პანოპტიკუმი
პირველად “ობოროტკაში”, უზარმაზარ სატრანზიტო საკანში გავიგონე სიტყვა – პანოპტიკუმი.
– პანოპტიკუმი! – თქვეს დაცინვით. ნარიდან თავი გადმოვყავი და შევხედე კაცს, ჩემთვის უცხო სიტყვა რომ წამოისროლა.
იგი იჯდა კუთხეში, ხაკის ხალათს იდაყვზე ფლანელის ნაჭერს აკერებდა.
* * *
ჩვენ ორასამდე ვიყავით და ღირდა ჩვენი ნახვა, ინჟინერი პირუმოვი (ხაკის ხალათიანის გვარი გახლდათ) პანოპტიკუმს რომ უწოდებდა.
ჩვენი საკანივით ვეება სადგომს აქვს ავანსცენა, რამპა, კულისი… იგი არაფერს ჰგავს, არაფერს იმეორებს… მისი დრამატურგია უბრალოა, დასცინის ყოველივეს ბუნებრივსა და ცხოვრებისეულს.
…ცამეტი სამურაი საკნის შუა, იატაკზე იჯდა და დუმდა.
ათიოდე “ფოლკს-დოიჩი” – ჩემი გერმანული სახელის გამო განსაკუთრებულ პატივს რომ მცემდა; “ჰაიმატლანდს” მღეროდა, სევდიან და თალხ ჰიმნს.
ჩეჩნების მოზრდილ ჯგუფს თაოსნობდა ვინმე “ყაზბეგი”, ყმაწვილი კაცი სტალინის პორტრეტით ძუძუსთავზე – ოსტატური სვირინგით. მე ვერ დამხვრეტენ – იცინოდა იგი და საოცრად თეთრ კბილებს რაფინადივით აბნევდა საკანის ბინდში.
სომხები… თაფლში აზელილი კარაქის დიდ ქილას ფლობდნენ. ყოველ დილით თითო სუფრის კოვზს მიირთმევდნენ მორიგეობით.
– ჩვენ ასე ბოლომდე გავძლებთ.
მათ ამ “ბოლოზე” რაღაც თავისი, ძველთაძველი და საკმაოდ პრაქტიკული წარმოდგენა ჰქონდათ.
“ყაზბეგმა” ვერ აიტანა მათი წვრილბურჟუაზიული კეთილდღეობა და თაფლკარაქიანი ქილა ღამით ძირამდე ამოლოკა.
დილით, გაოგნებულ სომხებს პატიოსანი ღიმილი შეაფრქვია და სახეგაბადრულმა განუცხადა:
– თქვენ ბოლომდე ასეც გაძლებთ. თქვენი ამბავი ვიცი მე…
სომხებს ჩხუბი ეწადათ, პირუმოვმა დააშოშმინა – არ ღირსო ერთი წვეთი თაფლისთვის წაკიდება.
ჩეჩნები ხარხარებდნენ. სომხებმა პროტესტის ნიშნად ქილა შუა საკანში დაამსხვრიეს. მშვენიერი ქილა, ბროწეულის ყვავილებით მოხატული.
კიდევ:
ორი “რაიხი”, “აბვერის” ოფიცერი. მაიორი ფონ-შამისო. ყოფილი ატაშე კონსტანტინეპოლში. ეშმაკის ბეწვის კოსტიუმში გამოწყობილი, საჟენიანი კონფოტიერი და ობერსტი ფონ-ბიულოვი, ფილოლოგი-ორიენტალისტი, არისტოკრატი, ტევტონისა და ჟმუდის ნარევი. ქედმაღალი და სიტყვაძუნწი ისიც მაღალი, ჩალისფერთმიანი.
ორთავ “რაიხი” დაცინვით დასცქერის კაზაკების სტანიცებში გაზრდილ “ფოლკსებს”, როგორც არასრულფასოვან სისხლისმიერ ნათესავებს. ფონ-შამისო იმანჭება, შამისო – ჩრდილდაკარგული იუნკერი.
ზედა ნარზე გუტაფისის სათამაშოებივით ჩამორიგებულან ყაზახები, ყირგიზები, უზბეკები… შუშისთვალა კაცუნები უდარდელი ყვრიმალებით. ილ-ალაჰ – მორცხვად იფარებენ პეშვს სახეზე. ასრულებენ ნამაზს. იაპონელები მოწიწებით შეჰყურებენ მაჰმადიან შუააზიელებს. მათი ვიწრო თვალებიდან სევდა ისე მოჟონავს, ვით ქანის ბზარში ქარვა. მერე იაპონელები ძაღლის ბეწვის ჯუბებს იცვამენ და ყაზახებთან სტუმრად “მიემგზავრებიან”. მე ვხედავ მათ მოღრეცილ წვივებს და ვხვდები მათი რასობრივი ერთიანობის საიდუმლოს.
– პანოპტიკუმი. – იცინის ინჟინერი პირუმოვი. პირუმოვი მოგზაურია, ავანტურისტი, ინტელექტუალი… პარიზში მხაზველად მუშაობდა, მერე შვეიცარიაში ცხოვრობდა. ანდრონიკი გაიცნო, “ჩემს დღეში არ მინახავსო უფრო სულელი ბერიკაცი”. ბოლოს მიაფურთხა ანდრონიკს, გოლფის მოედნებს, თავწაკრეჭილ ბუჩქებს, საკუთარ მამა-ემიგრანტს, ელდორადოს სამოთხეს რომ ჰპირდებოდა ერთადერთ ვაჟს სადღაც კონექტიკუტის შტატში. სოლოლაკში ერთი გავლა მირჩევნიაო ყველაფერს – დაიჩემა და სამშობლოს მოაშურა. თბილისის სადგურამდე აცალეს და ზედ პერონზე, მთავარ შესასვლელთან გაქაჩეს. ოდნავ დაიბნა მრავლისმხილველი პირუმოვი. ერთხანს გაოგნებული იყო. მერე გადახედა თავის წარსულს და დაასკვნა – უკეთესის ნატვრაც არ შეეძლო, ამაოდ როდი ესიზმრებოდა ყულფი და ნიღაბაკრული ჯალათი. კიდევ – ანდონიკი – გამოჩერჩეტებული ბერიკაცი დაშნაკების ემბლემას – სადაფის კონდახიან თოფს – ევროპელ მინისტრებს სამახსოვროდ რომ ურიგებდა… “როა”-ს ოფიცრები მოხდენილად იკურთხებიან და ოსტატურად არიგებენ კლეისტერით გახამებული გაზეთიდან გამოჭრილ კარტს.