ქართულ კინოში უკვე მეორე ათწლეულია 90-ანი წლების შესახებ თხრობა მთავარ მელოდიად რჩება. კარგია ის, რომ უახლეს ისტორიას არ ვივიწყებთ, მაგრამ არც ისე სახარბიელოა ის, თუ როგორი სულისკვეთებით ვბრუნდებით წარსულში. 90-ანებში ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ ორი თემით: ქუჩური ცხოვრება/ნარკომანია და აფხაზეთი. პირველ შემთხვევაში რეჟისორები გვეუბნებიან, რომ ამ სუბორდინაციაში მყოფი ადამიანები ტრაგიკული ეპილოგისთვის არიან განწირული, მეორე შემთხვევაში კი თამაშობენ დაკარგული ტერიტორიის სენტიმენტებზე და ცდილობენ შემრიგებლური მესიჯები გაუგზავნონ აფხაზ ხალხს. ეს გასაგები იყო მაშინ, როდესაც ქვეყნის მმართველი პარტია აფხაზეთში დაბრუნების რომანტიკასა და ილუზიებს თესავდა, მაგრამ ახლა მსგავსი დღის წესრიგი იშვიათად თუ გამოიკვეთება, ამასთან ბევრი სხვა სოციალური პრობლემა აწუხებს საზოგადოებას და ქართველთა და აფხაზთა შერიგებაზე მოთხრობილი ათეულთაგან კიდევ ერთი ისტორია, სადაც რადიკალურად არაფერია შეცვლილი სიუჟეტურ ჭრილში, მრავალგზის გავლილ ტერიტორიად რჩება. ისე, ამ მითიურ „ძმობაზეც“ ისე გვიყვებიან, თითქოს მხოლოდ აფხაზური მხარის კეთილგანწყობა იყოს საჭირო და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აღარაფერი შეუშლის ხელს. ცუდი ის არ არის, რომ რეჟისორები ამ ერთი სენტიმენტის ირგვლივ ტრიალებენ, ცუდი ისაა, რომ არაფერ ახალს არ იკვლევენ, არ ცდილობენ კონფლიქტები ახალი რაკურსებით წარმოაჩინონ.

თანამედროვე სოცრეალიზმის შექმნის პირობებშიც ისევ მკაცრად დრამატულ სიუჟეტურ განვითარებებს ვაწყდებით, რომლებიც დიდწილად დაცლილია იდეოლოგიური პასაჟებისგან, პოლიტიკური ქვეტექსტებისგან და უბრალო მძიმე ყოფის აღწერას წარმოადგენს, რაც საბოლოოდ კომედიაში გადაიზრდება ხოლმე, რადგან რეჟისორებს, ძირითადად, არ ყოფნით ზომიერება და ერთი პრობლემატური საკითხის ნაცვლად, რომლის ირგვლივაც იტრიალებდა ისტორია, ყველანაირ ადამიანურ დრამას ერთად მოუყრიან ხოლმე თავს. ამაში დამნაშავე ბევრი ფაქტორია, თუნდაც რეტროგრადული კინოცენტრი, სადაც გემახსოვრებათ, რამდენიმე წლის წინ სცენარი იმის გამო დაიწუნეს, რომ უცენზურო ლექსიკა და სექსი იყო აღწერილი. თუნდაც კულტურის სამინისტრო, რომელიც არ ცდილობს საკუთარი პოლიტიკის გადახედვას და ამ რეტროგრადული კინოცენტრის ახალგაზრდული ენერგიითა და ხედვით განახლებას. თუნდაც თეატრალური უნივერსიტეტი, რომელიც ლამის დაარსების დღიდან ერთ ყალიბზე ჭრის თავის სტუდენტებს და ისევ წარსულ პრაქტიკებს ებღაუჭება, იმის ნაცვლად, რომ წინ გაიხედოს. და ნუ, რასაკვირველია, ის ახალგაზრდა თუ არც ისე ახალგაზრდა რეჟისორები, რომლებიც მუდამ ერთი ფორმულის ირგვლივ მოძრაობენ და მაშინაც კი, როდესაც რაღაც, ჩვენი ბაზრისთვის კარგი პროდუქცია იქმნება, ისევ ნაცნობ სენტიმენტს ვაწყდებით – ტრაგედიას.

ეს პრობლემა კინემატოგრაფზე შორს მიდის, მშობლიურ ისტორიასა და ლიტერატურაშიც იშიათად თუ შევხვდებით გამარჯვებულ გმირს, ქართველი გმირებისთვის მხოლოდ ტრაგიკული ბედისწერა არსებობს. მაგრამ, ხომ შეიძლება დღეს უკვე მივცეთ საშუალება იმ პერსონაჟებს, რომლებიც მომავალში თანამედროვე კულტურის წარმომადგენლებად გადაიქცევიან, რომ გასცდნენ ტრაგიკულ მოცემულობებს და გაიმარჯვონ, გადავიღოთ ერთხელ ფილმი ადამიანზე, რომელიც აფხაზეთის ტრაგიზმის სიახლოვესაც ჩივის, ქუჩის მენტალობასაც შეეხება, ნარკოტიკებსაც გასინჯავს, მაგრამ საბოლოოდ არ დალპება და არ გაიჭედება და არ მოკვდება გაჭირვებაში, არამედ დააღწევს თავს მთელ ამ მოცემულობებს და გაიმარჯვებს. ხომ შეგვიძლია ერთხელ მაინც ვაჩვენოთ მაყურებელს, რომ ეს აქაც შესაძლებელია.

აი, როგორც კენ ლოუჩთან „ერიკის ძიებასა“ თუ „ანგელოზების წილში“, ანდერდენებთან ფილმში – „ორი დღე, ერთი ღამე“, მძიმე სოციალური რეალობა, პოლიტიკური დისკურსების კრიტიკა, საზოგადოებრივი მანკიერებები, გაჭირვება, ტრაგედიები და დრამები თავზე საყრელადაა, მაგრამ ფინიშის ხაზთან წაქცეული ადამიანების ნაცვლად, თავაწეულ გმირებს ვხედავთ, რომლებმაც შეიძლება ფინანსური კეთილდღეობა ვერ მოიპოვეს, მაგრამ ღირსება შეინარჩუნეს, გრძნობით ან ჰუმანისტურ ფლანგზე მაინც გახდნენ გამარჯვებულები.

ერთი სიტყვით, ქართული კინოს პრობლემა საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რომელსაც ასე მარტივად ვერ გადავჭრით. ერთი ფეხით ისევ საბჭოთა კინემატოგრაფის პრაქტიკებში ვართ ჩაფლული, მეორეს კი უადგილოდ ვაკვეხებთ დასავლურ სოციალურ დრამებში და ვსესხულობთ მხოლოდ სტილს და თავს ვარიდებთ შინაარსის ქართულ ნარატივზე აწყობას. მაგრამ დასაწყისისთვის, შეგვიძლია, სწორედ იმაზე ვიზრუნოთ, რომ ფილმის პერსონაჟს, საკუთარ თავსა და კოლექტიურ ქართულ ცნობიერს, რომელსაც მუდმივ დამარცხებასა და ვარამში ვამყოფებთ, მივცეთ შესაძლებლობა გამოვიდეს მოჯადოებული წრიდან და ვუთხრათ, რომ მასაც შეუძლია გამარჯვება.