რა გახსენდებათ, როდესაც საუბარი მიდის პოლიტიკურ კინოზე? ალბათ „ჯავშნოსანი პოტიომკინი“, შეიძლება „მანჯურიელი კანდიდატი“ ან თუნდაც „ამერიკელი სნაიპერი“. ლიბერალურ მედიაში ისეთ ფილმებს, სადაც აშკარა პოლიტიკური სარჩულები და მოქმედებები არ ფიქსირდება, მსგავს ჭრილში არც განიხილავენ. ჩვენთან, მაგალითად, გავრცელებულია ოდიოზური აზრი, რომ ხელოვნება უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან. თუმცა, სინამდვილეში ყველა ფილმი პოლიტიკურია და ყველა ფილმის გაანალიზება პოლიტიკურად უნდა მოხდეს.

პოლიტიკური ფილმი არ ნიშნავს მხოლოდ სიუჟეტს, რომელიც სახელმწიფო უწყებაში, მთავრობის წარმომადგენლის ირგვლივ ვითარდება. ავიღოთ, ერთი შეხედვით, ისეთი აპოლიტიკური ფილმი, როგორიცაა „ამერიკული ნამცხვარი“, ახალგაზრდული კომედია, რომელზეც 90-ანების ბავშვები გავიზარდეთ. „ნამცხვარების“ სერიებში ნაჩვენები ამერიკა არის საოცნებო ადგილი, სადაც მუდამ მზე ანათებს, ბალახი ხასხასა მწვანეა, ყველა სახლს აუზი აქვს, უნივერსიტეტში სწვალა მრავალგვარი თავგადასავლებითაა სავსე, ზაფხული ბევრი გართობის ექვივალენტურია, გოგონები სექსუალურად ფრივოლურები, ბიჭები კი სასაცილოები არიან. ასეთი ამერიკა იდეალური ტერიტორიაა, სადაც  ახალგაზრდა შეიძლება იყო. შესაბამისად, ამერიკის სახე, როგორიცაა იქ ცხოვრება, „ამერიკული ნამცხვარის“ მიხედვით გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ იქ ყოფნას არაფერი ჯობს. სწორედ ეს არის პოლიტიკური მანევრი. სურათი მაყურებელს გონებაში უბეჭდავს მცდარ იდეას ქვეყნის შესახებ,რადგან იქაური ყოფა მხოლოდ პოზიტიური პრიზმიდანაა ნაჩვენები, მაშინ, როდესაც ამერიკაში სტუდენტობა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური მდგომარეობაა, როგორშიც შეიძლება ახალგაზრდამ ამოყოს თავი –  მაღალია უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი, ბანკისგან აღებული სესხების გადახდა სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წლობით უწევთ, სტუდენტური ვალის ოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრილიონ დოლარზე მეტია და კიდევ უფრო მზარდ ტენდენციებს ავლენს. რასაკვირველია, კომედიურ ფილმს არ მოეთხოვება, რომ სოციო-ეკონომიკური მხარეც თვალნათლივ წარმოაჩინოს, თუმცა ნებისმიერი ტიპის გასართობი ფილმი, ისევე როგორც ნებისმიერი ხელოვნების დარგი, საკუთარ თავში ატარებს იდეოლოგიას და ქმნის სურვილებს თუ წარმოდგენებს ამა თუ იმ საკითხებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ განიხილება  დასავლურ აკადემიაში ასე აქტიურად მეინსტრიმ არტის და „თრეშ“ კულტურის ანალიტიკური გააზრების საკითხი, რადგან მათი საშუალებით, ადვილადაა შესაძლებელი წავიკითხოთ და გავშიფროთ, თუ როგორ მუშაობს იდეოლოგია და პოლიტიკა კინემატოგრაფსა თუ ხელოვნების სხვა სფეროებში.

პოლიტიკა და იდეოლოგია ისაა,  რის ცოდნასაც დაგიტოვებს სურათი სეანსის ბოლოს. შესაბამისად, ჩვენ, მაყურებელს, გვიყალიბდება მცდარი აღქმები, რადგან მენისტრიმულ გასართობ მედიაში, ძირითადად მხოლოდ პრივილეგირებულ ან პოზიტიურ ცხოვრების ასახვას ვხედავთ, რაც დაშორებულია რეალური სოციალური გამოსახულებისგან. მოდი გავიხსენოთ 2010 წლის ქართული ფილმი „ოცნების ქალაქი“, რომელიც ფილმზე მეტად ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო რგოლი უფრო იყო. იქ აღწერილი თბილისიც იდეალურად სუფთა, ევროპული და მოდერნიზებულია. დაბალი ფენის წარმომადგენლებსაც მხოლოდ რომანტიკულ ფრონტზე დამარცხება თუ ადარდებთ. ანუ სახეზე გვაქვს რეალობის უზურპაცია, სადაც გვიჩვენებენ იდეალიზირებულ თბილისს, დაცლილს სოციალური პრობლემებისგან, პოლიტიკური აპარატისგან გაუცხოებული საზოგადოებით, რაც მაყურებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ შეიძლება მართლა ოცნების ქალაქად გადაიქცა აქაურობა.

მიშელ ფუკო თავის ნაშრომში  „დისციპლინა და სასჯელი“ სახელმწიფოს კრიტიკისას ამბობს, რომ ძალაუფლების ბერკეტი არის ის, რაც ავთენტურია, მაგრამ უხილავი რჩება. ანუ როდესაც ვერ ვხედავთ თუ როგორ ხდება ძლაუფლების აღსრულება, მის წინააღმდეგ გალაშქრების სურვილიც არ გვიჩნდება. ამის ემპირიულ მტკიცებულებად შეგვიძლია გავიხსენოთ ციხის კადრების ეპიზოდიც უახლესი ისტორიიდან. თუ „ოცნების ქალაქი“ კომედიური ჟანრისა იყო,  შემდეგ უკიდურესად  იდეოლოგიზირებული ფილმი შეიქმნა, „აგვისტოს ხუთი დღე“, რომელიც პრეზიდენტის და მმართველი პარტიის შერყეული იმიჯის გამართვის ვულგარული მცდელობა იყო.

კინო ერთ-ერთი პირველი მედიუმია, რომელიც წარმოდგენებს გვიყალიბებს ჩვენს ირგვლივ არსბეულ სამყაროზე. შესაბამისად, მძლავრი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელიც მისი შემქმნელის იდეოლოგიის მიხედვით გვაძლევს პურს და სანახაობას. დაგლას სირკის ფილმში „ყველადერი, რის უფლებასაც ზეცა გვრთავს“ მთავარ პერსონაჟ ქალს, რომელსაც თავისზე ახალგაზრდა მებაღე შეუყვარდება, შვილები იმ მიზნით, რომ  ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინონ, ჩუქნიან ტელევიზორს, როგორც გასართობ საშუალებას. რეჟისორი ამ სცენას ტელევიზორის ეკრანის ანარეკლით გვიჩვენებს, სადაც ქალის სასოწარკვეთილ სახეს ვხედავთ, რომელიც ჩარჩოში გამოამწყვდიეს. ეს ალბათ საუკეთესო კინომეტაფორაა იმ ფილმებზე, რომელებზეც არავინ საუბრობს პოლიტიკური პრიზმიდან და უყურებს, როგორც მხოლოდ გასართობს. ამის შედეგად კი  ფალსიფიცირებული წარმოდგენების ტყვეობაში ექცევა.

ამიტომ, ნუ გამიჯნავთ პოლიტიკას და ხელოვნებას ერთმანეთისგან და ეცადეთ ხშირად არ აირჩიოთ მაგიურობა რეალიზმის სანაცვლოდ.  საკუთარ მოჩვენებით კომფორტს იშვიათად დაირღვევთ ხოლმე, თორემ, ერთ დღესაც, ისევე, როგორც „მებრძოლთა კლუბში“ მთავარი პერსონაჟის შემთხვევაშია, შეიძლება, კარზე თქვენც ტაილერ დერდენმა მოგიკაკუნოთ.