დედაჩემი მე [ქრისტიანულად] არასდროს მომნათლავდა! ვფიქრობ, რომ მარჯვენა ლოყასაც ამიწითლებდა და მარცხენასაც, თუკი გაიგებდა, რომ მე ჩემს ებრაელობას ვმალავდი. ამის ვარიანტიც კი არ არსებობდა, ასე ვთქვათ. გამორიცხული იყო! რა თქმა უნდა, თავად საკითხი ჩემთვის 1920-იან წლებში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვიდრე დედაჩემისთვის. და დედაჩემისთვის კი ეს საკითხი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახდა მაშინ, როდესაც მე გავიზარდე. მაგრამ ეს გამოწვეულია გარეშე გარემოებებით. მე, მაგალითად, არ მგონია, რომ ოდესმე თავი გერმანელად ჩამეთვალა – ეთნიკური მიკუთვნებულობის და არა მოქალაქეობის თვალსაზრისით, თუკი მათ შორის განსხვავების წარმოჩენის უფლებას მაქვს. როგორც ვიხსენებ, ამაზე დიდხანს ვკამათობდი იასპერსთან დაახლოებით 1930 წელს. მან მითხრა: “რა თქმა უნდა, თქვენ ხართ გერმანელი!” მე მივუგე: “თქვენ ხომ ხედავთ, რომ არ ვარ!” მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს არ აღმიქვია არასრულფასოვნებად. ზუსტად ეგ არ მქონია. და ჩემი მშობლების სახლის განსაკუთრებულობას კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდე: ნახეთ, ანტისემიტიზმს გადააწყდა ყველა ებრაელი; და მან მრავალ ბავშვს მოუწამლა სული. ჩვენს შემთხვევაში ის განსხვავება იყო, რომ დედაჩემი ყოველთვის თვლიდა: ამათ თავი არ უნდა მოუხარო! თავი უნდა დაიცვა!
თუკი ანტისემიტურ გამონათქვამებს გავიგონებდი ჩემი მასწავლებლებისგან – თუნდაც არა ჩემი, არამედ სხვა ებრაელი მოსწავლეების, მაგალითად, აღმოსავლეთებრაელ მოსწავლეთა მისამართით, – ამ შემთხვევაში მე ნაბრძანები მქონდა, სასწრაფოდ ფეხზე წამოვმდგარიყავი, დამეტოვებინა საკლასო ოთახი, სახლში მივსულიყავი და ყველაფერი დაწვრილებით შემეტანა ოქმში. ამის მერე დედა დაწერდა კიდევ ერთ რეგისტრირებულ წერილს და, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს საქმე ბოლომდე მოგვარებული იყო. სკოლიდან ერთი დღით ვისვენებდი და ეს მართლაც მშვენიერი იყო. მაგრამ თუკი ასეთი შენიშვნები ბავშვებისგან მოდიოდა, ამის შესახებ სახლში არ უნდა მომეყოლა. ეს არ შეიძლებოდა. ბავშვებისგან თავი თვითონ უნდა დამეცვა. ასე რომ, ეს ამბები ჩემთვის პრობლემად არასდროს ქცეულა. არსებობდა ქცევის წესები, რომელთა დახმარებითაც მე ჩემს ღირსებას ვინარჩუნებდი და ჩემს სახლში ვიყავი დაცული, თან აბსოლუტურად დაცული.
Gaus: თქვენ სწავლობდით მარბურგში, ჰაიდელბერგსა და ფრაიბურგში შემდეგ პროფესორებთან: ჰაიდეგერი, ბულტმანი და იასპერსი. მთავარი საგანი იყო ფილოსოფია და ამასთან ერთად იყო თეოლოგიაც და ბერძნულიც. როგორ აირჩიეთ ეს მიმართულება?
Arendt: დიახ, იცით, ამაზე მეც ხშირად მიფიქრია. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: ფილოსოფიის არჩევა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. ჯერ კიდევ 14 წლის რომ ვიყავი, იქიდან.
Gaus: რატომ?
Arendt: კანტი წავიკითხე. შეიძლება მკითხოთ: კანტი რატომ წაიკითხეთ? როგორღაც საკითხი ჩემთვის ასე დადგა: ან ფილოსოფია უნდა ვისწავლო ან წყალში უნდა გადავვარდე. არა იმიტომ, რომ სიცოცხლე არ მიყვარდა! არა! ადრეც ვთქვი – ეს იყო „მინდა გავიგო!“
Gaus: დიახ.
Arendt: იმის მოთხოვნილება, რომ აუცილებლად უნდა გამეგო, ჩემთან ძალიან ადრე მოვიდა. ნახეთ, ყველა წიგნი უკვე სახლში მქონდა, ბიბლიოთეკიდან გამოჰქონდათ.
Gaus: კანტის გარდა კითხვისას მიღებული სხვა ისეთი შთაბეჭდილებებიც თუ გახსენდებათ, რასაც განსაკუთრებულად იხსენებთ?
Arendt: დიახ, ჯერ ერთი, ეს იყო იასპერსის „მსოფლმხედველობის ფილოსოფია“, მგონი 1920 წელს გამოიცა. მაშინ 14 წლის ვიყავი. ამის მერე წავიკითხე კირკეგორი და მერე ეს ყველაფერი შეერთდა …
Gaus: აქ თეოლოგიაც ჩაერთო?
Arendt: დიახ. ეს ყველაფერი ისე შეერთდა, რომ ორივე ჩემთვის ერთ მთლიანობად იქცა. მერე მარტო იმის ფიქრიღა მქონდა, მე როგორც ებრაელ გოგონას, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. და როგორ ხდება ეს საერთოდ. მე ხომ არაფერი ვიცოდი. არა? სხვა ბევრი სერიოზული საწუხარიც მქონდა, რაც შემდეგ იოლად მოგვარდა. ბერძნული სულ სხვა საქმეა. ბერძნული პოეზია ყოველთვის მიყვარდა. და პოეტურმა შემოქმედებამ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. ამისათვის ბერძნული ავიღე, რადგან ეს ყველაზე მოსახერხებელი იყო. ისედაც ხომ ვკითხულობდი.
Gaus: ჩემი პატივისცემა თქვენ!
Arendt: არა, ეს მეტისმეტია.
Gaus: ეს თქვენი ინტელექტუალური ნიჭი, ქალბატონი არენდტ, ასე ადრე რომ გამოგაჩნდათ – სკოლაში სწავლისას ან სტუდენტობისას – ხანდახან ძალიან მტკივნეულად ხომ არ გამოგარჩევდათ თქვენი გარემოცვაში ნორმად მიღებული მოქცევისგან?
Arendt: ეს ასე იქნებოდა, მე რომ ეს მცოდნოდა. მე ვთვლიდი, რომ ყველა ასეთი იყო.
Gaus: როდის მიხვდით თქვენს შეცდომას?
Arendt: საკმაოდ გვიან. არ მინდა ამის თქმა. მრცხვენია. ენითგამოუთქმელად გულუბრყვილო ვიყავი. ეს, ნაწილობრივ, შინაური განათლების ბრალი იყო. სახლში ამაზე არასდროს ლაპარაკობდნენ. ნიშნები და შეფასებები არასდროს განხილულა. ეს ღირსების შეურაცხყოფად ითვლებოდა და არ გვეკადრებოდა. ჩვენს სახლში ნებისმიერი ამბიცია ღირსების შეურაცხყოფად ითვლებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ამას ნამდვილად ვერ ვაცნობიერებდი. ზოგჯერ თუ გავაცნობიერებდი, ისიც როგორც ერთგვარ გაუცხოებას ადამიანთა შორის.
Gaus: გაუცხოებას, რომელზეც ფიქრობდით, რომ თქვენგან მოდიოდა?
Arendt: დიახ, უპირობოდ. მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო ნიჭთან. ეს ნიჭთან არასდროს დამიკავშირებია.
Gaus: ამას ახალგაზრდულ წლებში სხვების მხრიდან უპატივცემულობა ხომ არ მოჰყვა?
Arendt: დიახ, ასე იყო. ეს ჯერ კიდევ ძალიან ადრე დაიწყო. და ამ უპატივცემულობის გამო ძალიან ხშირად დავტანჯულვარ. კერძოდ: ეს ასე არ უნდა ქნა, ასე არ შეიძლება და ა.შ. …
Gaus: როცა 1933-ში გერმანია დატოვეთ, პარიზში წახვედით. იქ ერთ ორგანიზაციაში მუშაობდით, რომელიც ზრუნავდა ებრაელი ახალგაზრდობის პალესტინაში დაბინავებაზე. რამეს ხომ არ მიამბობთ ამის შესახებ?
Arendt: ამ ორგანიზაციას ებრაელი ახალგაზრდები და ცამეტიდან და ჩვიდმეტი წლის ასაკის ბავშვები გერმანიიდან პალესტინაში მიჰყავდა და მათ ქიბუციმში (Kibuzzim) აბინავებდა. ასე რომ, ეს დასახლებები მე, შეძლებისდაგვარად, კარგად ვიცი.
Gaus: ჯერ კიდევ ძალიან ადრეული პერიოდიდან.