საიდანღაც მოატანა მენდელსონის საქორწინო მარშის მელოდიამ. ბიჭუნა მღეროდა წკრიალა ხმით, მაგრამ, რატომღაც, ზეაწეულად და საზეიმოდ – არა,  სევდიანად.

– ტა-ტა ტატაა! ტა-ტა, ტატაა!

„ორკესტრის გარეშე რატომ? რატომ ასე სევდიანად? რადიოდგმაა? მეზობელ პალატაში რადიო ჰქონიათ, როცა იქ მნახავენ, ქვაფენილზე, ქოთანთან ჩაკრულს როცა მნახავენ, რადიოდადგმებსაც ჩამოთვლიან და რადიოდან გამოაცხადებენ, რომ აღარ ვარ, და რატომ მღერის ბიჭუნა ასე სევდიანად?“

– ჰა? – დეას ტვინი ისევ დაეკითხა ხმებს.

– ჰა? – ხმითაც მიმართა.

პასუხი  არ მიუღია.

„იდიოტები“, – იფიქრა დეამ და მიხვდა, რომ აღარ ეშინოდა ხმების, თვითონ ეძალებოდა ურთიერთობას და ისინი ერიდებოდნენ, იქნებ გაექცნენ კიდეც, იქნებ აღარც იყვნენ, აღარ ესმოდა…

ბიჭუნამ სიმღერა შეწყვიტა.

„რადიო გამორთეს“, – იფიქრა დეამ, „რატომ გამორთეს?“ – დაეკითხა დეას ტვინი ხმებს.

ჰა? – მიმართა დეას ხმამ ხმებს.

ამჯერადაც უშედეგოდ.

სიჩუმე უფრო აშინებდა ახლა? ეს არ იცოდა.

ქოთნისკენ მიმართა მზერა.

ქოთანი…

თეთრ რაფაზე თიხის მოწითალო ქოთანი. ქოთანი ყვავილის გარეშე.

და დეა…

დეა ძველი კარადის მაღალ სარკესთან დედას ქოშებით კოპწიაობს და ბაძავს დედას და უნდა, რომ ჰგავდეს დედას და: „შენ გაცილებით ლამაზი ხარ, ნახე, რა თვალები გაქვს, როგორი  ტუჩ-ნიკაპი, ცხვირი, სახე! ნახე, რა მარგალიტი მყავხარ!“ – ამბობს დედა და დეამ იცის, რომ დედასავით მსახიობი იქნება, დეა რეპეტიციებზეც დაჰყვება ხოლმე დედას და ისიც იცის, რომ რეპეტიციაზე ჩუმად უნდა იჯდეს პარტერში და დეა გრძნობს დედას მზერას სცენიდან, როცა დეა პარტერში ზის ჩუმად და მერე, შესვენებაზე, როცა დედა ეკითხება დეას: „დეიკო, ფისი-ფისი არ გინდა? არც კუკები?“ – სწყინს და ბრაზობს დეა, რადგან ათასჯერ გააფრთხილა დედა, რომ არასდროს ჰკითხოს თეატრში: „დეიკო, ფისი-ფისი არ გინდა? არც კუკები?“

თეატრის შეგრძნებაც ბავშვობიდან მოდიოდა, როგორც ძველი, სარკიანი კარადა და თეატრი რაღაცით ჩამოჰგავდა კიდეც ძველ კარადას – მასიურობით, ფიცრის და წებოს და ოდესღაც სუნამონაპკურები, ოდესღაც ნაფტალინიანი ტანსაცმლის სიძველეში გამოგრილებული, რეტისმომგვრელი სუნით ჰგავდა და კიდევ იმით, რომ კარადაში შეყუჟული ემალებოდა ხოლმე დედას და ის გულისფეთქვა, თამაშის ის მათრობელა ჟრუანტელები იქიდან იგრძნო, ძველი კარადიდან, რომელიც თეატრს ჩამოჰგავდა რაღაცით.

ძველი კარადა აღარ იყო თავის ბინაში; კაცმა რომ თქვას, თეატრიც აღარ იყო დეას ცხოვრებაში.

არც დედა, მაგრამ დედა მაინც ახერხებდა, ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენასთან – დასაწყისთან და დასასრულთან გაიგივებულიყო ახლა, აქ, ამ თეთრ პალატაში, წუხანდელი კოშმარის შემდეგ.

„დედას ცისფერი თვალები ჰქონდა, მე – არა, მაინც ვგავარ, ალბათ, ისიც ასე იწვა მაშინ და მერე სასაფლაო და მიწა, მიწის ხმა, კუბოს რომ ეყრება ზემოდან!“

და აქ პაუზა ჩამოვარდა დეას ტვინში, და მერე იფიქრა: “ქოთანში თუ არის მიწა?“

საიდანღაც კვლავ მოატანა ბიჭუნას სევდიანმა ხმამ.

„რადიო ჩართეს, რადიოდადგმაა?“ – იფიქრა დეამ.

ხმა მიილია, შემდეგ შეწყდა.

 

 

1 2 3 4