(ნაწყვეტი რომანიდან)

ზამთარი, ხუთშაბათი. მენდელსონის საქორწინო მარში.

როგორც ნებისმირი ამბავი, უმთავრესი ამბავიც დაიწყო საიდანღაც, ეს შავით თეთრზეა აღბეჭდილი უმთავრეს წიგნში, რომელიც უმაღლეს ჭეშმარიტებაზე ღაღადებსო, – ასე იტყოდა, ალბათ, სვეგამწარებული, ნეტარხსენებული ლამარიე და ლამარიეც არაფერ შუაშია,  ჩვენში რომ ვთქვათ, უმთავრესი ამბავი საიდანღაც რომ იწყება, თვითონ ესაა ჭეშმარიტება, მაგრამ სიტყვა არაფერს ნიშნავს ხმის გარეშე, რომელსაც სიტყვა მოაქვს შენამდე და, აი, ამა წლის ზამთრის მიწურულს, დიღმის ერთ-ერთი კლინიკის პალატაში, სასთუმალზე თვალმილულვით თავმიდებულ ქალს ისევ მოაკითხა წუხანდელი კოშმარიდან ნაცნობმა ხმამ და სამჯერ, გარკვევით, ერთგვარი ნიშნისმოგებითაც ჩასძახა:

– ლამარიე! ლამარიე! ლამარიე!

მუჭურმოწოლილი ვაჟის ხმას მიაგავდა, გარდატეხის ასაკში რომ ამოეყივლება ხოლმე სიტყვა და იქნებ ამიტომაც გაიჟღერა ქალისთვის არაფრისმთქმელმა, არაფრისმიმანიშნებელმა სახელმა – „ლამარიემ“ გაწიწმატებულად, გაანჩხლებულად, ბოღმიანი სულშეგუბვიდან გამობოროტებული ტონალობით, რაც ქმედებასაც გულისხმობდა თითქოს – საჩვენებელი თითის ბასრ, ხშირ-ხშირ, გამომწვევ ბზრიალს მის ცხვირწინ.

თავდაცვის ინსტიქტს თვალის გახელისკენ უნდა ებიძგა პაციენტისთვის, პირიქით კი მოხდა – ქალის ქუთუთოები ერთმანეთს ჩააცხრნენ, შუბლზე, თვალის კუთხეებში ჩაღარულმა მლაშე ნაოჭებმა აღიბეჭდა, რომ ეშინია, გაურბის და ვერც გაურბის ხმას, რომ ეს ხმა მისთვის დამთრგუნველი, ხელშესახები, სასოწარკვეთამდე განივთებული სინამდვილეა, რასაც ტკივილამდე უხუჭავს ქუთუთოებს.

თავისი გამალებული გულისცემა ესმოდა სიჩუმეში.

სიჩუმე გახანგრძლივდა, გაიწელა. კისერთან აწრიალებულმა გულმა საგულისკენ გაიგნო გზა. დაღლილ ქუთუთოებს შვება მისცა, პირ-სახეზე ჩასერილი ნაოჭები გადაებანა, ერთ მკრთალ ხაზად შერჩა შუბლზე, თვალის კუთხეებშიც ოდნავ, აქა-იქ.

მოჩვენებითი სიმშვიდე იყო, ელოდა მაინც, იგრძნობოდა, რომ უნდოდაა ხმასთან, იმიტომაც არ ხსნის ქუთუთოებს, ხმის საზარელი სახის დანახვა რომ აშინებს და ყველაზე საზარელიც სწორედ ის იყო, რომ ხმას სახე არ ჰქონდა, თავისთავად არსებობდა – დამოუკიდებლად, განკერძოებულად, – აუხსნელი და რეალური, უხილავი და ჩასაფრებული და თუმცა გუშინ საკუთარი ნებით ტოვებდა სიცოცხლეს, რომელშიც ცხადად იხილა, შემდეგ კი გააბიჯა, გაიარა კოშმარში, დღეს მზად არაა, დღეს – ვეღარ, ნუღარ, დღეს მეტისმეტია და კეთილი, თუ დასასრული უწერია, თანახმაა დამთავრდეს, ოღონდ დამთავრდეს, როგორც დაიწყო – წიაღიდან, რასაც დავიწყების სქელი, შავი ფარდა ჩამოფარებოდა და არ ახსოვდა თავისი დასაწყისი და თუ წასვლაა, წავიდეს ისე, რომ უბრალოდ აღარ იყოს, კოშმარის გარეშე, ხმის გარეშე, რომელიც მისთვის უცნობი ქალის სახელს აძალებდა, თითქოსდა ამუნათებდა ამით, ამუნათებდა თუ იწვევდა, ან იქნებ მიანიშნებდა რაღაცას და მიუხვედრელობისთვის, ვერგაგებისთვის, უმარტივესის ვერამოცნობისთვის უწყრებოდა ყმაწვილის წამოხურებული, რატომღაც გაბოროტებული ნიშნისმოგებითა და უხილავი, მაგრამ საგრძნობი თითის ბზრიალით სახესთან  ახლოს.

„გუშინაც ეს სახელი, გუშინაც სამჯერ, ვინ არის ლამარიე, რა უნდათ ჩემგან?!“ – იფიქრა ქალმა და იქვე განუმარტა თავის თავს, იქვე დააზუსტა, რომ „უნდათ“ კი არა, „უნდა“ უფრო მართებული იქნებოდა, რადგან ხმა მხოლობით რიცხვში იყო, იმ ხმას სხვა ხმები არ ახლდნენ, მარტომ მოაკითხა და შესაბამისად, სახეც ერთი უნდა ჰქონოდა წესით. არა და არ ეშვებოდა სახეს, რისი წარმოდგენაც იმისთვის სჭირდებოდა, რომ გაუგებარი ექცია გასაგებად, აუხსნელი აეხსნა და სიგიჟის, შეშლილობის გარეშე გაესრულებინა, როგორმე გაეთრია თავისი წუთისოფელი. „ახლა თაგვივით გასუსულხარ, მაგრამ აქ ხარ, ლაწირაკო, აქ ხარ, ვიცი“: – იფიქრა ქალმა და „ლაწირაკომ“ თავისთავად მოიყოლა სხვა ფიქრი:“დამუწუკებული ექნება სახე, გამოქლიავებული, ნძრევით გათანგული გამომეტყველება და ჩირქიანი, წითელი მუწუკები სახეზე“, – წარმოსახვამ ეს სახე მიანიჭა ხმას და ამან დაამშვიდა, გეგონება, სამაგიერო გადაუხადა,ყველაზე ბინძური კუთხე  მიუჩინა პარანორმალური ქაოსიდან გამოღწეულ ლტოლვილს და: ეგეც შენ, – იცხოვრე, სადაც შეგასახლე, არადა, წადი, საიდანაც მობრძანებულხარო, – ამგვარად მოიშორა, გაირიდა თავსატეხი, თითქოს  დაამცრო, დააკნინა და აუხსნელი მოვლენა გააბიაბურა ამით.

თუმცაღა, გრძნობდა, ასე მარტივად რომ არ იყო  საქმე, იქნებ ამიტომაც არ ახელდა თვალს.

მარტო იწვა ორსაწოლიან პალატაში. თეთრი ბინდით გადახვეული მარცხენა ხელის ქვეშ თეთრი ბალიში ჰქონდა ამოდებული, მარჯვენა მხარეს წვეთოვანი ედგა. წვეთოვანის კოლბაში მილი ჩადიოდა, მილის წვერზე მძიმედ მწიფდებოდა გლუკოზის თეთრი წვეთი.

„სუიციდზე მკითხა ახვარმა და ხმა თუ ჩაგესმის, არავინ გელაპარაკებაო?“ – მკითხა ახვარმა და ერთიც ამიხდა, მეორეც“, – იფიქრა ქალმა. იცოდა, რომ კლინიკაშია, პალატაში წევს, ისიც ახსოვდა, რომ ზამთრის მიწურული იყო გუშინ და ოთხშაბათი იყო გუშინ და მერე, გუშინ, ნადირობის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა მიწისქვეშა გადასასვლელის ბაზრობაზე და ეს გუშინ იყო, არც გუშინწინ, არც ოდესღაც, სწორედაც გუშინ ჰქონდა ნადირობის რამდენიმე მცდელობა და იქ, გუშინ, მიწისქვეშეთის მომწვანო, ხრწნად განათებაში, უამინდობის, უდროობის ჩაბეტონებულ ლაბირინთსა და შეუწყვეტელ, გაბმულ-ზზზ-ბგერაში, რომელიც მიწისქვეშეთში ჩამონტაჟებული ნათურებიდან ზუზუნებდა მის ტვინში, პირველად ჩაესმა:

– ლამარიე! ლამარიე! ლამარიე! – სამჯერ.

 

1 2 3 4