პირველ მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. რვა მარტთან ერთად, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად სწორი დღესასწაული, რომელიც უფლება წართმეული, ოპრესირებული, მარგინალიზებული სოციალური ჯგუფისადმი სოლიდარობის გამოხატვას ისახავს მიზნად. თუმცა მშრომელთა დღე მთელი თავის ისტორიული დისკურსის გათვალისწინებით, ყველაზე ნაკლებ არის ერთი კონკრეტული ჯგუფის პატივის მისაგები და მხარდასაჭერი დღე, ის ყველა იმ ადამიანს გვეხება, ვინც დაქირავებულ შრომას ვეწევით და შესაბამისად არაერთხელ ჩავმდგარვართ უთანასწორო პოზიციაში დამსაქმელბლებთან და საკუთარი შრომის ექვივალენტური ანაზღაურების ნაცვლად, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მცირე თუ დიდი დოზით ექსპლუატირებად პირობებს დავთანხმებულვართ.

პირველი მაისი ინდისტრიული რევოლუციის თანმდევი მოვლენა იყო, როდესაც კლასობრივი კონფლიქტი გამძაფრდა ელიტებსა და მათ მიერ დაქირავებულ მუშებს შორის. როდესაც სახელმწიფო და ინსტიტუტები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე უნდა მდგარიყვნენ, ძლევამოსილი ინდუსტრიალისტების შემოსავლების ზრდის სადარაჯოზე იდგნენ. დასაწყისში მშრომელების მოთხოვნა სამუშო დღის რვა საათამდე შემცირება იყო, რასაც მრავალათასიანი დემონსტრაციების შედეგად მიაღწიეს, თუმცა ეს იყო ორი საუკუნის წინ და დღეს სამუშო პირობები კვლავ დაქირავებული შრომის ექსპლუატირებით და მხოლოდ ელიტების გამდიდრებით არის ნაწარმოები. დღეს თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, რომ სამუშაო დღე რვა საათს უნდა გრძელდებოდეს და მოიცავდეს ერთ საათიან შესვენებას, მაგრამ პრაქტიკაში ასე თითქმის არასოდეს ხდება. დასაქმებულების უდიდეს ნაწილს უწევს აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა.

და ამის მაგალითი ყველგან გვხვდება საქართველოში, სადაც დაქირავებული შრომის უპატივცემულობა ნორმატივადაა ქცეული. ყველაზე მკაფიოდ ეს მომსახურების სფეროებში იკვეთება, იქნება ეს მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები, მონოპოლისტი კომპანიები, სამშენებლო ბიზნესი თუ სხვა. შრომითი ინსპექცია უფუნქციოა, პროფკავშირებს არანაირი ქმედითი ბერკეტები არ გააჩნია, მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფები დაქსაქსული არიან და ვერ ახერხებენ რეალური ბირთვის შექმნას, როდესაც ნებისმიერი ტიპის ჩაგვრის აღმოფხვრის ავანგარდში უნდა იდგნენ და ა.შ. იმ ელემენტარული პირობების მოსაპოვებლად ბრძოლას, რომელიც დღეს დასაქმებულებს აქვთ, მეცხრამეტე საუკუნეში მრავალი ადამიანი შეეწირა. პირველი მაისი პირველ რიგში თანასწორობისათვის ბრძოლის დღეა, რომელიც საბჭოთა წარსულის გამო ჩვენთან დისკრედიტირებულია. და არა მხოლოდ ჩვენთან, ცივი ომის პერიოდში ამერიკაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მშრომელთა დღე მარგინალიზბეული გამხდარიყო, გადაერქვა სახელი, სახელმწიფომ შეუცვალა შინაარსი, გადაიტანა თარიღი და ა.შ. თუმცა მნიშვნელოვანია რომ მას მთავარი კონტექსტი შევუნარჩუნოთ.

ძმებმა დერდენებმა შრომითი ექსპლუატაციის და მუშათა კლასისთვის ღირსების შელახვის იდეალური საილუსტრაციო სურათი გადაიღეს 2014 წელს, სახელწოდებით ორი დღე, ერთი ღამე, სადაც აღწერეს თუ როგორ აჩენს კაპიტალისტური შრომის ბაზარი მშრომელებს შორის კონკურენციას, ქმნის მათი თანადგომის და გაძლიერებისათვის შეუძლებლობას, საარსებო წყაროს მოპოვებისთვის აკარგვინებს ღირსებას. ესაა ყველაზე მავნებლური, რასაც კაპიტალი ახორციელებს ჩვენზე, რომ გვიქმნის ილუზიას, თითქოს სხვაზე მეტი გვეკუთვნის, გვიყუჩებს ემპატიის შეგრძნებას და გვხდის დოვლათის მოპოვებაზე ორიენტირებულს.

 

1 2